„სექსი დიდ ქალაქში“ | დაბრუნება სამანტას გარეშე

ანა მესხიშვილი

„სექსი დიდ ქალაქში“ (1998–2004) სერიალების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, „სატელევიზიო კლასიკას” რომ უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში 1960-იანი წლების სექსუალური რევოლუციის შემდეგ საკმაოდ დიდი დრო იყო გასული, სატელევიზიო შოუში ქალების ღია და თავისუფალი საუბრები სექსზე მაინც რევოლუციური აღმოჩნდა. უეცრად 4 განსხვავებული მეგობარი მთელმა ამერიკამ და შემდეგ მთელმა მსოფლიომ შეიყვარა – მოდის, ურთიერთობებისა და სექსის სახელმძღვანელოდ სერიალი არამხოლოდ შოუს თანამედროვე თაობამ, არამედ იმ წლებში დაბადებულებმაც გამოიყენეს. მსგავსი აღტაცების დამსახურებაა ალბათ ის, რომ მოგვიანებით „სექსი დიდ ქალაქში” ტელეეკრანებზე ორი სრულმეტრაჟიანი ფილმით დაბრუნდა. წიგნის მიხედვით გადაღებული ამ სერიალის განსაკუთრებულ გავლენას ცხადყოფს მისით შთაგონებული სხვა სერიალებიც, რომელთა შორისაა: Girlfriends (2000), Girls (2012), The Carrie Diaries(2013). აქვე შეიძლება განვიხილოთ სერიალები, რომლებსაც გარკვეული წვლილი შეაქვთ სექსზე სტერეოტიპების დამსხვრევასა და საკითხის გარშემო პოზიტიური ცვლილებების გამოწვევაში, ამის მშვენიერი მაგალითია ნეტფლიქსის პოპულარული სერიალი: „სექსუალური განათლება”.

ტელეეკრანიდან სექსის გარშემო დეტალური საუბრებით გაჟღერდა ის, რაც ამერიკელი საზოგადოებისთვის პირად ურთიერთობებში საკმაოდ ნაცნობი იყო – რეალური პარტნიორული სიტუაციები, რაც ნამდვილად არსებობდა. თუმცა არსებობდა კი მსგავსად იდეალიზებული მეგობრობა ქალებს შორის, როგორსაც „სექსი დიდ ქალაქში” გვაჩვენებს? ბევრი ქალი შოუს ყურებისას სწორედ კერის, სამანტას, შარლოტასა და მირანდას მეგობრობით იყო აღტაცებული. ოცნებობდა თავადაც ჰყოლოდა ახლო მეგობრების ჯგუფი, რომლებთანაც ინტიმურ დეტალებს გაკიცხვის გარეშე განიხილავდა, მათ „სულიერ მეგობრებად” მოიხსენებდა და საყვარლებზე წინ დააყენებდა. „ოცნების მამაკაცთან” მორიგი დაშორების დროს კერის მეგობრები ურჩევენ, მიმართოს პროფესიონალს. თუმცა კერი კითხულობს – „რად მინდა ფსიქოლოგი, როცა თქვენ მყავხართ?”. მიუხედავად იმისა, რომ გმირი ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს მართლაც აკითხავს, ამით ნათელი ხდება მათი, როგორც ახლო მეგობრების როლი ერთმანეთის ცხოვრებაში, მაშინ, როცა ბევრ ადამიანს გულის გადაშლა ალბათ ახლო მეგობართანაც ძალიან უჭირდა. იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც დღეს ინტერნეტსივრცეში პირად ცხოვრებაზე რჩევებს ანონიმურად ითხოვენ, ხაზს უსვამს ასეთი მეგობრებისა და სერიალების საჭიროებას.

მეორე მხრივ, ეკრანული ოთხეული შთაგონების წყარო გახდა იმ 3-4 ადამიანისგან შემდგარი სამეგობროებისთვის, რომლებიც თავს მათ ადარებდნენ და ცდილობდნენ ცხოვრებაში ერთმანეთისთვის მსგავსი მხარდაჭერა გამოეცხადებინათ, მაგრამ მსახიობების რეალობაში ეს არ მომხდარა. 2004 წლის ემის დაჯილდოებაზე კიმ კეტრელი სამეულისგან განცალკევებით იჯდა. როცა კომენტარი სთხოვეს, მან განაცხადა: „ვართ თუ არა საუკეთესო მეგობრები? არა. ჩვენ პროფესიონალი მსახიობები ვართ და ჩვენ-ჩვენი ცხოვრება გვაქვს”. კონფლიქტი ფინანსურ ნიადაგზე დაიწყო, თუმცა ქალების ეკრანული ქიმია მართლაც ხაზს უსვამდა საქმისადმი მათ პროფესიულ მიდგომას. წლების განმავლობაში ცდილობდა პრესა, კიმისა და სარასთვის ერთმანეთის შესახებ აზრი ეკითხა. პრესაში იწერებოდა, რომ ისინი მეორე ფილმის გადაღებების დროს ერთმანეთს უკვე აღარ ელაპარაკებოდნენ. მსახიობები მოკლედ პასუხობდნენ, რომ ისინი არ მეგობრობდნენ, თუმცა იყო რაღაც სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი. 2018 წელს კი საბოლოოდ გატყდნენ და ერთმანეთისადმი ნეგატიური დამოკიდებულება უკვე საჯაროდ გამოხატეს. კიმი საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე სარას მიერ დაწერილ სამძიმარს გამოეხმაურა მისი ძმის გარდაცვალების შესახებ. მან კოლეგას მიმართა, რომ თავს საერთოდ ნუღარ გაახსენებდა, რადგან ის ამ ტრაგედიაზე წუხილის გამოთქმით „კარგი გოგონას” იმიჯს მაინც ვერ აღიდგენდა. მაყურებლისთვის ცხადი ხდებოდა, რომ მესამე ფილმი დღის სინათლეს ვეღარ იხილავდა. კიმ კეტრელი ყველგან გამოხატავდა თავის აზრს, რომ ამის გაკეთება უბრალოდ აღარ სურდა. საბოლოოდ HBO-მ გაგრძელების, 10 ახალი სერიის, გადაღება მაინც გადაწყვიტა, ბევრისთვის ფავორიტი – სამანტას გარეშე. ამ ცნობილი ტელეარხის წარმომადგენელმა პრესაში განაცხადა:

„რეალურ ცხოვრებაში, ადამიანები მიდიან და მოდიან. ზოგიერთი მეგობრობა უფერულდება, ზოგი კი იწყება. ვფიქრობ, ეს ცხოვრებისეული ეტაპების ბუნებრივი მახასიათებელია. ისინი ცდილობენ, გულწრფელად მოგვიყვნენ, რას ნიშნავს იყო 50 წლის ქალი ნიუ-იორკში, ამიტომაც ეს ორგანულად უნდა მოხდეს. მეგობრები, რომლებიც 30 წლის ასაკში გყავს, შეიძლება 50 წლის ასაკში აღარ გყავდეს”.

ზუსტად არ ვიცით, რა ბედი ეწევა სერიალში სამანტას, თუმცა ეს კომენტარიც ცხადყოფს, რომ მათი მეგობრობა უფრო მეტად იდეალიზებული იყო, ვიდრე რეალისტური. ის დროებითი აღმოჩნდა და, სამწუხაროდ, წლებს ვერ გაუძლო. თანამედროვე სერიალებიდან კი შეგვიძლია გავიხსენოთ „დიდი, პატარა ტყუილები” 30+ ასაკის ქალთა მეგობრობაზე, სადაც აშკარად ვხედავთ, როგორ უმალავენ პერსონაჟები ერთმანეთს პირადი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს.

მნიშვნელოვანი ძვრების მიუხედავად, თავდაპირველად სერიალი ფემინისტურ ჭრილში გარკვეული სკეპტიციზმით მაინც განიხილებოდა – იყო კი ის ნამდვილად ჯანსაღი ქალებისათვის? ფემინისტების პრეტენზიას კაცების გარშემო გაუთავებელი საუბარი წარმოადგენდა, თუმცა მირანდამ ერთ-ერთ სერიაში მათი სათქმელიც გააჟღერა, როცა გაბრაზებულმა მეგობრებს მიმართა: „ნუთუ 4 ჭკვიან ქალს კაცების გარდა სასაუბრო აღარ გვაქვს?” საყურადღებო იყო სტენფორდისა და ენტონის პერსონაჟები, რომლებმაც პირადი ურთიერთობები სხვა პრიზმიდან დაგვანახეს (სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ სტენფორდის შემსრულებელი უილი გარსონი კიბოს ემსხვერპლა, ის აქტიურად მონაწილეობდა მესამე ფილმის გადაღებაში).

წიგნის ავტორს, ქენდის ბუშნელს ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ შოუში დაუსვეს შეკითხვა: როგორ შეიცვალა სასიყვარულო ურთიერთობები უკანასკნელი 4 ათწლეულის განმავლობაში. მწერალი პასუხობს, რომ 80-იანებში წყვილებს ბევრი დრო ჰქონდათ სექსისთვის. უინტერნეტობის ეპოქაში მათ შეეძლოთ საათები დაეხარჯათ ორგაზმის ძიებაში. 90-იანებში ადამიანებს ისევ სჯეროდათ ურთიერთობების, მაგრამ მათ არ ეჩქარებოდათ ქორწინება და მარტოხელობა „მაგარ ტიპობად” ითვლებოდა. ეს ტენდენცია გაგრძელდა 2000-იანებშიც. 2010-ის შემდეგ კი სოციალური მედიის განვითარებასთან ერთად, რომანტიკული ურთიერთობები მნიშვნელოვნად შეიცვალა. მას მაგალითად მოჰყავს ერთი 25 წლის გოგონა, რომელმაც აღტაცებით გაუზიარა, რომ გაიცნო ერთი ბიჭი, ჰქონდათ მეორე პაემანი და სექსიც – მანქანის უკანა სავარძელზე მხოლოდ 2 წუთის ხანგრძლივობით! გამოდის, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენით ადამიანებს ერთმანეთისთვის დრო აღარ რჩებათ, ნაკლებად საუბრობენ ამის შესახებ და თითქოს სექსს იმ დატვირთვასაც უკარგავენ, რომლის გამოც კერის ყოველკვირეულ სტატიებში ის ასეთი განხილვის საგანი ხდებოდა.

საკულტო სერიალების დასრულება მსოფლიოს ასევდიანებს – დიდი რაოდენობით მაყურებელი თითქოს საკუთარი ოჯახის წევრს კარგავს, იმ გამაერთიანებელ ჯაჭვს, რომელიც მას მსოფლიოს უამრავ ადამიანთან აკავშირებდა. არაა გასაკვირი, რომ საზოგადოება, ე.წ. Reunion-ს ითხოვს – ტელეეკრანზე საყვარელი პერსონაჟების კვლავ ერთად ხილვას. სერიალმა „მეგობრები” ამ მიზნით რეალური მსახიობების ჩვენება, გადაღების პროცესის გახსენება და მათთან ინტერვიუ არჩია. სერიალი „სექსი დიდ ქალაქში” კი ბრუნდება პერსონაჟების გაცოცხლებითა და ახალი სახელწოდებით – and just like that! მიუხედავად იმისა, რომ სერიალზე შეყვარებული ადამიანი მზადაა ის დაუსრულებლად გაგრძელდეს და ახალ სერიასაც მოუთმენლად ელის, „Sex and the City”-ის დაბრუნებას ინტერნეტში კრიტიკის ქარ-ცეცხლი მაინც მოჰყვა. ამ კრიტიკას ძირითადად ეიჯიზმი უდევს საფუძვლად, რომლის მიხედვითაც მსახიობები ახალი სერიებისთვის „საკმაოდ დაბერდნენ”. თუმცა, სერიალი ამ მხრივაც დადებით გავლენას ახდენს თანამედროვე სამყაროზე – ფემინისტური მოძრაობების იმ ბრძოლების პარალელურად, რომელთა მიხედვითაც ქალებმა საკუთარი თავი უნდა მიიღონ და შეიყვარონ ისეთები, როგორიც არიან, ასაკში შესვლის ბუნებრივი პროცესის ნორმალიზებაც აუცილებლად უნდა მოხდეს. ასაკის მატებასთან ერთად ისეთივე თამამი და თავდაჯერებული უნდა ვიყოთ, როგორც ამას კერი, სამანტა, შარლოტა და მირანდა თავიანთ 30-40 წლის ასაკში ახერხებდნენ. თუ თავის დროზე სერიალმა ქალებს მოუწოდა, რომ შეუძლიათ იცხოვრონ ისე, როგორც სურთ; ჰყავდეთ იმდენი პარტნიორი, რამდენიც მოესურვებათ; დათანხმდნენ მხოლოდ იმ სექსუალურ გამოცდილებებს, რომელთა ინტერესიც აქვთ; არ ეშინოდეთ დაუქორწინებლობის და იყვნენ თავისუფალნი, 2021 წელს „სექსი დიდ ქალაქში” თავისი გამოჩენით კვლავ მნიშვნელოვან გაკვეთილს გვიტარებს: სახეზე ნაოჭი წინადადების ბოლოს დაწერილ წერტილს არ ნიშნავს – შოუ გრძელდება! იქნებ დროა, ეიჯიზმზე დაფუძნებული ჩაგვრაც ერთხელ და სამუდამოდ გადავაფასოთ!