კიბოსთან ერთად და მის შემდეგ

სოფო ფირანიშვილი

2018 წლის თებერვალში უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ კიბო მქონდა. ჩემმა ონკოლოგმა კახა თოდუამ ოპერაცია მალევე ჩანიშნა. არა, მან მკითხა და მე ვუპასუხე – მაქსიმალურად სწრაფად!

ჯერ კიდევ ინტენსიურ განყოფილებაში ვიყავი, როცა ვკითხე: იმაზე ცუდად ვარ, ვიდრე გვეგონა? მან მიპასუხა რომ,  ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც ვფიქრობდი.

***

ნათია ფანჯიკიძეს რომ პირველად დავურეკე, შვიდი რიცხვი იყო, 29-მდე კი ადგილი არ იყო. მკითხა – „ჩემი რომელიმე ოქროს გოგო ხომ არ გირჩიო?“ მე მაშინვე ვუპასუხე – „არა – მე სოფო ვარ, 23 წლის, სიმსივნე მაქვს და მხოლოდ შენ მჭირდები“. შემდეგ იყო პაუზა, შემდეგ –  „გელოდები“.

…ბოლო დროის კვლევები ადასტურებს რომ, ონკოლოგიური პაციენტების უმნიშვნელოვანესი ფაზა სწორედ მათ ფსიქოლოგიურ მდგრადობაზე გადის. ისრაელში მკურნალობისას აღმოვაჩინე, რომ უამრავი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის სერვისი თანამედროვე მეთოდით მუშაობს, რაც ჯერჯერობით საქართველოში ხელმისაწვდომი არ არის.

მე გამიმართლა.

***

სიმსივნე დადასტურებულია: ავთვისებიანი, მესამე სტადია.

უცნაურია გაიაზრო, რომ ძალიან ცუდად ხარ, გაქვს დაავადება, რომლის ჯერ მარტო სახელიც კი თავზარს გცემს.

ჩვენ, ადამიანებს სადღაც გულის სიღრმეში გვგონია, რომ არასოდეს გავხდებით ცუდად.

მინდა, რომ ძლიერ გოგოდ დავრჩე, დანებებაზე არ ვფიქრობ, თუმცა წეღან გული წამივიდა. დაცემიდან გათიშვამდე იყო წუთები, როცა ვიგრძენი, როგორ მინდოდა წამოდგომა და ვერ შევძელი. ასეა საკუთარი სხეული არ მემორჩილება  და, სამწუხაროდ, ვერაფერს შევცვლი.

მძიმე დაავადებებს ერთი რამ ახასიათებთ – მარტოობა. გრძნობა, რომ „თქვენ ორნი ხართ ქვეყანაზე” – შენ და ის. ერთმანეთის პირისპირ.

ონკოპაციენტისთვის გამარჯვებამდე გზა ძალიან ხშირად ქიმიოთერაპიაზე გადის. ყველამ იცის, რომ ამ დროს ძალიან ცუდად ხარ.  ცხოვრების ამ ეტაპზე გადასვლას, მშვიდად შევხვდი.

…სამი კურსი შემდეგ, მხრის სახსრის გადანერგვის ოპერაცია რომ უკვე ჩანიშნული იყო, ჩემმა ორთოპედმა, გიორგი ობგაიძემ ხელი მოიტეხა. კახა თოდუამ გადაწყვიტა, რომ ისრაელში უნდა წავსულიყავი.

***

ეს გადაწყვეტილება ძალიან რთული მოსასმენი იყო. არ ვიცი, რას ვგრძნობდი იმ მომენტში. უბრალოდ ვიცოდი, რომ მივდიოდი.

ისრაელში მარტო ჩავედი, დაბნეული, თუმცა არ მეშინოდა.

მთავარი, რასაც ვგრძობდი, მარტოობა იყო, თუმცა ყოველთვის, როცა მდგომარეობა მძიმდებოდა, ჩემთან ექიმი სეგალ ორტალი ჩნდებოდა. ამ ადამიანს ჩემთვის ჯადოსნური სიტყვები მოჰქონდა – „სოფო, ყველაფერი კარგად იქნება, კარგად ხარ“.

პორტი სამედიცინო მოწყობილობაა, რომელიც ლავიწის ქვეშ თავსდება და რომლის ჩადგმაზეც მე კატეგორიული უარი განვაცხადე. ამით ქიმიოთერაპიის, სისხლის გადასხმისა და სხვა ათეულობით პროცედურა უფრო მტკივნეული გავხადე, თუმცა სიმსივნეს უფლება არ მივეცი, მასზე მივჯაჭულიყავი.

ექიმმა შამაიამ, ჩემს სამედიცინო ისტორიაში ჩაწერილ სიტყვებს – „კიბოსგან თავისუფალი“ – ყურადღება არ მიაქცია და ქიმიოთერაპიის კიდევ სამი კურსი მაჩუქა. მისი აზრით, ეს პროფილაქტიკისთვის იყო აუცილებელი. უფრო გარკვევით რომ აგიხსნათ პროფილაქტიკა, სიცოცხლის თვეების გახანგრძლივებას ნიშნავს.

მერვე კურსის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე, რომ მეტი აღარ შემეძლო, ყველანაირი რესურსი ამოწურული მქონდა. მეცხრე კურსის გადასხმაზე უარი განვაცხადე და საქართველოში დავბრუნდი, თუმცა ხანდახან  რამდენიმე სიტყვა ყველაფერს ცვლის, არამხოლოდ იმ მომენტს, ცხოვრებაში კიდევ ბევრს. დიახ! მაშინ გამიმართლა, როცა ეს ადამიანი ჩემი ექიმების სიას შეემატა. ის, გიორგი ობგაიძეა, მინდა, რომ ეს სიტყვები ჩემნაირად დაღლილმა ყველა ადამიანმა იცოდეს.

„ორი დღე რომ განუწყვეტლივ ცურავდე და მესამე დღეს ნაპირი დაინახო, მაშინ იგრძნობ დაღლას“.

მე ისრაელში დავბრუნდი და ქიმიოთერაპიის ბოლო კურსი, დანიშნულ დროს გადავისხი, ერთი დღეც არ დამიგვიანია.

…ახლა, როცა ყველა დამღლელი პროცედურა, რომელიც სიცოცხლეს მართმევდა უკან დამრჩა, ჯერ არ ვიცი, ისინი ისევ დაბრუნდებიან თუ მხოლოდ მოგონებებად დარჩებიან.

2019 წლის 2 იანვარს, ჩემსა და კიბოს შორის ურთიერთშეთანხმება მაინც შედგა. ეს კონტრაქტი საბოლოოა და მთელი ცხოვრება იმოქმედებს.

ჩემს სამედიცინო დასკვნაში წერია, რომ კიბო აღარ მაქვს და სრულიად ჯანმრთელი ვარ.

თუმცა მე ამის გასააზრებლად ძალიან დიდი დრო დამჭირდება.

ცხოვრების ამ ეტაპზე კი  რაღაცების გააზრებას ნელ-ნელა ვახერხებ, თუმცა არ ვგრძნობ თავს, როგორც 24 წლის ჯანმრთელი გოგო.

ავადმყოფობას უკვალოდ არ ჩაუვლია. დეპრესია და რეციდივის შიში, გრძელი სიის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტებია, თუმცა მე უკვე ყველაფრისთვის მზად ვარ. ვიცი, რომ აღარაფერი მოხდება, თუმცა რომც მოხდეს, მე უკვე იმუნიტეტი მაქვს. საკუთარი თავისა და ტკივილის მართვაც დიდი ხანია, ვისწავლე.

ხშირად  მიფიქრია, ეს ის მომენტებია, როდესაც ადამიანს სრული უფლება გაქვს, ბოლომდე დაეცე, მაგრამ სვლა არ შეწყვიტო, იხოხე, სანამ თავიდან შეძლებ წამოდგომასა და სირბილს.

როდესაც ღმერთი ასეთ განსაცდელს გიგზავნის, თან გიგზავნის იმ ძალას, რომელიც შენ გადაგარჩენს. ეს მე საკუთარ თავზე გამოვცადე.

თქვენ რას ფიქრობთ, როგორ ცხოვრობს 24 წლის გოგო, რომელმაც სიკვდილს აჯობა? ან როგორც ცხოვრობენ დანარჩენი, სხვადასხვა ასაკის ადამიანები? არ ვიცი, დავდივარ და საკუთარ თავს ვეძებ.

დააკლიკეთ, მოიწონეთ და გააზიარეთ გამოცემა პუბლიკას ფეისბუქგვერდი