როგორ გავატარე ზაფხული

ალექს ჩიღვინაძე

დადგა შემოდგომა. დასასვენებლად წასული ხალხი ქალაქში ბრუნდება. ქალაქში ბრუნდებიან ისინიც, ვინც ქალაქიდან არც კი წასულა. ასეთი კი ბევრია: ვინც სამსახურის კლანჭებში დარჩა ან უფულობამ მიაჯაჭვა ადგილზე. მაგრამ აი, ბრუნდება დასვენებული ხალხი და ჩნდებიან ზაფხულის ქალაქის უჩინარი მოქალაქეებიც. მათი  თეთრი და ფითქინა კანი გარუჯული კანის ფონზე ურცხვად ანათებს. სადღაც შორს რჩება ხშირი სიმწვანე, ტყეში წოლა, ზღვის ტალღებით გადაშლილი ნაკვალევი და წინ მოდის ისევ შეჩვეული, გამოცარიელებული პეიზაჟი, რომელიც ხანდახან დასაკლავად განწირულ, ფეხზე თოკგამობმულ ცხვარსაც მაგონებს.

გადავწყვიტე, რომ წინ წავიგდო საქმე და დავწერო თემა „როგორ გავატარე ზაფხული“. მართალია, სკოლაში სწავლა შეიძლება არც კი დაიწყოს, მაგრამ თემის წერა ისედაც ყოველთვის მეხალისებოდა. მით უმეტეს ახლა, უკვე ისე მომენატრა სკოლა და ჩემი კლასელები, რომ ნებისმიერი დავალების შესასრულებლად მზად ვარ.

მოკლედ დავუბრუნდეთ ზაფხულს. პირველ ივნისს, როცა მსოფლიო ბავშვთა უფლებების დღეს აღნიშნავდა, გარდაიცვალა ბაბუა, ანტონ მელიტონის ძე იაშვილი. გარდაიცვალა კოვიდით. კოვიდი ჰქონდა დედასაც, მამასაც და ბებიასაც. მეც მქონდა დაბალი სიცხე, მაგრამ მეორე დღეს ჩიტივით ვიყავი. ბებომ კოვიდი კი მარტივად გადაიტანა, მაგრამ ბაბუს სიკვდილი – ვერ. ზის ფანჯარასთან და, როგორც თვითონ ამბობს, სიკვდილს ელოდება. ეს სიკვდილი კი, როგორც მე  ვხვდები, მაგარი არაპუნქტუალური ვინმეა. ხან ძალიან ადრე მოდის, ხან კი ძალიან იგვიანებს. მე კი ყველანაირად ვცდილობ ბებიას გართობას, მაგრამ აბა, რამდენზე გავიჭრა?!

ჩემი ოჯახი, როგორც ამბობენ ჟურნალისტები, ერთი ჩვეულებრივი, საშუალო სტატისტიკური ოჯახია: დედა, მამა, პატარა და, ბებია (თუმცა თვითონ ამბობს, აღარ ვარ მე ცოცხლებში ჩასათვლელიო, მაგრამ ჩავთვლი მაინც, ჩემი რა მიდის) ბაბუაზე უკვე გითხარით. განისვენებს კუკიის სასაფლაოზე. მაგრამ ჩემი ძმა დარწმუნებულია, რომ ბაბუას ფრთები ამოუვიდა და ახლა ცაშია, ღმერთთან, გალაქტიკების სათავო ოფისში. ისე კი ძალიან მოუხდებოდა იმ თავის თეთრ ბრეტელებიან მაისურში გამოწყობილ ბაბუას ფრთები.

შეიძლება, ჩემი ძმა არც ცდება და ბაბუა მართლაც ცაშია. აი, მამა კი მთელ დროს სახლში ატარებს. მამა სასტუმროში მუშაობდა და პანდემიის დაწყებიდან მალევე დაკარგა სამსახური. 200-ლარიანი შემწეობა კი აიღო, ამბობდა, იქნებ, ეს ფული კომუნალურ გადასახადებში მაინც ვიმყოფინოთო, მაგრამ მგონი, ვერ ვიმყოფინეთ.

დედა წიგნის მაღაზიაში მუშაობს გამყიდველად და 500 ლარი აქვს ხელფასი. 500 ლარი კი ძალიან დიდი ფულია, მაგრამ დედას წამლებიც სჭირდება და როგორც ამბობს ნახევარი წამლებში ეხარჯება. რაღაც ქალური პრობლემები მაქვსო. ამის მეტს არაფერს მეუბნება. ერთხელ დედას ლაპარაკს მოვკარი ყური, ვიღაცას უყვებოდა, ფსიქიატრთან ვიყავითო და ანტიდეპრესანტები დაუნიშნაო. თვითშეფასებაზე ძალიან იმოქმედა სამსახურის დაკარგვამ და ახლა მამამისის სიკვდილში იდანაშაულებს თავს და ამან საერთოდ გააგიჟაო. როგორც მივხვდი, მამაჩემს გულისხმობდა. მას ჰგონია, რომ ბაბუას კოვიდი მან გადასდო.

რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩაკეტეს, დედას სამსახურში ფეხით სიარული უწევს. მის სამსახურამდე, სადღაც, ხუთი კილომეტრია. თვითონ კი ამბობს, ვივარჯიშებ, ცოტას გავხდებიო, მაგრამ მე ხომ ვუყურებ, როგორი დაღლილი ბრუნდება შინ. გამოფიტული და მე თუ მკითხავთ, არც გახდომა სჭირდება. დედა ხომ ყველაზე ლამაზია, რამდენი კილოგრამიც არ უნდა იყოს.

ხანდახან დედა ამბობს, ჩემს დასთან ხომ არ წავიდე იტალიაშიო. მისი უფროსი და მე რომ დავიბადე, ზუსტად მაშინ წავიდა სამუშაოდ. ჯერ საბერძნეთში გაემგზავრა და მერე სამუშაოდ იტალიაში გადავიდა. ხანდახან ძალიან მინდა, რომ ოლიმპიური ჩემპიონი გავხდე და დეიდაჩემი საქართველოში ჩამოვიყვანო.   დედა მართლა რომ წავიდეს,  საჭმელს ვინ გაგვიკეთებს… არა, ისე არ იფიქროთ, თითქოს დედა მხოლოდ საჭმლის გასაკეთებლად მინდოდეს. სულ ნუ გააკეთებს საჭმელს… პანდემიამდე სტუმრები რომ მოდიოდნენ და მერე დედა რომ რჩებოდა ზინტლიანი თეფშების მთასთან, რეცხავდა და რეცხავდა, სულ არ მომწონდა ეგ. ვბრაზდებოდი და გაბრაზებული ვეხმარებოდი და ვეხმარებოდი. ახლა რაც მამა სახლშია, მამაც გააქტიურდა. ისე ოსტატურად რეცხავს ჭურჭელს, გეგონება, მთელი ცხოვრება თეფშების მრეცხავად მუშაობდაო.  დედა რომ წავიდეს, საჭმელი კი არა,  ჩახუტება მომენატრება ყველაზე მეტად. ხანდახან რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო, დედას ვეხუტები და მოწყენილობაც უკვალოდ ქრება.

ჩემს ძმაზე ხომ გითხარით, ოთხი წლის გახდა და ახლა უკვე მანდობენ. ეზოშიც ჩამყავს სასეირნოდ. ჩვენი კორპუსის გვერდით საბავშვო ბაღის ეზოში ჯერ ავტოსადგომი იყო, ყველას გვინდოდა, რომ სათამაშო მოედანი გაეკეთებინათ. ერთ-ერთ წინასაარჩევნო შეხვედრაზე დაგვპირდნენ, დაიფიცეს, რომ აუცილებლად გააკეთებდნენ სათამაშო მოედანს, მაგრამ ცოტა ხნის წინ კორპუსის შენება დაიწყეს. ამიტომ ცოტა მოშორებით გვიწევს წასვლა სკვერში. ეს სკვერი ჯერ მერმა გახსნა, მერე ჩვენი უბნის დეპუტატმა ცალკე გახსნა. ერთ თვეში კი სასრიალო ჩატყდა და საქანელები ჩამოწყდა, სკამების ღრიჭოები კი სიგარეტის ნამწვებით ამოივსო. სათამაშო მოედნის აღსადგენადაც ვეღარ მოიცალეს. სად სცალიათ, ახლა ხომ არჩევნებისთვის ემზადებიან. ბებია ამბობს, რომ აუცილებლად წავალ არჩევნებზეო. უნდა მივიდე. ავიღო ის… რა ჰქვია, ბიულეტენი თუ რაღაც ჯანდაბაა და ზედ უნდა დავწერო ერთი სიტყვაო. რა სიტყვა უნდა დაწეროს, არაფრით არ გვიმხელს, მაგრამ მგონია, რომ რაღაც ძალიან, ძალიან უცენზურო სიტყვის დაწერას აპირებს. თუმცა მე ვურჩევ, ხმა ნიგერიელ მეფე რიჩარდს მისცეს, მაგრამ ბებია ჯერ ისევ გინებისკენ იხრება. აბა, წარმოიდგინეთ, რა კარგად ჟღერს, თბილისის მეფემ რიჩარდმა შარდი ზარ-ზეიმით ჩააბარა… მაგრამ მარტო ჟღერადობაც ხომ არაა, სიმართლე რომ გითხრათ, ყველას მაინც ის გულადი გოგო მირჩევნია, ანა. ხომ ხედავთ ეს თითისტოლა ბავშვიც კი ვერკვევი პოლიტიკაში.

ისე კი ცოტა მოგატყუეთ, როცა გითხარით ქალაქიდან არ გავსულვართ-თქო.  ასაცრელად ადგილები ჩვენთან ახლოს არ იყო და ამიტომ რუსთავში მოგვიწია  გამგზავრება. ბებია ცოცხალი თავით არ მოგყვებოდა, უხერხულია ბაბუასთანო, ამბობდა. ძლივს დავიყოლიეთ.  რომ იცოდეთ, როგორ მოვემზადეთ. საუკეთესო ტანსაცმელში გამოვეწყვეთ. მე, რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ შოთა რუსთაველი რუსთავში დაიბადა და გაიზარდა და რაღაცნაირად უფრო ოქრო, ვარდი, ბროლ-ბადახში ქალაქი წარმომედგინა და პირველმა შთაბეჭდილებებმა ცოტა იმედი გამიცრუა, მაგრამ მერე პარკში გავისეირნეთ და სულ არ აღმოჩნდა ეს პირქუში ქალაქი ცუდი.

საავადმყოფოში ჯერ დედა შევიდა. ჩვენ კი გარეთ ველოდებოდით. მამა ბოლთას სცემდა. დედა რომ გამოვიდა, მამამ ამდენი ბავშვების გაჩენაზე არ მინერვიულიაო. დედამ არაფერიც არ მიგრძნიაო. მერე ბებიამ და მამამ ჩაჰკიდეს ერთმანეთს ხელი და ასაცრელად საავადმყოფოში ისე შეაბიჯეს, გეგონებოდა, კოსმოსური ხომალდიდან უცნობ, მტრულ პლანეტაზე აპირებენ გადასვლასო.

დედას და მამას ვთხოვე, იქნებ, მეორე დოზაზე ონში ჩაეწეროთ-მეთქი, მაგრამ, სამწუხაროდ, მეორე დოზაზე ჩვენს სახლთან ახლოს კლინიკაში გამოჩნდა ადგილი და ასე შევრჩით თბილისს, როგორც ფეხზე თოკგამობმული ცხვრები.

და აი, შემოდგომაც მოვიდა.