American Honey — დიდი მოლოდინის კვალი აწმყოში (ემპათიის დაბადება ეროსის სულიდან)

გია ეძგვერაძე

(ფილმის სიუჟეტი: ამერიკაში ახალგაზრდათა ჯგუფი   მიკროავტობუსით მოგზაურობს და ადგილობრივ მოსახლეობისთვის კარდაკარ ჟურნალების ხელმოწერას ყიდის. ასეთ გარემოში იბადება სთარის და ჯეიქის სიყვარული).

ფილმის მთავარი გმირი, თინეიჯერი გოგონა სახელად სთარი (ვარსკვლავი), უკიდეგანოდ გადახსნილ პეიზაჟში გასერილ გზაზე მოძრავ კაბრიოლეტში ტრიუმფალურად დგას ფეხზე და ხელაღმართული ყვირის:

„ო, ვგრძნობ, რომ მე ვარ ეს დარტყმული ამერიკა…” (ამ დროს, მის თავზე, მოღრუბლულ ცას თითმფრინავი სერავს).

ვისი ხმით ყვირის ეს გოგონა? ვის ხმას გამოხატავს და უდაბნოს რა ოაზისში, ან მირაჟში არიან დასახლებული ის ადამიანები, რომლებსაც ეს ძახილი წარმოადგენს, ან სწვდება?

რა არის შემართულ პოზაში მდგომი, ფსკერზე მყოფი მშობლების შვილის ამ ტრიუმფალური შეძახილის მიზეზი? რატომ აიგივებს იგი საკუთარ თავს ცივილიზაციის პიკის მატარებელ ქვეყანასთან, სადაც უმდიდრესი, უღატაკესისგან ისევე შორს იმყოფება, როგორც ვარსკვლავები კოსმოსში!

რამ დაუბადა სულში ამ დეკლასირებულ გოგონას ისეთი განცდა, რამაც მას სამყაროს ცენტრად აგრძნობინა თავი?

ამერიკამ! – ანუ მის მიერ სამყაროში მოტანილმა სიშიშვლის და უსაფუძვლობის გადახსნილობამ!

… … …

ეს მნიშვნელოვანი ფილმი, ორი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი გზავნილის მატარებელია. სწორედ ეს სპეციფიკურობა ხდის ამ ფილმს კომპლექსურს და მიმზიდველს – გარკვეული მხრივ გასაგებად ადვილს, მანუგეშებელსაც კი, მაგრამ, მეორე მხრივ, გაუგებარს, შემაცბუნებელს და სახტად დამტოვებელს.

მოდით, უპირველესად ამ ორი შინაარსის სპეციფიკურობებში გავერკვეთ.

პირველი გზავნილი, რეჟისორის მიერ ცნობად/მხატვრულად, ლოგიკური მიზანდასახულობით მოტანილი და ტრადიციულ/კლასიკური, უძველესი რწმენის მატარებელი ტექსტია: ჭუჭყში, ტალახში, არსებობს უბიწობის სასწაული – ადამიანი არ არის მხოლოდ კულტურული კონსტრუქტი, იგი კეთილის მატარებელ არსებად იბადება! ეს ანტიეგზისტენციალური (ანტისარტრიანული), ლამის რელიგიური რწმენა „ადამიანის კარგობაში” კინოში დაუფარავად არის გაცხადებული მუსიკალურ კომენტარში (ფილმი სავსეა ასეთებით) – „მე ვიპოვე სიყვარული უიმედო ადგილას“.

სთარი მართლაც ასეთ არსებადაა დახასიათებული, მას სიკეთე, სამართლიანობა და სამყაროსთვის უსასრულო კრედიტის მიცემა საკუთარ ბუნებაში აქვს გაცხადებული.

კინოსა და ლიტერატურის სივრცეში ეს შინაარსი უამრავჯერ გაჟღერებულა – გულის ძალები უკვდავია იქაც კი, სადაც გადარჩენის ჟინის ამორალური ზერაციონალიზმის ზემოქმედებით ადამიანი გამომმუშავებელ/მომხმარებელ მექანიზმად, ანუ საკუთარი ბიოლოგიის უკან მდევარ მანქანადან იქცევა.

ბევრი ფაქიზი ფილმია დადგმული ამ თემაზე და ამ ტიპის ღირებულებებზე. მაგალითად ჯარმუშის „სამოთხეზე საკვირველი”, სადაც უკიდურეს სიღატაკეში, ქაოსში, მხოლოდ გადარჩენაზე მობილიზებულ და განწირულ გარემოში, ჭუჭყის მიუკარება თეთრი ლოტოსისმაგვარი ფაქიზი ჟესტი/განცდა იჩენს უეცრად თავს ადამიანებში – რომელსაც უკიდურესი ზე-მოკრძალების გამო სიყვარულსაც კი ვერ ვუწოდებ. ნაცრისფერ/მექანიკური, ყოველმხრივ ჩაშვებული ყოველდღიურობის ფონზე, ასეთ – „დუმილის მატარებელი ბრწყინვალების“ ლამაზ ზღაპარს უყვება ჯარმუში „ეპოქალური ტრანზიტის  სუბიექტს“ (კინო მაყურებელს).

ხსენებული თემა, ზოგადად, არსობრივის მოპოვებისთვის ბრძოლით და ამ არსობრივის მოლოდინით დაღლილ შემოქმედთა ერთ-ერთი მთავარი თემა/იმედია.

ასეთ შინაარსს ფედერიკო ფელინიც შეხებია ნიჭიერად („კაბირიის ღამეები“), ვიმ ვენდერსიც, ვისკონტიც – ბევრი… იტალიური ნეორეალიზმი კი განუწყვეტლივ ამ თემას უტრიალებს.  დოსტოევსკისთან, ჩვენში და ჩვენ გვერდით მცხოვრები ანგელოზი მრავალი სახითაა შემოიტანილი.

„American Honey”-შიც, ტრიალი მინდვრის ბინდში ეულად მჯდომ სთარს ტყიდან გამობორიალებული გარეული დათვი მხოლოდ გაეცნობა, მერე კი წყნარად უვლის გვერდს და ტყეში ბრუნდება – აი ზუსტად ისე, როგორც წმინდანებზე თხზულებებში წაგვიკითხავს ხშირად. ოღონდ ამ მიზანსცენაში მეორე გზავნილის თვალსაზრისით ერთი ნიუანსია – ეს სცენა ახალ ადამიანში მის შიგნით არსებულ ცხოველთან (ცხოველის ბუნებასთან) დამშვიდობებას ნიშნავს…

ფილმის ეს პირველი, ცნობიერი გზავნილის ხაზი, განმანათლებლობის ფილოსოფიის რეჟისორული ინტერპრეტაციაა – სულიერება/რწმენის პიკანტურ/ლირიკული და  ქვააგდებული „პოპ” გადამღერებაა, საკმაოდ უბრალო სამომავლო რწმენით – სიკეთეს და სიწმინდეს „აქ” უჭირს, მაგრამ გზას მაინც იპოვის: ფილმის ბოლოს, მიწაზე მახინჯად მღოღავი კუ, წყალში, ანუ ახალ სტიქიაში (დროში, სივრცეში) სწრაფად და ელეგანტურად გაცურავს.

მოკლედ, კულტურაში ეს კარგად დამუშავებული თემაა და სწორედ ამ მიზეზის გამო ამ ტექსტის ინტერესს ეს თემა არ წარმოადგენს. ამ ტექსტის მიზანი ფილმის უკანა პლანის ანალიზია, ანუ მეორე, „მუნჯი გზავნილის“ წარმოჩინება – ფილმის ფონის ამოკითხვა და რეფლექსიის ქვეშ მისი მოქცევაა. რამდენად აცნობიერებს ამ პლანის უსასრულო სიღრმეს რეჟისორი ეს კითხვითი ნიშანია – ინტერპრეტაციების და წაკითხვების შესაძლებლობა კი მისმა ნიჭმა ნამდვილად უხვად შექმნა.

ამ მეორე გზავნილის აღმოჩენა სპეციფიკურ დაკვირვება/ამოკითხვას ითხოვს, რადგან ფილმის მთავარი ხაზი, მისი ნარატიული სტრუქტურით, ამ უკანა პლანის გზავნილის მიმართ ნეიტრალურია.

ფილმის „მუნჯი გზავნილის“ აგენტები, რეჟისორის მიერ მწირი და უხამსი სოციალური გარემო/ატმოსფეროს დამაჯერებელად ასახვისთვის შემოტანილი ყოფითი ფაქტების ნაკადებია. ამ გზავნილს ასევე მიზანსცენებისთვის საჭირო დამხმარე როლები, მარგინალიზირებული სიმბოლოები და ყოფითი გარემოებები წარმოაჩენენ. ასეთ სოციალურ მასალას რეჟისორი უმეტეს შემთხვევაში ტრადიციულ/კრიტიკულად აფასებს და მხოლოდ პირველი, ჰუმანური გზავნილის შინაარსის მეტყველად გაფორმებისთვის იყენებს – ანუ ფილმის ძირითად შინაარს ამ „უარყოფითი” მასალის ფონზე შლის, რაც ფილმის ჰუმანისტურ მოწოდებებს ამძაფრებს.

არადა, სწორედ ამ, სპონტანურად გაფორმებულ ფონში, არის არაცნობიერად ჩაწერილი „უცნობი მომავლის“ ის კოდები, რომელთა შინაარსიც, პირადად ჩემთვის, ფილმის მთავარი ღირსებაა. მაგრამ ეს კლასიკურ ჰუმანიზმს გარდასული და მნახველის ცნობიერებისთვის სიახლეების შემომტანი ფონი, რეჟისორის ანალიტიკიკური წაკითხვების ამოცანებში არ შედის.

ფილმს ერთი წარმტაცი უცნაურობა სჭირს – მიუხედავად იმისა, რომ მასში არანაირი კრიმინალი არ არის, მაყურებელთა უმრავლესობა, ფილმს რაღაც ფარული, უჩვეულო შფოთის სახით აღიქვამს, რომელიც დისკომფორტისა და შეცბუნების გრძნობას ბადებს. ამ ატმოსფეროს ფილმში ახალგაზრდათა ქცევის წესი წარმოშობს, თავისი ქაოსით, სიშიშვლით, ჩვეული მორალურ-ეთიკური ქცევის ნორმების მიღმიერობით. ამ სიტუაციის კომენტარად ისმის ქორეის (მიკროავტობუსის ერთ-ერთი ბინადარის) სიტყვებში: you act as we dont have a system (ისე იქცევი თითქოს ჩვენ სისტემა არ გაგვაჩნდეს).

ამ ფონის წარმომადგენელ ადამიანთა და მიკროავტობუსის ახალგაზრდათა ქცევის უცნაურ ქაოსში, პირდაღებული და თვალებდაჭყეტილი სივრცეები იხსნება და ისეთი გრძნობაა, რომ თუ ვინმე ჩვენგანი მათში გადაეშვა, გზას – უკან, „ნორმალური ადამიანისკენ” – ვეღარც იპოვის…

ამ შთამბეჭდავი შფოთის გარეშე, ეს ნაწარმოები საშუალო დონეს ვერ გასცდებოდა – რადგან ფილმში, ინტელექტუალური შინაარსის ძიება/ჟინის მატარებელი და გარანტი, სწორედ ეს შრეა.

ეს „მუნჯი გზავნილი“, რეჟისორის მიერ სტიქიურობას მიყოლილი დაბალი სოციალური წრეების ქცევა/ჩვევების უჩვეულოდ სენზიტიურმა გრძნობადმა წვდომამ გამოხატა, რაც ჩემი შეფასებით, რეჟისორის დიდი წარმატებაა: მან ისეთი მახასიათებლების აღმოჩენა/დაფიქსირება შეძლო, რომლებიც ქსოვილთან უშუალოდ გავაახლოვებს.

მაგრამ რეჟისორი, ასეთი მძაფრი ფიქსაციებიდან შორს წამსვლელ და მომავალს თვალმოკრულ დასკვნებს არ/ვერ აკეთებს და ამიტომ, როგორც აღვნიშნეთ ფილმი კლასიკურ საფუძველზე რჩება.  „მუნჯი“ ტექსტისკენ თავად ფილმში ხიდები არ შენდება. არადა, სწორედ აქ იხატება ისტორიის მიერ მოტანილი დიდი მასშტაბის  შედეგები, რომლებიც შესაძლოა პასუხი იყოს ისეთ საფუძვლიან შეკითხვაზე, როგორიცაა: რა არის და როგორია ფინალი „ჩვენი ადამიანური კულტურის“.

სიმღერა “ამერიკული თაფლი”, რომელსაც ფილმის ბოლოსკენ მიკროავტობუსში მღერიან მოგზაური ახალგაზრდები (როცა კამერა მათ პორტრეტებს ახლო პლანით აჩვენებს), ყოველ ინდივიდში არსებულ იმ უცნაურ განძზეა, რომელსაც, სოციალური სამყარო თავისი გადარჩენისთვის შეჯიბრ/კონკურენციით ავიწყებს ადამიანს (ეს სიმღერის ტექსტშიცაა გაცხადებული). მაგრამ თავად „თაფლი“, ამ განძის გადახსნის ახალი შესაძლებლობაა, რომელიც ამერიკამ აჩუქა სამყაროს – თავისი უშიშარი, ფუნდამენტური ჭრილობა ცხოვრების  სიყვარულითა და „რეალურისთვის“ თვალებში ყურების უკვე ისტორიული პრაქტიკით!

ამერიკის დროშა ფილმში ხშირად ჩანს! ამ გამოჩენას ამბივალენტური ხასიათი აქვს – მაგრამ მე სწორედ ეს ამბივალენტურობა მიმაჩნია სიჯანსაღედ და შანსის სიცოცხლედ – „თაფლად“. ამერიკა სწორედ ამით იმარჯვებს, რომ ადამიანს ავთენტური დ ა ბ ა დ ე ბ ი ს შანსს აძლევს.

დიახ, ამერიკამ, გაწყვიტა განმანათლებლობის იდეის ხაზი, როდესაც ადამიანი დისციპლინით, შრომით, თავდადებითა და რუდუნებით ელტვოდა გამონათებას. კაპიტალისტური წესრიგის პარალელურად მან რაღაც სხვა მოიტანა, სხვა დაშვება გააკეთა საკუთარ სხეულში, რამაც, ამ ენერგიით სავსე არსებებს, შეუქმნა საკუთარ სულში მჩქეფარე სინათლის მოპოვების ახალი, ამერიკული შანსი!

ამერიკამ არსობრივ/ფუნდამენტურის მოძიებას, ადამიანში სპონტანური შანსების დაშვებებით და მათი გაფრთხილებით შეუქმნა საფუძველი.

(ევროპისა და ამერიკის გზების სხვაობა, პირობითად და შორეულად, მნიშვნელოვან ისტორიულ კამათს მაგონებს კლასიკური ბუდიზმის წარმომადგენლებსა და ბუდიზმის ჩანის სკოლის მესვეურთა შორის. როდესაც კლასიკური ხედვა, რუდუნებით და მრავალი კარმული გარდასახვის შემდეგ ხედავდა ნათელღების შანსს, ჩანის სკოლა კი მყისიერი ნათელღების შესაძლებლობაში იყო დარწმუნებული).

შემაჯამებლად რომ ვთქვათ – ფილმის ცნობადი ნაწილი, სოციალური ტკივილის და პრობლემების მიღმა გახედვის მცდელობაა, ოღონდ ამ მზერის კლასიკური ვერსიას წარმოადგენს. რეჟისორის ცნობიერება უღრმეს წარსულში იყურება – „პრემორდიალურ“ სივრცეში, გულის, სულისა და სამშვინველის სიღრმეში, სადაც ისტორიული გაგებით  უმწიკლობა/სიწმინდის საწყისი მოიძიება და საიდანაც ეს უმწიკლობა უნდა იყოს მოპოვებული. ეს ის ნათელია, რომელსაც ჩვენში უხილავს ხდის ჩვენი გადარჩენა/დამკვიდრებისთვის უწყვეტი ბრძოლა. ეს ის ხედვაა, საწყისების სიწმინდის ის რწმენა, რომელიც კულტურამ ჩაგვიტვირთა ცნობიერებაში და რა იდეებზეც გავიზარდეთ უხსოვარი „ვედების“ დროიდან მოყოლებული.

მაგრამ უცნაური ისაა, რომ ასეთი ტრადიციული ღირებულებების ფილმი სულაც არ ტოვებს მნახველზე გასაგებად დავარცხნილ შთაბეჭდილებას. პირიქით! – ფილმის ყურებისას, როგორც ითქვა, მისი ისტერიულობის ატმოსფერო გიკრავს სულს, თავს დეტერიტორიალიზირებულად და ფუძემორღვეულად გრძნობ და ეს იმ, მეორე, მუნჯი გზავნილისა და მისი შემომტანების ზემოქმედების ძალაა, რომელსაც მინდა ახლა „სიმუნჯე“ დავურღვიო.

სთარის და მის გარშემო ახალგაზრდების უშრეტად ვნებიანი ბუნება სწორედ იმ ვიტალურობის აღორძინების ფაქტია, რომელსაც ეკლესიურმა და პარალელურად განმანათლებლობის იდეებმა, პრაქტიკულად სრული კასტრაცია გაუკეთა ევროპის ტერიტორიაზე. ამ ახალგაზრდებში მორალთან, ცოდნასთან, საზოგადოების წეს/წყობასთან დამოკიდებულება  ფუნდამენტურადაა განახლებული. ნიცშეანური ღირებულებების გადაფასება მათში პიკს აღწევს – ადამიანის ბუნების განმსაზღვრელი აქ არა კულტურის ტარებაა ზურგჩანთით, არამედ უბიწობა: ჩვილის უფლება ტოტალურ თავისუფლებაზე! მაგრამ ასეთი რადიკალური განახლების ფუნდამენტი ახალგაზრდებისთვის, ბუნებასთან დაბრუნება, ან საკუთარი, წარსულში ჩაკარგული მისტერიული საწყისის მოპოვება კი არ არის (60-იანების „სიყვარულის სამყაროს“ კონცეფციები, რუსოს და ტოროს იდეები, ვედური ცოდნა და ა.შ.), არამედ, ადამიანთა უსასრულო ემპათიის ფენომენია! ეს ფენომენი მათში ყველა იმ ჰუმანისტური ღირებულებებისთვის ბრძოლებმა გააფორმა, რომლებიც  „ახალი დროიდან“ მოყოლებული დასავლეთის საზოგადოების შიგნით სუბვერსიის ფუნქციას ასრულებდნენ.

ეს ახალი ემპათია კოსმიურ ხასიათს ატარებს – ყველა ყმაწვილი თუ გოგონა კულტურულად დაუტვირთავ, არასტატიკურ, არამყარ, გაფანტულ სივრცეზეა მიბმული და ასეთ სიმსუბუქე/ფუძემოშლილობაში ცნობენ, და ამიტომ პოვებენ – ერთმანეთს, სამყაროს და ერთიანობას. მათ ფსიქოლოგიას სწორედ ფუძემოშლილობის გამო არაფერი აქვს გასაყოფი – არც ეკონომიკურ/პოლიტიკური ტერიტორიები; არც ქალთა, ან კაცთა სამყაროები; არც პროფესიული სივრცის იერარქიებში ბრძოლებია სადმე მოცემულობაში. მათ გონებაში ყველაფერი ჩრდილოვანი და მეორე პლანზე გადამალული გაუქმებულია, ამიტომ  არც ჭორი იჩენს თავს და არც რაიმე ჩახვეული ინტრიგა. ღია ინსტინქტი, უბრალო, პლასტიკური არსებობის წესი და უსაზღვრო ემპათია… ჩვენთვის ეს სრულიად უცნაური თვისებების კომბინაციაა. რადგან, სრული რობოტიზაციის პერიოდის, შრომისა და რეპროდუქციის ვალდებულება მოხსნილი ადამიანის,  სამომავლო მოდელია შემოტანილი.

ფილმის მთავარი გმირის, სთარის, თანამგზავრების, პროვინციელი ამერიკელი გოგო-ბიჭების ვიტალური, ერთი შეხედვით „ამორფული“ მასა, რომელიც იგინება, ყოველ წუთში პენისს  აჩვენებს, მუშტი-კრივს მართავს, პოპკულტურის იმეჯებს თაყვანს სცემს — ამავე დროს ურთულესი („სოფისთიქეითიდ“), უხილავი, დახვეწილი და ჯერ არნახული ფსიქოლოგიური სიახლის მატარებელია, რომელიც უკეთილშობილესად გამაერთიანებელ და ძალდატანების მიღმა არსებულ შემაკავშირებლ ახალ ძალას წარმოადგენს, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში ჯერ მხოლოდ ჩანასახშია – ემპათია!

მათი წარმოუდეგენლად უხეში ენის უკან, იმალება ამ ახალგაზრდების ახალი ტიპის კავშირი, მათი ურთიერთობების ახალი ეთიკა, რომელიც აღარ დგას ნასწავლ, დაზუთხულ, დაძალებით განხორციელებულ „კულტურაზე” – „მე ვარ შენ და შენ ხარ მე“. პირიქით, ამ ახალგაზრდებს შორის, ემპათიის ხარჯზე, დამოუკიდებელი ინდივიდების ბუნებრივი თანაცხოვრება ხდება შესაძლებელი. ტრადიციული კულტურული ნორმებისგან სიშიშვლე კი იმის გარანტიაა, რომ ეს ადამიანები ერთმანეთს ცნობენ ადამიანურში – ყველამ საკუთარი გამოცდილებით იცის, რა არის ადამიანი, ანუ მისი ყველა ვნება, ჟინი, სისუსტე – სურათი გამჭვირვალე და საერთოა – არავინ თამაშობს და იხატება წარმოსახვით/პირობითი კულტურული იმიჯებით.  ეს კი ჭეშმარიტი ურთიერთგადანაწილებული თანაცხოვრების ვიტალურ ატმოსფეროს ჰქმნის. ზოგადად ამ დაუდეგარი ახალგაზრდა ბირთვის ფსიქოლოგია ასე ხასიათდება: არაკონკრეტული ვიტალური წინსწრაფვა უმომავლობაში (ეს არის ის, რაცუცნობ მომავალს აფორმებს“) – ანუ, შეცბუნებული, ნულოვანი დონიდან ამოზრდილი ვიტალური მოლოდინი/კითხვითობამეტი და უშრეტი ჰორიზონტალური გავრცობის მიმართ

ფილმში ნაჩვენები თინეიჯერების ცნობიერებას, მოდერნის პერიოდიდან მოყოლებულმა გაბრძოლებებმა საკუთარი თავის მიღმა სივრცეში გასარღვევად, უკვე მყარად შესძინა ყველაზე ძვირფასი: „დაუინტერესებლობა შემოთავაზებულით”; ანუ, ყოველგვარი სოციალური ცდუნების უგულვებელყოფა – რაც ალბათ  მალულ/შენიღბული, მაგრამ ყველაზე მთავარი პროგრამა იყო ჩვენი დასავლურ/ლიბერალური კულტურული დინამიკის!

ამ ახალგაზრდათა, საოცრად დელიკატური დისტანციის გრძნობა ერთმანეთისა და გარემოებების მიმართ, ერთმანეთის სასიცოცხლო ტერიტორიების პატივისცემა/არშელახვა, გენდერის მახასიათებლების არგამორჩევა, ან დაყოფა (რაც მაჩოიზმის 0%-ში გამოიხატება) – სრულიად უჩვეულო განცდას იწვევს ფილმის მნახველში! ამ გოგო- ბიჭების „გიჟობა/დარტყმულობა”, ჟრიამული, „უზნეობა“/ანცობა, არასდროს სცდება საკუთარ, პერსონალურ სივრცეს – არსად არ ხდება სხვისი ტერიტორიის შელახვა! (ჩვენთვის, ქართველებისთვის, ეს ურთულესი გასაგებია, რადგან ჩვენი ურთიერთობები სწორედ მხოლოდ სხვის პერსონალურ სივრცეში შეჭრაზე დგას, სხვის პერსონალურ სივრცეზე ზემოქმედების მისწრაფებაზე და სწორედ ამას აღვიქვამთ ჩვენ ეგზისტენციის განცდის სიმძაფრედ).

ლიბიდალურად ძლიერად დამუხტული სექსუალობა, ამ ახალ ადამიანებში, სრულიად გამოყოფილია სიყვარულის ფაქტორისგან და ეს გამოყოფილობა ცნობიერია, რაც ძალიან მაღალი შეგნების ნიშანია. სექსუალობა დაპყრობილ/დამორჩილებიულია, მისი ფუნქცია ზუსტადაა გარკვეული და ამიტომ აქ ადამიანი მისი „მფლობელი და ოსტატია”.

სექსუალობა მათში ასევე არ ითქვიფება ეროტიულთან – ამ დაუდეგარ „თინებში“, ეროტიული, სივრცეზე და ამ სივრცეში თანაფასობრივად წარმოდგენილ ფენომენისკენაა მიმართული. „ეროტიკული დრაივი“ (განუყოფელთან კვლავ მიერთების ვნება/ჟინი) მათში, გარშემო არსებული ყოველგვარი სიმრავლის გამაერთიანებელი და მუდამ მობილიზებული განცდა/აღქმაა! ეროტიკული თვალსაზრისით, ამ ახალგაზრდებისთვის  ერთმანეთის სხეულები, სივრცესთან ზიარების შანსია და არა როგორც სხეულის მიმართ ლტოლვისას ხდებაუფსკრულებში ჩაჩეხვის და ჩახერგვის მიზეზი. ასე და ამგვარად, აქ სრულფასოვნად მთავრდება სოდომი და გომორი!

ასეთია ამ ფილმში გაელვებული ახალი ადამიანის ჩანასახის პორტრეტი. გამჭვირვალობისთვის კლასიკური დეფინიციები რომ მოვიხმაროთ:

აპოლონური საწყისი უჩუმრად მარგინალიზირებულია, და ასე, უკანა პლანიდან, ქმედითი ნორმატიკის სარჩულის ფუნქციად ამკვიდრებს  ემპათიას ყველაში. დიონისური საწყისი კი ზედაპირზეა გამოთავისუფლებული და თამაშების მარადგანახლებადი ენერგიის უწყვეტ და უშრეტ კატალიზატორადაა ქცეული. ასეთ თანაფარდობაში, როგორც ვხედავთ, ემპათია ძირი ხდება ყოფიერების თავისუფალ/მშვიდობიანი თამაშების შესაძლებობის, რაც, ვიმეორებ, – ჩვენთვის სრულიად უჩვეულოა.

ახალგაზრდათა ეს ჯგუფი, უცნაური ხარისხის  ურთიერთობათა მატარებელი, „უცნობ მომავალთან“ კავშირში უნდა გავიაზროთ. არსებობის ეს ფორმა, არც ინსტინქტის კონკრეტულ მოთხოვნებზეა დაბმულ/დამოკიდებული და არც საზოგადოებიდან შემოთავაზებულ ფასეულობათა სისტემა/სტრუქტურების ნაწილად ყოფნისკენ ილტვის. სწორედ ამიტომაა, რომ მათი სასიცოცხლო ენერგიის მაღალი ხარისხის მიუხედავად, ისინი გარკვეული სახით ტრანსცენდენტურები არიან!  აშკარაა – ეს არის ახალი ტიპის მგზნებარება – ახალ ადამიანს თავისი თავი არ უღირსაქსამყაროში განსახორციელებლად. ის სამყაროს იცილებს, როგორც შიგ შეჭრისა და მასში საკუთარი თავისგანხორციელებისველს. ეს ახალი ადამიანი მისთვისაქბოძებულ ტერიტორიას თამაშების უნაყოფ/შედეგო სივრცედ აქცევს.

. . .

და რას შვება ამ დროს, ასეთ ახალ ცნობიერებაში,  სიკვდილი? – ისტორიული ცნობიერების უმთავრესი „დრაივის“ (ნება/ჟინის) მათრახი.

სიკვდილი აქ დაახლოებული და მიღებულია! – ფილმის ერთ-ერთ ფრაგმენტში, როცა სოციალურად გაპარტახებული ოჯახის სახლში სთარს კარს პაწაწინა გოგონა უღებს, ამ ბავშვის გულწრფელობის პათოსის პირველი სიტყვები ასეთია – „იცი ჩემი საყვარელი „ბენდი“ (მუსიკალური ჯგუფი) „მკვდარი კენედებია” და ჩემი უსაყვარლესი სიმღერა „მე მოვკალი ბავშვები!” J სიტყვები თუ იცი ამ სიმღერის? – ეკითხება სთარი ბავშვს. ბავშვი პასუხობს: „…მე მოვკალი ბავშვები და მინდა, მათ ცხედრებს ვუმზირო – მე მოვკალი ბავშვები, რომ მათი დედები ვატირო”…

ბავშვის მარტოხელა დედა სრულიად ჩაშვებული, სიკვდილის პირას მყოფი „ჯანკია“ (ნარკომანი). იმ დროს, როცა სთარი ასეთი სიტუაციის მოწმეა მოციმციმე ტელევიზორიდან გადაცემის წამყვანი თითს ტუჩებზე იდებს, ნიშნავს – „ჩუმად”, სოციუმი სიკვდილზე და მის მოციქულზე – სიღატაკეზე, როგორც ფენომენებზე და მისტერიაზე არ საუბრობს! J

ადამიანის ყოველდღიურობაში სიკვდილი მიჩუმებულ/გადამალულია – მარგინალიზაციით, იდეოლოგიზირებით, მითოლოგიზაციით, რიტუალიზირება/თეატრალიზირებით. მისი პრობლემურ/ორგინალური სახის გათავისება ჩვენს კულტურას არ უნდა ეშინია, ადამიანის წინსწრაფვის მთავარი მოტორი ვაიდა არ გატყდეს, არ მოიშალოს! ამ კადრებში  კი ბავშვი აგრძელებს ჯგუფის სიმღერის ტექსტის გადმოცემას: „მოაყოლე ბავშვები ჩემი მანქანის ბორბლებქვეშ, მე მინდა მათი კივილის გაგონება”.

ბავშვისთვის ეს მუსიკალური ჯგუფი, ეს სიმღერა და მისი სიტყვები ისეთივე წმინდა ყოფიერების მახასიათებელია (მორალის მიღმა ყოფიერების), როგორც კრიშნასთვის (ღმერთისთვის) კურუქშეტრას ველზე დახოცილთა ეგზოტიკური პეიზაჟით (თანატოსის ბაროკო)  ტკბობა – სამყარო ხელოვნების ნაწარმოებია, სადაც ყველაფერი დასაშვებია და ასეთი მოუსაზღვრელობა (უზენაესი ესთეტიკა) ითხოვს შესატყვის აღმქმელს (დამკვირვებელს) – ახალ ადამიანს!

სიკვდილი ყოფიერების მოვლენის მხოლოდ ერთ-ერთი ფენომენია, ურიცხვ ფენომენთა რიგში. ჩვენი ცნობიერება სიკვდილის მიმართ შეცდომაში ჩვენმაადამიანურმაღირებულებათა რიგმა შეიყვანა და ასეთი, სრულიად აბსურდული, უსაშველოდ ჰიპერტროფირებული, მნიშვნელობა მიანიჭა. (აი თავად ფილმში კი ბავშვის ეს ეპიზოდი, ფილმის პირველი გზავნილის მიხედვით, სოციალური კრიტიციზმის პიკია – მაყურებლის ცნობიერებაში, კაპიტალისტურ კულტურას იდეოლოგიურ დანას ურტყამენ გულში).

ამ შარმიან ახალგაზრდათა ჯგუფის ფონზე, ფილმში სამი წამყვანი პერსონაჟია:

ჯეიქი (სთარის მეგობარი ბიჭი), სთართან კონტრასტზე, პატრიარქალური კულტურის ტიპური წარმომადგენელი და მისი პროდუქტია – ცნობიერებაში ყველა ატრიბუტით. ცივილიზაციას იგი ინდივიდუალურად, ისქეიპიზმით უპირისპირდება. ბუნებაში განახლებისა და ჰარმონიის პოვნის იდეოლოგიით მოწამლული იგი ტყეში აშენებულ საკუთარ სახლზე ოცნებობს და განძს, გადარჩენა/დამკვიდრების ამ ისტორიულ კარიკატურულ იმედს, ამ მიზნით აგროვებს! როგორც ტრადიციული მამრი, იგი სამომავლოდ „სადღაც“ აპირებს ბედნიერი, მოყუჟულ/მყუდროდ მოკაკვული „ცხოვრების გამართავას”. J

ფილმში კიდევ ერთი საინტერესო სოციალური არქეტიპია – კრისტელი. მიკროავტობუსის ბინადართა დამქირავებელი/მენეჯერი, მკაცრი და გულცივი ჰედონისტი ახალგაზრდა ქალი. რომელიც არანაირად არ ეწერება მის გარშემო მოთამაშე ლეკვების ცოცხალ და მომავლით გაჟღენთილ გუნდში. ეს ახალგაზრდა ქალი ტიპიური ხატია ფალიკურ/პატრიარქალური სტრუქტურის კრიზისის  – როცა პატრიარქატის დაშლის დასაწყისში, კაცმა თავისი უუნარობა შეიგნო, და მას, კაცის მზერა/დისკურს ათვისებული ქალები ანაცვლებენ – ასე, კაცურად, კაცურ ამბავში. J ასეთი არაბუნებრივი პრაქტიკა ქალს, კაცის მსგავს მახინჯ რობოტად აქცევს, ისეთად როგორიცაა კრისტელი – ანტიფემინიზმის ხატია.

სთარი, როგორც პარადიგმატული ტიპი, ჯეიქის და კრისტელის გადალახვის იმიჯია – ის მიმღებლობის, უშუალობა/ნდობის და არადაინტერესებული, უპირობო გაცემის მატარებელი უახლესი ტიპის აგენტია. „უცნობი მომავლის“ დენადი ცნობიერების პირველი მაცნე. კი, ამერიკა სწორედ მას, ამ ახალ ცნობიერებას, მიესალმება! სთარი ამერიკაა! – როცა სთარი სუპერმარკეტიდან გამოდის მის წინ ამერიკულ დროშას ხსნიან!

. . .

ის, რაც კულტურულმა ავანგარდმა (და მისმა საუკეთესო ხარისხის მატარებელმა – მესამე სივრცემ) მოიტანა და რისი გამტარიც ოდესღაც მხოლოდ ავანგარდის ელიტა იყო, ახლა ამ სულიერ უნიკალურ სიმდიდრეს ყველაზე დაბალი კლასის წარმომადგენელი თინები ბუნებრივად ფლობენ. ამის მიზეზი ისაა, რომ ამ საზოგადოებრივი კლასის თინებს ძველ კულტურას რუდუნებით თავს არვინ ახვევს და ისინი თავად ეძებენ კულტურულ ორიენტირებს. ეძებენ და პოულობენ გარემოში – პოპკულტურაში. პოპკულტურის არარსებობის პერიოდში ამ კლასის წარმომადგენელ თინეიჯერებს მხოლოდ ორი გზა ჰქონდათ: ან მამებივით კაპიტალიზმის ჭანჭიკებად ქცევა, ან საზოგადოებასთან დაპირისპირება და კრიმინალურ ტერიტორიაზე შებიჯება. სხვა არჩევანი უბრალოდ არ იყო! მესამე სივრცემ გააჩინა მესამე შესაძლებლობა – განუწყვეტელი არსად ყოფნის შანსი! – და ხშირ შემთხვევეში, სწორედ დეკლასირებული ოჯახების ბავშვები აქცია მომავლის აგენტებად!

უმნიშვნელოვანესია, რომ შევამჩნიოთ, ეს მოჟრიამულე თინები არ არიან წიგნზე, ზოგადად კი წერილობით ტექსტზე აღზრდილი და ორიენტირებული – აშკარაა, რომ ისინი „ფონემას“ მაგიის შვილები არიან. მათ ბგერის მიერ უშუალო ზემოქმედების ცოცხალი კომუნიკაცია ასწავლით. აქტუალური მუსიკალური კულტურის მაღალი ტემპით მუდმივად განახლებადი რიგი მათი განათლების წყაროა. ამ „ფონემური“ რეალობის ენერგეტიკასა  და ასევე რეფლექსიის წყაროს უმთავრესად ჰიპ-ჰოპის მუსიკალური ნარატივები წარმოადგენენ – ადამიანის ყოველდღიური პრაქტიკის აღწერები, რომლებიც გარკვეულ იდეალებთან მიმართებაშია ინტერპრეტირებული და ფონემის ენერგეტიკული იმპულსით დამუხტული.

ელიტარულ-ტრადიციული კულტურის პარალელური მოვლენის შექმნა უმთავრესად განახორციელა თანამედროვე მუსიკამ, როგორც მედიუმმა – რომელმაც მესამე სივრცის იდეების მთელი ტვირთი „ფონემის“ დონეზე გადაამუშავა. ფონემა კი იდეის ინტერიორიზაციას პირდაპირ გრძნობად გამოცდილებაში აკეთებს, მენტალური ტერიტორიის მხოლოდ პერიფერიულად გავლით. მესამე სივრცის სულიერი მამების კერუაკის, გინზბერგის, ბეროუზის შემოქმედებაც კი მეტადრე მუსიკალურია, ვიდრე ლიტერატურული (კლასიკური გაგებით); ცნებებიც და კონცეფციებიც მათთან ცეკვით/დინამიკურ/სივრცით, დენად კონსტალიაციებში იმყოფებიან,  როგორც ბგერები და ფრაზები მუსიკაში. ამიტომ მათი ტექსტის დენადობა ძალიან მაღალია, მასში პროპოზიციები უფრო მელოდიურ ხაზებად იკითხება, რომლებიც ახალ დინამიკას ასწავლიან მკითხველს, ახალ, დენად თვითგანცდას სამყაროში – ანუ დრამატულ მოცემულობებზე სერფინგით სრიალს.  სწორედ მუსიკის გამოა ასეთი მაღალ-ქმედითი და ავთენტური მესამე სივრცის შედეგი ცნობიერებაში ახალი შინაარსების შეტანაში.

მესამე სივრცის მოტანილი ზე და პოსტჰუმანური იდეები – მელოდიების და სიმღერების ტექსტებში გაცხადებული, თინების გაზრდის მთავარ საშუალებად იქცა. ფილმში ამას მოწმობენ დეკლასირებული თინები, რომელთა მორალურ/ეთიკური (ჰუმანური) ბაზა სიმღერების ტექსტების პოსტულირებაა. ფილმში ეს კარგად ჩანს – ახალგაზრდები განუწყვეტლივ ციტირებენ და ღიღინებენ სიმღერების ტექსტებს. აქ „ფონემამ“ რევანში აიღო (ანუ უკან ჩაანაცვლა) დომინანტურ-პირობითი ნიშნების (წერითი) კომუნიკაციის ფორმაზე. ამას დერიდას პრიორიტეტების კრახს თუ ვუწოდებთ! J. ფონემური კომუნიკაციის ფორმა ენერგეტიკულია და ქრისტეს ცოდნის მიხედვით, წყლის საპირისპიროდ ღვინის ბუნების გამტარია. ანუ, ცარიელი, ენერგიაგამოცლილი ნიშნების ნაკადებს (ტრადიციული ე ნ ა), ანუ წყალს, ღვინით ანაცვლებს – ექსტატურ/ენერგეტიკული მუხტის მატარებელი საშუალებით. ეს მეთოდი მაგიურია, იპყრობს ადამიანს და მას იმ შინაარსად ა ქ ც ე ვ ს სრულყოფილად (და არა პირობითად), რომლის შემოტანასაც ცდილობს. ანუ აქცევს სიმღერად – ჰუმანურ მოთხოვნა-იმპერატივად!

ასე რომ, მე-20-ე საუკუნის შუა პერიოდიდან, ყოველდღიურ პრაქტიკაში განხორციელდა „წყლის ღვინოდ გადაქცევა“ (როგორც ითქვა – დერიდას პრიორიტეტის დარღვევა) – ადამიანის გაფორმების პროცესში,  დამწერლობამ კვლავ დაუთმო მენტორის ადგილი ფონემას!

მუსიკით განათლება მომავლის გარდაუვალობაა.

სიმღერის ტექსტების პოეტური სინტაქსი, ამ ახალგაზრდებისთვის მათი ბუნებრივი ენის სტრუქტურაა და ეს, პოეტურ დისკურსში შეღწევა/დამკვიდრების მათი დამხმარე სტრატეგია-მექანიზმია. პოეზია ხომ ზოგადად ონტოლოგიური ძალების დახმარებით კულტურის მთავარი ცერბერის – ენის სიმყარის – შერყევის იარაღია. სიმღერების შიგნით ცნებები არა მარტო ენერგეტიკულად ცოცხლდება (კარგავს მტკიცე გარეკონტურებს) – არამედ უსასრულო რეინტერპრეტაციებითაც მდიდრდება უწყვეტად (დენადი ხდება).

სამყაროში სიღატაკეს და დუხჭირს  ჰიპ-ჰოპი პოეტურ/ფილოსოფიის ზედნაშენით პასუხობს, უფრო ადეკვატური და მომავალზე ორიენტირებული რეაქცია სოციალურ პრობლემებზე თანამედროვე დროში მე არ მეგულება!

თანამედროვე მუსიკა სულ უფრო და უფრო ახალი ადამიანის უწყვეტ რეალობად და მასწავლებლად იქცევა, ამ მხრივ მომავალს ანტიკურ დროსთან ექნება საერთო ნიშანი. რეპის და პოპის სიმღერები და მათი სიტყვები უკვე დღეს სამყაროს და ცხოვრების მასწავლებელია (ფილმში ისმის რიჰანა, ბაიონსეი, ქანთრი, რეპი – ამ მხრივ უამრავი მასალაა). რეპმა და ჰიპ-ჰოპმა დაძრეს და უმძლავრესად შემოიტანეს ძირეული ეროსი, რომელიც სექსდისკურსის ნაწილად კი არ წარმოიდგინება (რაც „როლინგ სტონების“ მიერ ეროსის შემოტანის დროს მოხდა), არამედ წმინდა ლიბიდოს უშუალო ზედნაშენად და, რაც მთავარია, ეს ძირეული ენერგია ძირეული სოციალური კოდების დინამიკას დაუკავშირდა – ჩვენი/ადამიანური ყოველდღიურობის ნარატივს! პირველადი, არქაული ენერგია (მისი წყარო მულადხარა ჩაკრაა – ლიბიდოს უშუალო წყარო) ყოველდღიური რუტინის, უშრეტ ნარატივთან დაკავშირდა და გააცოცხლა ადამიანის თანაცხოვრების ისტორიაში ეს ყველაზე მეტად ცხედრად ქცეული ტერიტორია. აი ასეთი გაცოცხლებული ნარატივით და ასეთი ახალი ხარისხის ნარატივში ცხოვრობენ ეს ახალგაზრდები და ეს არის მათი სკოლა – ურთიერთობების ეთიკის, პერსპექტივების და სამყაროსთან კონტაქტის.

ჰიპ-ჰოპმა ოჯახურ-ინტიმური გარეთ, ქუჩაში გამოიტანა, პრივატულ სივრცედ აქცია ქუჩა, უბანი – სახლის ტანსაცმელის ქუჩაში და საზოგადოებრივ ადგილებში ხმარება საზოგადოებრივი სივრცის პირად სივრცედ ქცევის წარმატებული მცდელობა იყო; უდიდესი პროტესტი ოფიციალური ეტიკეტის ფორმის მიმართ, რაც ბურჟუის საკომუნიკაციო სივრცის ბურჯია.

. . .

ფილმში ონტოლოგიური ფონიც არსებობს ჩიტების, მწერების, პეპლების, ცხოველების ცხოვრების აქცენტირებულად შემოტანით. ეს  მაყურებლისთვის დახმარებაა შეამჩნიოს ახალგაზრდათა ჯგუფის აშკარა სიახლოვე ყოფიერების განცდასთან. ანუ მათ ცნობიერებაში არსებობის განცდის ნაწილობრივი ჩანაცვლება ონტოლოგიური სიცხადე/სიაშკარავით!

კადრი: გაპარტახებულ სახლში, ჭუჭყიან, ნახმარ თეფშებს შორის დევს წიგნი „იუნივერს”!

ფილმის პირველ გზავნილს ეს კადრი სოციალურ კრიტიციზმად შემოაქვს, სინამდვილეში კი სამყაროსთვის („იუნივერს“) სულერთია – სიდუხჭირე თუ სიმდიდრე, ავი თუ კარგი, ნათელღებულისთვისაც და ნებაყოფლობითად უსახლკაროსთვისაც (ანუ კულტურას გადაბიჯებულისთვისაც) ეს სულერთია…   

. . .

სიყვარულის სცენის შემდეგ ჯეიქი ეუბნება სთარს – მამამ მასწავლა მგელივით ყმუილიო, მაგრამ ჩვენს არემარეში მგლები პრინციპში არ იყოო. სთარი პასუხობს – „გამოდის, რომ შენ ერთადერთი მგელი იყავიო”. კი ჯეიქი ტრამალის მგელია, ანუ კაპიტალისტური სამყაროს აღზრდილ/დაკვალიანებული ინდივიდის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. კაპიტალიზმის უპირატესობა ძლიერი ინდივიდის გაფორმებაა და კაპიტალისტურ სივრცეში ძლიერ ადამიანებს ძალუძთ ერთობა, მხოლოდ ასეთები ქმნიან კაპიტალისტურ საზოგადოებას, დანარჩენი კი, საკუთარ ყრუ-მუნჯ თავზე და ახლობლებზე დაქიჩმაჩებულ დისტროფიკთა თავშეყრაა მხოლოდ (ქართული “საზოგადოება” J ). და რაც უმთავრესი და უზოგადესია ამ მოვლენაში – მხოლოდ ასეთ ძლიერ საზოგადოებაში იბადება მოძრაობა, რომელსაც საკუთარი თავის საბოლოო გადაძლევა სურს – როგორც ჰესესთან „მძივით თამაში“ – ბოლო ნაბიჯი მზესთან გაერთიანების. აქ ნიცშეს სიტყვებიც მახსენდება: არაფერი მინახავს უფრო ლამაზი ცხოვრებაში ვიდრე – ერთხელ, სისხამ დილით, ჯარისკაცთა სიმღერით სვლა ამომავალი მზის მიმართულებით!

ჰოლდერლინის: „როდესაც განსაცდელს სრული დაღუპვისკენ მივყავართ – სრულფასოვანი გადარჩენაც სწორედ იქვეაორგანულად ესაბამება ფილმში  გაჟღერებული სიმღერის სიტყვებს  – “We found love in a hopeless place”…

ზოგადად სამყაროში არანაირი დაღუპვა, დრამა/ტრაგედიის თვალსაზრისით, არ არსებობს. ის, რაც იღუპება ადამიანის ცნობიერებაში პარადიგმებია, კრიზისის გამო, და აქ, მართლაც იბადება გადარჩენაახალის სახით. ასეა ამ ფილმშიცმნახველს ეჩვენება, რომ, რასაც ხედავს ეს დასასრულის დასაწყისიც აღარაა, პირდაპირ დასასრულიაის უზნეობის, უდისციპლინობის, ნატიფი ორიენტირებისდა მაღალი მიზნების დაკარგვის აშკარა მოწმეა. ამ დროს კი ჩვენ, ახალი ადამიანის მშობიარობის სცენას და დეტალებს ვხედავთ, თუ როგორ იბადება გადარჩენა, ანუ მომავალი

. . .

მიკრო ავტობუსის მგზავრების მეტყველების ფორმა უდიდეს სიფრთხილეს იჩენს სახელდებების მიმართ, ისინი ფრთხილობენ, რახან არაცნობიერად ესმით – სახელდებები არსებობის ფორმის დეტერმინებული თამაშების წინაპირობაა და მათ ასევე ტოტალიტარული დამონების ბუნება აქვთ. ამისგან განსხვავებით კი, ის, ვინც ყოფიერობს – წყლებად და ქარადაა ქცეული.

საუბართან სიფრთხილის უცხადესი მაგალითი, გასაკვირია, მაგრამ  ახალგაზრდათა მიერ ვერბალურ კომუნიკაციაში ორი სიტყვის – „ფაქი” და „სორი” (fuck / sorry)- აქტიური ხმარებაა. ეს ორი სიტყვა მათ მეტყველებაში ფუნდამენტურ სეგმენტებად არიან წარმოდგენილი და უდიდესი დატვირთვით მედიირებენ კომუნიკაციას: 1. საჭირო დაკვალიანებას უკეთებენ თავად მოლაპარაკე სუბიექტის ცნობიერს გარემოებებთან და სიტუაციასთან მიმართებაში 2. აკონტროლებენ ურთიერთობის ეთიკას 3. აძლევენ გამოსათქმელ მასალას (აღმნიშვნელთა რიგებს და მათში ჩაწერილ ფასეულობებს) ზემოქმედების ძალის მიზანდასახულ მიმართულებას.

სიტყვა „ფაქ” (fuck) პრაქტიკულად ყველა ფაქტის, შეფასების, ან მახასიათებლის წინ (ან ბოლოში) დგას, რომლებსაც მოცულობით/ექსპრესიული ხასიათი და ადამიანზე შესაძლო ძლიერი ზემოქმედების მუხტი გააჩნია. თანაც სულერთია, ეს ძალები ნეგატიურ თუ პოზიტიურ ზეგავლენაში იჩენენ თავს. ანუ, „ფაქ“ იხმარება, როცა შესაძლოა ფაქტი, ან მოვლენა, აგრესიული, შემლახავი, დამთრუნავი ან დამაკაბალებელ/მომნუსხავი იყოს და ადამიანს განყენებულ/სუვერენული თვითშეგნება შეურყიოს.  ასეთი ფაქტის წინ (ან შემდგომ) იხმარება სიტყვა „ფაქ”. რატომ ხდება ეს? სიტყვა „ფაქი” მიუთითებს პიროვნების გაცნობიერებულ დამოკიდებულებზე იმასთან, რაც ითქმის და ზოგადად სამყაროს ხიბლებზე და მის ემოციურ ფაქტორებზე დამოკიდებულების უარყოფის ვერბალურ ნიშანს წარმოადგენს – ანუ ფიგურალურად რომ ვთქვათ – ეს სიტყვა (ფაქ) ადამიანის სუვერენობის ფარია! – უნივერსალური კომუნიკაციის ამორტიზატორი/„ბუფერი“. ის აჩენს სივრცეს მის მომხმარებელსა და ენის ყოველგვარ, ზეემოციური მუხტის მატარებელ აღმნიშვნელს შორის, რითიც, წინდახედულად ათავისუფლებს მეტყველების სუბიექტს აღმნიშვნელთა ილუზორულ ტერიტორიაზე მათდამი ემოციური ანგაჟირებულობისაგან. ანუ თინების ენაზე რომ გამოვთქვათ – „ტიპი ქულ არის”, მას გარემოებებზე და ფაქტებზე განყენება და კონტროლი აქვს. „ფაქარის მიჯაჭვულობა/ჩათრევის უნივერსალური გამაუქმებელი – ანუუნივერსალური ზენეიტრალიტეტის აგენტიყოველდღიურ ვერბალურ კომუნიკაციაში

„ფაქი” განყენება, ზე-ყოფნის ჩანერგვის საშუალებაა კონკრეტულ სიტუაციაში და დროის ყველა მონაკვეთში, როცა ადამიანს გარდუვალად უხდება სამყაროსთან ურთიერთობა და სამყარო რაიმე ხრიკით ცდილობს მის ჩათრევას საკუთარ ილუზიაში (მაიაში).

ფილმის ერთ-ერთ კადრში მომღერალი რეპავს: „წუნკალი ძუკნები ერთადერთია, რაც მიყვარს” – ეს ღირებულებათა ტოტალიტარული აპარატის მიმართ პროტესტია და მათ მიღმა ყოფნის თავისუფლება…

ზოგადად – ჭუჭყიანი გამოთქმების (durty speech) ენაში ჩაქსოვა, ამ ახალგაზრდათა ენობრივ სისტემაში ანეიტრალებს სექსუალურ/ვნებითი ძალადობის მუხტს. ამ მუხტის ვერბალურ სივრცეში გადმოყვანა (ლაკანისეულად ფარული ძალების ვერბალიზაცია) და მისთვის რაციონალურ/ენობრივი ფორმის მიცემა, აჩენს ამ საშიში მუხტის განზავების შანსს. (საქართველოში მოზარდი ბიჭების ნერწყვის გაუთავებელი პურჭყება ქუჩაში – სექსის დროს გათავების და პენისიდან სპერმის გამოსროლის იმიტაციური მოდელია, რომელიც გარკვეულ კმაყოფილებას სძენს ლტოლვით დაზაფრულ ახალგაზრდას და უნეიტრალებს ჟინს, რითიც შვებას გრძნობს.)

სწორედ ეს არის ამ მომავლის აგენტების, ამ ჟივილ-ხივილა ბიჭების და გოგონების, ჭუჭყიანი ენის ფუნქცია. მათ ენაში, მათში არაცნობიერად მობოდიალე ლიბიდოს კანალიზაცია ხდება კულტურულ/ენობრივში. თუ ლიბიდოს ენერგია ოდესღაც ბრმა ინსტინქტით იყო მართული და დამანგრეველ აგრესიულობაში იჩენდა თავს  გარემოს მიმართ, ასეთი გზით ცნობიერ სივრცეში მოხვედრილი და ამ სუბლიმაციით ენერგია გამოცლილი, ახლა მოხელთებადი და კონტროლის ქვეშ მოქცევადი ხდება.

ჭუჭყიან ენას ყველა კონკრეტულ გარემოებრივ სიტუაციაში განსხვავებული დატვირთვა გააჩნია.

ქართული მოვლენის, „ძველი ბიჭების“ შემთხვევაში, ჭუჭყიანი ენა – ეს ენის მეშვეობით ძალადობის ტერორის ფაქტია. ქურდულ სლენგში კი ჭუჭყიანი ენა პარტიულობის ნიშანია, თანამოაზრის იდენტიფიცირების. ასეთი განსხვავებულია ერთი და იგივე აგენტის (ამ შემთხვევაში „ჭუჭყიანი ენის“ ხმარების შინაარსი!

ვერბალიზაცია (არაცნობიერში არსებული ჟინის მუხტის კულტურულ ტერიტორიაზე შემოტანა/განეიტრალება) პროცედურაა – რომელიც იმას მოემსახურება, რის სამსახურშიც ჩააყენებს ამ პროცედურას სუბიექტის ფსიქიური აუცილებლობა.

ჩვენი ფილმის რეალობაში „ჭუჭყიანი ენა” ემპათიის სამსახურში დგას და ფიზიკურ/ირაციონალურ ინსტინქტებს ენის სიცარიელეში ამსუბუქებს და ანიავებს…

ფილმის გმირი, სთარი, პატარა დაძმას სუპერმარკეტში წასვლას და ლიმონათის ყიდვას სთავაზობს, რადგან მიკროავტობუსის ბინადართა გაცნობა სურს, რომლებიც ესესაა სუპერმარკეტში შეცვივდნენ. ბავშვები ეკითხებიან:

აბა რომ გვეუბნებოდი ფული არა გვაქვსო?

სთარი ჩვენთვის უცნაურ პასუხს სცემს ბავშვებს, ცხადია ფულთან კავშირში:

  • სუპერმარკეტთან ბოლო მანქანამ რომ ჩაიარა, იქ პედოფილები ისხდნენ...

ბავშვები რეაქცია ჩვენთვის კიდევ უფრო საოცარია ისინი სიხარულის კიჟინას მორთავენ. მერე კი, უკვე მარკეტში, ბედნიერად კივიან: პედოფილები, პედოფილები

ასეა, ბავშვებს და პედოფილებს თავისი, ჩვენთვის სრულიად უცხო და გაუგებარი სივრცე აქვთ და მშვენივრად უგებენ ერთმანეთს – საზოგადოებისღრმადა ძალადობრივი მზრუნველობის მიღმა.

ღრმად პრივატულ მოვლენებს თავისი, საკუთარი დინამიკა აქვთ, საკუთარი ლოგიკით და მორალით, და ამ პრივატულ სივრცეებში, საზოგადოების თანაცხოვრებას რაც უხდება და ის მორალი, რომელიც ამ საზოგადოების კეთილდღეობის მსახურებისთვის გაფორმდა, არანაირად არ არის სამართლიანობის მატარებელი. პირიქით, საზოგადოებრივი წესწყობა ყოფიერების რთულ ქსოვილს და  ბილიკებს შლის და ბანალურ აბრას ადგამს ზემოდან ყველაფერს.

                                                   …

ამ ახალ სამყაროში ცნებები – სექსი, სიყვარული, მეგობრობა, სიწმინდე და ა.შ. ახალი/სხვა გამოწვევების წინ დადგა და ახალი/სხვა ემოციებით შეივსო, რამაც სამყაროს, ცხოვრებას, არსებობას ემოციური რესტავრაცია გაუკეთა და… უნდა ვიცოდეთ – მხოლოდ ასეთი, ენერგობირთვის მატარებელი, სიცოცხლე იწყებს წინ ყურებას, მომავლისკენ და არა დათრგუნული დაიარება ცხედარმოკიდებული ზურგზე (ნიცშე „ზარატუსტრა“).

ამ ფილმის უკანა პლანზე განთავსებულმა ახალ მოსულმა გენერაციამ, უკვე გენის დონეზე იცის ის დელიკატური ზღვარი, რომელიც გადის თამაშსა და აგრესიას შორის, სიყვარულსა და „მარადიულ ღირებულებათა ტყუილს“ შორის, აფასებს და უყვარს „სივრცე/დისტანცია ადამიანებს შორის“, რომელიც აუცილებელია პიროვნებისა და ინდივიდის გასაფორმებლად და მერე მათი ავტონომიის დასაცავად. ამ მომავალში შებიჯებულებს არ უყვართ ავტორიტეტები. მათ ესმით, რა არის თანაცხოვრების სტრუქტურის არსი და როგორ უნდა შეინარჩუნონ მისი სიცოცხლისუნარიანობა პირადი ინიციატივითა და შემოქმედებითი ინტერპრეტაციით.

„ამერიკის გადახსნილობა” – უწყვეტი შანსია გასვლით/გადალახვითი მოძრაობის, რომელიც ყველა ადამიანს ერთ, გ ა დ ა ხ ს ნ ი ლ ო ბ ი ს ვექტორზე ამოძრავებს ყველას თავისებურად და თავისი შესაძლებლობების შესაბამისად. ამ შანსში და ამ გადახსნილში მყოფნი ერთმანეთს სრულ პატივს სცემენ – როგორც ამ მოძრაობის შემადგენელს. ეს არის დღეს უაქტუალურესი კულტურაში – მისი გაცნობიერებულად ტ რ ა ნ ზ ი ტ უ ლ ი სახე. ისტორიის ტკივილი(დან)თ გაფორმებული „ტრანსცენდენტულში შეწოვილი ცნობიერება“ ადამიანებს სრულიად დემოკრატირულს ხდის, რახან პირადი ვნებების სამყარო ამ დიდ მოძრაობასთან თანხვედრაში მხოლოდ თამაშად იქცევა (რა სოდომი და რა გომორი?)

ისტორიულგრძე მარათონშიარსებული ყველა ტიპის ტექსტი, მხოლოდ ამ ერთი შედეგ დადგომას ემსახურებოდა უცნობი, აბსტრაქტული შანსისთვის ცნობიერების გახნილ მზადყოფნას, ანუ დროის ყველა უმცირეს მონაკვეთში, გარშემო უკლებლივ ყველაფრის სიაშკარავის მიმართ დაკვირვებულ ვალდებულებრივ ყურადღებას – როგორც ადამიანის უზენაესაქგანხორციელებას. ანუ საზოგადოებრივის და კულტურულის მიღმა – წმინდა ყოფიერებაში შებიჯების ნაბიჯებს.

სკანდინავებმა როგორც კი სიუხვე/სიმდიდრეს მიაღწიეს „ბედნიერი რუტინისკენ“ აიღეს გეზი (კაპიტალიზმ-სოციალიზმი), ამერიკამ კი სიუხვის გამო ჭრილობა არ დათმო, პირიქით გააღრმავა, რითაც ადამიანებს კიდევ უფრო მძაფრი შანსი შეუქმნა გადახსნილში არსებობის, სიშიშვლით ყოფიერებასთან თამაშის შანსი – რაც არის მწარე ტკბილი სიმკვრივე გადახსნილობის სისავსის – ანუ   „ამერიკული თაფლი“.

ამ პატარა მიკროავტობუსის სივრცეში მყოფი სულები, რაიმე ეთნიკური ან გენდერული ნიშნის მიღმა ყოფიერობენ და დღეს და ახლა (ამ ფილმის რეალობაში) იმ სიცარიელეში არიან ჩაძირული, რომელიც, ყველაზე დელიკატური და სიღრმობრივ/ყოფიერი მოძრაობით, სწორედ კულტურამ შექმნა, ყველაზე კეთილშობილი – საკუთარი თავის უარყოფა/გადაძლევის მოძრაობაში. ის, რამაც ამ მიკროავტობუსში დაიმკვიდრა ადგილი, მოკლედ, ასე ხასიათდება:  აგრესია გაუქმებულ ცნობიერებაში, ღირებულებრივი სიცარიელის შვება და სუნთქვა“, ემპათიით ამოვსებულ გარემოში

აქ ამ ახალგაზრდათა ცნობიერებაში „სიშიშვლის სიტიტვლე“ გაუქმებულია! ისევე როგორც „ჭუჭყიანი ენა“, სიშიშვლე, აქ ფსიქიკის ჰიგიენას ემსახურება – რომელსაც პირობითობების ჭუჭყით (სიშიშვლე მკრეხელობაა) დატვირთული, მექანიკური ფორმა უქრება.

ეს ახალგაზრდები ბოლომდე იცნობენ საკუთარ სხეულს (სექსუალური რევოლუციის უდიდესი შედეგი!), სხეულთან მათ თან არანაირი გაუცხოება არა აქვთ. იციან, თუ რა უნდა მოსთხოვონ მას (სხეულს), რას ითხოვს იგი და რა პოტენცია აქვს მას სამყაროს შეცნობის ნება-ჟინის მოძრაობაში. ამიტომ, იციან და მათ შესაძლებლობებშია, სხეულის მეშვეობით გაამრავლონ სასიცოცხლო ძალები ისე, რომ არ გადაამეტონ სხეულის როლი, არ დააჩაგვრინონ სულიერი მოძრაობა და ასევე პირიქით სულიერებამ არ დაახრჩოს ვიტალურობის ნაკადი! სხეულის ტონიზირება, ვიტალიზება, ტრანკვილირება, მარგინალიზება, ნიველირება – თუ ამას ყველაფერს ადამიანი ახერხებს და ფლობს მას სულიერ დისციპლინებში ოსტატს ეძახიან. მოკლედ აქ მოხსნილია ფაშიზმის საშიშროება, რომელიც რაიხის კონცეფციის მიხედვით ეროტიულ/სექსუალურის მუხტის (ლიბიდოს) დაბლოკვას მოსდევს. ამ ფილმის გმირები ჰანეკეს „თეთრი ბაფთის” გმირების სრული ანტიპოდებია:  მიკროავტობუსით მოგზაურები სასიცოცხლო ენერგიებით სავსე და ემპათიის პრინციპით მოარსებე ადამიანები არიან, ჰანეკეს ფილმის სოფლის მოსახლეები კი ლიბიდოგამოცლილი კულტურული ნორმების მონა/ზომბები, რომელთაგან ზოგი განწირულად ცდილობს ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევას და სასიცოცხლო ძალებთან ზიარებას (ინცესტის საშუალებითაც კი)!

თვითფსიქოანალიზი და ტრავმის ვერბალიზაცია აქ, ამ პატარა საზოგადოების წარმომადგენლებში (და ახალი ადამიანისთვის ზოგადად) პროცედურული ნორმაა – ახალგაზრდები თავის ტრავმა/ვნება/პრობლემებს შეგნებულად უკეთებენ სუბლიმაციას, სახელდებად ქცევას, გადაბარებას. ამაში, მათ უზარმაზარ დახმარებას უწევს იმ ულევი იმიჯებ/არქეტიპების გალერეა, რომელიც კულტურამ კომიქსების, კარტუნების, ფილმების სუპერგმირების სახეებით შექმნა. მიკროავტობუსში ერთ-ერთი გოგონა ეუბნება სთარს, თუ როგორ გადააბარა თავისი უარყოფითი ემოციები კომიქსის ერთ-ერთ გმირს, დარს ვეიდერს.

მათი „ჯობის“ ტიპიც დიდი დახმარებაა საზოგადოებრივ ფასეულობათა გადაფასების, შეკიდების, დესტაბილიზაციისა და დეკონსტრუქციისთვის. ჟურნალების გამომწერებს, ეს ჭინკა-ანგელოზები, ათასერთ მოგონილ მითს უყვებიან საკუთარ თავზე და მათ, როგორც ჟურნალის გამყიდველთა, მისიაზე, რომ სწორედ დადგენილი ფასეულობების მიმართ მონურმა ერთგულებამ წამოაგოს ანკესზე მყიდველი და გამოაწერინოს ჟურნალი.  ასე იქცევა ფიქციურ თამაშად ყველა ის გრანდიოზული ღირებულებები, რომლებზეც დგას ტრადიციული საზოგადოება. ასეთ დამოკიდებულებაში და ასეთ თამაშებში ყველაფერი ქარსაა გატანებული – ავღანეთში დაღუპული მამა, ვეტერანთა კლუბი, ქველმოქმედთა ასოციაცია და ა.შ. და ა.შ. ასე გააქარწყალა ტარანტინომ ომში დაღუპული მამის რელიკვიის ღირებულება „ფალფ ფიქშენში“ – როცა დაღუპული მეომრის თანამებრძოლს დაღუპულისგან მისთვის დატოვებული საათის ტრაკში ტარება მოუწია, რომ ეს „წმინდა“ რელიკვია დაღუპული მეგობრის ბავშვისთვის მოწიწებით ჩაებარებინა (და სწორედ ამ ღირებულებამ გააჩანაგა ბავშვის ფაქიზი ფსიქიკა სამუდამოდ…).

ფილმში, ამ უბრალო გოგო-ბიჭებს ჯერ მაღლივი სახლები და მატარებლის მრავალხაზიანი ლიანდაგებიც კი არ უნახიათ, მათთვის კანზასი დიდი და საოცარი ქალაქია. მაგრამ მედია და ინტერნეტი მათ  ცნობიერებას უკვე სრულყოფილად მისწვდა და სრულყოფილად გააფორმა სამომავლო გადახსნილ/მოულოდნელი შესაძლებლობებისთვის. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როცა ელონ მასკის დაგეგმილი ინტერნეტის მსოფლიო ქსელი ამუშავდება. ესაა მომავალი…

. . .

მაგრამ მოდით ცოტა ხნით, ისევ იმ ქათამს დავუბრუნდეთ ფილმის დასაწყისში, რომელსაც ძაღლებიც კი არ ეკარებიან და როგორც ბავშვი აცხადებს კვერცხები (ანუ მომავალი) არ აქვს. ცელოფანში შეფუთული და ქალაქის სანაგვეზე გადაგდებული ეს ქათამი შეიძლება დავინახოთ იმ რუბიკონად, ისტორიასა და „უცნობ მომავალს“ შორის, რომელსაც ლახავს ფილმში უკანა პლანზე განლაგებული ფენომენი – მიკროავტობუსის იასონები

ეს ლატექსის მოყვარული პორნომოდელის მსგავსად ცელოფანში გამოწკეპილი ქათამი, სამყაროს სტერილურ/სულგამოცლილი და ლაპლაპა მოხმარების სიმბოლოა, ანუ ისეთი სამყაროსი, რომელსაც ჩამთავრების დრო დაუდგა და ადამიანების მომავლისკენ ლტოლვის მქონე ფსიქოლოგიამ უკვე უკან მოიტოვა.

ანუ, ასეთი უკან მოტოვება უკვე მოხდა, იმ განახლებულ ადამიანში, რომელსაც წარმოადგენს ამ ფილმის მთავარი გმირი და ახალგაზრდათა ჯგუფი მიკროავტობუსში. სწორედ ამიტომ, როდესაც სთარი ნაგავში აღმოჩენილ სიმბოლოს ფრთხილად გადასცემს ხელიდან ხელში თავის უმცროს ძმას, ანუ კიდევ უფრო შორეული მომავლის წარმომადგენელ ადამიანს, ეს შორეული მომავლის ადამიანი ამ „რელიკვია/რელიქტს“ ხელშიც კი ვერ იჭერს – ძირს უვარდება. პატარა ძმიკოს, ინტუიციურ/ინსტინქტური ზიზღი აქვს წარსულის ასეთი ორგანიზაციის. ეს მიუღებლობა, ამ რელიკვიის ჩანგლით უმოწყალოდ ჩიჩქნის სცენაში გამოიხატება, როცა ჩაცელოფანებული ქათმის მოგუდულ/ჩაპრესილი არსებობის ფორმა/სხეულიდან, ჩიჩქნის შედეგად, ღმერთმა უწყის, რა საძაგლობას ასხამს და გადმოედინება.

ამასთან კავშირში შეიძლება ითქვას – დასავლეთმა, თავისი ცივილიზაციის უმაღლეს და ბოლო სტადიის დასაწყისში (მე-19-ე საუკუნის ბოლო) საგანზე, ანუ ობიექტზე, ანუ ადამიანისთვის გარემოში ყველაზე დიდ ისტორიულ ხიბლზე და მის კვლევა-მოხმარებაზე დადო ფსონი. გაამრავლა საგნები, დახვეწა, გაიადვილა მათი წარმოება და… საგნების ეს ხიბლი ერთი საუკუნის განმავლობაში გადალახა – სიმულაკრად აქცია, გააუფასურა, ინფორმაციის შემადგენელი ერთეული გახადა. ახლა კი, ობიექტისგან გამოთავისუფლებული (მოხმარებისგან და მოხმარების პრესტიჟისგან) ცდილობს საკუთარი სხეულის, ამ ბიოლოგიური ციხის საკნის გადაძლევას და ვირტუალობის წმინდა ტრანსცენდენციაში დაფუძნებას. ასეთი გრანდიოზული ნაბიჯი, გრანდიოზულ ცვლილებებს ითხოვს ადამიანის ფსიქოლოგია/ფსიქიკაში – ჩვენი კულტურის ყველა დროებითი ღირებულებრივი ზედნაშენის გაუქმებას. ამ გაუქმებაზე და მის შედეგად გამოსუფთავებულ ტერიტორიებზე ლაპარაკობს ეს ფილმი თავის ესენციურ ნაწილში – „მუნჯ გზავნილში“.

ჩვენი ჩვეული აღთქმით და გარემოება/მოვლენათა ჩვეული განვითარების ლოგიკიდან გამომდინარე, ფილმის ყურებისას მაყურებელი განუწყვეტლივ აგრესიის მოლოდინში იმყოფება: ან თინებმა უნდა „გარეკონ” რაღაც მომენტში და ერთმანეთის მიმართ სიძულვილი და ღვარძლი გამოიჩინონ (თინებისთვის ასე ჩვეული), ან გაპიწკინებულ კოვბოებად გამოწყობილმა სამმა მამაკაცებმა უნდა გადმოყაროს დორბლები და სურნელის შესაყნოსად სახლში შეტყუებულ ვარდის კოკორს დაეძგერონ (სთარს), ან ნავთობის ჭაბურღილის მუშამ რაიმე პერვერსია ჩაუტაროს ფილმის გმირ სთარს. მაგრამ ხიჩკოკის იმ ცნობილი ფილმის არ იყოს, რომელშიც მაყურებელი სულ ელის, რომ დანაშაული უნდა მოხდეს და ბოლოს არაფერიც არ ხდება, აქაც რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი: ჩვენთვის ჯერ მიუწვდომელ და ძნელად აღსაქმელ, ახლებურ „ადამიანურობას“ დაუსადგურებია. ეს ადამიანობა არც ჯეიქს ესმის — ვერც ის იგებს, რომ სამყარო შეიცვალა (ის ხომ განძს განდგომილი ცხოვრების იდეის განსახორციელებლად აგროვებს, რადგან სამყარო ისევ უტყუარად „ცუდი“ ჰგონია და მომავალს ვერ ხედავს).

ფილმის ფონზე ნაჩვენები პროდუქტიული ვიტალობა/ქაოსი შესაძლებელობას მხოლოდ და მხოლოდ ემპათია იძლევა, როცა ის განმსაზღვრელ დომინანტას წარმოადგენს ფსიქიკაში!

სთარი არასოდეს ერიდება სიტუაციებს, პირიქით – გამომცდელი მოძრაობით სულ „ხიფათისკენ“ მიემართება, მაგრამ არა თავგადასავლის ძიების მიზნით: ის ახალი დროის სქაუთია და თავისი   ნ დ ო ბ ი თ ხარისხზე უწყობს გამოცდას დროის კონკრეტულ მომენტს:  მიაღწია საბოლოოდ ადმიანურმა გარემომ ერთიანის განცდას და ემპათიას თუ არა! სთარი არც გარემოს კრიტიკოსია, არც ანალიტიკოსი, არც უფლებათა დამცველი – ის სამყაროში გადახსნილს აფასებს და გარშემო ხალხს ამ უპირობოსთან მიმართებაში ხარისხზე ტესტავს თავისი ნდობითა და მიმღებლობით. ერთადერთი ადამიანი, რომლის მიმართაც ფილმში სთარის სრული უნდობლობა იგრძნობა და რეალური ანტაგონიზმი იგრძნობა, ესაა კრისტელი – რომელიც ყოელგვარ უშუალობას მოკლებული და საკუთარ თავში ადამიანური ბუნების ყურის გდების უნარდაკარგული, გადარჩენა/დაფუძნების მანქანაა, ფემინიზმისთვის ნაღალატები კაცური ფსიქიკით.

სთარის სასიყვარულო სცენები ჯეიქთან საკმაოდ ტრივიალურია და ვერ ვიტყვი, რომ ფილმს ძალიან ეხმარება, არც ამ სცენების სიუჟეტური მომზადება და არც გარემოებებია ძალიან შთამბეჭდავი, ამიტომ მათი აღწერა არ ღირს.

აი სთარის „სექსის სცენა“ მენავთობე მუშასთან კი ერთ-ერთი ყველაზე ნატიფი და უჰუმანურესი ემოციონალური მიზანსცენაა, რაც კი ოდესმე კინოს სამყაროში მინახავს. კაცი, აქ მხოლოდ გოგონას არსობრივ სილამაზესა და ფენომენს ელტვის და ეთაყვანება და არც მოპარვით, არც მოტყუებით და არც ყიდვით, არაფრის წაღება არ უნდა მისგან. იგი სთარს დიდ თანხას მხოლოდ იმაში უხდის, რომ მის წინაშე თავად გამოავლინოს/გააშიშვლოს თავისი ტკივილით სავსე ვნებიანი ბუნება (რომელიც ადამიანში დიდი და დამთრგუნავი ტვირთია). ანუ ეს კაცი ფულს იმაში გაიღებს, რომ  სთარი მოწმე უნდა გახადოს ადამიანში ინსტინქტის არსებობის დ რ ა მ ი ს ! – რის სოდომი, რა გომორი? რა მრუშობა, რა ბოზობა? – ეს სცენა უწმინდესი მისტერიაა ხორცში გახვეული სულების დრამის! ქრისტე ამ სცენისთვის ორივე მსახიობს დაუჩოქებდა (და სცენარისტ/რეჟისორსაც)! ამ სცენით უნდა ასწავლიდნენ დღეს ქრისტეს ნამდვილი მიმდევრები ადამიანობასა და სიყვარულს. მე კი პირადად, იუმორით გეტყვით – ასე ნიჭიერად, ამაღლებულად და ჰუმანურად დახარჯული ფული პირველად ვნახე.

სთარი, ბუნების განახლებული ცდუნებაა, ის იკვლევს ახალ გარემოს, რომელიც მის უბიწო სულ/ვნებას დახვდა როგორც სამყაროში საწყისი მოცემულობა.

სოციალური პრობლემატიკა – არასამართლიანობის, სიდუხჭირისა და განწირულობის „კატასტროფის” მიმართ პროტესტი, ფილმში რეფლექტირებულია, მაგრამ ამ პროტესტის ნიშანწყალიც არ იგრძნობა ფილმში ნაჩვენები ახალგაზრდების ცნობიერებაში! – იქ, სადაც გადახსნილისკენაა დინამიკა და თუ გადახსნილში ივრცობა შენი ეგზისტენცია, სოციალურ პრობლემას ვიტალურობა – არაკონკრეტული მიზნისკენ გადახსნილ შესაძლებლობებს კი ქმნის გარემოება, როცა შენ შეგიძლია აგრესიის და შიშის გარეშე გამოსცადო სამყარო. სწორედ ეს შესძლებლობა ეძლევა ახალ, „დინამიკურ უბიწობას” სთარის სახით (ისტორიულად, უ ბ ი წ ო ბ ა, „მძინარე მზეთუნახავის“ თვითკმარ/სტატიკურ სტატუსს ერქვა).

იმას კი, რასაც აცდუნებს და ტესტავს ადამიანის ეროსის აგენტი ფილმში,  სთარი – ემპათიის ველი ჰქვია.

უნდა დაიბადოს ქაოსი, რომ დაიბადოს მოცეკვავე ვარსკვლავი (ნიცშე). რასაც ფილმში ვხედავთ ეს ურთიერთაქტიური ქაოსია, რომელშიც სხეულის ნაწილები ერთმანეთს არ ტკენენ, არ ვნებენ და არ ღალატობენ (როგორც ნაწილაკები კვანტური მექანიკის ქაოსში). ამ გადარეულ/აღზნებულ პატარა ლეკვებში, უკლებლივ ყველაში იგრძნობა უცნაური შინაგანი მოწიწება ერთმანეთის მიმართ. ესაა დასავლური ცივილიზაციის ათასწლეულების კულტურის უკვე გადახაშულ/ჩარჩენილი ესენციური შედეგი, რაც – ახალი ადამიანის თვისებაა. ესაა ახალი ქაოსი ტიპი (კოსმიური ქაოსისგან განსხვავებით), რომელისთვისაც სეგმენტთა შეჯახებიდან გამოყოფილი ენერგია სასიცოცხლო წყაროს და მეტამორფოზათა შესაძლებლობას აღარ წარმოადგენს. სუბელემენტები აქ ემპათიის სივრცეში ფლუქტუირებენ, სრული ვნებითა და ისეთი უსასრულო ო ს ტ ა ტ ო ბ ი თ, რომ ერთმანეთს არასდროს არ ეჯახებიან – სახეზეა „ქაოსი – როგორც მშვიდობიანი დღესასწაული”. ასეთ ქაოსს გარემოში შემოაქვს მხიარულება/ეგზალტაცია და თვითონაც საკუთარ თავს ბოლომდე ირთობს.

ცელოფანში გახვეული ცხოვრების უდრტვინველობას, ენერგიის გამოცლილობისგან სიკვდილი ჰქონდა მისჯილი და ჰიპ-ჰოპის მუსიკამ და შავმა ენერგიამ სულზე მოუსწრო ამ გამჭვირვალე პლასტიკში  გახვეულ და სანაგვეზე გადაგდებულ ჩვენს ქათამს.

ეს ფილმი მხოლოდ და უშუალოდ ადამიანებზეა. უსასრულო ახლო პლანები, პორტრეტები, უამრავი მარტივი დიალოგები, რომ მნახველმა ენის ფაქტურიდან შეძლოს ფილმის ფონის ფსიქიურ ცხოვრებაში შეღწევა. აქ ონტოლოგიურსა და არსებობის მოდუსს შორის უუცნაურესი ბალანსია დამყარებული, უფრო სწორედ ზღვარი გამჭვირვალეა.  მინი-ავტობუსი რაკეტაა, მიწის ახალი ტიპის მაცხოვრებლების მატარებელი: ინდივიდების ერთიანობა, რომელთაც ისტორია აღარ აქვთ მხრებზე აკიდებული და არც მომავალს დაეძებენ. კაცობრიობამ თვითონ შეძლო და საკუთარი თავი მოწყვიტა თავის ბედისწერას, ისტორიას – მათ სიამაყეებს და სიმძიმე/მწუხრებს.

ფილმის დასაწყისში, როცა ჩვენი მთავარი გმირი, ჩვენი „დინამიკური უმწიკლობა“, სთარი, მგზავრობას აპირებს და მანქანებს აჩერებს, მას ჯერ მანქანა ჩაუვლის, რომელსაც აწერია „ღმერთი მოდის“, შემდეგ კი მინი-ავტობუსი გამოჩნდება (ახალი დროის ანგელოზებით) რომლის ფანჯრიდან, გადმოყოფილი შიშველი ტრაკი ჩანს! დედამიწის ამ ახალშობილების ავტობუს-რაკეტიდან გადმოყოფილი ტრაკი იმ უგეგმო მოგზაურობის სიმბოლოა, რომელიც არსაიდან არარაში ხორციელდება. ეს ახალგაზრდები ტრანზიტული არიან ყველა უბანზე – ყიდიან იმას, რაც არ იციან; მიდიან იქ და მათთან, ვისაც არ იცნობენ, ანუ ანონიმურ/პრივატული სახლების მცხოვრებლებთან, როგორც ტუსაღებთან შეხვედრაზე. ამ მოხეტიალეთა დასაქმებისა და ურთიერთობების გრძლივობა არ არის დადგენილი, დაგეგმილი. ნომადურობა  მათი ყოფიერების წესია და ასევე არსებობისაც – ეს ორი ცნება ასე არასდროს ყოფილა დაახლოებული დასავლურ ცნობიერებაში არა ინტენციით, ანუ ნატურალურად!

ამ ახალი ადამიანებისთვის სუპერმარკეტი ისეთივე ნატურალური გარემოა, როგორც სამოთხეში ხილი ხეებზე და ბოსტნეული J. აქ, სუპერმარკეტში, საგანი აბსოლუტურად აღარ დომინირებს ადამიანზე – რადგან საგნის დრო და ეპოქა (მისი ფეტიშიზაცია, მისი თაყვანისცემა) გადაიწურა. საგნის შეცნობა მორგება/მოხმარების დრო ჩამთავრდა. ადამიანმა, ამ ახალ ეპოქაში, საგნები გაათავისუფლა მათი სუბსტანციური ციხიდან და სიმულაკრებად ქცეულები ისინიც თამაშში ჩაებნენ იდეების დონეზე.

ჩვენი გოგონასა და ბიჭის პირველ შეხვედრას ფილმში ბრწყინვალე სიმბოლურ/ღვთაებრივი ნიშანი ნათლავს: ამ ორ ადამიანს შორის  ოქროსფერ/მოვერცხლისფრო სინათლით მბრწყინავი მობილური ჩადგა, როგორც უსაზღვრო და უპირობო კომუნიკაციის შესაძლებლობა… აი ასეთი, ბრდღვიალა სიწმინდე: უსხეულო სულთა და სიმულაკრთა შორის კომუნიკაცია!

„Get it out the mad” (გააძრე ლაფიდან, ტალახიდან) ღიღინებს ჯეიქი პირველი შეხვედრისას… ისტორია და მისი შექმნილი  შედეგ/გარემოებები (ჩვენი რეალობაა), არის ის, საიდანაც სულები უნდა გამოთავისუფლდნენ…

სთარს ჯეიქის შარვალი არ მოსწონს და ასე უხასიათებს — „დონალდ ტრამპიანულიაო“, ანუ ეს შარვალი გადარჩენა დამკვიდრების ცნობიერების გადმონშთის ნიშანია, ტრამპიანული პათოსის. სწორია – ჯეიქი ჯერ კიდევ ის მაჩოა, რომელშიც გადარჩენა/დამკვიდრების ფსიქოლოგია, მსხვერპლის მოტანის ფსიქოლოგით (საკუთარი თავის დაცლა, რომ შენში მომავალმა შემოაბიჯოს) არ ჩანაცვლებულა. J

დასკვნა: ჩვენი ფარეხის მოხმარება ფერარის მარკის ბოლო მოდელს სურს, რომელიც პირდაპირ ფარეხის კარებთან მომდგარი (მომავალი მოგვადგა),  მაგრამ ეს ძალა/ბრწყინვალება ვერ შემოდის ფარეხში, რადგან იქ, ტრაბანის მარკის უმგვანო მანქანა დგას ჯერ კიდევ (ჩვენი აწმყო ცნობიერება, თავის ღირებულებებით)…

ფილმის ფინალისკენ, სთარზე ნაწყენი  და გაქცეული ჯეიქის დაბრუნებაზე (მათ ფილმში კომფლიქტი რამდენჯერმე მოსდით), სთარი პირველად აძლევს უცნაურ რეაგირებას —კადრში ჩვენ მის სერიოზულად შეცბუნებულ სახეს ვხედავთ. მას მხოლოდ ახლა, პირველად, გაუჩნდა იმის ვარაუდი, რომ შესაძლოა მისი ცხოვრება ჯეიქს არა სტიქიურად, არამედ კულტურულად დაუკავშირდეს – ეს პერსპექტივაა სთარის შეცბუნების მიზეზი! სთარს ასეთი პარტნიორობის წადილიც კი ჰქონდა, მაგრამ ჯეიქის, წარსულის ღირებულებებით განსაზღვრულმა  ქმედებებმა მათი კულტურული კავშირის აზრში სთარს დიდი და სერიოზული ეჭვი დაუბადა. სთარის შიშია – ამ კავშირმა შესაძლოა მისი სულის სერფინგი შეწყვეტოს და იგი ისეთ კულტურულ ვალდებულების წინაშე დააყენოს, რომელთა ფასეულობას მისთვის წყალი აქვს შემდგარი. ესაა მისი შეცბუნების  მიზეზი – გონიერი, მომავალს ჩაჭიდებული ეჭვი!

ახალი (ნომადური) ცნობიერების შესაძლებლობები და შანსები გადახსნილია, მაგრამ არა საზოგადოებაში შეღწევის და მასში დამკვიდრების თვალსაზრისით – გახდე წარმატებული პროფესიონალი, მეოჯახე და ჩაეწერო საზოგადოებრივ დინამიკაში. ახალი ცნობიერების მიზანი სულ სხვაა: ყოფიერების ფორმის აღდგენა, ანუსადაც არ უნდა წახვიდე აღარსად იქნები დაკარგული“!

გურჯიევის მიერ სიკვდილის წინ უკონტექსტოდ ნათქვამმა ერთმა სიტყვამ ყველა გააოგნა და სახტად დატოვა: . . .

დღეს გვესმის – ამერიკა წარმატებით სულაც არ ყოფილა შებყრობილი. წარმატება ამერიკის მოძრაობის კონტექსტში, ტრანზიტული ვექტორი გამოდგა (როგორც ყველა სხვა).

მაგრამ ძიების ამერიკული ტიპის დინამიკაში, კიდევ უფრო მთავარი ის არის, რომ ეს ქვეყანა არც კეთილდღეობის იდეით ყოფილა მონუსხული. მან, „სკანდინავიური მოდელივით“, სიუხვე/სიმდიდრე კეთილდღეობაში არ გადაიყვანა, პირიქით, სოციუმში კეთილდღეობის სხვაობა შეგნებულად შეინარჩუნა! რატომ? – იმიტომ, რომ ჭრილობა არ შეიკრას და კანი არ მოიკიდოს! სხვანაირად ჰაერი კანს ხვდება და სისხლს ვერა! — ამერიკის კეთილშობილი შებყრობილობა იმ თავისუფლების დევნაშია, რომელიც აბსურდს შესწირავს თავს უპირობოდ გადახსნილისთვის! და ღმერთმა, ამერიკის ამ ძალისხმევას, პასუხი გასცა – სამყაროში შემოვიდა „ტექნოლოგიური სინგულარობის“ იდეა და მისი პრაქტიკული პერსპექტივა, რომელიც უნივერსალური გონის გადახსნას გვპირდება.

„ამერიკული თაფლის“ შეგროვება, ფუტკრების მიერ ევროპული ყვავილების ნექტრის შეგროვებით დაწყებული და ამერიკის ახალგაშენებულ ბაღების გარეული ყვავილების არომატით გამდიდრებული, ადამიანის სრულყოფილი უკომპრომისო თვითშემეცნების შესაძლებლობის სიტკბო ყოფილა.

ფილმის სათაურში, ამერიკული „თაფლი“ არის ის, რასაც ამერიკა გთავაზობს შენ – თავისუფლებაში დაიბადო, სიშიშვლემ გაგზარდოს და ჭრილობამ სამყაროს ცენტრში დაგაყენოს და გათქმევინოს „მე ვარ ამერიკა“!

კულტურის მთავარი მიზანი ერთი ყოფილა – ინდივიდის გამოცალკევება ერთიანი ცნობიერებიდან და მისი გადაქცევა მსხვერპლის მომტან ფესვმოჭრილ, ქარ- და წყალწაღებულ ყოფიერების მუხტად.

ჯეიქი მათი შერიგების ნიშნად სთარი პატარა „სკანდინავიური მოდელივით“, სიუხვე/სიმდიდრე კეთილდღეობაში არ გადაიყვანა, პირიქით, სოციუმში კეთილდღეობის სხვაობა შეგნებულად შეინარჩუნა! კუს ჩუქნის – ანუ დაცული, ფორთხიალა არსებობის წარსული მოდელის შექმნას სთავაზობს! სთარი კუს წყალში უშვებს (წყალს გაატანს), შემდეგ ჩაყვინთავს, იძირება, და ის, რაც ამოყვინთავს – ადამიანის სრული განახლების პერსპექტივაა.

ღმერთის მიერ სამყაროში ჩაგდებულ და მიტოვებულ ადამიანს ერთი დარჩენია, თავშესაფარი თავისნაირ განწირულ(ში)თან იპოვოს. მაგრამ ეს თავშესაფარი (ადამიანთა თანაცხოვრება) ისტორიულად ნელნელა ფორმდებოდა იმად, რადაც უნდა იქცეს (უკან მოიტოვოს გადარჩენა/დამკვიდრების ფსიქოლოგია, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა მისი კულტურა) – იქცეს იმ სახლად, რომელსაც არა აქვს კედლები, არც საფუძველი ჩაუყარეს და სახურავი როგორღა ექნება…

ფილმის ერთ-ერთ კადრში გვესმის ხმა, რომელიც ამბობს:

„she got a bird brain…“

P.S.

ადამიანი დიდი ტკივილით, მაგრამ განახლდება – განპირობებული ცნობიერების სიმყიფეს და სტატიკას, დეანადობა ჩაანაცვლებს. ის საბოლოოდ და არაუკუქცევადად გააქარწყლებს თავის „არსებობას“ და „ყოფიერებაში“ განიწოვება.

ფუკომ ერთხელ თქვა: მოვა დრო, როდესაც სამყარო გახდება დელეზიანური!
ასეა – ბინარულობა მთავრდება, იწყება ერთიანთან ტოტალური ბაროკო – ცეკვა კანონების გარეშე…