„ხილული კორონა", ანუ პანდემია საქართველოს გზებზე

გელა კვაშილავა

საქართველოში ახალი გზები, სავაჭრო თუ დასასვენებელი ობიექტები იხსნება. ქვეყანა ცდილობს, მსოფლიო რუკაზე უსაფრთხოების მაღალი დონით მოიწონოს თავი. ყველა საერთაშორისო ტურისტისა და ინვესტორის ახალი ნაკადის მოლოდინშია. წინასაარჩევნოდ პოლიტიკოსები თავს ახალი სტრატეგიების პრეზენტაციებით გვაწონებენ და სიღარიბის, უმუშევრობის სწრაფად აღმოფხვრას გვპირდებიან.

ამ დროს ყოველი დღე ტრაგედიით იწყება ან მთავრდება, რომელსაც  უამრავი ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე მიაქვს. ყოველი ასეთი შემთხვევა მედიაში პოლიციის მშრალი განცხადებით შემოიფარგლება, „ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს“.

მთავრობა, პოლიტიკური სპექტრი დადუმებულია. არავითარი რეაქცია, თითქოს ეს ამბავი სხვა სამყაროში,  ჩვენგან ძალიან შორს ხდება. რაც ჩვენს გზებზე ხდება, ამაზე თვალის დახუჭვა  უბრალოდ დანაშაულია. დუმს საზოგადოებრივი მაუწყებელიც, რომელიც ასეთ დროს ყველაზე მეტად უნდა აქტიურობდეს.

Მორიგი ასეთი ტრაგედია 9 აგვისტოს ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე დატრიალდა, სადაც შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. რამდენიმე მძიმედ დაშავებული ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. ეს არ არის ერთეული შემთხვევა ბოლო თვეების განმავლობაში და „ხილული კორონა“ გზებზე ყოველდღიური რეალობა გახდა.

პანდემიის შემდეგ საქართველოს გზებზე „პანდემია“ მძვინვარებს და მას გაცილებით მეტი სიცოცხლე ეწირება, ვიდრე ჩინეთიდან გავრცელებულ ვირუსს. სად არის ჯანდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, გზების დეპარტამენტი და რატომ არ ხდება ყოველდღე საზოგადოების ინფორმირება, რა ხდება საქართველოს გზებზე და რა ზომებს მიმართავს ხელისუფლება, რომ თავიდან ავიცილოთ ახალი შემთხვევები? თუ ეს მხოლოდ კორონა ვირუსის შემთხვევაში ხდება, რომლის ლეტალობა და ზიანი ათჯერ, ასჯერ უფრო ნაკლებია.

საგზაო განუკითხაობის ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება და ის ფატალურია. საქართველოს უახლეს ისტორიაში არ მახსენდება, რომ ამ თემაზე მთავრობა საგანგებოდ შეკრებილიყო. არადა, ყოველწლიურად თითო ქართული სოფელი ქრება რუკიდან. ამას ემატება მრავალი ოჯახის ტრაგედია, უდიდესი ეკონომიკური და სოციალური დანაკარგი, რომელიც ჯანდაცვის ისედაც სუსტ სისტემას დამატებით აწვება მხრებზე.

მთავრობა მხოლოდ სვანეთში მომატებულ კორონავირუსის ფაქტებზე რეაგირებს, სადაც სასწრაფოდ ხდება მთელი სახელმწიფო რესურსების მობილიზება, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებისა და პოლიციიის დანაყოფების გაგზავნა. რაც შეეხება გზებზე არსებულ განუკითხაობას, ის მეორეხარისხოვანია, რადგან ის ჩვენ არ გვეხება და მხოლოდ სტატისტები შეიძლება ვიყოთ.

სად არის დაპირებული ჭკვიანი კამერები, ქულათა სისტემა და რატომ არავინ კითხულობს, როგორ მიდის აღნიშნული პროექტები, რომლებშიც თავის დროზე უამრავი ადამიანური და ფინანსური რესურსები ჩაიდო? თუ კამერები არჩევნების წინ ისევ გამორთული იქნება, როცა თითქმის ყველა ავტომანქანის მძღოლმა ზეპირად იცის, სად მუშაობს კამერა და სად არა?

იმ რეგიონებში, რომლებშიც საპატრულო პოლიცია არ ფუნქციონირებს, დროა ვაღიაროთ, რომ აღსრულება საერთოდ არ არსებობს და სიჩქარის გადამეტება, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის ტარება მძღოლების კეთილგონიერებაზეა მიშვებული. ვინ არის საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი აჭარაში, ბათუმში, მახინჯაურში? როგორც ყოველთვის, ყველა ყველაფერზე პასუხისმგებელია, სინამდვილეში კი ამ შემთხვევაზეც არავინ მოახდენს სათანადო რეაგირებას ისე, რომ აღნიშნული სახის შემთხვევა თავიდან ავიცილოთ.

საქართველოს პარლამენტმა მუშაობა ისე დაასრულა, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი მნიშვნელოვანი ცვლილების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიიღო. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები გულისხმობდა ავტომობილის მართვის მოწმობის ასაღებად მომავალი მძღოლების რეალურ სივრცეში, ქალაქის პირობებში, პრაქტიკული გამოცდის კომპონენტის ჩაბარებას. კანონპროექტში ნასვამ მდგომარეობაში მანქანის ტარებაზე უფრო მკაცრი სანქციების დამტკიცებაც იყო გათვალისწინებული. სავალდებულო უნდა გამხდარიყო მოპედებისა და კვადროციკლების რეგისტრაცია და მათი ტარების უფლების მისაღებად თეორიული გამოცდის ჩაბარება.

უკვე დროა, როგორც კორონავირუსის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტრომ საპატრულო პოლიციასთან ერთად ყოველდღიურად ბრიფინგი მოაწყოს და საზოგადოებას მიაწოდოს განახლებული ინფორმაცია საგზაო სატრანსპორტო შემთხვევებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. საგზაო უსაფრთხოება, პირველ რიგში, არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა და ეს მთელმა მსოფლიომ დიდი ხანია აღიარა.

ეს არის „კორონა“, რომლის ვაქცინაც მსოფლიოში უკვე შექმნილია. Ის უბრალოდ მოითხოვს რესურსის მობილიზებას, მთავრობის გააქტიურებასა და კოორდინირებულ მოქმედებას, როგორც ეს კორონავირუსის შემთხვევაში. Კორონავირუსი არის ცხოველების მიერ შექმნილი ვირუსი, საგზაო უსაფრთხოება კი ადამიანის მიერ შექნმილი პრობლემაა და მას გაცილებით ეფექტურად შეიძლება ვებრძოლოთ, ვიდრე ჩინეთიდან გავრცელებულ ვირუსს. დღეს ჩვენ ყველანი დაუცველი ვართ.

როდემდე?