ბანგლადეშში სტუდენტების წამოწყებულმა პროტესტმა მთელი ქვეყანა მოიცვა. მასობრივ საპროტესტო აქციებთან დასაპირისპირებლად მთავრობამ დღეიდან „კომენდანტის საათი“ შემოიღო და წესრიგის აღდგენის მიზეზით სამხედროების გამოყენების განკარგულება გასცა.
ქვეყნის დედაქალაქ დაკაში ბოლო საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებთან დაპირისპირებისას 35 ადამიანი დაიღუპა. მთლიანობაში კი, როგორც BBC წერს, დაღუპულია რამდენიმე ათეული ადამიანი.
დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის შეფასება რთულია კომუნიკაციების თითქმის სრულად დახურვის, მათ შორის მობილური კავშირგაბმულობისა და ინტერნეტის გათიშვის გამო.
შეჩერებულია ავტობუსებისა და მატარებლების მიმოსვლა, დაკაში გადაღებულ ფოტოებზე ქუჩებში პოლიციელებისა და სპეცრაზმელთა დიდი რაოდენობა ჩანს.
ამ დროისთვის დახურულია ბანგლადეშის სკოლები და უნივერსიტეტებიც და მათი გახსნის თარიღი უცნობია.
ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, როგორც საპროტესტო აქციების მონაწილეები აცხადებენ, გაჩერებას არ აპირებენ. საპროტესტო აქციების ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროტესტი მასობრივ არეულობაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც პოლიციამ და სამთავრობო პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ უნივერსიტეტების კამპუსებში დაწყებული აქციები ძალადობრივად დაშალა, რამაც მოქალაქეები კიდევ უფრო გააბრაზა.
პარასკევს გამართული საპროტესტო მსვლელობა სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და ხმოვანი ყუმბარების გამოყენებით დაშალა.
მომიტინგეები ცდილობენ ქუჩების გადაკეტვას. მათი თქმით, სურთ ქვეყნის პარალიზებით ზეწოლა მოახდინონ ხელისუფლებაზე, რომ შეცვალოს კვოტირების სისტემა, რომელიც მათი თქმით, ხელისუფლებისადმი ლოიალურ ჯგუფებს აყენებს უპირატეს მდგომარეობაში.
რატომ დაიწყო საპროტესტო აქციები?
ბანგლადეშში სტუდენტებმა პროტესტი რამდენიმე კვირაა წამოიწყეს. ისინი აპროტესტებენ კვოტებს, რომელიც 1971 წელს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მონაწილე ვეტერანთა ოჯახის წევრებისა და ნათესავებისთვის დაწესებული. ვეტერანთა ნათესავებისთვის საჯარო სექტორის სამუშაო ადგილების 30%-ია გამოყოფილი.
სტუდენტები ჩიოდნენ, რომ ახალი კანონი დისკრიმინაციულია და საჯარო სექტორში დასაქმება მხოლოდ დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. დემონსტრანტები ამბობენ, რომ კვოტების დაწესება ხელისუფლებასთან დაახლოებულ ჯგუფებს ეხმარება დაუმსახურებლად დასაქმდნენ.
უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები და სტუდენტები ბანგლადეშში სამუშაო ადგილების სიმწირეზე დიდი ხანია ჩივიან.
როგორც BBC წერს, ბანგლადეში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყანაა. თუმცა ამ ზრდის მიუხედავად უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთათვის სამუშაო ადგილების პოვნა ისევ პრობლემაა.
ბოლო მონაცემებით, უმღლესი განათლების მქონე 18 მილიონი მოქალაქეა უმუშევარი. ბანგლადეშში ბევრი საწარმო იხსნება, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, მათ შორის, დიდი როლი უკავა ტანსაცმლის კერვას. თუმცა ამ ტიპის სამუშაო ადგილებზე, ძირითადად, იაფ მუშახელს ეძებენ, უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეებისთვის კი ახალი სამუშაო ადგილები ნაკლებად იქმნება.
მოქმედი პრემიერ-მინისტრის შეიხ ჰასინას 15-წლიანი მმართველობის პერიოდში ქვეყნის ინფრასტრუქტურა განვითარდა, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სამჯერ გაიზარდა შემოსავალიც ერთ სულ მოსახლეზე.
მაგრამ მოქმედ ხელისუფლებას ბევრი აკრიტიკებს, რადგან შემოსავლების ზრდა, ექსპერტების თქმით, ძირითადად, მთავრობასთან დაახლოებულ ფენაზე აისახება.
„ჩვენ ვხედავთ მასშტაბურ კორუფციას. განსაკუთრებით, მმართველი პარტიის წრეებში. დიდი ხანია ამ კორუფციის მომსწრეები ვართ და სამართლებრივი რეაგირება აქამდე არ მოჰყოლია“, – ამბობს ერთ-ერთი ანალიტიკოსი BBC-სთან.
ბანგლადეშის სოციალურ მედიაში ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა დისკუსია კორუფციულ ბრალდებებზე [პრემიერ-მინისტრ] ჰასინას ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ – მათ შორის, არმიისა და პოლიციის ყოფილი უფროსების, საგადასახადო სისტემის მაღალი თანამდებობის პირებისა და სახელმწიფო რეკრუტირებაზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების მიმართ.
ჰასინამ გასულ კვირას თქვა, რომ ის გაატარებდა ზომებს კორუფციის წინააღმდეგ, რაც მისი თქმით, უკვე დიდი ხანია პრობლემაა.