შურისძიება

ზურა ჯიშკარიანი

მრჩება შთაბეჭდილება, რომ კოლექტიური ძალაუფლება, რომელიც ქართულ კოშმარად ქცეული „ქართული ოცნების“ ინდივიდების სახით მანიფესტირდება – გ ა მ წ ა რ ე ბ უ ლ ი ა, რომ ვერ გაიტანეს რუსული კანონი. ეს მაშინ, როცა გამოიყენეს ძალაუფლების ყველა შესაძლო ბერკეტი სატელევიზიო პროპაგანდა, რობოკოპები, პოლიცია, წყლის ჭავლი, გაზი, ორკები, ტროლები და ბოტები და თითქოს ამ მონსტრუოზური, დრაკონული ძალით ეგონათ მიაღწევდნენ შედეგს, მაგრამ ქართველი ხალხის და განსაკუთრებით ქართველი ახალგაზრდების წინააღმდეგ უეცრად ეს ტოტალური მანქანა ვერაფერს გახდა.

უფრო მეტიც, ძალაუფლება სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა, როცა ხალხის დასაშინებლად და დასაშლელად გამოყვანილი „სერიოზული“ ძალა – ახალგაზრდებმა აბუჩადაც აიგდეს: ცეკვავდნენ გამაყრუებელ სირენებზე, ეცეკვებოდნენ წყლის ჭავლს, იცინოდნენ და ამავდროულად ძალიან გაბრაზებულები იყვნენ. არის ძალიან დიდი უფსკრული ძალაუფლებასა და ხალხს, განსაკუთრებით ახალგაზრდობას შორის – ძალაუფლება ვერასოდეს დაამყარებს მათთან კომუნიკაციას, იმიტომ რომ მათ აპრიორი მიაჩნიათ ყველა ეს კომუნიკაციის მცდელობა – ბინძურ ტყუილად, რაც ალბათ ასეცაა.

ამიტომაც, ძალაუფლება გამწარებულია და ძალაუფლებას, როგორც დრაკონს წყურია სისხლი, წყურია მსხვერპლი, მას წყურია რომ ვ ი ნ მ ე დასაჯოს, საკუთარი კომპლექსების ასანაზღაურებლად. ესაა ვზროსლების აბაროტი ველურ ბავშვებზე.

და ასეთი ვინმე აღმოჩნდა ლაზარე.

იცით რა არის აქ ძალიან საინტერესო? ძალიან მესიმბოლურება, რომ ლაზარეს სახით ძალაუფლებამ „იდეალური დამნაშავე” აარჩია. გეტყვით რას ვგულისხმობ: მათ ყავთ ტყვე, რომელსაც ისინი (ძალაუფლება) ადამიანად არ მიიჩნევენ:

ლაზარეს არ აქვს ქართული გვარი.

ლაზარეს აქვს შეღებილი თმები.

ლაზარეს აქვს პირსინგები.

ლაზარეს აქვს ტატუები სახეზე.

ზოგმა დამპალმა პოლიტიკოსმა ისიც თქვა: „ორიენტაციაც აქვს არეულიო”.

ანუ ლაზარეს აქვს ყველა ის თვითგამოხატვის თავისუფლება, რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს ახასიათებს და იცით რა გამოდის? რომ ლაზარეს სახით ძალაუფლება – ჯენ ზის და საქართველოს ახალგაზრდობას სჯის. მას ეზიზღება საკუთარი ახალგაზრდობა. ლაზარე აღმოჩნდა ის კოლექტიური ჯენზი რომელიც აქციაზე იდგა და ძალაუფლებას სურს სამაგალითოდ დასაჯოს ჯენზი. თუნდაც ის ფაქტი, რომ ლაზარეს მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს თავი – ამ ძალაუფლების დემონსტრირებაა. 

ჩვენ არაფრით უნდა დავუშვათ ახალგაზრდა ადამიანის ციხეში გაშვება 7-11 წლით. ეს დაუშვებელია. ეს კოლექტიური ძალაუფლების გაბღენძილი ეგოს დაკმაყოფილებაა მხოლოდ. და რამდენიც უნდა იძახონ ისროლა მან მოლოტოვის კოქტეილი თუ არა – სინამდვილეში ეს მეორეხარისხოვანია იმ ფსიქოანალიტიკური შინაარსის ფონზე, რის გამოც ლაზარე ციხეშია.

ეს ლაზარე ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება აღმოჩენილიყო მეგობრებო და ჩვენი ვალია ვიბრძოლოთ მისი თავისუფლებისა და ღირსებისთვის.

თაობა იზრდება და პოლიტიკოსები მოხუცდებიან, კარგავენ ძალაუფლებას, პოზიციებს, ხშირად ინტელექტსა და კავშირს რეალობასთან, მე ვერ ვხვდები რატომ ჰგონიათ, რომ მარადიულად იქნებიან კომფორტულ სკამებზე წამომჯდრები. ახალგაზრდები მოვლენ და ყველას მიუჩენენ თავიანთ ადგილს, ზოგს ისტორიის სანაგვეზე, ზოგს ციხეში – იქ, სადაც ლაზარეს ჩამწყვდევა უნდათ.

ნუ შეგაშინებთ ამათი პროპაგანდა, ზღაპრები გუდის კაცებზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რეალურია, მაგრამ ვერცერთი უპრინციპო და უმორალო ძალაუფლება ვერ გატეხავს თავისუფლების სულს, ვინაიდან ჩვენ ვართ შვილები მზის, სიყვარულის, ველური ბავშვები ონტოლოგიური ანარქიზმისა და ვართ „უშიშარი, ვითარცა უხორცო”.

თავისუფლება ლაზარეს და ყველა პოლიტპატიმარს!