ეგებ დავქორწინდეთ და არა „შევრიგდეთ", ან ეკლესიაც მოვიწვიოთ და სამაია გვეცეკვა?!

გია ეძგვერაძე

ეს შ ე რ ი გ ე ბ ა” აბსოლუტური ბათილი პოლიტიკური ფარსია! 

ესენი მართლა ფიქრობენ, რომ საზოგადოებას ქრონიკული სიშტერე სჭირს!?

ვინ უნდა შეარიგონ და ვისთან? – პრორუსული, დერჟავულ-შუასაუკუნოვან იდეოლოგიას მიყიდული ცნობიერება პროდასავლურ ცივილიზაციას და ორიენტაციას? 

აბსურდი! – იგივეა, რომ ვთქვათ, ბინარულობა შევარიგოთ სამყაროში და ეგებ სულაც გავაუქმოთო! ის, რაც საქართველოში პატარა მასშტაბით ხდება დიდ, უზოგადეს განზომილებაში  სამყაროს მამოძრავებელი და წინსვლის ბერკეტია! 

დღეს მსოფლიოში ეს დაპირისპირება – დასავლეთის ჰუმანისტურ დინამიკასა და რუსეთ/რელიგიურ რადიკალთა შორის – თავის პიკზეა. მას აგონიაც კი შეიძლება ეწოდოს. სწორედ ამ დაპირისპირებაში წყდება მომავალი – ეს პათოსით რომ ვთქვათ, თორემ დასავლეთს და ტექნოლოგიების მომტან ახალ რეალობას არაფერი დაუდგება წინ.

ასე რომ, კიდევ ერთ ფუყე, აბსურდულ სპექტაკლს გვიდგამენ (ამაზე მიდის ჩვენი ყურადღება, ფინანსები, ენერგია), თუ რასაკვირველია, პირადად კობახიძე-ბოკერიას შერიგებაზე არაა საუბარი! 

 შერიგების” ყალბი ფაცი-ფუცით არ მგონია დღეს ხალხი გააცუროთ! 

ჩვენ კი (ხალხი) „პოლიტიკოსებს“ მოგიწოდებთ: 

მოეშვათ აჟიტირებული გონების ნაშიერი პოპულიზმის ტირაჟირებას – აღარავის უნდა თქვენი ბრტყელი ჭორ/რიტორიკის ჩიხში გამომწყვდეული ჭორ/დისკურსების, ასევე პრიმიტიული ენისა და შინაარსის მოსმენა! 

მოგიწოდებთ – „შერიგებებით“ კი არ გვასრიალოთ, არამედ: პატივი დაგვდოთ და სულგამოცლილი ჯიბრის, სიჯიუტისა და კაპრიზების რეჟიმს როგორმე გამოეცალოთ ხელიდან! – ეს კი მაშინ მოხდება, თუ შეეცდებით ღრმა და მაღალი ხარისხის მსოფლხედვიდან დაინახოთ კონკრეტიკა, ადამიანის ნაცხოვრები ისტორიის მახინჯი ეპიზოდებისა და ვექტორების გააზრებიდან შეაფასოთ ჩვენი, ადგილობრივ/ლოკალური სიტუაციები; შეეცადეთ უკვე შემობიჯებული მომავლის უფართოესმა სუნთქვამ ჩაანაცვლოს თქვენი ისტერიულ-კონვულსიური ქოშინით ჟანგბადის ხაფვის რეჟიმი.  

თუ ამ რეცეპტით იაზროვნებთ, ნამდვილად შეძლებთ დახურდავება/ჩამოლაბორანტების დაძლევას და შეწყვეტთ – „სააკაშვილმა გააშენა/ბიძინამ ჩაანთხლია“ და „ნაცებმა წარწყმიდეს/ოცნებამ გააბრწყინა“ თუთიყუშიზმს! 

მოკლედ, ახლა ჩვენმა „ექსცენტრულმა“ პრეზიდენტმაც: შერიგდითო! 

ჰოდა  აქ… ყოველთვის გამორჩენაზე ჩასაფრებულმა ჩვენმა ოდიოზურმა ეკლესიამაც გადაწყვიტა ამ „ფეიქზე“ (სიყალბე) ხელის მოთბობა. – ანუ, ინსტიტუციამ, რომელმაც უკვე რამდენჯერ მოგვჭრა თავი მთელი მსოფლიოს წინაშე – ძალადობის აქტების მოწყობით, მუტრუკების დაზრდა/მოქოქვა/დაგეშვით უმცირესობათა წინააღმდეგ, რაც საქართველოს ისტორიაში ძალადობის ერთერთი უსაძაგლესი ეპიზოდის მიზეზი გახდა – ფეხი გამოყო და… ჩვენ ვიქნებით შემრიგებლებიო”!  

ესე იგი,  საქართველოს გადამრჩენელების პოზაში უნდა ეკლესიას ჩადგეს, სოციალური კაპიტალი ამ სიყალბის ხარჯზე მოიხვეჭოს და ნოყიერი დივიდენდები დაიწეროს! –  ვერ გათეთრდების ყორანი, რაც არ უნდა შეარიგოს” შეურიგებელ და გადაბრტყელებულ გონებებს შორის ქიშპი და სიჯიუტე!

ახლა კი მიმართვა თქვენ, საზოგადოებას:

არ გაასულელებინოთ თავი ალიანსში ჩაბმულ ეკლესია/პოლიტიკოსებს, არ დართოთ უფლება კიდევ ერთი ფარისევლობის შანსის! ეს ალიანსი საქართველოს კი არ ემსახურება, არამედ კონკრეტულ კლანურ ინტერესებს, პირად გამორჩენას და თქვენს თავზე მყარად და მუდმივად მოჯდომას ისახავს მიზნად!

შერიგება” თითიდან გამოწოვილი კიდევ ერთი იმბეცილი ფარსია თქვენი ყურადღების გადასატანად თქვენივე ნამდვილი და მტკივნეული პრობლემებიდან. (ხალხი „კოვიდით“ იხოცება, სიღატაკე მოგვადგა კარს და ლამის მიწებწართმეული რუსული პროვინცია ვართ კვლავაც!).

გააცნობიერეთ ეს მათი გაიძვერული ფარსები, სპექტაკლები და შეიჯავრეთ ეს ბრტყელ/პრიმიტიული ბუნება, რომელსაც ცხოვრებაში გინერგავენ ათასი ტაქტიკით და ათასერთი სტრატეგიით პოლიტიკოსები და მგელ/მელია ეკლესია!

არა სპექტაკლს სახელად შერიგება” და ეკლესიის ხელის მოთბობას!