STEM-ი შესაძლებლობას გვაძლევს, ფეხი ავუწყოთ მომავალს - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ონლაინ STEM სკოლა იხსნება

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ინიციატივით მოსწავლეებისთვის STEM სკოლა იხსნება. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში, განსაკუთრებით კი რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ინტერესის გაღრმავებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას. აღნიშნული მიმართულებებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის, STEM სკოლა ზრდის ხელმისაწვდომობას ხარისხიანი განათლების მისაღებად საჭირო ინსტრუმენტებსა და რესურსებზე. 

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, მრავალი წელია, რაც არაერთი საგანმანათლებლო პროექტის ინიციატორი და მხარდამჭერია. ფინანსური ინსტიტუტის მთავარ მიზანს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და მათი შესაძლებლობებით უზრუნველყოფა წარმოადგენს.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი ხშირად ატარებს კვლევებს, რომელიც ახალგაზრდების საჭიროებებისა და სურვილების გამოვლენაში ეხმარება. 

„აღმოვაჩინეთ, რომ რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებს ძალიან აინტერესებდათ STEM მიმართულება,  თუმცა არ ჰქონდათ საკმარისი რესურსი და შესაძლებლობა, გაეღრმავებინათ ცოდნა და მიეღოთ პრაქტიკული გამოცდილება მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. ამიტომ, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა მათთვის შესაძლებლობები. 

იდეის განსახორციელებლად ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, გვეთანამშრომლა ისეთ ძლიერ გუნდთან, რომელსაც ექნებოდა ამ მიმართულებით მუშაობის დიდხნიანი გამოცდილება და ყველა ის რესურსი, რომელიც დაეხმარებოდა ახალგაზრდებს, მიეღოთ სრულყოფილი ცოდნა. სწორედ ასეთია კომაროვის სკოლა კვალიფიციური პედაგოგებით.

ასე შევქმენით STEM სკოლა, რომელი 150 მოსწავლეზეა გათვლილი. მათგან 60 საუკეთესო შედეგის მქონე რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეს კი საქართველოს ბანკი სწავლას სრულად დაუფინანსებს.“ –  აღნიშნავს თამარ გოჩაშვილი, საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი. 

კომაროვის სკოლის მასწავლებლის ლევან ჩაგელაშვილის თქმით, დღეს ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნიკური სფეროებია. შესაბამისად, რაც უფრო ადრეული ასაკიდან დაიწყებენ ბავშვები ამ მიმართულებების შესწავლას, მით უფრო უკეთესი იქნება როგორც მათი განვითარებისთვის, ასევე ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

„სკოლაში სწავლის პერიოდში, ძალიან მაინტერესებდა ინჟინერია, თუმცა არ არსებობდა საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ სრულად დავუფლებოდი ამ მიმართულებას. მართალია, ამ პერიოდში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომი იყო და იქ შემეძლო ჩემთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების პოვნა, თუმცა, ამ ყველაფრის სასწავლო სივრცეში მიღება ვერ ხერხდებოდა. დღეს კი მეცნიერება და ინჟინერია მომავლის პროფესიებად მიიჩნევა. უკვე ვხედავთ, რომ ჩვენს გარშემო აქტიურად მიმდინარეობს პროცესების ავტომატიზაცია – ჩნდებიან მომსახურე რობოტები, ჭკვიანი მოწყობილობები, სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება ხელოვნური ინტელექტის გავლენა. ამ ტენდენციის გათვალისწინებით, STEM სკოლა მნიშვნელოვანი წამოწყებაა, რადგან ახალგაზრდებს მისცემს იმ ცოდნასა და უნარებს, რომელიც დაეხმარება მათ, დაეუფლონ მომავლის პროფესიებს და შეინარჩუნონ ბაზარზე კონკურენტუნარიანობა“, – აღნიშნავს ლევან ჩაგელაშვილი.

STEM სკოლა მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ ფიზიკის, მათემატიკის, და ინჟინერიისა საბაზისო საკითხებს, ისწავლონ ციფრული და ელექტრო ინჟინერია, მიიღონ მიკროკონტროლერზე მუშაობის გამოცდილება, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ, მომავალში შექმნან სხვადასხვა მოწყობილობები, მათ შორის – რობოტები.

ამისათვის, სწავლის პროცესში მოხდება სპეციალური ონლაინ პლატფორმის ინტეგრაცია, რომელიც მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი და სრულად მორგებული STEM სკოლის კურიკულუმს. პლატფორმის სხვადასხვა ინსტრუმენტები, როგორებიცაა სიმულაციები, ანიმაციური ვიდეოები და სხვა, შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეებს, მიიღონ ხარისხიანი განათლება დისტანციურად.

„STEM სკოლაში მოსწავლეები შეძლებენ, შეიქმნან ის ბაზისი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის და მათემატიკის მიმართულებით, რომელიც შემდგომში დაეხმარება მათ, კიდევ უფრო მეტად გაიღრმავონ ცოდნა და საკუთარი მომავალი პროფესია STEM მიმართულებას დაუკავშირონ“, – აღნიშნავს გიორგი ლომიძე, კომაროვის მხრიდან STEM სკოლის პროექტის ხელმძღვანელი.

კომაროვის მეთორმეტე კლასის მოსწავლე, დაჩი ჭოტაშვილი გვიყვება, რომ ბავშვობიდან აინტერესებდა და სურდა გაეგო, თუ როგორ მუშაობს სამყარო. ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად კი გადაწყვიტა, საფუძვლიანად ესწავლა ფიზიკა. 

როგორც დაჩი აღნიშნავს, მოსწავლეების მიერ თავის დამკვიდრების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი ნაცნობების შეძენა და არსებული ცოდნისა თუ უნარების გაუმჯობესება. ამისათვის კი, STEM სკოლა მნიშვნელოვანი ინიციატივაა. 

„საქართველოში დიდი გამოწვევაა რესურსებსა და აღჭურვილობაზე ხელმისაწვდომობა – არ გვაქვს ისეთი დანადგარები თუ ხელსაწყოები, რომელიც ჩვენი იდეების რეალიზაციაში დაგვეხმარება. ამის გათვალისწინებით, STEM სკოლა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც მოსწავლეებს ამ დანაკლისის შევსებაში დაეხმარებათ. 

მაგალითად, როდესაც მოსწავლეები ფიზიკის მსოფლიო ოლიმპიადაში ვიღებთ მონაწილეობას, გვიწევს ვიმუშაოთ როგორც ექსპერიმენტულ, ასევე, თეორიულ კომპონენტზე. მართალია, თეორიულ ნაწილს ყოველთვის კარგად ვართმევთ თავს, თუმცა, ექსპერიმენტული ნაწილი ყოველთვის გვიჭირს, რაც ქვეყანაში არსებული რესურსების ნაკლებობით არის განპირობებული. 

დღეს მოსწავლეებს კარგად ესმით, STEM მიმართულებით როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნის მიღების მნიშვნელობა, ამიტომ ჩემ გარშემო ამ ინიციატივის მიმართ გულგრილი არავინ არის და ინტერესიც ძალიან მაღალია“, – გვიყვება დაჩი. 

აღსანიშნავია, რომ ერთწლიანი საგანმანათლებლო STEM პროგრამა მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და სწავლების სრულად ონლაინ ფორმატში ჩატარებას ითვალისწინებს. 

STEM სკოლაში რეგისტრაცია 17 თებერვალს დაიწყო და 3 მარტს დასრულდება. 22 თებერვლის მდგომარეობით, სკოლაში უკვე 1000-მდე მოსწავლეა დარეგისტრირებული, რომელთა 70% საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობს. 

STEM სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ეწვიეთ https://stem.school.ge/

რეგისტრაციისთვის კი გადადით https://stem.school.ge/registration/