BTI: „ქართული ოცნების" მანიპულაციური რიტორიკა ევროპული ღირებულებების დაცინვაა

პუბლიკა

Bertelsmann Foundation-მა (BTI) გამოაქვეყნა 2024 წლის ტრანსფორმაციის ინდექსი, რომელიც მოიცავს ქვეყნების რანჟირებას ორი მიმართულებით: მენეჯმენტისა და მდგომარეობის ინდექსებით.

კვლევის ძირითადი შინაარსი

კვლევის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ გასული ორი წლის განმავლობაში საქართველომ ხელიდან გაუშვა მრავალი შესაძლებლობა, განეცადა პროგრესი და გამხდარიყო უფრო ინკლუზიური უსაფრთხო და ეკონომიკურად წარმატებული სახელმწიფო.

დოკუმენტში განხილულია ქვეყნის პოლიტიკური ვითარება Covid-19 პანდემიის შემდეგ და აღნიშნულია, რომ, გარკვეულწილად, შემცირდა საომარი მოქმედებები პოლიტიკურ ფრაქციებს შორის, თუმცა ყოფილი პრემიერის, გახარიას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სამ თვეში გადადგომამ აჩვენა, რომ ძალაუფლებას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ფლობს.

„ქართული ოცნების“ მიერ არჩევნებში მესამე ვადით გამარჯვების მოპოვებიდან სამი თვის შემდეგ გიორგი გახარიას მიერ პრემიერის პოსტის დატოვებამ, ცხადად აჩვენა, რომ ძალაუფლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს ფლობს, ნაცვლად იმისა, რომ მთავრობის კონსტიტუციური ლიდერის პოსტი ეკავოს“, – ვკითხულობთ კვლევაში.

ამასთან, კვლევის ავტორები წერენ, რომ „ქართული ოცნება“ აძლიერებს თავიანთ გავლენებს სასამართლო სისტემაზე „ერთგული მოსამართლეების“ დანიშვნით და ასევე უპირისპირდება კრიტიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ „უცხოური გავლენის აგენტებად“ ნიშნავს, რითაც საფრთხეს უქმნის მათ საქმიანობას.

ამასთან, კვლევაში საუბარია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პოტენციური რევოლუციის იარაღად გამოყენებაზე.

„2021 წელს იყო იმედის პატარა მომენტი, 19 აპრილის შეთანხმება ევროპული შუამავლობით. კავშირს, როგორც ჩანს, შეეძლო გადაეჭრა პოლიტიკური ჩიხი და დემოკრატიული რეგრესიის პრობლემა. თუმცა, ნაციონალურმა მოძრაობამ თავდაპირველად უარი თქვა შეთანხმებაზე, სანამ მათი პატიმრობაში მყოფი პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია, გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მმართველი გუნდი სამი თვის შემდეგ დატოვა. საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ ვერ მიიღო კომპრომისის ევროპული გაკვეთილი დემოკრატიაში“, – ვკითხულობთ კვლევაში.

ამასთან, კვლევის ავტორების განმარტებით, „ქართული ოცნება“ იყენებს სულ უფრო მანიპულაციურ რიტორიკას, რომელიც მიზნად „ეროვნული ტრადიციების“ დაცვას ისახავს. თუმცა, ავტორების შეფასებით, რეალურად კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების მარგინალიზებით და ძალადობრივი ჯგუფებისთვის უფლების მიცემით, გააგრძელონ თავიანთი ქმედებები უმცირესობებისა და ღიად გამოხატული დისიდენტების მიმართ – ევროპული ღირებულებების დაცინვაა.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ მიუხედავად ზოგიერთი სახალხო პროტესტისა, როგორიცაა ნამოხვანის პროტესტი დასავლეთში და მაღაროელების პროტესტი, არ გამოჩენილა ახალი პოლიტიკური პარტიები და ინტერესთა ჯგუფები. კვლევის ავტორების შეფასებით, სწორედ ამის შედეგია, რომ მმართველი პარტია აგრძელებს იყოს ერთადერთი წარმომადგენელი სოციალურ ინტერესებთან მიმართებით.

კვლევის ავტორების შეფასებით, ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლას კიდევ უფრო ამძაფრებს გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი მოვლენები.

„Covid-19-ის პანდემიამ და შემდეგ რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ გამოავლინა საქართველოს მმართველთა ამბივალენტურობა. მაშინ როცა საქართველომ დაგმო რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა გაეროს გენერალურმა ასამბლეაზე, მან არ დაუწესა დასავლეთის სანქციები რუსეთს და ის რუსეთის კაპიტალისა და მომსახურების კომპანიების თავშესაფარია. ამან გააძლიერა საქართველოს ვალუტა და გამოიწვია ეკონომიკური ბუმი. ახლა რუსეთი იმყოფება „ადმინისტრაციული საზღვრის“ ორივე მხარეს – სამხედრო თვალსაზრისით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და ეკონომიკურად საქართველოში. ამასთან ჯერ კიდევ მოუგვარებელია სომხეთსა და აზერბაიჯანს შრის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, რაც რთულ სიტუაციას ქმნის“, – ვკითხულობთ კვლევის ტექსტში.

კვლევის ავტორების შეფასებით, ამჟამად საქართველოსთვის იმედის მომცემია ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა.

საქართველოს ქულა და ადგილი

ბერთელსმანის ტრანსფორმაციის ინდექსის 2024 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ქულა მდგომარეობის ინდექსით 10 ბალიან სკალით 5,79-ია და 137 ქვეყნიდან 54-ე ადგილს იკავებს.

მდგომარეობის ინდექსი უჩვენებს ქვეყნის მიერ მიღწეულ დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარების დონეს. მდგომარეობის ინდექსის ქულა წარმოადგენს „პოლიტიკური ტრანსფორმაციისა“ და „ეკონომიკური ტრანსფორმაციის“ ინდექსების საშუალო ქულას.

რაც შეეხება მენეჯმენტის ინდექსს, ქვეყნის ქულა 5,21-ია ხოლო 137 ქვეყნიდან საქართველო 44-ე ადგილზეა.

მენეჯმენტის ინდექსი განიხილავს და აფასებს ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს, რომელიც იძლევა ინფორმაციას სახელმწიფოების წარმატებებისა თუ წარუმატებლობების შესახებ.

პოლიტიკური ტრანსფორმაციის მაჩვენებელი საქართველოსთვის 5.65-ია, ქვეყანა 58-ე ადგილს იკავებს.

პოლიტიკური ტრანსფორმაციის ინდექსი, იგივე ქვეყნის დემოკრატიულობა გამოითვლება 5 კრიტერიუმის მიხედვით, რომლებიც დამყარებულია ტრანსფორმაციის პროცესის შეფასების 18 ინდიკატორზე.

  • სახელმწიფოებრიობა
  • პოლიტიკური ჩართულობა
  • კანონის უზენაესობა
  • დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობა
  • პოლიტიკური და სოციალური ინტეგრაცია

ეკონომიკური ტრანსფორმაციის მაჩვენებლით, ქვეყანას 5,93 ქულა აქვს და 47-ე ადგილს იკავებს.

ეკონომიკური ტრანსფორმაციის მაჩვენებელი, იგივე საბაზრო ეკონომიკა  გამოითვლება 7 კრიტერიუმის მიხედვით, რომლებიც დამყარებულია 14 ინდიკატორზე

  • სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონე
  • ბაზრისა და კონკურენციის სტრუქტურა
  • სავალუტო კურსი და ფასების სტაბილურობა
  • კერძო საკუთრება
  • კეთილდღეობის რეჟიმი
  • ეკონომიკური მდგომარეობა
  • მდგრადი განვითარება

IDFI-ის ინფორმაციით, ბერთელსმანის ტრანსფორმაციის ინდექსი (BTI) განვითარებადი ქვეყნების დემოკრატიულობის ხარისხის გასაზომად შეიქმნა. ამ პროექტის ავტორი გერმანიაში დაფუძნებული მსხვილი, არაკომერციული ორგანიზაცია ბერთელსმანის ფონდია, რომელიც 1977 წელს შეიქმნა საზოგადოების პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვის გასაძლიერებლად. ფონდი სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს მსოფლიოში მოქალაქეების ჩართულობის, მდგრადი განვითარების, კარგი მმართველობისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად.

ტრანსფორმაციის ინდექსით ქვეყნები 2004 წლიდან რეგულარულად ფასდება. ინდექსი დემოკრატიულობისა და საბაზრო ეკონომიკის საერთაშორისო შედარების გზით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკური ტრანსფორმირების, ეკონომიკური ტრანსფორმირებისა და მმართველობის ხარისხს აანალიზებს. BTI წარმოადგენს ერთადერთ შედარებით-საერთაშორისო ინდექსს, რომელიც ზომავს მმართველობის ხარისხს და გვთავაზობს ტრანსფორმაციის პერიოდში მყოფ ქვეყნებში არსებული პოლიტიკური მმართველობის ანალიზს.