თავისუფლება ისე არ მოდის

თავისუფლება არ არის განუყრელი დღესასწაული, რომელიც, ბედმა თუ გაგიღიმა და ერთხელ მოგეცა, მას შემდეგ სადაც არ უნდა წახვიდე, ყოველთვის შენთან იქნება.

თავისუფლებას ბევრი მტერი ჰყავს. და ისინი არ აპირებენ გაჩერებას, მიზნების გადახედვას, დანებებას. თავისუფლება იმ ცოდნაშია, რომელიც გვეხმარება გავარჩიოთ  მტერი და მოყვარე. ეს არ არის მარტივი, რადგან დღეს თავისუფლების წინაარმდეგ იბრძვიან დროის შესაბამისი დახვეწილობით, ცოდნით, მეთოდებით, საჭიროა თავისუფლების ყველა მეგობრის ერთიანობა! 

თავისუფლება ბრძოლაშია და ეს იცოდნენ დავითის მეომრებმა დიდგორთან, იუნკრებმა კოჯორ-ტაბახმელასთან, 9 აპრილის გმირებმა პარლამენტთან, ეს იცოდნენ ჩვენი დროის გმირებმა შინდისთან. ეს იცოდა  ანწუხელიძემ, დამენიამ, ტატუნაშვილმა… ეს იციან  თანამედროვე გმირებმა მარიუპოლთან, ხერსონთან, კიევთან…

თავისუფლება შრომაშია და ეს იციან მათ ვინც ყოველდღიური საქმიანობით ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანას  განვითარებაში, რამაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების ღირსეული ცხოვრება. 

თავისუფლება სწავლაშია და იციან ჩვენმა მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა, სტუდენტებმა, რომ მათ წარმატებაზე დგას ჩვენი საერთო ქვეყნის მომავალი. 

თავისუფლება პასუხისმგებლობაშია. თითოეული ჩვენგანის წილ პასუხისმგებლობაში, ჩვენს მიერ გაკეთებულ არჩევანში, მიღებულ გადაწყვეტილებებში, გადადგმულ ნაბიჯში, თუნდაც შეცდომებში, რომლებზეც შესაძლებელია სწავლა. 

თავისუფლება პროფესიონალიზმშია – ნებისმიერ სფეროში ხელოვნური ინტელექტის ანალიტიკოსიდან დაწყებული, სპორტსმენით გაგრძელებული, ფერმერით დასრულებული. თითოეული მაგანის პროფესიონალიზმი არის მკვებავი ჩვენი საერთო თავისუფლებისა. 

თავისუფლება მრავალფეროვნებაშია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მის დასაცავად, რადგან ჯერ კიდევ მისაღწევი გვაქვს – იყო განსხვავებული და იყო თანასწორი.

თავისუფლება სოლიდარობაშია და ჩვენი მხარდაჭერა მათ, ვისაც დღეს ჩვენგან დახმარება სჭირდება.

თავისუფლება მსახურებაშია – იმ მიზნების და ღირებულებების მსახურებაში, რომელიც აერთიანების თავისუფლების ყველა მეგობარს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ დედამიწაზე. 

თავისუფლება მოძრაობაშია, თავისუფლება ისე არ მოდის თუ შენც არ მიდიხარ მასთან… თავისუფლება მათი ხვედრია, ვინც  არ გაჩერდება თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე.