ვის წაიყვანენ სამხედრო სავალდებულო სამსახურში

პარლამენტი თავდაცვის კოდექსში ცვლილებებს განიხილავს, რისი მიღების შემთხვევაშიც სავალდებულო სამხედრო სამსახურში მართლმადიდებელი სასულიერო პირების გარდა ყველა სხვა კონფესიის წარმომადგენელს გაიწვევენ. გაწვევის გადავადების საფუძველი ასევე ვეღარ იქნება „ბიბლიური თავისუფლების“ მოწმობაც.

რა იცვლება? – პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტით, ბევრ სხვა სიახლესთან ერთად, ცვლილება შეეხო ჩანაწერს, რითაც მღვდელმსახურება გაწვევისგან გადავადების შესაძლებლობა იყო. სწორედ ეს იყო პუნქტი, რომლის მეშვეობითაც „გირჩმა“ ათასობით ახალგაზრდას მისცა სამხედრო სამსახურის გადავადების შესაძლებლობა. პარტიის ინფორმაციით, მათ ჯამში 50 000-ზე მეტი ასეთი მოწმობა აქვთ გაცემული.

ახალი კოდექსით, გადავადების ეს საფუძველი ამოღებული იქნება, შესაბამისად, მღვდელმსახურებით ადამიანი ვეღარ შეძლებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას. ეს წესი კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის კოდექსიდან საერთოდ ამოღებული იქნება მღვდელმსახურება, როგორც სავალდებულო ჯარის გადავადების საფუძველი, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას მაინც ექნება საშუალება თავისი სასულიერო პირები სავალდებულო სამხედრო და თუნდაც ალტერნატიული სამსახურიდან დაიხსნას. მათ ამის პრივილეგიას კონსტიტუციური შეთანხმება აძლევთ.

სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით ჩანაწერი სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების, იგივე „კონკორდატის“ მე-4 მუხლშია.

„მუხლი 4. 1. სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისაგან“, – წერია „კონკორდატში“.

ამ შეთანხმების გამო, მართლმადიდებელი სასულიერო პირების გარკვეულწილად ისედაც უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ, რადგან „კონკორდატი“ სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებდა. სხვა კონფესიების მსახურებს კი სამხედრო სამსახურის გადავადება შეეძლოთ.

კონსტიტუციურ შეთანხმებას კანონზე უპირატესი იურიდიული ძალა აქვთ, შესაბამისად, ახლა მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს, სწორედ მისი გამოყენება შეეძლებათ სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან თავის ასარიდებლად. სხვა კონფესიების წარმომადგენლებს კი არჩევანის გაკეთება მხოლოდ სამხედრო და ალტერნატიულ სავალდებულო სამსახურებს შორის შეეძლებათ.

იცვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადების ღირებულებაც. მოქალაქეებს გაწვევის გადავადება ერთხელ, 25 წლის ასაკამდე შეეძლებათ, ახალი კოდექსით კი გადავადების საფასური 2 000 ლარიდან 10 000 ლარამდე გაიზრდება.

თავდაცვის კოდექსის წინააღმდეგ გამოდის პარტია „გირჩი“, რომელიც კოდექსში სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაწილს ეწინააღმდეგება.

მთავრობის კანონპროექტმა უკვე მოიპოვა კომიტეტების მხარდაჭერა და ამ კვირაში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენითაც განიხილეს. ჯერჯერობით პარლამენტმა კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ვერ შეძლო, თუმცა კანონპროექტის ავტორები, როგორც მათი პოზიციიდან ჩანს, არც „გირჩის“ მოსაზრების გაზიარებას აპირებენ. შესაბამისად სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი.

რას გულისხმობს ალტერნატიული სამსახური?

როგორც აღვნიშნეთ, მართლმადიდებელი სასულიერო პირების გარდა, სხვა კონფესიების წარმომადგენლებს, მათ შორის, მღვდელმსახურებს მოუწევთ ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა, თუკი სამხედრო სამსახურზე იტყვიან უარს. თავდაცვის კოდექსით ალტერნატიული სამსახურის ვადებიც შემცირდება და 12 თვით განისაზღვრება.

არ იცვლება ის მიმართულებები, რომლებშიც შეიძლება იმსახურონ პირებმა, ვინც უარს იტყვიან სამხედრო სამსახურზე. ასეთია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ეკოლოგიური ან არასამხედრო-შრომითი გაერთიანებები. ასევე ახალგაზრდებს შეიძლება მუშაობა მოუწიოთ სამშენებლო, სარემონტო ორგანიზაციებსა და ობიექტებზე;  კომუნალური მომსახურებისა და ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში.

ალტერნატიული სამსახური მოიცავს ისეთ მიმართულებას, როგორიცაა მოხუცების, ინვალიდების, უპატრონოდ დარჩენილი და სოციალურად დაუცველი სხვა პირების მოვლა-პატრონობა. ასევე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მოქალაქე, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, შეიძლება დასაქმდეს სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციაზე, მოსავლის აღების დროს სეზონურ სამუშაოზე და სხვა არასამხედრო ხასიათის სამუშაოზე.

შრომის სახეობას და ადგილს, სადაც მოქალაქემ უნდა გაიაროს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, დაინტერესებული ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი შესაბამისი მოთხოვნების მიხედვით ადგენს მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისია.

რატომ ეწინააღმდეგებიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს?

პარტია „გირჩი“ წლებია, სავალდებულო სამსახურს აკრიტიკებს. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ზოგადად სამსახურის, მათ შორის, სამხედრო საქმის დავალდებულება მოქალაქეებისთვის არ შეიძლება.

2017 წელს პარტიამ გამოიყენა მღვდელმსახურებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩანაწერი და რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება“ დააფუძნა. შედეგად, ახალგაზრდებს, რომელთაც სავალდებულო სამსახური არ სურდათ, მღვდელმსახურის სტატუსის მინიჭებით მისგან დახსნის შესაძლებლობა მისცა.

პარტიაში ამბობენ, რომ მათ უკვე 50 000-ზე მეტ შემთხვევაში გაუწიეს დახმარება ახალგაზრდებს. მათ „ბიბლიური თავისუფლებიდან“ მღვდელმსახურის სტატუსის და შესაბამისი მოწმობის მიღება 50 ლარის გადახდის სანაცვლოდ შეეძლოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ გააკრიტიკეს „ბიბლიური თავისუფლება“, ამ დრომდე მათ საკანონმდებლო დონეზე ეს „ღიობი“ ვერ შეზღუდეს. ახალი კანონპროექტით კი, ვინაიდან მღვდელმსახურებზე ჩანაწერი საერთოდ ამოიღეს, ამ გზით შეძლებენ, რომ ახალგაზრდებმა „ბიბლიური თავისუფლებით“ ვეღარ ისარგებლონ.

სავალდებულო სამსახურის კრიტიკის საპასუხოდ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ „გირჩის“ წევრებს მიმართა, რომ მათ მხოლოდ პარტიული, ფინანსური ინტერესები ამოძრავებთ. თუმცა თავად „გირჩის“ ლიდერები აცხადებენ, რომ მათ სავალდებულო სამსახურის გაუქმება სურთ, რაც მათ ფინანსურ ინტერესებთან პირიქით, წინააღმდეგობაში მოდის, სამაგიეროდ შეესაბამება მათ ხედვას, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური და ნების საწინააღმდეგოდ მოქალაქეების ჯარში წაყვანა მონობას ნიშნავს.

„არა მონობას“ – ამ მოწოდებით აპროტესტებდნენ „გირჩის“ წევრები და მისი მხარდამჭერები სავალდებულო სამხედრო სამსახურს პარლამენტის წინ, მას შემდეგ რაც საკანონმდებლო ორგანოში თავდაცვის კოდექსის განხილვა დაიწყეს.

პროტესტთან ერთად „გირჩმა“ ალტერნატიული კანონპროექტიც მოამზადა. კანონპროექტი ახალგაზრდებისთვის სამხედრო სამსახურს მთავრობის მიერ მომზადებული თავდაცვის კოდექსის მსგავსად ითვალისწინებს. იქაც 6, 8 და 11-თვიანი სამსახურია გათვალისწინებული, მაგრამ მითითებულია, რომ ეს გაწვეული პირების თანხმობით უნდა მოხდეს.

„თავდაცვის სამინისტროს დოკუმენტი გულისხმობს, რომ ჩვენი მოქალაქეები, 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდები არიან მთავრობის რესურსი, რომლის განკარგვაც მთავრობას, როგორც გაუხარდება, ისე შეუძლია. ვიღაც წაიყვანოს ჯარში, ვიღაც – არ წაიყვანოს; ვიღაც შლაგბაუმთან დააყენოს, ვიღაცას – ავტომატის სროლა ასწავლოს.

არსად იკვეთება, რომ მათ მხოლოდ ჯარში გაიწვევენ. კანონპროექტის დიდი ნაწილი მიღებისთანავე შედის ძალაში, ასე რომ, როგორც კი მიიღებენ, მაისშივე, რომელიღაც ახალგაზრდა თავს აღმოაჩენს შლაგბაუმთან, ვიღაც, მაგალითად, თავდაცვის სამინისტროში…

ჩვენს კანონპროექტში პრინციპული განსხვავება ისაა, რომ ეს კანონპროექტი დგას ნებაყოფლობითობაზე. ჩვენს კანონპროექტში მოქალაქე არის თავისუფალი ადამიანი. თუ ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს საკმარისი თავდაცვისუნარიანობა, ჩვენ გვჭირდება დიდი რეზერვი, ჩვენ გვჭირდებიან ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ იარაღის გამოყენება, ე.ი. ხალხს უნდა ვთხოვოთ, რომ ეს გააკეთონ.

ვთხოვოთ მაღალი ხელფასით, ვთხოვოთ მსახურების სათანადო პირობებით და ამით მოვიზიდოთ ეს ხალხი ჯარსა თუ რეზერვში“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

„გირჩის“ ლიდერები ასევე ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებული თავდაცვის კოდექსით სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცვლილებები 2025 წლის 1 იანვრიდან შედის ძალაში. მღვდელმსახურებთან დაკავშირებული ცვლილებები კი კანონის ამოქმედებისთანავე.

მაგალითად, 2025 წლამდე ვერ მოხერხდება ის, რომ სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობები წვევამდელებს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში შეეძლოთ.

შესაბამისად, „გირჩის“ ლიდერების თქმით, ჯარში მსახურება 2025 წლამდე ისევ მოქმედი სისტემით მოხდება. სისტემით, რომელიც თავდაცვის მინისტრის მოადგილესავე თქმით, არ შეესაბამება თავდაცვის კუთხით არსებულ საჭიროებებს.

„მღვდელმსახურებთან დაკავშირებული მიდგომა დისკრიმინაციულია”

თავდაცვის კოდექსში მღვდელმსახურებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს აკრიტიკებენ სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებიც.

როგორც „პუბლიკას“ კათოლიკე ეკლესიაში უთხრეს, მათ სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით პრინციპული წინააღმდეგობა არ აქვთ, მაგრამ კანონი უნდა უზრუნველყოფდეს სამართლიან, თანასწორ გარემოს და არ უნდა იყოს დისკრიმინაციის იარაღი.

„ნებისმიერი ისეთი გამოვლინება, რომელიც არათანაბარ პირობებში აყენებს მოქალაქეებს, არ არგებს სახელმწიფოს და მის ჯანმრთელ ფუნქციონირებას. კანონი უნდა იყოს გამონაკლისების გარეშე, მით უმეტეს, როცა ისეთ მაღალ ფასეულობებზე საუბრობენ, როგორიცაა სამშობლოს დაცვა, სამშობლოს სიყვარული და ა.შ.

ხოლო ამაზე საუბრის შემდეგ თუ თავად დაიხევ უკან და პრივილეგიებით ისარგებლებ, ეს რიტორიკა აღარ იქნება დამაჯარებელი. კანონი, როგორც წესი, იქნება სუსტის დასაცავად. როდესაც ძლიერი ქმნის კანონს და იცავს ისევ ძლიერს, ცდილობს თავისი ძალა კანონით შემოსოს, ეს არ არის სწორი პოზიცია, ეს არ არის ის, რისთვისაც კანონია საჭირო“, – ასე გააცნო ეკლესიის კანცლერმა კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსის ჯუზეპე პაზოტოს პოზიცია „პუბლიკას“.

ამ პოზიციას იზიარებს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძეც. მისი თქმით, ხელისუფლებამ უკვე არაერთი რეკომენდაცია და მითითება მიიღო ბოლო წლებში დისკრიმინაციული კანონების მიღების გამო. მათ კი ამის სანაცვლოდ, კიდევ ერთი ისეთი კანონპროექტი წარმოადგინეს, რომელიც არათანაბარ პირობებში აყენებს მოქალაქეებს.

„რა თქმა უნდა, დისკრიმინაციულია მიდგომა, როცა ერთი და იგივე პროფესიის ორი მოქალაქე განსხვავებულ პირობებში დგება მათი რელიგიური კუთვნილების გამო. ერთს მოუწევს სამხედრო სამსახურის, ან ალტერნატიული სამხედრო სამსახურის გავლა და მეორე უდრტვინველად გააგრძელებს თავის სამღვდელო საქმიანობას ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე“, – ამბობს რუსუდან გოცირიძე „პუბლიკასთან“.

რუსუდან გოცირიძე ჰყვება, რომ მათთან სასულიერო პირის ხელდასხმა, როგორც წესი, ისეთ ასაკში ხდება, როცა მოქალაქეები გაწვევას აღარ ექვემდებარებიან. თუმცა გასული 30 წლის განმავლობაში რამდენჯერმე დასჭირდათ სამხედრო სამსახურის გადავადების შესახებ არსებული ჩანაწერის გამოყენება.

რუსუდან გოცირიძის თქმით, ახალმა კოდექსმა შეიძლება მათ ეკლესიას ხელი შეუშალოს, რადგან განსხვავებით მართლმადიდებლებისგან მათი ეკლესია მცირერიცხოვანია და სასულიერო პირების სასულიერო პირის საეკლესიო მსახურების პროცესიდან შესაძლო მოწყვეტა, სერიოზული პრობლემა იქნება.

„ხშირად ერთ ღვთისმსახურს აბარია რამდენიმე სამრევლო და თუკი მას სამხედრო სამსახურის გასვლა მოუწევს, მაშინ ეკლესიები მსახურის გარეშე დარჩებიან“, – ამბობს გოცირიძე „პუბლიკასთან“.

პარლამენტის დეპუტატი და „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ყოფილი თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ არსებული ცვლილებების ფონზე კონფესიებს შორის დისკრიმინაციულ მოპყრობაზე ხელისუფლების პოზიცია იყო, თითქოს მართლმადიდებელი ეკლესია თავის პრივილეგიას არ გამოიყენებს. სახელმწიფოს მიდგომა კი კანონმდებლობაში უნდა იყოს ასახული და მართლმადიდებელი მღვდელმსახურების კეთილ ნებაზე არ იყოს დამოკიდებული.

„აღსანიშნავია, რომ „კონკორდატის“ ეს მუხლი მოქმედებდა თავიდან სწორედ, მაგრამ რელიგიური ორგანიზაციების ბრძოლის შედეგად დადგა საკითხი, კანონმდებლობა ისე ჩამოყალიბებულიყო, უზრუნველყოფილი ყოფილიყო თანასწორი მიდგომა. ამიტომ შეიცვალა კანონი ისე, რომ მიეცათ სხვა კონფესიებსაც გადავადების საშუალება.

აქ არის ორი გამოსავალი: ერთი, რომ ამ სახით კოდექსის მიღება არის არასწორი, ამიტომ უნდა მოხდეს მისი გაწვევა, შეცვლა. მეორე ის, რომ უნდა გავაუქმოთ „კონკორდატის“ მეოთხე მუხლი, რომელიც ფაქტობრივად შეუძლებელია იმ მიდგომებიდან გამომდინარე, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს“, – ამბობს ნაკაიძე „პუბლიკასთან“.

მღვდელმსახურებისთვის გაწვევის გადავადების გაუქმებას გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტიც“ (TDI). მათი შეფასებით, იმისათვის, რომ ხელისუფლებამ არ მიიღოს კიდევ ერთი დისკრიმინაციული კანონი, რომელიც დამატებით უთანასწორობას გააჩენს ერთი მხრივ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მეორე მხრივ, ყველა სხვა რელიგიურ გაერთიანებას შორის, საჭიროა საკითხის კომპლექსურად განხილვა, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით.

„მოვუწოდებთ კანონპროექტის ინიციატორებსა და საქართველოს პარლამენტს, არ მიიღონ ცვლილებები აღნიშნული ფორმით, გაგრძელდეს მრავალმხრივი მსჯელობა სხვა საკანონმდებლო გზებზე, რომელიც იქნება არადისკრიმინაციული და, ამავდროულად, არ ხელყოფს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას და რელიგიური გაერთიანების ავტონომიურობას“, – აცხადებს TDI.