ბაიდენი: ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელი პუტინია

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობას ვლადიმირ პუტინს აკისრებს. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პუტინი მიზანში იღებს არა მხოლოდ სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, არამედ ის სჩადის საშინელ დანაშაულებს რუსი ხალხის წინაშე.

„მსოფლიოში მილიონობით ადამიანი არის გაბრაზებული, თუმცა არა გაკვირვებული ამ ამბით. პუტინმა ის მოწამლა, დააპატიმრა, მიუსაჯა პატიმრობა დანაშაულებისთვის, ჰყავდა დატყვევებული იზოლაციაში. ნავალნი ამ ყველაფერმაც კი ვერ შეაჩერა. ციხეშიც კი, ის სიმართლის ძლიერი ხმა იყო. ეს საოცარია.

მას არ შეეძლო უსაფრთხოდ ეცხოვრა დევნილობაში მკვლელობის მცდელობის შემდეგ. ის სხვადასხვა ქვეყნებში გადაადგილდებოდა, თუმცა მაინც რუსეთში დაბრუნდა, როცა იცოდა, რომ დააპატიმრებდნენ და მოკლავდნენ, თუ მის საქმეს გააგრძელებდა. თუმცა მან ეს მაინც გააკეთა, რადგან მას ძალიან ძლიერად სჯეროდა მისი სამშობლოს.

რუსეთის ხელისუფლება მოყვება საკუთარ ისტორიას, მაგრამ არ შეცდეთ: პუტინი არის პასუხისმგებელი ნავალნის სიკვდილზე. რაც ნავალნის დაემართა, პუტინის სისასტიკის დამამტკიცებელი საბუთია.

პუტინი მიზანში იღებს არა მხოლოდ სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, როგორც ამას ვხედავთ უკრაინაში ახლა, არამედ ის სჩადის საშინელ დანაშაულებებს მისი ხალხის წინაშე. რუსი ხალხი რუსეთსა და მთელ მსოფლიოში ახლა ყველაზე მოწყვლადია, რადგან ნავალნის ჰქონდა ძალიან ბევრი რამ, რაც პუტინს არ ჰქონდა. ის იყო მამაცი, ის იყო პრინციპული, ის იყო თავდადებული ისეთი რუსეთისთვის, სადაც კანონის უზენაესობა იარსებებდა. ნავალნის ასეთი რუსეთის სჯეროდა”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა შესაფერისი დროა ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის, რომ მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და გააგრძელონ უკრაინის დახმარება, რომელიც იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ.

ჯო ბაიდენმა 2021 წლის ივლისში პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თუ ნავალნი კოლონიაში მოკვდება, რუსეთისთვის დამანგრეველი შედეგი დადგება.

ჟურნალისტებმა ბაიდენს მისი ეს განცხადება შეახსენეს, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პუტინმა უკვე იგრძნო შედეგები სანქციების სახით, რომლებიც შტატებმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის გამო დააწესა.

შეკითხვაზე, თუ იგეგმება დამატებითი სანქციების დაწესება, ბაიდენმა თქვა, რომ „განიხილება სხვადასხვა შესაძლებლობა”.


ალექსეი ნავალნი დღეს ციხეში დაიღუპა. რუსეთის სასჯელაღსრულების უწყების განცხადებით, ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და ფაქტობრივად მაშინვე დაკარგა გონება”. ის 47 წლის იყო.

„განხორციელდა ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება, მაგრამ ამან დადებითი შედეგი არ გამოიღო. სასწრაფო დახმარების ექიმებმა დაადასტურეს მსჯავრდებულის გარდაცვალება. გარდაცვალების მიზეზები დგინდება”, – განაცხადეს უწყებაში.