დევოპსი (DevOps) - უმოკლესი გზა ციფრული წარმატებისკენ

რეკლამა

HT Solutions
ციფრული ტრანსფორმაციების დეპარტამენტის დირექტორი ნინო გვაზავა

საერთაშორისო პლატფორმა Amazon-ი დევოპსს კულტურის, პრაქტიკის, გადაწყვეტილებების ერთობლიობას უწოდებს და ამბობს, რომ ის ზრდის ორგანიზაციის უნარს, მაქსიმალურად მოკლე დროში მიაწოდოს საკუთარი სერვისები მომხმარებლებს.

ამ განმარტების მიხედვით, დევოპსის მთავარი საზრუნავი ერთია − მომხმარებლისთვის სერვისების სწრაფად ხელმისაწვდომობა; დევოპსი, როგორც ცნება, მსოფლიო ბაზარზე პირველად 2008 წლისთვის გამოჩნდა და რევოლუცია მოახდინა ციფრული პროდუქტების შექმნაში.

დღეს კომპანიებს, სწორედ დევოპსის დახმარებით, ახალი ციფრული პროდუქტების შექმნა ძალიან სწრაფად შეუძლიათ − ბაზარს ისინი სთავაზობენ ინოვაციურ სერვისს და თუ მოხმარებელი იტყვის, რომ ეს ის არაა, რაც მას სჭირდება, წამებში ანახლებენ არსებული მოთხოვნების შესაბამისად. ანუ დევოპსი ბიზნესს ეხმარება იყოს უფრო მოქნილი (Agile), ჰქონდეს მეტი რისკისა და ექსპერიმენტის შესაძლებლობა, რათა ახლოს იგრძნოს თავი მომხმარებლებთან და მაქსიმალურად დააკმაყოფილოს მათი საჭიროებები.

უნდა ითქვას, რომ ბევრმა კომპანიამ, მათ შორის, Amazon-მა, ასევე Netflix-მა, Etsy-მ, Target-მა, NASA-მ და სხვ., უკვე წარმატებით დანერგა დევოპსი, როგორც საკუთარი საქმიანობის განუყოფელი ნაწილი, რათა გაეუმჯობესებინათ მომხმარებელთა გამოცდილება. მაგალითად, Facebook-ის მობილური აპლიკაცია, რომელიც, ფაქტობრივად, მუდმივად განახლების პროცესშია, ეფექტურად ამცნობს საკუთარ მომხმარებლებს, რომ ის, რაც მათ სურთ, უკვე ხელმისაწვდომია; ამ სურვილში კი მოიაზრება სასიამოვნო გამოცდილება, რომელიც აპლიკაციის გამართულად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე, მუშაობის შედეგია.

ასევე გავიხსენოთ მე-20 საუკუნის წარმოების ორი არაჩვეულებრივი რევოლუცია, როდესაც ჯერ ჰენრი ფორდმა, ხოლო შემდეგ ტოიოტას საწარმოო სისტემის შემქმნელმა, ტაიჩი ონომ, ჩამოაყალიბეს ხედვა და პრინციპები იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ახალი ავტომობილის, დანადგარის ან, თუნდაც, დღეისთვის ყველაზე აქტუალური − ციფრული პროდუქტების − შექმნის პროცესი.

ჰენრი ფორდი იყო პირველი მეწარმე, რომელმაც ავტომობილების აწყობა კონვეიერის პრინციპით დაიწყო, ტოიოტამ კი 60-იანი წლებიდან დაიწყო და დღეისთვის კომპანია ყოველ 16.8 საათში ერთ პრემიუმკლასის მანქანას ამზადებს. Lean მენეჯმენტის ფილოსოფიისა და პრაქტიკების კოდირება უამრავ სფეროს შეეხო. მისი ნაყოფით უკვე სარგებლობენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Nestle, BMW, Amazon-ი, Google-ი, Facebook-ი და სხვ. შედეგად, Amazon-ი ამაყობს, რომ ყოველ 11.6 წამში (დიახ, წამში) საკუთარი აპლიკაციების ახალ ვერსიებს უშვებს, თანაც, ისე, რომ მომხმარებელი ამის შესახებ მხოლოდ მუდმივად მზარდი და განახლებადი ფუნქციონალით იგებს.

Lean რევოლუციამდე პროდუქტების წარმოების საშუალო დრო 6 კვირით განისაზღვრებოდა და 70%-მდე შეკვეთები საჭირო დროზე გაცილებით გვიან მიდიოდა მომხმარებლამდე; რევოლუციის შემდეგ კი წარმოების დრო განახევრდა, ხოლო პროდუქტების 95%-ზე მეტი მომხმარებლებისთვის დროულადაა ხელმისაწვდომი. შედარებისთვის ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ 70-იან წლებში ახალი ტექნოლოგიური ფუნქციის დანერგვასა და ბაზარზე მის გატანას დაახლოებით 5 წელი სჭირდებოდა, დღეისათვის ეს დრო 2 კვირამდეა დასული.

სერვისების უმოკლეს დროში შექმნისა და ხელმისაწვდომობის შედეგი რომ წარმატებული იყოს, გრძელი, თითქოს დაუსრულებელი გზის გავლაა საჭირო, რაც მოიაზრებს შემდეგ ეტაპებს: პროდუქტის იდეას, პირველი ნაბიჯების დაგეგმვას, კოდის დაწერას, პროდუქტზე მუდმივ მუშაობას, მის დატესტვას, მომხმარებლამდე მიწოდებას, სხვადასხვა ფორმით შეთავაზებას, მონიტორინგს. თუმცა ციკლი აქ არ სრულდება და დევოპსი ასევე გულისხმობს მუდმივ უკუკავშირსაც, რათა ვიცოდეთ, თუ რა სურთ მომხმარებლებს და პროდუქტები მათზე მაქსიმალურად მორგებული გავხადოთ.

როგორ ხდება ეს? ტექნიკურად IT დეპარტმანეტში დევოპსის ციკლი ძალიან ჰგავს საწარმოო პროცესში კონვეიერის ჩამატებას. თუ მანამდე საქმე კეთდებოდა ხელით, დევოპსის არსებობით ვასწრაფებთ ამ ციკლს და ახალ ფუქნციონალს გაცილებით უფრო მალე ვუშვებთ ბაზარზე. თუმცა, თავისთავად, დევოპსი მხოლოდ ავტომატიზაიას არ მოიაზრებს, პირველ რიგში, ეს არის ცვლილება IT დეპარტამენტის ცნობიერებაში, ავტომატიზაცია კი უბრალოდ შესაძლებლობაა, რომ სწრაფად დავინახოთ, თუ სად არის პრობლემა და წამებში მოვაგვაროთ ის.

დევოპსი დღეს

დღეისათვის დევოპსი, როგორც მომავლის პროფესია, სჭირდება ყველა იმ ორგანიზაციას, რომლებიც მომხმარებლებისთვის ციფრულ პროდუქტებსა და სერვისებს ქმნიან.

ჩვენმა ახალმა რეალობამ, პანდემიამ, ციფრული ტრანსფორმაცია გარდაუვალი გახადა, ეს პროცესი დააჩქარა და მეტიც, ბიზნესი იძულებული გახდა, უპრეცედენტოდ სწრაფად გადასულიყო ონლაინმომსახურებაზე და პროდუქტი ამ ფორმით შეეთავაზებინა მომხმარებლებისთვის. დევოპსის როლი განსაკუთრებით გაიზარდა, რადგან ის სწორედ მათთვისაა, ვისაც პრეტენზია აქვს გამართული ციფრული პროდუქტების ქონასა და ციფრული სერვისების მაღალ სტანდარტზე.

დღევანდელი მომხმარებელი მიჩვეულია, რომ მომსახურება, რასაც ბიზნესი მას სთავაზობს, უნდა მუშაობდეს ისევე გამართულად და კარგად, როგორც, მაგალითად, Google-ი, Amazon-ი… და არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელ ინდუსტრიაზეა საუბარი, დევოპსი ყველგანაა, იქნება ეს ფინანსური სფერო, გართობა, თამაშები, ჯანდაცვა, სამომხმარებლო პროდუქტებით ვაჭრობა, გადაადგილება და ა.შ.

ამ პროფესიის აქტუალურობაზე საუბრობს ბოლო კვლევები, რომელთა მიხედვითაც, დევოპსის კადრებზე მოთხოვნა საგრძნობლად მატულობს. ბუნებრივიცაა, მომხმარებლის მხრიდან გაიზარდა ინტერესი ციფრულ პროდუქტებზე, შესაბამისად, ბიზნესს სჭირდება რესურსი იმისათვის, რომ ეს პროდუქტები მაქსიმალურად სწრაფად და მაღალი ხარისხით გახდეს ხელმისაწვდომი; დევოპსის ინჟინრები კი სწორედ ამას აკეთებენ.

უნდა ითქვას, რომ მოთხოვნა საქართველოშიც იზრდება, პრაქტიკულად ყველა დეველოპერულ კომპანიას უკვე ჰყავს კადრი, რომელიც აქტიურადაა ჩართული პროცესში. დროთა განმავლობაში მნიშვნელოვანია, მათი რაოდენობა გაიზარდოს და დევოპსის ინჟინრებმა მონაწილეობა სრულ სამუშაო ციკლში მიიღონ.

როგორც უკვე ვახსენე, დევოპსი პირდაპირი შედეგია იმ აღმოჩენების, რაც მეოცე საუკუნის მანქანათმწარმოებლებმა შესაბამის სისტემებსა თუ მეთოდოლოგიებში გადმოსცეს. ის ასევე ერთ-ერთ განშტოებად შეიძლება ჩაითვალის Agile მართვის უახლესი მეთოდოლოგიის თვალსაზრისითაც; ამ ყველაფრის ერთიანად გააზრება და იმის დანახვა, რომ მანქანების, და პრინციპში ზოგადად ყველაფრის, სისტემური წარმოების გამოცდილება აპლიკაციების შექმნის პროცესშიც მეორდება, ვფიქრობ, განსაკუთრებით საინტერესოა.

მომხიბვლელია ისიც, რომ დევოპსის მოძრაობა სულ რაღაც 12-13 წლის წინ შეიქმნა და ის დღესაც ძალიან სწრაფად ევოლუცირებს, შესაბამისად, მუდმივად ტონუსში, სწავლის პროცესში უნდა იყო, თუ ამ სფეროში გრძელვადიანად დარჩენა გაქვს განზრახული.

მუშაობა დევოპსის პროფესიით

ეს პროფესია ორი ურთიერთგამომრიცხავი ინტერესის არსებობას მოიაზრებს − დეველოპერებს სურთ მომხმარებლებთან ცვლილებების მაქსიმალურად სწრაფად მიტანა და უკუკავშირის მიღება; ოპერაციებს კი აქცენტი მაღალ ხარისხსა და სტაბილურობაზე აქვთ. შესაბამისად ნაკლებად ემხრობიან ცვლილებების გატარებას. დევოპსი სწორედ ამ ორ მხარეს აერთიანებს, არსებულ ბარიერებს აქრობს და როგორც ერთიანი ორგანიზმის მუშაობის შესაძლებლობას  იძლევა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დევოპსის პროფესიის ადამიანს ესმის როგორც დეველოპმენტი და კოდის წერა, ისე სისტემური ადმინისტრირების ნაწილი, მათ შორის, ინფრასტრუქტურის მართვა და შეუძლია შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. ასევე ახასიათებს კომუნიკაციის კარგად განვითარებული უნარი, რათა კრიტიკულ სიტუაციაში, ანუ მაშინ, როცა სისტემას ხარვეზი აქვს და ბიზნესი ფულს კარგავს, შეძლოს სწორი პასუხების პოვნა, მათი დაკავშირება ერთმანეთთან და გამოსავლის მიგნება. ამასთანავე, გარკვეულია მენეჯმენტის თანამედროვე მეთოდოლოგიაში და თავსებადია ამ მეთოდოლოგიის რიტმთან.

თუ ერთ დღეს შენც გადაწყვეტ დევოპსის პროფესიით საქმიანობას, პირველ რიგში, საბაზისო დონეზე კოდირება უნდა შეგეძლოს, გარდა ამისა, სასურველია, გქონდეს მინიმალური გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით:

  • კოდის ვერსიების კონტროლის გადაწყვეტილებები
  • აპლიკაციის Build & Package-ის გადაწყვეტილებები
  • მუდმივი ინტეგრაციის ციკლის აგება
  • მონიტორინგი
  • აპლიკაციის ტესტირების პრინციპების დონეზე ცოდნა
  • ღრუბლოვან ტექნოლოგიებთან მუშაობა

ასევე უნდა გქონდეს წარმოდგენა კომპანიის სპეციფიკური მიწოდების ციკლის შესახებ და შეგეძლოს მისი განვითარებისთვის ბაზარზე არსებული გადაწყვეტილებების დადებითი / უარყოფითი მხარეების შეფასება.

დევოპსი, ერთი შეხედვით, ძალიან კომპლექსური ჩანს, თუმცა არ შეგეშინდეს − ეს სწავლის მუდმივი პროცესია და შენი მხრიდან ინტერესის არსებობა ბევრის განსაზღვრელია.

მეტი ინფორმაციისთვის გეტყვი, რომ მსოფლიოში დევოპსის გარშემო სხვადასხვა კონფერენცია ტარდება, რომლებიც ახლა ონლაინაა ხელმისაწვდომი. საინტერესო მასალის გაცნობა Youtube-ის Channel-ებზეც მარტივად შეგიძლია. რაც შეეხება დევოპსით დაინტერესებულ სხვა ადამიანებს, მათ ნახავ Reddit-სა თუ ლინკდინზე.

დევოპსი
მომავლის პროფესია
არ გაჩერდე