ვის უხარია გახარია? - დაინტერესებული პირის სუბიექტური შეფასებები

ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემობრუნებას პოლიტიკაში საკმაოდ ბევრი და არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგს ეწყინა, ზოგს გაუხარდა, ზოგი გაბრაზდა, ზოგი აღფრთოვანდა. თუმცა, მე მგონი, აქ ემოციები კი არაა მთავარი, არამედ სულ სხვა რამ.

თავდაპირველად ვფიქრობდი მაქსიმალურად ნეიტრალური პოზიციიდან დამენახა ეს ფაქტი, მაგრამ უკვე წერის პროცესში მივხვდი, რომ ეგრე არ გამოვა. მე არ ვარ ნეიტრალური. პირიქით, დაინტერსებული პირი ვარ და ჩემი ინტერესი არის ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა საქართველოში, რაც შეუძლებელია მოხდეს ერთპიროვნული პოსტსაბჭოური მმართველობის, ანუ არსებული ხელისუფლების პირობებში. ასევე მაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხედულება, რომ არსებულ რეალობაში არ არსებობს რომელიმე ერთი პარტია, ლიდერი ან პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც უზრუნველყოფდა როგორც ხელისუფლების შეცვლას, ისე ლიბერალური დემოკრატიის და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებას ქვეყანაში. ასეთი რამ შესაძლოა მოხდეს მხოლოდ კოალიციურობის პრინციპის რეალურად ამოქმედებისა და სხვადასხვა პარტიების თანამშრომლობის შედეგად.

ამიტომ შევეცდები, რომ გახარიას ფიგურაც და მისი პარტიის შექმნაც ამ პერსპექტივიდან შევაფასო: რამდენად შეუწყობს იგი ხელს არსებულ ძალთა ბალანსის რღვევას და, შესაბამისად, კოალიციური ხელისუფლების მოსვლისა და ქვეყნის დემოკრატიზაციამოდერნიზაციის შანსების ზრდას? ვფიქრობ, მთავარი თემა სწორედ ეს არის და არა ის, თუ ვის რა წყინს და რა უხარია

კაცი არსაიდან, ანუ სათავეებთან

გიორგი გახარია ქართული ოცნების ხელისუფლებაში იმთავითვე განსხვავებული იმიჯით გამოჩნდა. ის არ იყო ამ ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი პოსტსაბჭოთა რეტროგრადი პრორუსულნოსტალგიური და ნაციონალკლერიკალური გადახრებით. თვით მისი საფირმო ფრაზაქართული ჯიგრული პონტისშესახებ პირადად მას გაცილებით ნაკლებად ესადაგებოდა, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილს ან თუნდაც გიორგი კვირიკაშვილს. მოკლედ, ის თავიდანვე ტოვებდა კვალიფიციური და არცთუ უჭკუო ჩინოვნიკის შთაბეჭდილებას

ის ასევე გამოირჩეოდა იმით, რომ არ იყო არავის კაცი. ის არ ეკუთვნოდა საქართველოში ცნობილ არცერთ პოლიტიკურ, ბიზნეს თუ კლანურ დაჯგუფებას. მას არ ჰქონია პოლიტიკური წარსული და საერთოდ არ ყოფილა შემჩნეული პოლიტიკასთან ახლოს მდგომ არანაირ აქტივობებში, როგორც საქართველოში, ისე რუსეთში, სადაც ის გერმანული ავიაკომპანია ლუფტჰანზას ფილიალის ერთერთი ტოპმენეჯერად მუშაობდა.

გახარია მხოლოდ 2013 წელს გამოჩნდა ქართულ პოლიტიკაში, როგორც ბიზნესომბუდსმენი. მისი რეკომენდატორის გია ხუხაშვილის თქმით, რომელიც მაშინ ბიძინა ივანიშვილის ერთერთი მთავარი მრჩეველი გახლდათ, ამ პოსტზე ეს ყველასთვის უცნობი პერსონა დიდწილად სწორედ იმ ნიშნით შეირჩარომ ის არ იყო დაკავშირებული ქართულ ბიზნესთან და პოლიტიკასთან.

შეიძლება ითქვას, რომ გიორგი გახარიას საკმაოდ შთამბეჭდავი კარიერული წინსვლა ჰქონდა ბიზნესომბუდსმენობიდან პრემიერობამდე, ოღონდ, როგორც ამბობენ ხოლმე, ეს გზა არ ყოფილა იავარდით მოფენილი. ჯერ კიდევ მისი ეკონომიკის მინისტრად წარდგენის დროს ვრცელდებოდა ხმები გახარიას  სამომავლო პრემიერობაზე, თუმცა პრემიერმინიტრად ის მხოლოდ 2019 წლის  20 ივნისის ცნობილი  მოვლენების შემდეგ დაინიშნა, რაც, ვფიქრობ, არ იყო შემთხვევითი. ივანიშვილი, როგორც წესი, არ წყალობს მისი გუნდის იმ  წევრებს, რომელთაც დამოუკიდებელი რეიტინგი შეიძლება ჰქონდეთ და სანამ გახარიას რეპუტაცია სერიოზულად არ დაზიანდა ოცი ივნისის დარბევის შედეგად, მანამდე მისი პრემიერობის საკითხი არ დამდგარა დღის წესრიგში

ოცი ივნისი არ ყოფილა გახარიას ერთადერთი შეცდომა თუ დანაშაული. მის მინუსებში უნდა ჩაითვალოს ასევე ზვიად რატიანის პოლიციის მიერ ცემა, ია კერძაიას მიმართ ზეწოლა, რომელსაც მისი გულის შეტევით გარდაცვალება მოჰყვა, ანაკლიის პროექტის შეჩერება და ხაზარაძესა და ჯაფარიძეზე პოლიტიკური ზეწოლა. ეს რაც უცებ გამახსენდა და ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება. თუმცა, მისი ყველა შეცდომა, გადაცდომა თუ დანაშაულიც უფრო ხელისუფლების პოლიტიკის გამოვლინებად აღიქმებოდა, ვიდრე მის პერსონალურ ცოდვად. ერთადერთი, რაც მას პერსონალურად მიება, იყო ოცი ივნისის დარბევა და ეს დღემდე რჩება მისი პოლიტიკური ბიოგრაფიის ყველაზე შავ ლაქად, თუმცა, ამაზე ქვემოთ.

წასვლა ანუ მეორედ მოსვლა

გახარიას გადადგომა პრემიერმინისტრის პოსტიდან საკმაოდ მოულოდნელი ამბავი იყო და ერთი შეხედვით არანაირად არ გამომდინარეობდა მისი იმიჯიდან. ოცი ივნისის შემდეგ გიორგი გახარია მთელი ოპოზიციური სპექტრისთვის იქცა რეპრესიული და პოლიციური სისტემის სახედ. ის არ იმიჯნებოდა ხელისუფლებისგან და არ აღიქმებოდა დამოუკიდებელ მოთამაშედ. მეორეს მხრივ პოლარიზებული პოლიტიკური ატმოსფეროდან გამომდინარე, რაც უფრო საძულველი ფიგურა ხდებოდა გახარია ოპოზიციისთვის, მით უფრო მატულობდა მისი რეიტინგი ხელისუფლების მომხრეებში. ხოლო პანდემიის პირველ ხანებში, როდესაც საქართველოს ერთერთი საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა მსოფლიოში, გახარიას, როგორც ძლიერი კრიზისმენეჯერის რეიტინგი კიდევ უფრო გაიზარდა. მართალია, პანდემიის წარმატებულმა მართვამ დიდხანს ვერ გასტანა და, შესაბამისად გახარიას მენეჯერული ხიბლიც გაფერმკრთალდა, მაგრამ  მიუხედავად ამისა, ის კვლავ რჩებოდა ოცნების ხელისუფლების ცენტრალურ და რეიტინგულ ფიგურად.

და უცებ გადადგომა და განცხადება იმის თაობაზე, რომ ის წინააღმდეგი იყო ნიკა მელიას დაპატიმრებისა ნაცმოძრაობის ოფისზე შტურმით და რახან ვერ დაარწმუნა ამ ნაბიჯის სიმცდარეში თანაგუნდელები, იძულებულია წავიდეს. ეს განცხადება და საერთოდ ასეთი დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ არანაირად არ ჯდებოდა ქართული ოცნების სტილში და მეტიც, არ შეესაბამებოდა თავად გახარიას, როგორცსუპერძალოვანიხელისუფალის იმიჯს.

საინტერესოა, რომ არც სახელისუფლო და არც ოპოზიციურ მედიაში პრაქტიკულად არ ყოფილა მსჯელობა პრემიერის გადადგომის შესაძლო მიზეზებზე, ოპოზიციაში ეს მხოლოდ ხელისუფლების სისუსტისა და რღვევის ნიშნად აღიქვეს, ხელისუფლებაში პასუხისმგებლობიდან გაქცევად, მაგრამ ვფიქრობ საქმე ასე მარტივად ნამდვილად არ იყო

თეორიულადაც კი გახარიას გადადგომის მხოლოდ სამი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო:

) ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნა

) გახარიამ იცოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ისედაც უპირებდა მალე გაშვებას და დაასწრო მას.

) გახარიამ იცოდა, რომ მელიას აყვანის ოპერაციას ნაცმოძრაობის ოფისში ძალიან მწვავე რეაგირება მოჰყვებოდა დასავლეთისგან, რაც არასასურველად და დამაზარალებლად ჩათვალა.

აქედან ვარიანტიიმთავითვე უნდა გამოვრიცხოთ, რადგან ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში ეს არანაირად არ შედიოდა, რაც შეეხებადავერსიებს, ორივე ვარიანტი სრულიად დასაშვებია როგორც ცალცალკე, ისე ერთდროულად პაკეტში, მაგრამ აქ მთავარი სხვაა: ამ მიზეზების გამო გადადგომა შეეძლო მხოლოდ იმას, ვისაც აქვს პოლიტიკური ამბიცია და საკუთარ მომავალს ხედავს პოლიტიკურ საქმიანობაში. ჩინოვნიკი და ტექნიკური შემსრულებელი არავითარ შემთხვევაში არ გადადგებოდა დასავლეთის შესაძლო უკმაყოფილების შიშით. ჩინოვნიკისთვის საშიში მხოლოდ უშუალო უფროსის განაწყენებაა და თუ გადაწყვეტილება მელიას ოფისში დაჭერაზე მინიმუმ შეთანხმებული მაინც იყო ბიძინა ივანიშვილთან (და აუცილებლად იქნებოდა შეთანხმებული, თუ პირდაპირ მისგან არ მოდიოდა ასეთი ბრძანება),მაშინ წარმოუდგენელია, რომ ადამიანი, რომელი თავის თავს განიხილავს ივანიშვილის მენეჯერად, ტექნიკურ აღმასრულებლად თუ სხვა რამ მოხელედ, ფიქრობდეს იმაზე თუ ვინმე შარლ მიშელი, დანიელსონი, ტომსონი თუ ჯონსონი რას იფიქრებს მასზე, როცა ბოსის გადაწყვეტილებაა შესასრულებელი

ცხადია, ჩინოვნიკობა არანაირად არ ნიშნავს უპრინციპობას და კონფორმისტობას.

პატიოსანმა მოხელემაც შეიძლება უარი თქვას უფროსის გადაწყვეტილების შესრულებაზე (ასეთი შემთხვევები კი ძალზე იშვიათია სამოხელეო პრაქტიკაში, მაგრამ მაინც), მაგრამ როცა პარტიის ლიდერის დაპატიმრების წინააღმდეგი არ ხარ, მაგრამ პარტიის ოფისში მისი დაპატიმრების წინააღმდეგი ხარ (რაც გახარიამ თავადვე დაადასტურა ჟურნალისტებთან შეხვედრისას), ეს ნიშნავს, რომ შენი არგუმენტი წმინდა პოლიტიკურია და არა ტექნიკური თუ  მორალურზნეობრივი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ პოლიტიკური ამბიციის გარეშე პოლიტიკაში არავინ ბრუნდება და პარტიას არავინ ქმნის

ასე,რომ გახარიას პოლიტიკური ამბიციები თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ მოცემულობად და მის წასვლაც მისივე მეორედ მოსვლის პრელუდიად.

ამბიციები ანუ პერსპექტივა

პრაქტიკულად გახარიას პოლიტიკური ცხოვრება ახლა იწყება, რადგან ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში პოლიტიკოსის და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები ადამიანების ადგილი პრინციპულად არ არის. იქ მხოლოდ შემსრულებლები და ტექნიკური პერსონალია. თუმცა ივანიშვილისთვის დამახასიათებელია ახალდანიშნული მენეჯერისთვის დიდი უფლებამოსილებების მიცემა პირველ ეტაპზე, რაც ამ მენეჯერს უქმნის კარტბლანშის ილუზიას და ის დიდის ენთუზიაზმით იწყებს საქმიანობას სანამ არ აღმოაჩენს, რომ თურმე მთლად ისე არ მიდის საქმე, როგორც ეგონა, მისი უფლებამოსილებები საკმაოდ შეზღუდულია და ფაქტობრივად მარიონეტის როლით უნდა დაკმაყოფილდეს. ოცნების ხელისუფლების ყველა თანამდებობის პირმა გამოცადა საკუთარ თავზე ეს მიდგომა (მათ შორის მეც), ზოგი ადრე მიხვდა ამას, ზოგი გვიან, ზოგი საერთოდ ვერ მიხვდა ვერაფერს, მაგრამ თავად მართვის პრინციპი უცვლელია.

ვფიქრობ,  20 ივნისის გამო გახარიამ სწორედ იმიტომ აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, რომ ეგონა პოლიტიკურ კარტბლანშს მიიღებდა ამით მადლიერი ივანიშვილისგან. საბოლოო ჯამში კი მან რასაკვირველია ვერანაირი კარტბლანში ვერ მიიღო და დამრბევის და თვალთხარიას იარლიყი კი აიკრა. ეს მისი პოლიტიკური კარიერისთვის სერიოზული ლაქაა, რომელიც რთულია ოდესმე ჩამოირეცხოს, თუმცა ქვეყანაში, სადაც 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან ექვსი წლის შემდეგ ჯუმბერ პატიაშვილი კინაღამ პრეზიდენტად აირჩიეს, ყველაფერი მოსალოდნელია.

პოლიტიკაში მოსაბრუნებლად გახარიამ საკმაოდ კარგი დრო შეარჩია, როდესაც საზოგადოების უკმაყოფილება ერთის მხრივ ინტელექტისა და ღირებულებებისგან დაცლილი ხელისუფლების არაკომპეტენტურობითა და თავმოუბმელობით, მეორეს მხრივ კი პრაქტიკულად ნაცმოძრაობას შერწყმული პოლიტიკური ოპოზიციის ისტერიული აგრესიულობით, შეიძლება ითქვას, პიკს აღწევს. ამ დროს მისი პირველი მესიჯები, რომ ის იბრძვის სახელმწიფოსთვის და არა ვინმეს წინააღმდეგ, რომ საჭიროა ინსტიტუტების მშენებლობა და განმტკიცება, რომ უნდა დასრულდეს ქვეყნისთვის დამანგრეველი  პოლარიზაცია და დაპირისპირება, ყველანაირი თვალთახედვით იყო აბსოლუტურად სწორი. ეს სულისკვეთება მოეწონებოდათ არა მხოლოდ ოცნების ამომრჩეველთა დიდ ნაწილს, არამედ . . შუაშისტურ სეგმენტსაც, რომელსაც არც ხელისუფლება უნდა და არც არსებული ოპოზიცია. გახარიას გუნდზე კი ჯერჯერობით ვერავინ ვერაფერს იტყვის, რადგან იქ პრაქტიკულად სულ ახალი ფიგურებია, რომელთაც არა აქვთ პოლიტიკური გამოცდილება, მაგრამ რამე ცუდთან და უარყოფითთანაც არ ასოცირდებიან.

თუმცა, ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ გახარიას პოლიტიკური განაცხადი და სამიზნე ელექტორატი უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა. აღმოჩნდა, რომ გახარია პრინციპულად არ ცვლის პირველ ჩვენებას ოცი ივნისის დარბევასთან დაკავშირებით და კვლავ ნაცმოძრაობას ადანაშაულებს პარლამენტში შეჭრის მცდელობაში, არ აღიარებს არც სხვა გადაცდომებს და საერთოდ მიაჩნია, რომ სააკაშვილის მმართველობის შემდეგ ქვეყანა წავიდა წინ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ერთადერთი კრიტიკული რაც მას დაცდა ხელისუფლების მიმართ ის იყო, რომ ხდება პარტიული და პოლიტიკური ინტერესების ქვეყნის ინტერესებზე წინ დაყენება.

ბუნებრივია, ასეთი შეფასებები და ხელისუფლების მიმართ მსუბუქად კრიტიკული პათოსი ზემოაღნიშულ შუაშისტთა დიდ ნაწილსაც აღარ მოეწონებოდა, მაგრამ ამ პრესკონფერფენციაზე უკვე აშკარად ჩანდა, რომ გახარიას სამიზნე ჯგუფი პირველ რიგში ქართული ოცნების ამომრჩეველია. ასეთი მიდგომა გასაგებიცაა, რადგან არსებული ოპოზიციის ელექტორატიდან მას ბევრი არაფრის წამოღების შანსი აქვს. მაქსიმუმ ლელოს, სტრატეგია აღმაშენებლს, ევროპულ საქართველოს და ელისაშვილს ჩაეზიაროს მცირედით, მაგრამ რამე სერიოზულ შედეგს ამ ამომრჩევლის ხარჯზე გახარია ვერ დადებს. სულ სხვაა ოცნების ამომრჩეველი, რომელიც, ადმინისტრაციული რესურსის გამოკლებითაც საკმაოდაა და აქ მისი პოზიციები გაცილებით პერსპექტიულია. ვფიქრობ, ოცნების ამომრჩეველთა შედარებით უფრო განათლებული, პროდასავლური და სოლიდური ნაწილი, რომელსაც თუ შეიძლება ასე ითქვას, ეგოიმება კობახიძე და ღარიბაშვილი, სავარაუდოდ თითქმის მთლიანად მისკენ წავა. ხოლო . . ადმინისტრაციული რესურსიც, თუ პირადად ბიძინა ივანიშვილისგან არ მიიღებს ცალსახა ინსტრუქციას, რომ გახარიას პარტია მისი პროექტი არ არის და ის კვლავ ქართულ ოცნებას უჭერს მხარს თავისი კობახიძეებით, ღარიბაშვილებით და მდინარაძეოხანაშვილებით, ასევე შეიძლება გახარიასკენ გადაიხაროს. თუმცა, როგორადაც არ უნდა წარიმართოს პროცესები, თუ რამე განსაკუთრებული და ფორსმაჟორული არ მოხდა, ვფიქრობ გახარიას პარტია თუნდაც მხოლოდ ოცნების ელექტორატის ხარჯზე მინიმუმ მესამე ადგილზე გავა თვითმმართველობის არჩევნებში და მაღალი ალბათობით მისი შედეგი იქნება ათ პროცენტზე მეტი. ეს, პოლიტიკური სტარტისთვის, არსებული რეალობის გათვალისწინებით არათუ ცოტა არ არის, საკმაოდ ბევრიცაა, ოღონდ პრობლემები სწორედ ამის შემდეგ დაიწყება.

ვისთან და რა პირობებით შევა გახარიას პარტია კოალიციაში თუ ამის საჭიროება დადგა? რა ინიციატივებს დაუჭერს მხარს და რას გააპროტესტებს? როგორი დამოკიდებულება ექნება სხვა პარტიებთან? ეს არ არის ისე მარტივი კითხვები როგორც ერთი შეხედვით ჩანს, რადგან დღეს გახარიას პარტიის მიმართ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულებაა. ოპოზიციისთვის ის არის ოცი ივნისის ჯალათი, ოცნებისთვის კი მოღალატე. იმ პოზიციით და იმ მესიჯებით, რაც გახარიამ გააჟღერა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, ის ვერც ხელისუფლებასთან გამონახავს საერთო ენას და ოპოზიციისთვისაც მიუღებელი ფიგურა იქნება. აქედან გამომდინარე, არის რისკი, რომ თვითმმართველობის არჩევნებში წარმატებული სტარტის შემდეგ (რაც, ვფიქრობ ბოიკოტის მარცხიანი კამპანიის შედეგად შექმნილი კონიუნქტურის პირობებში პრაქტიკულად გარანტირებული აქვს), გახარიას პოზიციები საგრძნობლად დასუსტდეს და მისი გუნდის წევრებიც ან ხელისუფლებას შეერწყან, ან რომელიმე ოპოზიციურ ძალას, უფრო პირველს.

რა გზას დაადგება გახარია არჩევნების შემდეგ, რთული სათქმელია. ეს ყველაფერი პრინციპში დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ხედავს ის თავის ადგილს ქართულ პოლიტიკაში. თუ მისი მიზანია კვლავ შევიდეს იგივე მდინარეში გაუმჯობესებული პირობებით, ანუ დაანახოს ყოფილ ბოსს თუ რა დაკარგა მან მისი სახით და გამოივაჭროს ისევ ივანიშვილის ფავორიტობა, ეს ერთი ამბავია, ხოლო თუ  გახარია რეალურად აპირებს ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზიის მქონე ძლიერ ოპოზიციურ ლიდერად ჩამოყალიბდეს, მას ყველა შემთხვევაში მოუწევს ოპოზიციური ელექტორატისკენ უფრო მისაღები და გასაგები მესიჯების გაშვება ზოგადაბსტრაქტულიინსტიტუტების გაძლიერებისნაცვლად, მათ შორის ცხადია ოც ივნისზეც და ბევრ სხვა მისთვისუხერხულთემაზეც.

სხვანაირად რომ ვთქვა, გახარიას მიერ გაჟღერებული გზავნილები და მესიჯები თუ მხოლოდ ტაქტიკაა თვითმმართველობის არჩევნების წინ, ეს ერთი ამბავია, მაგრამ თუ ეს არის კონცეპტუალური ხედვა და სტრატეგია, მაშინ მისი, როგორც პოლიტიკური ლიდერის საბოლოო კრახი ვფიქრობ გარდუვალია, რა წარმატებული სტარტიც არ უნდა ჰქონდეს. რა გზას აირჩევს ექსპრემიერი, ეს მთლიანად მასზეა დამოკიდებული და მის არჩევანსაც ყველანი მალე ვიხილავთ

ბოლოთქმა

რაც შეეხება ამ წერილის თავში დასმულ კითხვას, თუ რამდენად შეუწყობს გახარიას გამოჩენა ხელს არსებულ ძალთა ბალანსის რღვევას, კოალიციური ხელისუფლების მოსვლის და ქვეყნის დემოკრატიზაციამოდერნიზაციის შანსები ზრდას, აქ მე ცალსახა პასუხი მაქვს: ყველა შემთხვევაში ხელს შეუწყობს, რადგან როგორადაც არ უნდა გადავალაგგადმოვალაგოთ პოლიტიკური ფიგურები და რეიტინგები, გახარია ყველა ვარიანტში ჩამოათლის ოცნებას პროცენტებს, რაც კოალიციურობის და რიგგარეშე არჩევნების ალბათობას საგრძნობლად ზრდის. ამიტომ მისი შემოსვლა პოლიტიკაში, ვისაც პლურალიზმი და ცვლილებები გვინდა, აუცილებლად უნდა აღვიქვათ დადებით ფაქტად და არავითარ შემთხვევაში უარყოფითად.

რაც შეეხება გახარიას პიროვნების მორალურ შეფასებას (ასეთებიც გაისმა), რომ ის კეთროვანია, მიუკარებელია, სისხლისმსმელია და . . ვფიქრობ არა მარტო არაპროდუქტიული, არამედ ღრმად არასწორიცაა, რადგან თუ ამ პოზიციიდან განვიკითხავთ ქართულ პოლიტიკურ სპეტრს, შექსპირის ჰამლეტისა არ იყოს მცირეოდენი გამონაკლისის გარდა, მათრახი არავის აცდება