შიში, ფობია და გალაქტიკური პოლიცია

ზაზა კოშკაძე

მოდი, ასე დავიწყებ – არსებობს პრინციპული განსხვავება ფობიასა და შიშს შორის. შიში არის მოსალოდნელი საფრთხით გამოწვეული უარყოფითი ემოცია. ეს ემოცია სრულიად ჯანსაღია და ადამიანისთვის დიდი სარგებელი მოაქვს – მას შეუძლია აგვარიდოს ხიფათს. ამ ემოციამ დიდი როლი ითამაშა ბიოლოგიური ორგანიზმების, როგორც სახეობების გადარჩენაში, რადგან შიშს განიცდის ნებისმიერი ცოცხალი არსება.

ფობია, კი არის, გადამეტებული და უსაფუძვლო შიში, იმის მიმართ, რაც რეალურად საფრთხეს არ წარმოადგენს. შესაბამისად, ის ხელს გიშლის. და რაც ხელს გიშლის, ის ექვემდებარება თერაპიებს და სხვა ტიპის გამაჯანსაღებელ პროცედურებს.

ანუ, თუ შენი მიმართულებით მანქანა მოქრის, შენ შიში გეუფლება და ყველაფერს აკეთებ თავის გადასარჩენად. თუმცა, თუ შენ კლაუსტროფობია გაქვს, ვერ შედიხარ ლიფტში და მეგობართან მეათე სართულზე ფეხით გიწევს ასვლა. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ შიში საჭირო რამეა, ფობია პრობლემაა, რომელსაც მიხედვა სჭირდება.

ჰომოფობია ერთ-ერთი ის უსაფუძვლო შიშია, რომელიც ადამიანებს მშვიდ თანაცხოვრებაში უშლის ხელს. ჰომოფობები ნერვიულობენ, როცა წარმოიდგენენ, რომ სადმე ერთნაიესქესიანები ერთმანეთს ეალერსებიან, ხოლო ჰომოსექსუალები განიცდიან უპრეცენდენტო დევნას საუკუნეების განმავლობაში, რაც დიდი პრობლემაა.

ჰომოფობიას რამდენიმე დისკურსი აქვს: ერთი, რომ ეს ღმერთს არ მოსწონს და მეორე, რომ ეს ბუნების კანონების წინააღმდეგ წასვლაა. (აქედანვე გამომდინარეობს ის, რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაა, თუმცა ამაზე აღარ გავაგრძელებთ, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, სინამდვილეში ავადმყოფობა არის ფობია და არა სექსის სურვილი).

ღმერთს, რომ რამე არ მოსწონს და ამის გამო რომ ჩვენ ის არ უნდა გავაკეთოთ, ძალიან მოძველებული დისკურსია, რომელსაც დღეს თავად რელიგიებიც აღარ მიმართავენ. დააკვირდით, რაზე ლაპარაკობენ ჰომოფობიური ჯგუფები, როცა სექსუალური უმცირესობების შევიწროებას ცდილობენ, თუნდაც კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ რამდენიმე ასეთი დიდი აქცია გვახსოვს და ამ შემთხვევათა უმეტესობაში ისინი ამბობდნენ, რომ რუსთაველზე არ გაატარებდნენ ჰომოსექსუალებს. ამის საფუძვლად კი მათ რელიგიურ და ეროვნულ გრძნობებს ასახელებდნენ. ანუ მათი თქმით, გეი აღლუმი, (რომელიც პრინციპში არც არასდროს სერიოზულად არ დაგეგმილა ჩვენს ქვეყანაში) რუსთაველზე არ უნდა მოხდეს, რადგან აქ ჩვენი წინაპრების სისხლი დაიღვარა და ა.შ… ამ ყველაფრის რეალური მიზეზი კი ის არის, რომ წლების განმავლობაში ჰომოფობიურ განწყობებსა და სიძულვილს მათში, სწორედ, რელიგია და ნაციონალიზმი აღვიძებდა. რა თქმა უნდა, რელიგიაც და ნაციონალიზმიც ამ შემთხვევაში ნამდვილად გადის თავისი კეთილი საწყისებიდან და ხდება მავნებელი და პრობლემების მომტანი. თუ ოდესმე რელიგია და ნაციონალიზმი ადამიანებს დიდ ჯგუფებად კონცენტრირებასა და კოოპერაციაში ეხმარებოდა, დღეს პირიქით – ადამიანებს უმცირეს ჯგუფებად დაყოფას ახდენს და მათზე ძალადობს. რომ არა რელიგიური და წარმოსახვითი იდეოლოგიური სფერო, რომლის ნაყოფიც არის ნაციონალიზმიც და ღმერთის იდეაც, შესაძლოა ჩვენ, როგორც სახეობა საერთოდ გავმქრალიყავით. თუმცა დღეს უკვე ადამიანები პლანეტის ბატონ-პატრონები ვართ, ჩვენი ტექნოლოგიური მიღწევების წყალობით, თითქოს ვეღაფერი მოგვერევა, თუმცა, ნურას უკაცრავად. ისე გამოვიდა, რომ ის, რაც გვიცავდა, დღეს ჩვენი პირველი მტერი გახდა, რელიგია და ნაციონალიზმი.

ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ ადამიანთა დიდ ნაწილს სჯერა, რომ მეცნიერება ხშირად იცვლება, ანუ იცვლის მიმართულებებს. მაშინ, როცა რელიგია უცვლელია. ამ დროს, პირიქით ხდება. რელიგია მუდმივად იცვლის დისკურსს, და თუ ადრე გვეუბნებოდა, რომ ჰომოსექსუალობა ღმერთის თვალში იყო ცოდვა და ამიტომ უნდა დასჯილიყო ყველა გეი, ახლა გვეუბნება, რომ გეი სექსუალური კავშირები მათი გრძნობების შეურაცხყოფაა. მუსლიმი რელიგიური ფუნდამენტალისტებიც კი, როცა ცდილობენ შარლი ებდოს მსგავსი ტერაქტები გაამართლონ, ამ დისკურსს მიმართავენ და არა განაწყენებული ღმერთის იდეას. საიდან მოვიდა ეს დისკურსი?

ეს დისკურსი მათ მოიპარეს ლიბერალური დემოკრატიის მთავარი პრინციპიდან, რომელიც ადამიანის, როგორც ინდივიდის გაგებას ეყრდნობა. ამ გაგების მიხედვით ეთიკის მთავარი კონდუქტორი ადამიანური გრძნობებია. თუ ადამიანს, რამე არ მოსწონს, ის ცუდია და თუ მოსწონს – კარგი. მას ვერავინ შეეწინააღმდეგება ამაში, რადგან ადამიანის გრძნობები ყოველთვის მართალია. როცა რაიმე პროდუქტი არ იყიდება, კორპორაციის ჰედები იმას კი არ ამბობენ, რომ ხალხი შეცდა, როცა ეს პროდუქტი არ შეიძინა. არამედ იმას, რომ პროდუქტი არ ვარგა. ადამიანი არასდროს ცდება. კლიენტი ყოველთვის მართალია. სწორედ ეს ილეთი შეისისხლხორცა რელიგიამ და ნაციონალიზმმა, როცა მიხვდა, რომ კოსმოსური სამსჯავროს იდეა აღარ მუშაობდა.

რაც შეეხება ბუნებრივსა და არაბუნებრივს. არაბუნებრივის გაგება კრეაციონიზმის ქრისტიანულ გაგებას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც სამყარო ღმერთმა კონკრეტული მიზნებით შექმნა და ყველა, ვინც ცდება შემოქმედის გენ.გეგმას, ბუნების წინააღმდეგ მიდის. სინამდვილეში კი, ჩვენ ბუნებრივი გადარჩევის გზით მოვაღწიეთ აქამდე და არ არსებობს ორგანო, რომელიც მხოლოდ ერთ ფუნქციას ასრულებს. მაგალითად, პირი იმიტომ განგვივითარდა, რომ მხოლოდ საკვები მიგვეღო, თუმცა ჩვენ დღეს მისი მეშვეობით ვსაუბრობთ  და ვმღერით კიდეც. თითები იმიტომ განგვივითარდა, რომ ხეზე და კლდეზე ცოცვა გვჭირდებოდა საკვების მოსაპოვებლად, ჩვენ კი დღეს მათი მეშვეობით მთელი თეატრალური წარმოდგენის დადგმაც შეგვიძლია. ასე რომ, როცა შეყვარებული სერანადას გიმღერებთ ფანჯარასთან, პირით, რომელიც მხოლოდ საკვების მისაღებად და აკომპანიმენტს გიტარაზე შეასრულებს, თითებით, რომლებიც მხოლოდ ხეზე ასაძრომად გამოებათ ჩვენს წინაპრებს, ნუ დადნებით სიხარულისგან. გააგდეთ ის და დაუბარეთ, რომ სახლში შეუძლია, რაც უნდა ის აკეთოს.

არაბუნებრიობაზე საუბრისას კიდევ ერთ ფაქტორს გამოყოფენ ხოლმე: ადამიანის რეპროდუქციულობას, რომლის მიხედვითაც, სექსის ერთადერთი მიზანი ადამიანთა გამრავლებაა. სინამდვილეში კი სექსუალურ კავშირებს ადამიანები უმეტესად ყოველთვის სხვა მიზნებით ვამყარებთ. მაგალითად, სიამოვნებისთვის, ემოციური კავშირების გასაღრმავებლად, კარიერული წინსვლისთვის და სხვა. სექსი არასდროს ყოფილა მხოლოდ გამრავლების საშუალება. ბიბლიის მიხედვით – რომელსაც ეყრდნობა ბუნების კანონებისა და პროკრეაციის იდეა – ადამ და ევამ მხოლოდ მაშინ დაიწყეს გამრავლება, როცა სამოთხიდან განიდევნენ. ანუ თუ ბიბლიის ნამდვილად გჯერათ, უნდა გესმოდეთ ისიც, რომ ედემის ბაღში მათი სექსუალური თავგადასავლები რეპროდუქციას ნამდვილად არ ემსახურებოდა.

ბუნებისთვის არ არსებობს არაფერი არაბუნებრივი. თუ რამე არსებობს, ის უკვე თავისთავად ბუნებრივია. ამის უკეთ გასაგებად შეგვიძლია, ერთ-ერთი მეცნიერის მიერ მოყვანილი მაგალითი გავიხსენოთ: მაგალითად კანონი გვეუბნება, რომ კონკრეტულ საავტომობილო გზაზე დასაშვები სიჩქარე 100 კმ საათშია. თუ ამ გზაზე 120 კმ საათში სიჩქარით ივლით, თქვენ გაგაჩერებთ პოლიციელი და დაგაჯარიმებთ. თუმცა თუ ჩვენ დღეს გვეუბნებიან, რომ ჩვენ არ შეგვიძლია სინათლის სიჩქარეზე სწრაფად გადაადგილება, ეს არ ნიშნავს, რომ თუ ჩვენ მოვახერხებთ სინათლის სიჩქარეზე დიდი სიჩქარის განვითარებას, გალაქტიკური პოლიცია გაგვაჩერებს და დაგვაჯარიმებს ამისთვის. პირიქით, ამით მხოლოდ იმ დასკვნამდე მივალთ, რომ არასწორად გვესმოდა ბუნების კანონები.

რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ფიზიკური და წარმოსახვითი სივრცეების ტოტალური საკრალიზაცია: რუსთაველი, პატრიარქი, ცხრა აპრილის მონუმენტი და ბოლოს, 17 მაისი. რატომ დასჭირდათ ჰომოფობიურ ჯგუფებს 17 მაისის ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადება? რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ღმერთის იდეა აღარ მუშაობს. ადამიანური გრძნობები გახდა ის, რომელთა კარნახითაც ხდება პოლიტიკური და სოციალური ცვლილებები. სიძულვილის ჯგუფებიც კი უკვე მხოლოდ შეურაცხყოფილი წმინდა გრძნობების იდეის მეშვეობით იგეშებიან. ამას გულისხმობდა ნიცშე, როცა თქვა: „ღმერთი მოკვდა“. ღმერთი მოკვდა, როგორც პოლიტიკური წესრიგის გარანტი საზოგადოებებში. ამ წესრიგის წყარო დღეს უკვე ადამიანური ემოციებია. ამ იდეას აუწყეს ფეხი ჰომოფობიურმა ჯგუფებმაც.

17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეა. ამ დღეს ადამიანები იბრძვიან სრულიად ბუნებრივი სექსუალური ქცევის უფლებისა და საზოგადოებასთან სრულფასოვანი თანაცხოვრების უფლების მოსაპოვებლად, რომელიც ჩვენ წავართვით.