სახელმწიფო ჯერ „ამ ქვეყნის პატრონებისთვის“, შემდეგ – „სტუმრებისთვის“

სამირა ბაირამოვა

სამართლიანობა და თანასწორობა არის ადამიანის მორალური მოთხოვნილება, რის დაკმაყოფილებასაც იგი სხვადახვა გზებით ცდილობს.  დემოკრატიულ ქვეყნებში ყველა მოქალაქის თანასწორობა სამართლებრივი ნორმა და კანონია.

ხანდახან მინდა, ერთი დღე მაინც არ ვიფიქრო იმაზე, რომ ეთნიკურ უმცირესობას წარმოვადგენ საქართველოში. ხანდახან კი იმავე კითხვას ჩემ თავს ვუსვამ, ძალიან კრიტიკული ხომ არ ვარ ან დისკრიმინაციაზე საკმარისზე ხშირად ხომ არ ვსაუბრობ? იქნებ, მე არასწორად მესმის და ყველაფერს ვიწრო ჩარჩოდან ვხედავ?

მკაცრი კარანტინის პირობებში ვცდილობ, იზოლირებული ვიყო საზოგადოებისაგან, მაგრამ ახალი ამბების გასაგებად მაინც მიწევს სოციალურ ქსელში შესვლა. ისევ ერთი და იგივე ნეგატივი. მიუხედავად გამეფებული უიმედობისა, ეთნიკური უმცირესობების მიმართ არ წყდება დისკრიმინაცია და სიძულვილის ენა. ახლა თვითონ სახელმწიფოც კი გახდა დისკრიმინაციული.

საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული რეგიონებში ხალხს ეძინა და შორს ეჭირა თავი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური საკითხებისგან. რა თქმა უნდა, ამის აქვს თავისი მიზეზები. ახლა ახალგაზრდები გააქტიურდნენ და კონსტიტუციურ უფლებებზე ალაპარაკდნენ. ადგილობრივი თვითმმართველობა, რა თქმა უნდა, ცენტრზეა დამოკიდებული და ვერცერთ გადაწყვეტილებას ვერ იღებს, როცა ჩვენ თანასწორობაზე ვსაუბრობთ იმავეს ვითხოვთ ყველა სექტორში.

ხშირად ირღვევა ჩვენი უფლებები, რაზეც მუდამ გვიწევს ხმამაღლა საუბარი. ასეთ დროს უმრავლესებობის თვალში ვხდებით პროვოკატორი, აგრესიული და უმადური ადამიანები, არა მოქალაქეები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულიად ვემორჩილებით კანონებს, პროვოკატორის იარლიყის მიწებება მაინც იოლად ხდება.

როდესაც გადასახადს ვიხდით, მაშინ ვართ თანაბარნი, როდესაც რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომას ვითხოვთ – უმადურები ან პროვაკატორები.

სანამ ჩვენთან საკარანტინო ზონას  გამოაცხადებდნენ, ჩვენთვის ყველაზე ძვირფას და ღირებულ ნოვრუზ ბაირამისთვის ვემზადებოდით. მაშინ ვირუსის შიდა გავრცელება ჯერ კიდევ არ ხდებოდა და არც საზღვრები იყო ჩაკეტილი. ისტორიაში პირველად გაუქმდა ბაირამის სახალხო ზეიმი და მხოლოდ სახლის პირობებში მოგვიწია მისი აღნიშვნა. ამ დღესასწაულთან დაკავშირებული წესები ვერ შევასრულეთ, ვერც საფლავზე გავედით, ვერც ბაირამამდე ჩერჩენშებების (ოთხშაბათი დღეები) ერთმანეთისთვის მილოცვა ვერ მოვასწარით, ვერც სახლისთვის ბაიარამისთვის საჭირო სურსათი ვიყიდეთ, რადგან არსებულ ვითარებას გაგებით მოვეკიდეთ.

მაგრამ ახლა არის აღდგომა. არსით, იმავე ნოვრუზ ბაირამის მსგავსი დღესასწაულია, მაგრამ ამ ქვეყანაში წესები და შეზღუდვები რატომ ვრცელდება მხოლოდ „მოწყვლად“ ჯგუფებზე? ამ დროს ჩვენთან კარანტინის პირველივე დღიდან მეჩეთები დაიკეტა.

კარანტინის მეშვიდე დღე იყო, როდესაც ჯერ არც ერთ აზერბაიჯანულ სოფელში არც სოციალური დახმარება იყო დარიგებული, არც ექიმები მოსულან გასასინჯად, მაგრამ მერია აცხადებდა, რომ, თურმე, 1000-მდე ოჯახისთვის დაურიგებია საჭირო სურსათი. როგორ და რანაირად? „ჯერ ამ ქვეყნის პატრონებისთვის, მერე სტუმრებისთვის“!

ჩვენ ვემორჩილებით ხელისუფლებას და გვესმის, რომ  კანონი არ უნდა დაირღვეს და სახელმწიფო არის სახელმწიფო. როცა იმავეს ვითხოვთ, რომ ჩვენც ვართ ადამიანები, რომლებიც სამსახურში ვერ მივდივართ, დავკარგეთ შემოსავლის წყარო, ვართ მშივრები,  რატომ არ გვაძლევთ სურსათს? დაღლილი და იმედგაცრუებული ხალხი, რა თქმა უნდა, დაიწყებს პროტესტს და ამის გამო, მათ უმადურ და უპასუხისმგებლო მოქალაქებს უწოდებენ.

თავად სახელმწიფო ეწევა დისკრიმინაციას თავისი დამოკიდებულებით და გადაწყვეტილებით. ვის უნდა მიმართო ამ დროს? სასამართლოს? იმ სასამართლოს, სადაც ადამიანები ინიშნებიან ნაცნობობით, სადაც, თურმე, მოსამართლის „დედა მისი ნათესავი არ არის“, სადაც ზოგიერთს დიპლომიც კი არ აქვს, სადაც ყველანაირი ლეგიტიმაცია დაკარგულია.

თვითონ სახელმწიფო ცდილობს, შექმნას ისეთი გარემო, რომ „სხვა“ მოქალაქემ თავისი უფლებების დასაცავად ჩაიდინოს დანაშაული ან დაარღვიოს კანონი. ახლა ზუსტად ასეთი ვითარებაა მარნეულში. არგუმენტს „ეს საქართველოა და ქართული მიწაა“ მე დამაკმაყოფილებელ პასუხად ვერ მივიღებ. რეგიონი ჩაკეტილია. ძალიან კარგადაც ესმით, რომ აგრარული რეგიონია და მნიშვნელოვანია ამ დროს დროული რეაგირება, მაგრამ  ხალხისთვის ყველა შესაძლებელი გზა ჩაკეტეს. მოსახლეობამ აიღო სესხი, ჩადო თავის სოფლის მეურნეობის ბიზნესში,  მაგრამ ახლა რა უნდა ქნას?

როგორც ჩანს, კანონი ამ ორ რეგიონში მუშაობს. ცოტა ხნის წინ ლენტეხის მუნიციპალიტეტიც საკარანტინო ზონად გამოცხადდა და, ალბათ, ქვემო სვანეთსაც ჩვენნაირი ჯოჯოხეთის გავლა მოუწევს. ჩვენ ინტერნეტიდან ვიღებთ ინფორმაციას, რომ ბევრგან სამზე მეტ გარეთ ერთად მყოფ ადამიანს აჯარიმებენ.  თვით მინისტრიც კი მანქანის წინა სავარძელზე ზის, არც პირბადე უკეთია არც სოციალურ დისტანციას იცავს. იგივე ხდება ეკლესიაშიც, ამის გამო კი უკვე ჩვენს რეგიონში რამდენი ადამიანია დაჯარიმებული. 3000 ლარით დააჯარიმეს და 7-ლარიანი პროდუქტის დახმარება მისცეს. მეტიც, ზოგიერთი მაღალი იერარქი იმასაც კი ამბობს, რომ, თურმე, წირვაზე მისვლის არ უნდა მოგვერიდოს, რადგან კორონავირუსი მხოლოდ მოხუცებს უქმნის საფრთხეს და „მოხუცები ისედაც ამ ქვეყნიდან უნდა გავიდნენ“.

დღეს რამდენიმე ადამიანი სუს-ში დაიბარეს, ჰუმანიტარული კრიზისის გამო, მოქალაქეები თავიანთი სახლებიდან მანქანით ასიგნალებდნენ. როცა ხელისუფლებას არ ესმის, მაშინ ცდილობენ სხვა გზით ხმის ამოღებას. თვითონ ხელისუფლება ქმნის ამ გარემოს. ის, რასაც მოქალაქეები განიცდიან თავიანთი განსხვავებულობის გამო, სხვა არაფერია, თუ არა კულტურული ფაშიზმი!