სოციალური მუშაობა პანდემიის დროს

პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა მოქალაქეების სოციო-ეკონომიკურ და ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას თავისი კვალი დაატყო. შესაბამისად, სოციალური მუშაობის როლმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სოციალური მუშაკების სამუშაო დატვირთვა საგრძნობლად გაიზრდება.

რა პრობლემები წამოჭრა ან გაამწვავა პანდემიამ სოციალური მუშაკებისთვის? როგორია მათი სამუშაო პირობები? რა დაბრკოლებები ექმნებათ ჯანდაცვის უწყებას დაქვემდებარებულ სოციალურ მუშაკებს პანდემიის პერიოდში?

„ტაქსით მგზავრობის თანხას საკუთარი ჯიბიდან ვიხდიდი“

მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელი გაფიცვის შემდეგ სოციალური მუშაკებისთვის ტრანსპორტირების პრობლემა გარკვეულწილად მოგვარდა, ბოლო რამდენიმე თვეა ისინი კვლავ ამავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ:

თებერვლიდან რეორგანიზაციის ფარგლებში მეურვეობისა და მზრუნველობის სფეროს დაქვემდებარებულმა სოციალურმა მუშაკებმა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში გადაინაცვლეს. დღეს ისინი ახალი სააგენტოს თანამშრომლები არიან და წინამორბედი სსიპ-ის სატრანსპორტო შეღავათებით ვეღარ სარგებლობენ, ამიტომ კვლავ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებიან.

სოციალური მუშაკები მარტიდან ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მუშაობდნენ, თუმცა ზოგიერთ მათგანს გარეთ გასვლა მაინც ხშირად უწევდა. როგორც ჩვენთან ერთ-ერთი სოციალური მუშაკი ამბობს, საგანგებო რეჟიმის პირობებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვამ სამუშაოს შესრულება კიდევ უფრო გაართულა და ხარჯიც გაზარდა. მისი თქმით, დაახლოებით 1 თვეში ტაქსით მგზავრობისთვის 100 ლარამდე დაეხარჯა.

„13 მარტიდან გვითხრეს, რომ აღარ უნდა გავსულიყავით და მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებზე უნდა გვემუშავა. პრობლემა იყო ტრანსპორტირება, იმიტომ, რომ მანქანები არ გვყავდა და საკუთარი ხარჯებით გვიწევდა ტაქსით გადაადგილება. ეს არ ანაზღაურებულა. დღემდე ჩვენი ხარჯებით დავდივართ, მანქანები არ გვყავს, მაგრამ, როგორც გვპირდებიან, შემდეგ კვირაში იქნება“, – ამბობს თბილისის ერთ-ერთი სერვისცენტრის სოციალური მუშაკი, პირობითად ნინო, რომელმაც კონფიდენციალურ წყაროდ დარჩენა ისურვა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 31 მარტიდან 29 მაისამდე აკრძალული იყო. მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით გადაადგილება კი 10 დღის განმავლობაში, 17-დან 27 აპრილამდე აიკრძალა.

დასაქმებულთა მხრიდან ტაქსით მგზავრობისთვის გაწეულ ხარჯებზე დასმულ შეკითხვას სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ შეკითხვითვე უპასუხა: „მეკითხებით ტაქსებზე, რომლებიც პანდემიის პერიოდში არ დადიოდა?“, – და დასძინა, რომ დისტანციური მუშაობის პერიოდში სოციალური მუშაკების გადაადგილება დაშვებული იყო მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს. მისივე თქმით, გადაუდებელ შემთხვევებში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა სააგენტო ან საპატრულო პოლიცია, რადგან გადაუდებელ შემთხვევაში საპატრულო პოლიციაც ჩართულია.

მერი მაღლაფერიძე ამბობს, რომ ტრანსპორტირების პრობლემა უკვე მოგვარებული იქნებოდა, რომ არა პანდემია. მისივე თქმით, ამ საკითხზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, ხელშეკრულებები ფორმდება ტაქსის კომპანიებთან და „წესით თვის ბოლომდე ყველაფერი მოგვარდება“.

„სადაც ვერ მოხერხდება ტაქსის ხელშეკრულების მოძიება, რადგან ზოგიერთ რაიონში ეს ჭირს, იქ მანქანა გადაეცემათ“, – აცხადებს მერი მაღლაფერიძე. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში სააგენტო სოციალურ მუშაკთა საქალაქთაშორისო გადაადგილებასაც უზრუნველყოფდა.

კადრების სიმცირე და „პროტესტისთვის დასჯილები“

სოციალური მუშაკები წლებია, საჯაროდ საუბრობენ კადრების სიმწირით გამოწვეულ სირთულეებზე. მიუხედავად ამისა, მათ თებერვლიდან შემცირებული რაოდენობით მოუწიათ მუშაობის გაგრძელება: 1 თებერვალიდან 33 სოციალური მუშაკი (სამინისტროს მონაცემებით – 28) „რეორგანიზაციის“ მოტივით სამსახურიდან დაითხოვეს. სააგენტოში დასაქმებულ სოციალურ მუშაკთა რაოდენობა მერი მაღლაფერიძის თქმით, ამ დრომდე 206-ია.

„მათი გათავისუფლების შემდეგ იმდენად რთული გახდა და იმდენად გაიზარდა საქმეების რაოდენობა და სერვისცენტრს დანაკლისი დაეტყო, რომ ვხუმრობდით, სულზე მოგვისწრო პანდემიამო. რადგან პანდემიის დროს იმდენი საქმე არ გვეწერებოდა, რამდენიც მანამდე“, – ამბობს სოციალური მუშაკი ნინო და დასძენს, რომ მიმართვიანობა უკვე ჩვეულ რეჟიმში აღდგა და იმდენივეა, რამდენიც პანდემიამდე იყო.

სოციალური მუშაკების დათხოვნას პროფესიული კავშირის წარმომადგენლები მათ აქტიურობასა და გაფიცვაში მონაწილეობას უკავშირებენ, თავად გათავისუფლებულ სოციალურ მუშაკთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ისინი პროტესტის გამო დაისაჯნენ, ამიტომ შრომით დავას სასამართლოში აგრძელებენ.

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდის თანახმად, ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ ვაკანსიები სოცმუშაკთა დათხოვნიდან 2 თვეში, 31 მარტს გამოაცხადა. როგორც „პუბლიკასთან“ მერი მაღლაფერიძე ამბობს, კონკურსი გამოცხადებულია 69 ვაკანტურ ადგილზე, ახლა კომისიის გადაწყვეტილებას აჯამებენ, შედეგები კი მალე გახდება ცნობილი.

„ეს საკმარისი არ არის, რადგან კანონის სამოქმედო გეგმის თანახმად მათ უკვე უნდა ჰყოლოდათ 300-მდე სოციალური მუშაკი“, – ამბობს „სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ქეთევან ხუციშვილი.

ქეთევან ხუციშვილი ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ გათავისუფლებულ სოციალურ მუშაკებს, რომლებიც სისტემაში წლების განმავლობაში მუშაობდნენ, ბენეფიციართა ნდობა ჰქონდათ მოპოვებული. მათი ნდობის ხელახლა მოპოვება რთულიც იქნება და შემთხვევებზე მუშაობასაც შეაფერხებს. სოციალურ მუშაკთა პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სოციალური მუშაკის გამოცვლა ბენეფიციარზე ნეგატიურად აისახება და ახალი სოციალური მუშაკები არა გათავისუფლებულთა ხარჯზე, არამედ დამატებით უნდა აეყვანათ.

„ბენეფიციარებს ჰქონდათ მიჯაჭვულობა. გათავისუფლებული სოციალური მუშაკები კარგად იცნობდნენ ბენეფიციარების პრობლემებს. ახალი მოსული კადრი კი როგორი პროფესიონალიც არ უნდა იყოს… ნდობის მოპოვება არის ძალიან რთული პროცესი, რადგან შენ მაინც სისტემის წარმომადგენელი ხარ, სისტემის თანამშრომელი ხარ. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამან შემთხვევებზე მუშაობა მნიშვნელოვნად შეაფერხა“.

COVID-19 და უსაფრთხოება

სოციალური მუშაკები სოციალური მომსახურების სააგენტოს განკარგულებაში არსებულ შენობებში აგრძელებენ მუშაობას. მარტში  სოციალური მუშაკები ჯანდაცვის სამინისტროსა და მასზე დაქვემდებარებულ სააგენტოებს მოუწოდებდნენ, რომ სერვისცენტრების დალაგებაზე ეზრუნათ და შენობებში დეზინფექცია ჩაეტარებინათ.

11 მარტს ერთ-ერთი სოციალური მუშაკი Facebook-ზე წერდა, რომ არ გააჩნდათ არც პირბადეები და არც ანტიბაქტერიული სითხეები. მაშინ, როცა მათ ვირუსის რისკჯგუფთან ურთიერთობა უწევდათ. როგორც ნინო იხსენებს, მას შემდეგ, რაც აღნიშნული საკითხი მედიის საშუალებით საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, სოცმუშაკები მალევე მოამარაგეს საჭირო აღჭურვილობით.

სააგენტოს დირექტორი „პუბლიკასთან“აღნიშნავს, რომ პანდემიის პერიოდში სოციალურ მუშაკებს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარები, დამცავი სათვალეები, ხალათები, ბახილები, ქუდები და პირბადეები გადაეცათ.

სოცმუშაკების მოთხოვნის შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტომ სერვისცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოებიც ჩაატარა, თუმცა როგორც სოციალური მუშაკები აცხადებენ, ზოგიერთ სერვისცენტრში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის პირობებში ჰიგიენური ნორმების დაცვა შეუძლებელია.

„ანტისანიტარიაა ჩემს რაიონში. იმდენად ფორსმაჟორში გვიწევს მუშაობა, რომ ფიზიკური დისტანცირების დაცვაზე უკვე ვეღარავინ ფიქრობს. იმ პირბადესაც მთელი დღის განმავლობაში ვერ გაიკეთებ, იქ ტელეფონზეც უნდა დარეკო, სუნთქვაც გიჭირს, იმიტომ, რომ საშინლად ცხელა სერვისცენტრებში“, – ამბობს სოციალური მუშაკი, ნინო. მისივე თქმით, ოთახის ფართობი დისტანცირების დაცვის საშუალებას არ იძლევა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ზოგიერთი შენობის მძიმე სანიტარული მდგომარეობა რომ მხოლოდ სოციალურ მუშაკებს არ აწუხებთ, იმითაც ჩანს, რომ ამავე სააგენტოს თანამშრომელმა 23 მარტს კონფიდენციალობის დაცვის თხოვნით „პუბლიკის“ რედაქციას წერილი მისწერა:

„სამსახურის ხელმძღვანელობამ 3 თვის განმავლობაში (1 იანვრიდან დღემდე) ვერ მოახერხა რომ ტენდერი ჩაეტარებინა და ხელშეკრულება დაედო დასუფთავების სამსახურთან, რომ განყოფილებებს დამლაგებელი ჰყოლოდათ!  მესამე თვეა თანამშრომლები საშინელ ანტისანიტარიაში მუშაობენ:  წარმოიდგინეთ, 3 თვე რომ არ დალაგდება ოფისი, რომელსაც აქვს მოქალაქეთა მისაღები და სადაც მოძრაობს უამრავი ადამიანი! უკიდურეს სიბინძურეში რომ არ ვისხდეთ, პერიოდულად ჩვენ, თანამშრომლები ვგვით ოფისებს, ვყიდულობთ საპნებს, ტუალეტის ქაღალდებს…  ქალაქის რამდენიმე ოფისში თანამშრომლებმა ფული შეაგროვეს და დამლაგებელი დაიქირავეს, რომ კვირაში ერთხელ მაინც მოვიდეს და დაალაგოს განყოფილება.  ასეთი ანტისანიტარიის პირობებში ვღებულობთ მოქალაქეებსაც!“, – ვკითხულობთ წერილში.

„პუბლიკამ“ შენობების დალაგების საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ უკვე დასრულებულია ტენდერი და დალაგების პრობლემა გადაჭრილია.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი, მერი მაღლაფერიძე პრობლემურ შენობებზე ამბობს, რომ სოციალური მუშაკებისთვის ამ საკითხის მოგვარებაზე აქტიურად მუშაობს.

„სადაც მდგომარეობა ჩვენი თანამშრომლებისთვის არ არის კარგი, ვცდილობთ, რომ მოიძებნოს ალტერნატიული ფართები“, – ამბობს მაღლაფერიძე.

„პუბლიკამ“ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურს ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორისა და დიდუბე-ჩუღურეთის სერვისცენტერებში ფოტორეპორტაჟის გადაღების ნებართვის თხოვნით მიმართა, რაზეც უწყებამ უარი განაცხადა და ჩვენ მიერ შეთავაზებული სერვისცენტრების ნაცვლად მთაწმინდისა და გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრების გადაღება შემოგვთავაზა – ამ შემოთავაზებას „პუბლიკამ“ უარით უპასუხა.