საზოგადოებაში ჰომოფობიურმა განწყობებმა იკლო | „ფარ-ხმლის დაყრაზე საუბარი შეცდომაა“

თათია ხალიანი

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ ლგბტქი ადამიანების მიმართ, მაგრამ მათი უფლებების დაცვა კვლავაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა. – ამას აჩვენებს საქართველოში ბოლოს ჩატარებული  ორი მოცულობითი კვლევა.

პირველი კვლევა – „ლგბტქ+ თემის უფლებრივი მდგომარეობის შეფასება საქართველოში“ სახალხო დამცველის აპარატმა მოამზადა, ხოლო სულ ახლახან გამოქვეყნებულ კვლევაზე – „საზოგადოების ცოდნის, ინფორმირებულობისა და დამოკიდებულების კვლევა ლგბტ(ქ)ი თემისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ“ – ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა (WISG) იმუშავა.

მაინც რას აჩვენებს ეს კვლევები, რეალურად შეიცვალა თუ არა საზოგადოება, მათი დამოკიდებულება ლგბტქი ადამიანების მიმართ და რამდენად გარდამტეხია ეს ცვლილება? სად რჩება პრობლემები და რაზე უნდა ვისაუბროთ ახლა? – „პუბლიკა“ შემოქმედებითი გაერთიანება „სპექტრის“ წევრს, გეი აქტივისტს, გიორგი კიკონიშვილს ესაუბრა.

ორი ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა გამოქვეყნდა. ერთი ეხება ქვიარ თემის უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას, მეორე კი, საზოგადოების განწყობასა და დამოკიდებულებას იკვლევს. თავდაპირველად ვისაუბროთ დამოკიდებულებაზე. მონაცემები აჩვენებს, რომ  2016 წელთან შედარებით საგრძნობლად იკლო საზოგადოებაში ჰომოფობიურმა განწყობამ. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საზოგადოების შეხედულება ნელ-ნელა, მაგრამ მაინც იცვლება. თქვენ რა გაჩვენათ ამ ტენდენციამ?

სიმართლე გითხრათ, ამ კვლევის შედეგები არ გამკვირვებია. გამიხარდა ძალიან და გამიხარდა იმდენად, რომ ამ კვლევის გაცნობის შემდეგ მთელი დღის განმავლობაში ემოციურ მდგომარეობაშიც კი ვიყავი.

რაღაცნაირად მივიღეთ ნათელი დასტური იმისა, რომ უამრავი ადამიანის, ორგანიზაციის, სხვადასხვა შემოქმედებითი/კულტურული სივრცის, არასამთავრობო ორგანიზაციის… როგორც ინდივიდუალურ, ასევე, ჯგუფურ შრომასა და ბრძოლას, რაც ათწლეულებია გრძელდება, უშედეგოდ არ ჩაუვლია.

ჩემი პირადი განწყობაა, უკვე დიდი ხანია,  რომ საზოგადოებაში ქვიარ ადამიანების მიმართ განწყობა რადიკალურადაა შეცვლილი. უბრალოდ, ეს ეფუძნებოდა უფრო ემპირიულ და ზოგად დაკვირვებას საზოგადოების ქცევაზე, ჩვენ მიმართ დამოკიდებულებაზე, მაგრამ ამ კვლევამ მოგვცა ის, რომ, რაც ჩვენი დაკვირვებისა თუ ეჭვის ნაწილი იყო, ახლა პირდაპირ რიცხვებით დადასტურდა.

კვლევის ცდომილების რამდენ პროცენტზეც არ უნდა ვისაუბროთ, საუბარია იმაზე, რომ ბოლო 6 წელიწადში, რაც ცოტა დროა სინამდვილეში, 25%-ით შემცირდა მხოლოდ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქვიარ ადამიანებს, ლგბტქი ადამიანებს უნდა შეეზღუდოს საჯარო შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება; 27% თვლის, რომ  უნდა შეგვეძლოს, რომ ეს უფლება გამოვიყენოთ სრულად. 2016 წელს მათი წილი 14.6% -ს შეადგენდა. 2013 წელს, ჯერ კიდევ 9 წლის წინ, რაც ასევე არ არის დიდი დრო, ამ საზოგადოებაში, ალბათ, სულ რამდენიმე ასეული ადამიანი თუ იქნებოდა, ვინც ამაზე ვთანხმდებოდით.

კი გვახსოვს მძიმე გამოცდილება, რომელიც სწორედ საჯარო შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების გამოყენებას ეხება და ეს ახლაც სერიოზული პრობლემაა… მაინც ფიქრობთ, რომ ეს მონაცემები საზოგადოებრივი განწყობის მნიშვნელოვან გარდატეხას აჩვენებს?

კი, ეს რადიკალური გარდატეხაა, ანუ რაღაც რადიკალურად შეიცვალა საზოგადოების განწყობაში. გარდა იმ ყველაფრისა, რაც ჩამოვთვალეთ – ორგანიზაციების, ჯგუფების, კლუბების, კულტურული ღონისძიებებისა და სივრცეების ძალისხმევისა,  ეს ხომ ძალიან დიდი პროცესის ნაწილი იყო სინამდვილეში… შეუძლებელია ცვლილება ცალმხრივად. საზოგადოებაში ცვლილება ხდება მაშინ, როდესაც საზოგადოება რაღაცაზე თანხმდება.

მე ვფიქრობ, ძალიან დიდი როლი აქვს/ჰქონდა უშუალოდ საზოგადოების იმ ნაწილის მხრიდან კრიტიკულ რეფლექსიასა და მზადყოფნას, რომელიც აქამდე არ გვეთანხმებოდა.  ეს ჩემთვის არის იმის ნიშანი, რომ ჩვენ შევთანხმდით, როგორც საზოგადოება, ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორიცაა, მაგალითად, ის, რომ კანონის წინაშე ყველანი უნდა ვიყოთ თანასწორნი, ამ კანონით სარგებლობა ყველას უნდა შეგვეძლოს თანაბრად. ეს არის ფუნდამენტური შეთანხმება.

სრულიად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ იმ 47%-იდან, ვინც არ ემხრობა ლგბტქი თემის შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვას, ყველა ნამდვილად არ არის კეთილგანწყობილი ჩვენ მიმართ და შეიძლება, ძალიან დიდი ნაწილი ნეგატიურადაც იყოს განწყობილი, მაგრამ აღიარებდეს უფლებას, რომ ჩემთან ერთად თანასწორი იყოს კანონის წინაშე. ეს არის ჩემთვის დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტი და მხოლოდ ქვიარ აქტივისტებისა და ქვიარ ორგანიზაციების ბრძოლას რომ თავი დავანებოთ… მგონია, ქართული საზოგადოების დემოკრატიზაციის მანიშნებელია ეს შედეგები.

განწყობის ნაწილზე საუბარი რომ დავასრულოთ, ფიქრობთ, რომ ეს ტენდენცია, რაც აჩვენა ამ კვლევამ, შეუქცევადი იქნება?

მე დარწმუნებული ვარ ამაში,  რომ ეს ტენდენცია იქნება შეუქცევადი, რადგან ამ საზოგადოების  დამოკიდებულების ცვლილებას მოსდევს უშუალოდ თემის წევრების უფრო მეტად გათავისუფლება სტიგმისგან, შიშისგან. ამ გათავისუფლებას მოსდევს ის, რომ უფრო მეტი ადამიანი ღიად იწყებს პრობლემაზე საუბარს ან, პრობლემაზე რომც არ ისაუბროს, ღიად იწყებს გამოსვლას ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან… შემდეგ ამას ისევ მოსდევს განწყობის ცვლილება, ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეუქცევადი პროცესია.

ყოფილი ჰომოფობები არსებობენ, მაგრამ პირიქით, მგონი, იშვიათია… როგორც კი ერთხელ ამას გაიაზრებ და ჰომოფობიას დაძლევ, უფრო ძნელია, რომ დაბრუნდე ისევ იქ.

უფლებრივ მდგომარეობაზე უნდა გკითხოთ, პირველი კვლევა სწორედ ამ ნაწილს აფასებს და ამბობს, რომ ქვიარ თემის უფლებების პრაქტიკაში ეფექტიან განხორციელებას მნიშვნელოვანი დაბრკოლებები ხვდება. ბევრ სხვა საკითხთან ერთად საუბარია იმაზე, რომ ძალადობისა და დისკრიმინაციის შემთხვევებზე სახელმწიფო სათანადოდ არ რეაგირებს. ამის ნათელი მაგალითი იყო 5 ივლისი…

შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საზოგადოება არის გაცილებით წინ და ნამდვილად სურს იმაზე დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება, ვიდრე დღეს ვცხოვრობთ.

ხელისუფლების მხრიდან ეს მუდმივი აპელირება, განსაკუთრებით 5 ივლისის დღეებში, რომ, თურმე, საზოგადოების 95% წინააღმდეგია ჩვენი საჯარო მანიფესტაციის და ამიტომ  მიჰყვებიან საზოგადოების ნებას, საფუძველშივე მცდარია.

სულ რომ მართლაც 95% იყოს წინააღმდეგი, მაინც მცდარია ეს დაშვება, რადგან დემოკრატია იმას ნიშნავს, რომ დარჩენილ  5%-საც უნდა ჰქონდეს უფლებების გამოყენების შესაძლებლობა, როგორც დანარჩენს. ამას რომ თავი დავანებოთ,  ამ კვლევამ აჩვენა ისიც, რომ ყოველგვარი საუბარი საზოგადოების უმრავლესობაზე, უკვე რიცხობრივი მონაცემებითაც მცდარია. საზოგადოების ნახევარი შეწუხებულია ამაზე.  ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოება წარმოგვიჩინოს იმაზე უფრო ცუდად, ვიდრე ის რეალურად არის.

რაც შეეხება, უფლებების ნაწილს, გამოწვევები, რა თქმა უნდა, რჩება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ 2013 წლის 17 მაისს და ყველა შემდგომი დარბევისას არც ერთი ადამიანისთვის ჯარიმაც კი არ დაუკისრებიათ, როდესაც 5 ივლისის შემთხვევაში რაღაც ნაწილს მაინც შეეხო. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ  აქაც, სავარაუდოდ, დიდი როლი ითამაშა ლექსო ლაშქარავას ტრაგიკულმა შემთხვევამ.

ამავდორულად ჩემთვის აქ საინტერესოა ისიც, როგორ ცდილობდა ხელისუფლება და 5 ივლისამდე აქტივისტებს როგორ ეუბნებოდა, რომ უამრავი ადამიანი გამოვიდოდა რუსთაველზე და მათ ვერ შეაკავებდნენ. აპოკალიფსს ხატავდნენ. ამ დროს ჩვენ რა სურათი მივიღეთ, რომ მთელი ამ პრორუსული, ულტრანაციონალისტური, ულტრამემარჯვენე თუ, რაც კი რამ შეგვიძლია, დავარქვათ, მთელი ამ ჯგუფების საყოველთაო-საქვეყნო მობილიზაციით, პლუს ამას დამატებული საპატრიარქოს მიერ ანთებული მწვანე შუქი და მათ მიერაც გამოცხადებული საქვეყნო მობილიზაცია, ღიად და საჯაროდ. კიდევ რიონის ხეობის მოძრაობის არცთუ სასიამოვნო განცხადებები 5 ივლისამდე. სამი ყველაზე დიდი აქტორია… „რიონის ხეობა“ იმ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოძრაობა იყო, რომელმაც პრინციპში, ფაქტობრივად, მობილიზაცია გამოაცხადა, ასევე. ამხელა მობილიზაციით, რაც უპრეცედენტო იყო… არაფერს ვამბობ, რამდენი მილიონი იქნებოდა დახარჯული, პროპაგანდაზე… ამხელა მობილიზაციით მათ შეძლეს, სადღაც, 3 ათასამდე ადამიანის გამოყვანა. ამდენი ადამიანი, პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გვყავს თითო „ჰორუმნაითზე“  – ერთი ვიქენდის ხალხია ერთ დიდ კლუბში. მეორე დღეს კი, 6 ივლისს, სადღაც, 8 000 ადამიანი ვიდექით რუსთაველის გამზირზე, ვინც ვგმობდით ამ ძალადობას. როცა ათი წლის წინ საერთოდ ამოტრიალებული იყო ეს რიცხვები.

ეს არის ერთმნიშვნელოვანი დასტური, რამდენად ცდება სახელმწიფო, როდესაც ცდილობს, ქართული საზოგადოება ბარბაროსების ერთობად დასახოს და როგორ მანიპულირებს ამით თვითონ. ასევე დასტურია იმის, რომ ყოველგვარი ლაპარაკი, თითქოს არაფრის კეთებას არ აქვს აზრი და ფარ-ხმალი დავყაროთ,  წავიდეთ ემიგრაციაში ყველანი, მსუბუქად რომ ვთქვა, შეცდომაა.

რატომ არ აქვს ნება სახელმწიფოს, დაიცვას სათანადოდ ლგბტქი ადამიანის უფლებები? უფრო ჩანს, რომ ეს არ უნდა, ვიდრე არ შეუძლია.

სახელმწიფოს არა თუ ნება არ აქვს, დაიცვას ქვიარ თემის უფლებები, ხუთ ივლისს ან სხვა დროს, არამედ მათი პოლიტიკა აგებულია მთლიანად ამ „კონფლიქტის“ შენარჩუნებაზე. ეს არის კლასიკური ხაზი, რასაც უკვე იმდენად ხშირად იყენებენ, რომ ბანალურიც კი გახდა და გაღიზიანებს, იმდენად თვალშისაცემია. ეს ჯგუფები დარწმუნებული ვარ, კოორდინაციაში არიან ხელისუფლებასთან, ყოველ შემთხვევაში, ღარიბაშვილი ნამდვილად მათი პრემიერია.

ისინი ცდილობენ, შექმნან ეს კონფლიქტი; შემდეგ ამ კონფლიქტში გამოვიდნენ, თითქოს, მომრიგებლის როლში; შეინარჩუნონ საზოგადოება დაყოფილ მდგომარეობაში და განახორციელონ საკუთარი ძალაუფლება.

უბრალოდ, 17 მაისს თუ ეს გამოუვიდათ, ასე თუ ისე, წარმატებით (რადგან ფაქტია, რომ 30 000 ადამიანი როდესაც გამოდის ქუჩაში, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილია. მათ შორის იყვნენ ქალები, ბავშვები, მოხუცები – წარმომადგენლობითი იყო უფრო), 5 ივლისის შემთხვევაში ეს იყო ძალიან ვიწრო ჯგუფი, კონკრეტული მიზნებით… აგრესიული კაცების რაღაც პატარა ჯგუფი იყო. 5 ივლისს იქ ქართული საზოგადოება ნამდვილად არ მდგარა, 17 მაისისგან განსხვავებით. ამიტომ  არა თუ ნება არ აქვს ხელისუფლებას, არამედ ხელოვნურად ინარჩუნებენ ამ კონფლიქტს. თუმცა მე მაშინაც ვამბობდი და ახლაც იმ აზრზე ვარ, რომ, ვინც ეცდება, ეს კონფლიქტები გააღვივოს, წაიტეხს კისერს და აღმოჩნდება თავისივე პოლიტიკის მსხვერპლი, საბოლოოდ.

დაბოლოს, ქვიარ თემის უფლებრივი მდგომარეობის კუთხით, რა ნაწილში ისურვებდით, რომ მონაცემები უფრო გაუმჯობესებული ყოფილიყო? ახლა მთავარ გამოწვევად რას ხედავთ?

ახლა თემში რაც არის გამოკვეთილი მთავარი პრობლემა, ეს არის, პირველ რიგში, ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება დისკრიმინაციისა და ძალადობის შემთხვევებზე. შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების სრული უზრუნველყოფა მშვიდობიან ფორმებში და, აუცილებლად, გენდერის სამართლებრივი აღიარება, რაც არის ტრანსგენდერი ადამიანებისთვის მთავარი პრობლემა.  ისინი, ფაქტობრივად, ვერ ახერხებენ ნორმალურად ცხოვრებას, რადგან მათი გენდერული თვითგამოხატვა და თვითაღქმა არის ერთი, მათი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მთელი რიგი სამართლებრივი ბიუროკრატია ამბობს მეორეს. აღარაფერს ვამბობ, ზოგადად, სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე. უფლებრივ ნაწილში მგონია, რომ ეს საკითხები ყველაზე მნიშვნელოვანია.


კვლევები, რომლებზეც ვსაუბრობდით, ბევრ სხვადასხვა საკითხს ეხება და დეტალურად აფასებს ლგბტქი ადამიანების წინაშე მდგარ გამოწვევებს. ორივე კვლევა  მომზადდა „გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია, გაეროს განვითარების პროგრამა და გაეროს მოსახლეობის ფონდი შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებენ.

კვლევები ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე: