ყველაფერი გასაყიდად

დავით ბუხრიკიძე

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ფესტივალი „საჩუქარი“ თეოდოროს ტერზოპულოსის სპექტაკლით – Amor, გაიხსნა.

ფესტივალი „საჩუქარი“, რომელიც 26-ედ მასპინძლობს თეატრალური ხელოვნების მოყვარულებს, წელსაც გასული წლის მსგავსად, გამოჩენილი ბერძენი რეჟისორის, თეოდოროს ტერზოპულოსის სპექტაკლით გაიხსნა. Amor ტრილოგიის მეორე ნაწილია, ხოლო პირველი – Alarm, გასულ წელს ნახა და შეაფასა მაყურებელმა. დასკვნით ნაწილს სახელწოდებით Encore, მომავალ ფესტივალზე ვიხილავთ.

ტერზოპულოსის გარდა, ფესტივალი „საჩუქარის“ მაყურებელს თანამედროვე შვეიცარიელი რეჟისორის, ტომ ლუცის შთამბეშჭდავ სპექტაკლზე – „გოგონა ნისლის ძრავების ქარხნიდან“ – ეპატიჟება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება. ხოლო 4 ნოემბერს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში, ვენეციის 48-ე ბიენალეს „ოქროს ლომით“ დაჯილდოებული სპექტაკლის, „დიდების კედელის“ ერთადერთი ჩვენება გაიმართება. პიესის ავტორი და რეჟისორია ლეონარდო მანძანი, რომელიც იტალიური პრესის შეფასებით, „ახალი და რადიკალურად განსხვავებული ენით გაუმკლავდა ცენზურის საკითხს თანამედროვე თეატრში“.

რა შეეხება უშუალოდ ტერზოპულოსის სპექტაკლს: „Amor“ ფაქტობრივად სცენური კომპოზიციაა, რომელიც რეჟისორმა ბერძენი პოეტის, თანასის ალევრასის პოეზიაზე დაყრდნობით შექმნა. ტერზოპულოსი უარყოფს ტრადიციულ დრამატულ ფორმას და ცარიელ სცენას აუქციონის სახლად აქცევს, სადაც ყველაფერი იყიდება – თეატრის რეკვიზიტებიდან და პირადი ნივთებიდან დაწყებული, ემოციებითა და დაუვიწყარი მოგონებებით დამთავრებული.

Amor ამავე დროს, ანტიკაპიტალისტური, საბანკო ტერმინებით გაჯერებული პოეტური მანიფესტია, რომელიც დამცინავი, მეტაფორული აუქციონისა (სცენაზე საბირჟო აქციების – „ნაზდაკისა” და “დოუ ჯონსის” ინდექსებსაც კი ციტირებენ) და შეფასება-ყიდვის აქტის თანამონაწილედ გვაქცევს. რა შეუძლია პოლიტიკური და  ფინანსური კრიზისის მარწუხებში მოქცეულ დღევანდელ ადამიანს? გაყიდოს, გაიქცეს თუ ქუჩაში გავიდეს საკუთარი უფლების დასაცავად? და რა შეუძლია დავიწყებულ, მაგრამ მუდამ მფეთქავ გრძნობას? სადაა გამოსავალი, როცა ეს გამოსავალი სინამდვილეში არ არსებობს?..

No Exit, No Exit… ლამის ოცჯერ იმეორებს სპექტაკლის განმავლობაში წითელკაბიანი ქალი (აგლაია პაპა) და მას წყვეტილი ფრაზების ისტერიით ეპასუხება მენეჯერის კოსტიუმში გამოწყობილი კაცი (ანტონი მირიაგოსი) – „მოგება“, „მოხმარება“, „ყიდვა“, „კრედიტი“, „მიღება“, „პროცენტი“. რეალურად, მთელი სპექტაკლის განმავლობაში ჩვენ ამ სიტყვების ისტერიული გარითმვის თანამონაწილე ვართ და ლამის ერთი საათი ისე ჩაივლის, რომ ვერც თეატრში შეჩვეულ ტრადიციულ მონოლოგს მოვისმენთ და ვერც დიალოგს.

არსებობს საშიშროებაა, რომ ანტისაბანკო პოეზიითა და  ალიტერაციული სიტყვებით გარითმული და გამიზნული თამაში ფორმალურ სავარჯიშოდ ან სანახაობად იქცეს. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ ხომ ყველაფერი გასაგებია და მაყურებელიც კარგად ხვდება სკალპელივით მჭრელი სიტყვების ზემოქმედების ხარისხს… და სწორედ მაშინ, როცა ციფრებისა და პროცენტების ლამის ასჯერ გამეორებით, მობეზრების საშიშროება დადგება, სასოწარკვეთილი, მშვენიერი ქალი წითელ კაბაში (რომელიც მეჯლისიდან თუ კორპორაციული საღამოდან გამოქცეულს უფრო ჰგავს, ვიდრე სასოწარკვეთილ, ქონებადაკარგულ ადამიანს), სპექტაკლის ყველაზე გრძელ, მთავარ და ლამის ეგზისტენციალურ ფრაზას ამბობს: „აქ, ამ სცენაზე, ევროპის ძირში ვყიდი ყველაფერს!“.

 

„ყველაფერი გასაყიდად“ – ასე ჰქვია ანჯეი ვაიდას ცნობილ ფილმს, სადაც თავისუფლებას პოლიტიკური ფასი აქვს. „ევროპის ძირში ვყიდი ყველაფერს“ – ამბობს ქალი ტერზოპულოსის სპექტაკლში, რომლის თავისუფლებას უკვე საბანკო ფასი ადევს. ყველაზე შემზარავი კი ის არის, რომ არც კაცს და არც ქალს გაერთიანების, გამთლიანების, ანუ სიყვარულის სურვილი არა აქვთ. ისინი ერთმანეთს არც ეხებიან, თითქოს პარალელურ განზომილებაში ცხოვრობენ და მათი კავშირი მხოლოდ საბანკო ტერმინებით – „მოგებითა“ და „წაგებით“ შემოიფარგლება. რაც კიდევ უფრო გასაგებს ხდის ნაგლეჯებად ქცეულ საბანკო ტერმინების სოციალურ და ფილოსოფიურ მნიშვნელობას.

მხოლოდ ფინალში, როდესაც კაცი ავანსცენაზე მდგარ კიბეზე ადის და შემზარავი განცდით იმეორებს – Amor, amor („სიყვარული, სიყვარული“),  ქალი მას არანაკლები შემზარავი ძაღლის ყმუილით ეპასუხება. რაც სინამდვილეში ნიშნავს, No Amor… და რადგან No Amor, მაშინ No Exit. მოკლედ, ტერზოპულოსი უნივერსალურ და პესიმისტურ ფორმულას სპექტაკლის საშუალებით გვიხსნის: არ არის სიყვარული, არ არის გამოსავალი. რაც სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, „დოუ ჯონსის“ ინდექსით არც აღიწერება და არც აიხსნება.