ვარიაციები მუსიკალურ და პანდემიურ თემებზე

დავით ბუხრიკიძე

წინანდლის მუსიკალური ფესტივალი აკრძალვებით, შემოკლებული  პროგრამითა და გაუქმებული ბილეთების ფონზე გაიმართება.

 

წინანდლის მუსიკალური ფესტივალი, რომელიც კომპანია Silk Roud ჯგუფის ძალისხმევით 2019 წლის სექტემბერში დაარსდა და რომელიც კლასიკური მუსიკის სფეროში აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად უკვე იქცა, წელს პანდემიის გამო მნიშვნელოვანი ცვლილებებით გაიმართება.

ფესტივალი მხოლოდ ოთხ დღეს გასტანს. 17-დან 20 სექტემბრის ჩათვლით კონცერტებს გამართავენ ბრწყინვალე პიანისტები – მარტა არგერიხი, ნელსონ გორნერი, ალექსანდრ კანტოროვი და სახელოვანი მევიოლინე – ლიზა ბათიაშვილი. კოვიდპანდემიის გამო დაგეგმილი უამრავი კონცერტის ნაცვლად, გაიმართება მხოლოდ შვიდი კონცერტი.

მარტა არგერიხი
მარტა არგერიხი

აღსანიშნავია, რომ 17 სექტემბერს ფესტივალი ღია საკონცერტო დარბაზში გაიხსნა, ყველა რეგულაციის დაცვითა და მსმენელთა შეზღუდული რაოდენობით. თანამედროვეობის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მუსიკოსმა, ლიზა ბათიაშვილმა და საქართველოს ეროვნულმა ორკესტრმა, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, შეასრულეს ფრაგმენტები ახალი ერთობლივი ალბომიდან CITY LIGHTS.

ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, აგვისტოს ბოლოდან ბილეთების მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა გაიყიდა. თუმცა მოგვიანებით ორგანიზატორებმა კონცერტებზე დამსწრეთა რაოდენობა კიდევ უფრო შეზღუდეს, ხოლო ბილეთები უკან დააბრუნეს. ამ ფაქტმა კლასიკური მუსიკის მოყვარულთა აღშფოთება გამოიწვია. იმ დროს, როდესაც სასტუმრო „რადისონ კოლექსენში“ დაბინავებულ სტუმრებს, რომელთა პაკეტიც ყველა კონცერტზე დასწრებასაც გულისხმობს, ეს შეზღუდვა არ შეეხოთ…

სინამდვილეში, ორგანიზატორებს აშკარა სოციალური სელექცია გამოუვიდათ და მხოლოდ „რადისონში“ დაბინავებულ სტუმრებს მიენიჭათ უპირატესობა. მით უმეტეს, რომ ღია საკონცერტო დარბაზი, რომელშიც საფესტივალო კონცერტები იმართება, სწორედ სასტუმროს შემადგენელი ნაწილია. ფესტივალის ორგანიზატორებმა ეს ფაქტი საერთაშორისო ვითარებას, პირდაპირი ტრანსლაციებისადმი გაზრდილ ინტერესსა და ფესტივალის პრესტიჟს დაუკავშირეს:

„წინანდლის მამულში განთავსებული სასტუმრო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ოპერირებასა და სტუმრების მიღებას. სეზონის გათვალისწინებით, სასტუმროები თითქმის სრულად არის შევსებული. დაწესებული რეგულაციების თანახმად, დარბაზში ერთად ვერ განთავსდებიან სასტუმროს სტუმრები და ტიკეტ-ჯის მეშვეობით შეძენილი ბილეთების მფლობელები. გვესმის იმ ადამიანების უკმაყოფილება, ვინც ვერ ახერხებს კონცერტზე დასწრებას, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ერთადერთი გამოსავალია იმისათვის, რომ წლევანდელი ფესტივალი არ გაუქმდეს, რომ მთელმა მსოფლიომ უყუროს საქართველოში მიმდინარე კონცერტებს პირდაპირი ტრანსლირებით და რომ მომავალში ფესტივალი კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს…

სამწუხაროდ, დღეს არსებული მოცემულობით იძულებული გავხდით დავუბრუნდეთ ფესტივალის განსხვავებულ  ფორმატს გარკვეული ცვლილებებით, კერძოდ:

  1. უქმდება TKT.ge-ს მეშვეობით გაყიდული ყველა ბილეთი და ბილეთის თანხა სრულად დაუბრუნდებათ მყიდველებს;
  2. სტუმრები, რომლებმაც შეიძინეს, ე.წ. „ნაკრები“ და რჩებიან წინანდლის მამულის ტერიტორიაზე განთავსებულ სასტუმროებში, შეძლებენ კონცერტებზე დასწრებას ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის მითითებების სრული დაცვით“.

ამ მომცრო, მაგრამ მაინც სოციალური სკანდალის ფონზეც ლიზა ბათიაშვილის ჩამოსვლა წინანდალში (რომელიც სხვათა შორის ახლახან გამოჩნდა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გამოცემის, Platea Magazine- ის გარეკანზე) და მისი მონაწილეობა ფესტივალის გახსნაში ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენაა.

ლიზა ბათიაშვილი
ლიზა ბათიაშვილი

რაც შეეხება შემდგომ პროგრამას: 17 სექტემბერს, საღამოს პიანისტი ალექსანდრე კანტოროვი დაუკრავს. ფესტივალზე ასევე გამოვა საქართველოს ეროვნული ბალეტი ახალი პროგრამით „არტეფაქტები“. 18-ში დაგეგმილია ორი კონცერტი – ერთი შუადღისას, „ლიზა ბათიაშვილი და მეგობრები“ და მეორე – ნაშუადღევს, ლეგენდარული პიანისტის მართა არგერიხისა და ასევე ცნობილი პიანისტის, ნელსონ გორნერის მონაწილეობით. ფესტივალი დასრულდება 20 სექტემბერს, მარტა არგერიხის კონცერტით, რომელიც საქართველოს ეროვნულ ორკესტრთან ერთად სერგეი პროკოფიევის მესამე საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს. თუმცა სათუოა ცნობილი იტალიელი დირიჟორის, ჯანანდრეა ნოზედას ჩამოსვლა, რომელსაც არა მხოლოდ ამ კონცერტისთვის უნდა ედირიჟორა, არამედ ანტონინ დვორჟაკის მერვე სიმფონიისთვისაც… თუმცა დიდი ალბათობით სიმფონია არ შესრულდება, ხოლო ვინ იტვირთავს პამდემიის ჟამს პროკოფიევის საფორტეპიანო კონცერტის დირიჟრობას, ეს უფრო არტინტრიგაა, ვიდრე სკანდალი.