ბაქრაძე ასახელებს 3 პირობას, რა შემთხვევაში დაუჭერს მხარს ამნისტიის კანონპროექტს

პუბლიკა

ევროკავშირის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ბაქრაძე ავრცელებს განცხადებას და ასახელებს სამ პირობას, რა შემთხვევაში დაუჭერს მხარს ამნისტიის კანონპროექტს.

  1. ამნისტია უნდა ითვალისწინებდეს დაზარალებულის აუცილებელ თანხმობას — ეს ნიშნავს, რომ ამნისტიით ვერ გათავისუფლდება ვერც ერთი პირი, თუ ამ პირის მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების მსხვერპლი არ იქნება თანახმა მისთვის პატიებაზე;
  2. ამნისტია უნდა ითვალისწინებდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას — ეს ნიშნავს, რომ ამნისტიით ვერ გათავისუფლდება ვერც ერთი პირი, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს წამებას, არაადამიანურ მოპყრობას ან კონვენციით აკრძალულ სხვა დანაშაულს;
  3. ამნისტია უნდა ითვალისწინებდეს მხოლოდ იმ კონკრეტულ დანაშაულებს, რომელზეც მიმდინარეობს უკვე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა — ეს ნიშნავს, რომ რადგან „ქართულმა ოცნებამ“ აქამდე არ გამოიძია, თუ ვინ იყვნენ 20 ივნისს ბრძანების გამცემი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირები, მომავალში ობიექტური გამოძიების ჩატარების შემდეგ ამ ამნისტიით ვერ გათავისუფლდება ვერც ერთი პირი, რომელსაც დაუდგინდება ასეთი ტიპის დანაშაული.

ახლა შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების ეტაპზე, მხარეების ხელოვნური „გათანაბრება“ და ტოლობის ნიშნების დასმა ვერ შეფასდება სხვანაირად, თუ არა შეთანხმების შესრულებისთვის ხელოვნური პრობლემის შექმნა. იმ ფონზე, როდესაც ნიკა მელიას პოზიციის გათვალისწინებით, რომელიც პირადად მე სამართლიანად მიმაჩნია, ამნისტიის პროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესში ისედაც ბევრი სირთულე იქნება გადასალახი, მინდა მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“, არ შეუქმნას საფრთხე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი შეთანხმების შესრულებას და სრულად გაითვალისწინოს ამნისტიის კანონში ზემოთ მოყვანილი სამი პრინციპი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემი მხრიდან შეუძლებლად მიმაჩნია მსგავსი კანონის ინიცირების, განხილვისა და კენჭისყრის პროცესების მხარდაჭერა”, — ნათქვამია დავით ბაქრაძის განცხადებაში.