ბიძინა ივანიშვილის შესახებ პოსტს მამუკა მდინარაძეც აქვეყნებს

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვრცელი წერილის შემდეგ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და ყოფილ პრემიერზე, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილზე პოსტს „ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აქვეყნებს.

„დიახ, განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიმართ. გასაკვირი ის იქნებოდა, სხვანაირად რომ ყოფილიყო.

დამოკიდებულებასაც თავი რომ დავანებოთ, უპრეცედენტო საინფორმაციო ომში, რომელიც ცალკე ივანიშვილის და ცალკე საქართველოს წინააღმდეგ მომდინარეობს, სიმართლის გამარჯვებას უდიდესი პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან, გამორიცხული და შეუძლებელია დავუშვათ ფილანთროპი – მიზანთროპად და ოლიგარქად, სიკეთე – ბოროტებად, დემოკრატია – ავტორიტარიზმად, პერსპექტივა – უიმედობად, წარმატებული ქართული სახელმწიფო – მაჩანჩალად, ძლიერი ქართული და ამაყი ჯარი – მკვდარზე აკიდებულ მკვდრად და ბევრი რომ არ გავაგრძელო, თეთრი შავად შეასაღონ ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას.

თეორიულად რომ დავუშვათ – ეს თუ გაიტანეს, როგორღა უნდა დავიცვათ სიმართლე სხვა მიმდინარე, ყოველდღიურ თემებში?! არ შეიძლება ქართველ ხალხზე გქონდეს წარმოდგენა, რომ მას არ შეუძლია გაარჩიოს ეს ყველაფერი ერთმანეთისგან, ან არ დააფასოს დასაფასებელი და ასე მარტივად გახდეს ყოვლად ამორალური ფეიკპროპაგანდის მსხვერპლი!

საბედნიეროდ, ყველა ჯერზე, ქართული საზოგადოება ამტკიცებს, რომ ის დგას იქ, სადაც სიმართლე, სიკეთე, საკუთარ სამშობლოზე ზრუნვა, რწმენა და ამ ქვეყნის ღირსეული, თავისუფალი, სამართლიანი და ევროპული მომავალია!“, – წერს ის.

პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდზე 5-გვერდიანი წერილი გამოქვეყნდა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჰყვება. წერილში ის 2012 წლამდე მოვლენებს და 2012 წლის შემდეგ მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებულ პროცესებს იხსენებს. წერილში დასაწყისში ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან მის ურთიერთობებზე საუბრობს. მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კამპანია სრულიად დაუსაბუთებელია და საქართველოს მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად.

ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ პოსტი გამოაქვეყნა ნინო წილოსანმაც.

LB loan image desktop LB loan image mobile