ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც შაბათს ჭავჭავაძეზე გადაადგილდებოდა - კალაძე

პუბლიკა

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ შაბათს, განახლებული ჭავჭავაძის გამზირზე საცობის გამო მოქალაქეებს ბოდიში მოუხადა.

„მინდა, ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ ავტომობილის მძღოლს, ვინც ამ კონკრეტულ დღეს გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე, მის მიმდებარე ქუჩებზე და მოუწია გარკვეული დროით საცობში დგომა. ადამიანურად ნამდვილად მესმის თქვენი. მეც ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე ვარ, მეც ყოველდღიურად ვმართავ ავტომობილს და გადავადგილდები ქალაქში და, რა თქმა უნდა, თქვენს ადგილზე მეც იგივე დამოკიდებულება და განწყობა მექნებოდა და აბსოლუტურად მესმის, თითოეული თქვენგანის და კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოგიხადოთ“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც დღეს მერიას ლანძღავენ, ხვალ მადლობას გადაუხდიან.

„ამ რეფორმის შედეგები შეიძლება დღეს და ხვალ ვერ დავინახოთ, მე და ჩემი თანაგუნდელები შეიძლება გავილანძღოთ, მაგრამ ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, რადგან ამ რეფორმის გატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის“.