რამდენიმე ფრაგმენტი ახალგაზრდა გეის ცხოვრებიდან

პუბლიკა

ავტორი: ნუკრი დანელია

მინდა, რამდენიმე ეპიზოდი აღვწერო იმ ახალგაზრდა ბიჭის ცხოვრებიდან, რომელსაც არასდროს უოცნებია ცოლის შერთვაზე, შვილების დაზრდაზე, რომლის სექსუალობაც ქვეყნისთვის უდიდეს განსაცდელად გადაუქცევიათ. ეს ბიჭი მე ვარ. კაცობა ჩემთვის არასოდეს ყოფილა ჰაერივით მსუბუქი და გამჭვირვალე. როცა კაცად ყოფნაზე ვფიქრობ, თვალწინ წარმომიდგება ხოლმე გიგანტური ზღარბი, რომელსაც ეკლების ნაცვლად ზურგზე ბასრი სამართებლები აქვს ასხმული. მინდა, ამ სამართებლებზე მოგიყვეთ. ყველა თავისებურად  რომ იჩხვლიტება და ყოველი მათგანი თავისებურ კვალს რომ ტოვებს.

ხელები

ბავშვობაში პირველი ჩხვლეტა ხელებში ვიგრძენი.

არასდროს ვიცოდი, სად წამეღო ეს ხელები. განსაკუთრებით, ხალხმრავალ და უცხო გარემოში. ზოგჯერ სრულიად გაუაზრებლად ჩემი ხელი ოდნავ მაღლა იწეოდა, მაჯა კი  იღუნებოდა. როგორც კი სხვების უცნაურ, დამცინავ მზერას შევნიშნავდი, ვფხიზლდებოდი და ხელებს ვასწორებდი. მერე წამოვიზარდე და ჯიბეებსაც ავუღე ალღო. ყველაზე უსაფრთხო ადგილად დღემდე ჯიბეები მეგულება. ჯიბეებში ვმალავ ამ ჩემს ცოტაკაცობას თუ ნაკლებკაცობას. ჯიბეში ვერავინ ხედავს მტევნებს, რომლებსაც აკლიათ სითამამე, სიმყარე და სისქე.

სახლი ერთადერთ უსაფრთხო ადგილად მიმაჩნდა. აქ ჯიბეების არსებობაც არ მახსენდებოდა. მაგრამ ერთხელ ცხელი, ცხიმიანი ბლინი ორი თითით რომ ავიღე, თან ისე, რომ ნეკა თითი ჰაერში გამოეკიდა, მამაჩემის ზიზღნარევმა ბრძანებამაც არ დააყოვნა – „კაცივით ჭამე’’. თუ ჩემს მეხსიერებას ვენდობი, აქ საკუთარი მშობლის უსიყვარულო მზერა პირველად დავინახე.

ამ სიტყვების ყველაზე მეტად მეშინოდა. ეს იმდენად მტანჯველი იყო, ფიზიკურ ტკივილშიც გადაიზრდებოდა ხოლმე – ღრძილებზე სამართებლის გადასმას ჰგავდა. „კაცივით მოიქეცი“, „ქალივით ნუ ლაპარაკობ“, „კაცივით იარე“.

(ჰო, ბლინებზე გამახსენდა. დედა ძალიან განიცდიდა, რომ „კაცური საჭმელები“ არ მიყვარდა).

ფეხები

„ნახე, ნახე, როგორ დადის“ – ჩაიქირქილებდნენ ხოლმე ბავშვები ერთ სკოლელ ბიჭზე, რომელსაც ძალიან ვამსგავსებდი საკუთარ თავს და თან ძალიან მეშინოდა, ეს მსგავსება ჩემს კლასელებსაც არ შეემჩნიათ. თუმცა ეგ დროც დადგა. ქუჩაში სრულიად უცხო ადამიანებმა ჩემზეც გადაულაპარაკეს ერთმანეთს – „შეხედე, შეხედე, როგორო დადის!“ – და ეს არ იყო უკანასკნელი შემთხვევა. მინდოდა ასეთ დროს წავქცეულიყავი, ზედ ტროტუარზე სახით გავწოლილიყავი და აღარასდროს აღარ ავმდგარიყავი.

ერთმა მეგობარმა გოგომ გადაწყვიტა ჩემთვის სიარული ესწავლებინა. „ფეხები ოდნავ განზე“, „დიდი ნაბიჯებით“, „წელში გაიმართე“, „ფეხის წვერები ერთმანეთისკენ არ შეაბრუნო“. დამღლელი რეპეტიცია იყო, მაგრამ თანდათან ვსწავლობდი, როგორ გამევლო ქუჩაში ისე, რომ სირცხვილის ალს არ დავეწვი. საბოლოოდ ჩემი სიარულის მანერა გაურკვეველ მუტანტად იქცა. ის აღარ იყო არც ქალური, არც „პიდარასტული“, არც კაცური. არამედ კოჭლობისმაგვარი გაუგებრობა იყო. ახლა ამაზე მიწყალებდნენ გულს, რატომ დადიხარ ასე?! – მაგრამ ეს უფრო ცნობისმოყვარეობით დასმული კითხვა იყო და არა დაცინვა. საბოლოოდ ეს მუტანტი ისე შეეზარდა ჩემს ტვინს, აღარ ვიცი, სინამდვილეში როგორია ჩემი სიარული.

გოგოები და მათი ოთახები

მოზარდობისას მოწევაც კი უჩვეულო ვიცოდი თურმე. ორი თითით რა პონტში ეწევიო მითხრეს ერთხელ სკოლის ტუალეტში. მერე ამ ჩემმა გულკეთილმა მეგობარმა გოგომ მოწევაც მასწავლა – როგორ მომეწია ნამდვილი კაცივით.

მახსოვს 90-იანებისა და 2000-იანების უფროსი მოზარდი გოგოები. ბრიტნისა თუ სფაის გელზის პლაკატებით აჭრელებული მათი ოთახები. მახსოვს, როგორ ვუყვარდი მათ მე და როგორ მიყვარდნენ მე ისინი. როგორ მაძლევდნენ უფლებას თმები დამევარცხნა მათთვის, მათი კაბებით მეთამაშა, ერთად დაგვეჭყლიტა ელემენტები და ერთად გვეცეკვა ბრიტნის სიმღერებზე.

ჩემი ქცევა, ინტერესი, მისწრაფება არასოდეს ყოფილა გაცნობიერებული არჩევანი. შეიძლება იყო სოციოკულტურულად დეტერმინირებული, მაგრამ არა გაცნობიერებული. რაციონალურად გააზრებული მხოლოდ ჩემი კაცობის მასკარადი იყო, რაც მხოლოდ და მხოლოდ თვითგადარჩენას ისახავდა მიზნად.

17 მაისი

ალბათ, 16 წლისა ვიქნებოდი, როდესაც ტელევიზორში ვნახე, როგორ ურტყამდნენ წითელმაისურიან გეი აქტივისტს რუსთაველის გამზირზე. იქამდე არასდროს, არასდროს მქონია ადამიანთან ისეთი თვითიდენტიფიცირების განცდა, როგორც მასთან, იმ წითელმაისურიან ბიჭთან (რომლის სახელიც არ ვიცი). მეგონა, მე მირტყამდნენ. გავედი ჩემს ოთახში და ბევრი ვიტირე. მას შემდეგ ყოველ 17 მაისს ხდება რაღაც ისეთი, რაც მატირებს. ხან სიხარულისგან, ხანაც ტკივილისგან.

პ.ს. დიახ, შეგიძლიათ, დამდოთ ბრალი, რომ სტერეოტიპული გეი ვარ. თუმცა მაინც ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემო განცდები და გამოცდილებაა. პოლიტიკური ანალიზის ძიებას ნუ დაიწყებთ, რადგან ტექსტი მხოლოდ აღწერითია. აღწერს რა იმ ადამიანის ცხოვრებას, რომლისთვისაც სიარულის მანერაც კი პოლიტიკაა.