შრომის კანონი და ევროინტეგრაცია – რა გაკეთდა და რას უნდა ველოდოთ მომავალში? 

ნინო ჩიმაკაძე

21 წლის მარიამი 3 წლის განმავლობაში მუშაობდა თბილისის ერთ-ერთ პოპულარულ ქსელურ კაფეში, საიდანაც ერთი თვეა, წამოვიდა. მიზეზი დაბალი ანაზღაურება და მასთან შეუსაბამო დატვირთვა იყო.

„დილის 8-იდან ვიწყებდით მუშაობას, რადგან, სანამ მოვაწესრიგებდით ყველაფერს, 1 საათი გვჭირდებოდა. 9 საათიდან ვიხსნებოდით და გვიან საღამომდე ვმუშაობდით, მერე ისევ ჩვენ ვალაგებდით იქაურობას. თან სულ ფეხზე უნდა ვმდგარიყავით და მომღიმარი სახე გვქონოდა. დაჯდომის უფლება მხოლოდ შესვენების დროს გვქონდა”.

მარიამის ანაზღაურება საათში 3.50 ლარი იყო. ზეგანაკვეთური – 3.70. დღეში 8 ან 10 საათი მუშაობდა. ხელფასი რომ ცოტა მეტი გამოსვლოდა, კვირაში 1 დღე ისვენებდა.

„მეორე დღესაც თუ მიაბამდი, შეიძლება 600 ლარზე მეტი ვერ აგეღო. ძალიან სტრესული და ქაოსურია სერვისის სფერო. საჭმელს ვეღარ ჭამ წესიერად, ძილი გენატრება, ახლობლები გენატრება. ის ერთი დღეც იმაში გჭირდება, რომ მოწესრიგდე და ძალები აღიდგინო“. – გვიყვება მარიამი.

ის აპირებს, მომავალში ავიაციის სფეროში გააგრძელოს მუშაობა და ბორტგამცილებელი გახდეს. ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში ბევრად კარგი ანაზღაურებაც ექნება და დასვენებასაც უკეთესად მოახერხებს. 


უკვე სამ ათწლეულზე მეტია, საქართველოს ნომერ პირველი პრობლემა სოციალური სიდუხჭირე და ეკონომიკის განვითარების დაბალი მაჩვენებელია. სწორედ ეს არის უმთავრესი მიზეზი, რის გამოც წლების განმავლობაში 3,5-მილიონიანი ქვეყნიდან მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

უმუშევრობა, დაბალი ანაზღაურება თუ რთული სამუშაო პირობები მოსახლეობის დიდ ნაწილისთვის ღირსეული ცხოვრების პერსპექტივას ძალიან ბუნდოვანს ხდის და ხშირად ერთადერთ არჩევანს უტოვებს: უკეთესი მომავლის იმედით ოჯახები დატოვონ და ქვეყნიდან შორს წავიდნენ სამუშაოდ. 

2014 წელს ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს ერთ-ერთ ვალდებულებად შრომის ბაზრის მოწესრიგება და სოციალური უფლებების გაძლიერება დაეკისრა. შეთანხმების 229 მუხლში წერია, რომ მხარეები ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას: „ხელი შეუწყონ  საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას იმ ფორმით, რომელიც უზრუნველყოფს სრული და ნაყოფიერი დასაქმებისა და ღირსეული შრომის არსებობას ყველასათვის.“ 

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ „მხარეები ვალდებულებას იღებენ, პატივი სცენ, ხელი შეუწყონ და ასახონ საკუთარ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში და  მთელს ტერიტორიაზე საერთაშორისოდ აღიარებული შრომის ძირითადი სტანდარტები იმ ფორმით, როგორც ეს მოცემულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO)კონვენციებში.“ 

ხელშეკრულების დადებიდან მალე 10 წელი გავა. ამ პერიოდში საქართველომ მიიღო ვიზალიბერალიზაცია; გადაიდგა დამატებითი ნაბიჯები ევროინტეგრაციისკენ; დღეს ქვეყანა უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდება, თუმცა, სოციალ-ეკონომიკური თვალსაზრისით, დიდად არაფერი შეცვლილა, ყოველ შემთხვევაში ის გარკვეული ზრდა, რაზეც სხვადასხვა მაჩვენებელი მიუთითებს, მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილზე არ/ვერ აისახა. ამას მოწმობს ისიც, რომ ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ისევ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ბოლო 3 წელიწადში კი ქვეყანა რეკორდული რაოდენობის ადამიანმა დატოვა. 

ერთადერთი, სადაც ხელშესახები გაუმჯობესება შეინიშნება, შრომის უსაფრთხოების მიმართულებაა. 2022 წლის მონაცემებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე დაღუპულთა რაოდენობა 41%-ით არის შემცირებული.

შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების თემებზე მუშაობა პარლამენტმა 2013 წელს დაიწყო და მალევე პირველი ეტაპის რეფორმა გაატარა, რომელიც მხოლოდ მინიმალურ სტანდარტებს აწესებდა და მცირედით აუმჯობესებდა დასაქმებულების მდგომარეობას. ეს, ძირითადად, მოიცავდა სამსახურიდან გათავისუფლების გართულებას, წერილობითი კონტაქტების ვალდებულებას ადამიანის სამ თვეზე მეტი ვადით დასაქმებისას და კანონის დონეზე დისკრიმინაციის აღმოფხვრას სამუშაო ადგილზე, თუმცა პრობლემად რჩებოდა უამრავი საკითხი, რომელთა ნაწილი დღესაც არ არის მოგვარებული. 

განსაკუთრებით მწვავედ იმ პერიოდში შრომის უსაფრთხოების საკითხი იდგა – 2006 წელს შრომის ინსპექციის გაუქმებისა და სრული დერეგულაციის შემდეგ სამუშაო ადგილზე დაღუპულთა რაოდენობამ საგანგაშო ნიშნულს მიღწია. ყველაზე პრობლემური მაღაროები და სამშენებლო სექტორი იყო. 2007 წლიდან 2018 წლის პირველ ნახევრამდე საწარმოო ტრავმისგან 473 ადამიანი დაიღუპა, 805 კი მძიმედ დაშავდა. 

შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა საქართველოში მხოლოდ 2015 წელს დაიწყო. შეიქმნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, თუმცა საწყის ეტაპზე მისი ფუნქცია მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლებოდა და ფორმალურ ხასიათს ატარებდა: მას არ ჰქონდა არც სანქცირების უფლება და არც გაუფრთხილებლად შესვლა შეეძლო რომელიმე საწარმოში. 

2017 წლის მაისში ტყიბულში, მინდელის შახტში სატვირთო ლიფტზე სარემონტო სამუშაოების შესრულებისას ბაგირი გაწყდა და ერთდროულად 4 ადამიანი დაიღუპა. ამ ფაქტმა დიდი პროტესტი გამოიწვია და უკვე აშკარად გამოჩნდა, რომ შრომის უსაფრთხოება ქვეყანაში სისტემური და სერიოზული პრობლემა იყო. ხელისუფლებაშიც, როგორც იქნა, მომწიფდა აზრი, რომ მომავალში ფატალური შედეგების თავიდან ასაცილებლად ცვლილება იყო საჭირო.

„ქართული ოცნებიდან “ შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი ავტორი და ინიციატორი, დიმიტრი ცქიტიშვილი იყო, რომელიც რომელიც 2016 წელს მე-9 მოწვევის პარლამენტს შეუერთდა. ის იმ მცირე ჯგუფის წარმომადგენელი იყო პარლამენტში, რომელიც აქტიურად მუშაობდა შრომითი უფლებების გაძლიერებისთვის. ცქიტიშვილმა „ქართული ოცნება“ აზრთა სხვადასხვაობის გამო 2019 წელს დატოვა და მომდევნო ერთი წელი პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩა. დღეს ის არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პროგრესულ ფორუმს“ ხელმძღვანელობს. 

ცქიტიშვილი იხსენებს, რომ 2017 წელს შრომის უსაფრთხოების განახლებული კანონი მაინც საკმაოდ „მოკრძალებული და ლიბერალური იყო“, რადგან ის მაინც გარკვეული შეზღუდვებით მოქმედებდა, თუმცა შრომის ინსპექციამ პირველად შეიძინა ინსპექტირებისა და სანქცირების ფუნქცია.

„მაშინ მოლაპარაკება გვქონდა ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან, რომ ინსპექციის მანდატის გავრცელების სფერო დროებით მხოლოდ მავნე, მძიმე და საშიშპირობებიანი სამსახურები უნდა ყოფილიყო. არ უნდოდათ ამ მარეგულირებელი ინსტრუმენტის სრულად შემოტანა, რადგან ბიზნესს ჰქონდა სერიოზული წინააღმდეგობა. მთავრობის ძირითადი ხაზი იყო: ბიზნესს არ შევუშალოთ ხელი, რეიტინგებში არ ჩამოვრჩეთ, ინვესტიციები არ დავკარგოთ და ა.შ. სტანდარტული ლიბერალური რიტორიკა.“ 

საბოლოოდ, 2018 წელს შრომის უსაფრთხოების კანონი მხოლოდ მაღალი რისკის მქონე სექტორებს შეეხო, თუმცა დიმიტრი ცქიტიშვილი ფიქრობს, რომ თავისი საქმე მაინც გააკეთა, რადგან შრომის ინსპექციამ გარკვეულ სექტორებში ანგარიშგასაწევი ძალა გახდა: „არაერთი კომპანია გააჩერეს, დააჯარიმეს ან გაფრთხილება მისცეს. 2019 წელს მოხდა ასეთი რამეც, რომ „პანორამასაც შეუჩერდა დროებით საქმიანობა.“ რაღაც შემთხვევა მოხდა, მუშები დაშავდნენ და ინსპექციამ გააჩერა სამუშაოები. ეს რომ დაინახეს, კიდევ უფრო შიში გაჩნდა, რომ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცეოდა. სამშენებლო სექტორში სამუშაოების გაჩერება კატასტროფის ტოლფასია, არც დიდი ჯარიმის გადახდა აწყობს ვინმეს, ამიტომ თანდათან დაიწყეს სიტუაციის გამოსწორება და ეკიპირებასა და უსაფრთხოებაზე მეტი ზრუნვა.“ 

2018-2019 წლებში შრომის უსაფრთხოების კანონი ორგანულ კანონად გადაკეთდა და მნიშვნელოვნად გამოსწორდა სხვადასხვა სამართლებრივი ასპექტი. პარლამენტის საინიციატივო ჯგუფი დამოუკიდებელ ორგანიზაციებსა და აქტივისტთა ჯგუფებთან ერთად განაგრძობდა კანონის გასაუმჯობესებლად ბრძოლას და მასში უკვე შრომის უფლებების კუთხით ცვლილებების შეტანას მოითხოვდა. დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, საელჩოებისა და პარტნიორი ქვეყნებისგანაც, რამაც დიდწილად განაპირობა კიდეც საბოლოო შედეგი. 

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ვაშინგტონში ვიზიტი, რადგან იქ შევხვდით სავაჭრო წარმომადგენლის ოფისს. ეს უწყება კოორდინაციას უწევს აშშ-ის სავაჭრო ურთიერთობებს და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მომზადებას პარტნიორ სახელმწიფოებთან და ჩვენ ამ ნაწილში პრობლემა გვქონდა. არსებობდა პეტიცია, რომ საქართველო არ შეესაბამებოდა იმ დროისათვის საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობების (GSP – generalized system of preferences) მოთხოვნებს და ხელს უშლიდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების შესაძლო დაწყებას, რისი მთავარი მიზეზიც სწორედ შრომის ბაზრის მოუწესრიგებლობა იყო. ამიტომ შესაძლო იყო, არა თუ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, არამედ არსებული სავაჭრო პრივილეგიებიც დაგვეკარგა, რაც ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელი იქნებოდა. ჩემს მერე იყო პრემიერის ვიზიტი აშშ-ში (მამუკა ბახტაძის) და დაბრუნებისას მანაც მხარი დაუჭირა შრომის უფლებების კუთხით მნიშვნელოვანი რეფორმის გატარებას.“ 

პროცესი 2019 წლის გაზაფხულიდან დაიწყო პარლამენტში. კანონპროექტი მომზადდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.  ინიციატორებმა ორგანიზება გაუწიეს შეხვედრებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მოეწყო კანონპროექტის დეტალური განხილვები. 

თუმცა ამის საპირწონედ ბიზნესის წარმომადგენლებიც აქტიურად მუშაობდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ ეს რეფორმა დააზიანებდა ეკონომიკას.

საკითხის მოსმენა პარლამენტში 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყო. მესამე და ბოლო მოსმენა სექტემბერში გაიმართა და როგორც ცქიტიშვილი იხსენებს, სწორედ მაშინ გახდა საჭირო ყველაზე მეტად აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის  მხარდაჭერა რეფორმის მიმართ.

„თეთრი სახლიდან მოვიდა წერილი, პრეზიდენტის თანაშემწე იწერებოდა, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომ ეს კანონპროექტი მნიშვნელოვანი იყო აშშ-ს და საქართველოს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობებისათვის. მაშინ უკვე გახარია იყო პრემიერი და ის ძალიან პრაგმატულად მიუდგა ამ საკითხს. ამბობდა, რომ, რასაც პარტნიორები ითხოვენ, უნდა გავითვალისწინოთ, თუ ეს სტრატეგიულ ინტერესებშიაო. ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერდა ამ კანონს ეკა ტიკარაძე, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი. 29 სექტემბერს მივიღეთ ეს კანონი ბოლო მოსმენით და ამით დამთავრდა ეს ამბავი.“ 

მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის წარმომადგენლები კულუარულად ხვდებოდნენ კომიტეტების თავმჯდომარეებს და ცდილობდნენ გავლენის მოხდენას, ამჯერად შრომის კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა ეკონომიკის ყველა დარგი მოიცვა და შეეხო როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორსაც. შრომის ინსპექციას მიენიჭა სრული მანდატი და უფლებამოსილება, თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, შევიდეს ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ნებისმიერ სამუშაო სივრცეში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს და მისცეს გაფრთხილება, დააჯარიმოს ან, საერთოდ, სამუშაო პროცესი შეაჩერებინოს კომპანიას/საწარმოს. 

შრომის ინსპექციის მანდატს დაემატა შრომის უფლებების მონიტორინგიც. ინსპექტორს შეუძლია შეამოწმოს, იცავს თუ არა დამსაქმებელი დასაქმებულის შრომით უფლებებს – სამუშაო დროის ხანგრძლივობას, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების გაცემას, შვებულების მიცემის წესს, შრომით დისკრიმინაციის საკითხებს და ა.შ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულს შეუძლია, ინსპექციას მიმართოს ანონიმურობის დაცვის გარანტიით. შრომის ინსპექტორი ვალდებულია, არ გაამჟღავნოს საჩივრის ავტორის ვინაობა და ამასთანავე, ინსპექტირებისას შრომის ინსპექციის სამსახური არც მიუთითებს, რომ ინსპექტირება დაიწყო საჩივრის საფუძველზე. 

მიუხედავად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებისა, ჯერ კიდევ პრობლემებია მათი სრულად აღსრულების მიმართულებით. გამოწვევებია სამართლებრივი კუთხითაც. მაგალითად, დღემდე პრობლემად რჩება სამუშაო საათების განსაზღვრის, ზეგანაკვეთურის ანაზღაურებისა და დეკრეტული შვებულების საკითხი. მაგალითად, 6-თვიანი ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების მიცემის ვალდებულება მხოლოდ საჯარო უწყებებს აქვს, კერძო კომპანიები კი მხოლოდ ერთჯერადი 2000-ლარიანი ფულადი დახმარებით შემოიფარგლებიან და დეკრეტული შვებულების დრო და ანაზღაურების პირობები მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. 

განუსაზღვრელია მინიმალური ხელფასიც. დიმიტრი ცქიტიშვილი ფიქრობს, რომ ხელფასის ზღვრის დადგენა ბევრს ვერაფერს შეცვლის, რადგან ამ ეტაპზე ის მაინც ძალიან დაბალი იქნება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს 500 ლარი, რაც ისედაც აქვს დასაქმებულების დიდ უმრავლესობას, ამიტომ სახელფასო პოლიტიკა კიდევ უფრო ფუნდამენტურ ცვლილებებს საჭიროებს.

„ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ჯანდაცვასა და განათლებაში სახელმწიფო დაფინანსების როლი ძალიან დიდია. ამიტომ, ტენდერებისა და შესყიდვების დროს მოთხოვნები სახელმწიფომ უნდა დაადგინოს. მაგალითად, როცა მშენებლობაზე დაადგენ, რომ ეს უნდა იყოს სახელფასო სტანდარტი, მერე კერძო სექტორზეც აისახება. ასევეა ჯანდაცვაშიც: მაგალითად, პანდემიის პერიოდში სამინისტროს განკარგულებით მოიმატა ექიმებისა და ექთნების ხელფასმა და დარეგულირდა ფასები გარკვეულ სერვისებზე.“

სამედიცინო მუშაკების ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით კამპანია  პანდემიის მერე დაიწყო და 2023 წლის პირველი იანვრიდან ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა. ექიმებისთვის ეს თანხა საათში 7 ლარით (თვეში, მინიმუმ, 1260 ლარი), ექთნებისთვის კი საათში 4.4 ლარით (თვეში,, მინიმუმ 792 ლარი) განისაზღვრა. მართალია, ეს თანხაც ძალიან დაბალია, მაგრამ წინა წლებთან შედარებით მაინც არის გარკვეული ცვლილება. 

რაც შეეხება სამუშაო დროის რეგულირებას, აქ კანონი ისეა გაწერილი, რომ დამსაქმებელს უფლებას აძლევს, ადამიანი კვირაში 60 საათი ან ზოგჯერ მეტიც კი ამუშაოს, თუმცა, როგორც ცქიტიშვილი ამბობს, ამაზე თვითონ დასაქმებულების მხრიდანაც იყო გარკვეული წინააღმდეგობა, რადგან როცა ადამიანს საათობრივი ანაზღაურება აქვს და ხელფასი დაბალია, ურჩევნია, მეტი იმუშაოს და მეტი გამოიმუშაოს.


ჩვენი რესპონდენტის, მარიამის მსგავსად ბოლო პერიოდში ბევრი ახალგაზრდა ფიქრობს სამსახურის ან საერთოდ პროფილის შეცვლაზე. თანამედროვე სამყაროს დიგიტალიზაციამ მათთვის ახალი შესაძლებლობებიც გააჩინა, მათ შორის დისტანციური სამუშაოების კუთხითაც. ამიტომ, დილიდან საღამომდე სადმე ყოფნას და ფიზიკურ დაღლას, ბევრს ურჩევნია, ონლაინ მარტივი, ე.წ. Entry level-ის საქმე შეასრულოს, რაც განსაკუთრებულ კვალიფიკაციას არ მოითხოვს და ნაკლებ დროში შეუძლია, უფრო მეტიც კი გამოიმუშაოს. 

ზოგადად, სტუმარ-მასპინძლობისა და სერვისის სექტორში პანდემიის შემდეგ სერიოზული პრობლემები გაჩნდა, კადრების დეფიციტისა და ხშირი მობილობის კუთხით. ადამიანების დიდი ნაწილი არაფორმალურ ბაზარზე გადავიდა და სხვა სამუშაო ნახა, ნაწილი კი საზღვარგარეთ წავიდა. საბოლოოდ, დამსაქმებლები იძულებულები გახდნენ, ხელფასის მომატებაზე ეფიქრათ, თუმცა, ბაზართან სრულიად არარელევანტური ანაზღაურება ჯერ კიდევ ბევრგანაა პრობლემა.

„ბიზნესმენებს არ უნდათ ბაზრის ახალი კონიუნქტურის გააზრება. თავიანთსავე პრინციპებს ეწინააღმდეგებიან, ბაზრის პრინციპებს. მაგალითად, ერთ კომპანიას ჰქონდა მუდმივად ვაკანსიები და ვერ პოულობდნენ ხალხს. მერე გამოაცხადეს მომატებული ხელფასით, დაადგინეს 2000 ლარი და საკონკურსოდ გაუხდათ საქმე. კადრების მობილობის ხარჯი საკმაოდ დიდი და დამაზიანებელია ბიზნესისთვის, მაგრამ ქართული ბიზნესის უმეტესობა სტრატეგიული არ არის, შორს არ იყურება. ძალიან მერკანტილური მიზნებითა და მოკლე ინტერესით უყურებენ საკითხებს. ამიტომაც ვერ იქმნება ისეთი კონკურენტული პროდუქტი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე გავა“. – ამბობს ცქიტიშვილი. 

თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს და დაიწყება გაწევრების გეგმაზე მუშაობა, კიდევ უფრო მაღალი სტანდარტები და მკაცრი რეგულაციები შემოვა და საქართველოსაც მოუწევს ამაზე გადაწყობა, მათ შორის ბიზნესსაც, რომელიც უნდა მიხვდეს, რომ უკეთესი  პირობების შექმნა მისსავე ინტერესშია.

 „ფორდის მაგალითი მომყავს ხოლმე ხშირად: ფორდმა შექმნა ისეთი მანქანა, რომელიც ხელმისაწვდომი იყო მისი მუშისთვის, ანუ ქარხნის მუშას ისე გაუზარდა ხელფასი, რომ შესაძლებლობა მისცა, მისივე გაკეთებული მანქანა ეყიდა. მაშინ გახდა ის კაცი მილიარდერი. ფორდს სხვა მინუსები აქვს, მაგრამ პრაგმატულად თუ შევხედავთ, ამ კუთხით ის იყო გენიოსი. რაც უფრო კარგ პირობებსა და მოტივაციას შეუქმნი ადამიანს, მით უფრო პროდუქტიულია ის. საბოლოოდ კომპანია მაშინ არის გრძელვადიანად წარმატებული, თუ თანამშრომელიც და მფლობელიც ზრუნავს ამ კომპანიის კეთილდღეობაზე“. – გვეუბნება ყოფილი დეპუტატი.

საქართველოში ხშირად საჭიროა ავხსნათ, რომ შრომისა და სოციალური უფლებებიც ისეთივე უფლებაა, როგორც გამოხატვის თავისუფლება, ხმის მიცემის უფლება და ა.შ. ნეოლიბერალური პოლიტიკური, ბიზნეს და  კულტურული ელიტის დომინაციისა და მათი გავლენის ქვეშ მყოფი მედიის პირობებში  ეს საკითხი იშვიათად თუ დადგებოდა დღის წესრიგში. წლების განმავლობაში სოციალურ უფლებებზე, პროფკავშირებსა და შრომის რეგულაციაზე საუბარი მაშინვე საბჭოთა კავშირში „ჩარჩენილის“ იარლიყს გაკერებდა, რასაც გარკვეული ეკონომიკური კლასი კარგად იყენებდა და ამით მანიპულირებდა.  თუმცა შრომის ბაზარზე გამოვიდნენ ახალი თაობები, რომლებიც გლობალური სივრცის ნაწილი გახდნენ და საერთაშორისო წყაროებით დაიწყეს ინფორმაციის მიღება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, ტენდენციებზე, პროგრესულ მოძრაობებსა და ა.შ. ამან თანდათან შეცვალა აღქმა და მშრომელი კლასის ინტერესების წინ წამოწევის პერსპექტივა გააჩინა. 

ამ პროცესს განსაკუთრებით უწყობს ხელს ევროკავშირთან დაახლოების სურვილი, რომელიც, ყველა გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აქვს, ევროკავშირის ღირებულებების ერთ-ერთი ქვაკუთხედი კი სწორედ დაცული, უსაფრთხო, და ადეკვატურად ანაზღაურებადი შრომის შესაძლებლობებია.