ფიქრები მესიზე

ლევან სებისკვერაძე

არგენტინელი ლაონელ მესის საფეხბურთო კარიერა და მისი მომავალი ბოლო ერთი თვის განმავლობაში მსოფლიოს პრესის ყურადღების ცენტრში იყო და ეს არცაა გასაკვირი. ჩვენ ხომ იმ კაცზე ვსაუბრობთ, რომელმაც სრულად დააკმაყოფილა საფეხბურთო ესთეტების ლამაზი, ლაღი, შემტევი თამაშის ხილვის ოცნება და ყველას გაახსენა ის დრო, როდესაც მწვანე მინდორზე 22 მილიონერის ნაცვლად გამარჯვებებზე დაგეშილი 22 უბრალო გლეხის ბიჭი გამოდიოდა. გამოდიოდნენ და ალალი, განწირული თამაშით იპყრობდნენ ადამიანების გულებს.

ალბათ, რთულად თუ წარმოგვიდგენია მესი კატალონიური გუნდის ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურის გარეშე. იშვიათია ფეხბურთელი, რომლის სახელი ასე სისხლხორცეულად უკავშირდებოდეს ერთი კონკრეტული კლუბის სახელს და ისიიშვიათია, რომ ერთ მაისურში შებერებული მობურთალი 30 წელს ისე გადასცილებოდეს, რომ ეჭვიც კი არ გაეჩინოს მის სხვა კლუბში გადასვლაზე. ანამედროვე ფეხბური, როგორც ანს, მარადიული არაფერია და მესისაც გაუჩნდა სურვილი, თავისი სათქმელი სხვა გუნდში და უფრო მეტიც – სხვა საფეხბურთო ჩემპიონატშეთქვა. საბილოოდ მესიმ „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გაგრძელება და გუნდში დარჩენა გადაწყვიტა.

აქამდე არგენტინელს (სხვათა შორის, სამართლიანად) უკიჟინებდნენ, რომ თავისი შესაძლებლობები სხვა ჩემპიონატებში გამოეცადა. ისე კი მართლაც ნამეტანი დამაინტრიგებელია იმის წარმოდგენა, თუ როგორ გაუმკლავდებოდა ეს კაცი ხისტ ინგლისელ მცველებს, ჩაკეტილ და მარყუჟისებურ იტალიურ კატენაჩიოს“, ანდა ფეხდაფეს მდევნელ გერმანელ უკანახაზელებს. ეს ინტრიგა არსებობს და მესის მომავალშიც შეუძლია დაამტკიცოს, რომ დიდი ფეხბურთელი ყველა სტადიონზე, ყველა ეპოქასა და ყველა ქვეყანაში იპირველებს.

ლეგენდარული პელე ფეხბურთელობისას კი იძახდა, ძალიან ამაყი და კმაყოფილი ვარ, მთელი ჩემი საფეხბურთო კარიერა ბრაზილიურ „სანტოსს“ და სრულიად უცნო ამერიკულ „კოსმოსს“ რომ შევალიეო, მაგრამ გავიდა დრო, პელემ დაასრულა კარიერა, მოინახულა მთელი მსოფლიო და ნათლად დაინახა პირველყოვლისა თანამემამულე ბრაზილიელი ფეხბურთელების პერსპექტივა, რომელებმაც ევროპის მრავალ გრანდში ითამაშეს, ტიტულებიც ბევრი მოიგეს, სახელიც გვარიანი დაიგდეს და ამით მათ ავტორიტეტს ბრაზილიაში არაფერი დაკლებია. მესისთანა დიდ ფეხბურთელს, წესით, ახალი გამოწვევების არ უნდა ეშინოდეს. ბურთი ყველგან მრგვალია, მცველის გაბითურება კი კატალონიის მიწაზეც შეიძლება, მანჩესტერშიც, შვაბიაშიც და ლომბარდიაშიც. შენ უნდა იყო უბრალოდ ამის შემძლე! მესი უნდა იყო!

კაცი, რომელიც ვერ გახდა ლიდერი

რა დამავიწყებს ბნელ და სუსხიან 1996 წლის ნოემბრის დასაწყისში ჩვენს მრავლისმნახველ ეროვნულ სტადიონზე საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინა დღეს სავარჯიშოდ გამოსულ ლეგენდარულ ინგლისელ პოლ გასკოინს. ბევრი არაფერ უკეთებია, ხრინწმოდებული ხმით მოუწოდებდა (აქა-იქ გინებითურთაც) თანაგუნდელებს, მისთვის პასი დროულად მიეცათ და უნდა გენახათ, ვერზილა გარეთ საუთგეიტებსა და სოლ კემპბელებს როგორი პატარა ბავშვებივით დაარბენინებდა აქეთ-იქით. ერთადერთი კაპიტანი ნი ადამსი იყო შეუვალი, რომელიც არ ემორჩილებოდა „გაზას“ დიქტატს და ხელით ანიშნებდა, დაშოშმინებულიყო. იმ დღეს დავინახე, თუ რას ნიშნავს გუნდისთვის ლიდერი და რა ფასი აქვს მის ქცევას, თუნდაც ეს ლიდერი ათას სიგიჟეში მხილებული, გადარეული და აგრესიული პოლ გასკონი იყოს.

გასკონის თბილისში ჩამოსვლის  შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც, მაგრამ არ შემცვლია რწმენა, რომ რაგინდარა კარგ ფეხბურთელს ლიდერის თვისებები აუცილებლად სჭირდება და ულიდეროდ მხოლოდ ცალკეული წარმატებების მიღწევაა შესაძლებელი. ლეო მესი საოცარი ვინმეა. ალბათ, ნამდვილად ეპოქალური ფეხბურთელია, მაგრამ რისიც ყველაზე ნაკლებად მჯერა, ეს ამ ბიჭის ლიდერობაა და ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა მან, ვინც ბარსელონაში“ თუ არგენტინის საფეხბურთო ნაკრებში ლეოს კაპიტნის სამკლაური ჩააბარა. ლაიონელის კარიერული თავქვე დაშვებაც მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ უპრეტენზიო, თავისი საქმის ჩუმად და კარგად კეთებელი ბიჭისგან ბელადის, წინამძღოლის, ლიდერის გამოჩორკნა მოინდომეს.

განა ყველას შეუძლია, ხავიერ ძანეტივით ხმის ახლეჩვამდე უყვიროს თავისი გუნდის ბოთე მცველს და მატჩის მიმდინარეობისას თავად ამოავსოს უფანტაზიო მწვრთნელის ტაქტიკაში არსებული ხვრელები? ანდა ყველა ხუან ვერონი ხომ ვერ იქნება, მთელი მატჩი ცხენივით რომ ირბინოს, გახევებულ წინახაზელებს პასები „უძღვნას“ და მოწინააღმდგის შეტევებიც აშალოს. ასეთია ლეო მესი და ჯიუტად ცდილობენ მის სახეცვლილებას, გადაკეთებას, სხვა რამის სწავლებას. საფეხბურთო განგება ასეთ დროს მუდამ დაუნდობელია და ბოლოს ყველარი მიუნხენელებთან სამარცხვინო საშინაო წაგებით სრულდება. ეს მარცხიც ვის დაბრალდებოდა, თუარა მესის? მართლა ძალიან ცუდად კი ითამაშა, მაგრამ ვინ ითამაშა კატალონიელებიდან „ბაიერნთან“ მატჩში კარგად?…

მიუხედავად იმისა, რომ „ბარელონაშიც“ და არგენტინის ეროვნულ გუნდშიც, ლეო მესის აურაცხელი გოლი აქვს გატანილი, იშვიათია ფეხბურთელი, რომლის საფეხბურთო კარიერა სანაკრებოდ და საკლუბოდ ასე მკვეთრად იმიჯნებოდეს. თუკი კატალონიურ გრანდში მესის ყველაფერი აქვს მოგებული და პირადი ჯილდოებიც ბლომად დაახვავა, ნაკრებში ვხედავთ სულ სხვა ამიანს, რომელიც შესარჩევ ეტაპებს კარგად ატარებს და აბსოლუტურად ყველა მნიშვნელოვან თამაშს (მათ შორის, რამდენიმე ფინალს) აგებს. „ვერცხლისქვეყნელთა“ ინჩადასთვის რაც ყველაზე გულსატკენია, მესი თითქოს შეგუებულია ამ მარცხსა და წარუმატებლობას. ჩილეს საფეხბურთო ნაკრებთან კოპა ამერიკის ფინალში მარცხის შემდეგ ჩილელმა არტურო ვიდალიმ აკი თქვა კიდეც, მე მინდორზე სულ სხვა კაცი ვნახე და ის მხოლოდ გარეგნობით გავდა მრისხანე ლეო მესისო.

ეროვნულ გუნდში ლეოს წარუმატებლობის მიზეზად ბევრ რამეს ასახელებენ – კატალონიაში უკეთესი პასის მიმცემი ასისტენტების ყოლას, არგენტინის ნაკრებში არსებულ  მუდმივ ქაოსს, არგენტინელ მწვრთნელთა რბილად რომ ვთქვათ ეპატაჟურ ბუნებას, არგენტინელი ქომაგების მესისადმი ნაკლებ კეთილგანწყობას და რას აღარ. ეს ყველაფერი მთლიანობაში, ალბათ, მაინც სპეკულაციებია და ცისფერ-თეთრ მაისურში გამოწყობილი მესის გაშტერების ზუსტი მიზეზები არავინ იცის.

მესი, ზოგადად, ნამეტანი უცნაური ვინმეა. მასზე თითქოს ყველამ ყველაფერი იცის და ბოლოს აღმოჩნდება ხოლმე, რომ ამ უცნაურ კაცზე საბოლოოდ ბევრი არც არაფერი გვცოდნია. ალბათ, სწორედ ამიტომაც დაარქვეს ლეო მესის „უცხოპლანეტელი“. მართლია, ეს მეტსახელი მე დიდად არ მომწონს, მაგრამ „ფეხბურთის ღმერთებს“, „ფეხბურთის მეფეებს“, „იმპერატორებსა“ და „გუბერნატორებს“ ნამდვილად სჯობს…