„ჩემგან დამალა“ - ახალბედაშვილი პრესკონფერენციაზე, რომელიც ლორთქიფანიძემ მედიისთვის გამართა

პუბლიკა

ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ პრესკონფერენცია გამართა და მედიის შეკითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთი შეკითხვა შეეხებოდა თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „მუზეუმი არის გამოშიგნული“. ჟურნალისტი დაინტერესდა, ლორთქიფანიძის ინფორმაციით, რამდენი ნამუშევარია დაკარგული. და თუ წლებია, არცერთი ნამუშევარი არ დაკარგულა, ემსახურება თუ არა მინისტრის განცხადება მუზეუმის რეპუტაციის შელახვას.

დავით ლორთქიფანიძეს უჭირს შეფასება, რას ემსახურება ეს განცხადება.

დაახლოებით, 1950 წლიდან, დაწყებული პროცესი იყო, ძალიან აქტიური 90-იან წლებში, როდესაც უმეტესად  საქართველოს საელჩოებს გადაეცათ ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრები. ბევრს არ ჰქონდა სათანადო დოკუმენტაცია. ჩვენ ეს აღმოვაჩინეთ მას შემდეგ, რაც გალერეა მუზეუმის შემადგენლობაში შემოვიდა. ეს იყო 2007-2008 წელი, სადაც აღმოჩნდა, რომ გარკვეული ნამუშევრები აკლია, ამის შემდეგ იყო წერილები გაგზავნილი, ყველა წერილის კოპიო არსებობს…“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ეროვნული მუზეუმის დირექტორს საუბარი შეაწყვეტინა ნიკა ახალბედაშვილმა, დირექტორატის წევრმა და ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა. ახალბედაშვილი ლორთქიფანიძის პრესკონფერენციაზე მოულოდნელად გამოჩნდა და აუდიტორიიდან რეპლიკებს აკეთებდა.

დირექტორატის წევრი ლორთქიფანიძეს პასუხს სთხოვდა ნამუშევრებზე, რომლებიც მისი მტკიცებით, 2012-2013 წლებში არასრულად დაბრუნდა მუზეუმში.

„როდის გავიდა? რომელ წელს წავიდა გალერეიდან?“ – იკითხა დავით ლორთქიფანიძემ.

„ამერიკაშია გასული, ირანის რესპუბლიკაში…“ – აგრძელებდა რეპლიკას დარბაზიდან ნიკა ახალბედაშვილი.

ლორთქიფანიძის განმარტებით, ყველა ნამუშევარი გასულია მუზეუმიდან 90-იან წლებში.

„…რატომაა მუზეუმი გამოშიგნული, როდესაც მხოლოდ ორ ფონდს აკლია დაახლოებით 100-მდე ნამუშევარი, აგერ მაქვს ყველაფერი, აგერ გიყვებით. 11 ნამუშევრის დანაკლისია, აგერ 2012 წელს არის დაბრუნებული“, – განაცხადა ნიკა ახალბედაშვილმა, რაზეც მას კვლავ ჰკითხეს, რომელ წელს იყო გატანილი ეს ნამუშევრები მუზეუმიდან.

„რა მნიშვნელობა აქვს, რომელ წელს? თქვენ რომ დაგიბრუნდათ და თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმ დროს და ამაზე ლაპარაკიც არ არის, ეს პრობლემად არ მიგაჩნიათ? ბევრი გვაქვს ქართული კულტურა ასე გასანიავებელი?“ – განაცხადა ახალბედაშვილმა.

მედიის ამავე შეკითხვის საპასუხოდ მან განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ დოკუმენტაციაზე მიმდინარეობს გამოძიება როგორც ამერიკაში, ისე ირანში და თურქეთში წაღებულ და ამავე რაოდენობით არდაბრუნებულ ნამუშევრებზე.

„ამ შემთხვევაში ლაპარაკი იმაზეა, რატომ ვამბობთ, რომ მუზეუმი გამოშიგნულია, ეს არის სტატუს კვო. ბატონი დავითი როდესაც ამბობს, რომ მე იმ დროს არ ვიყავი, როდესაც წავიდაო, მისი პრობლემა სწორედ ის არის, რომ როდესაც დაბრუნდა, მას უნდა მოეკითხა თითოეული მათგანი და არ უნდა უკვირდეს, როცა ვინმე ამბობს, რომ მუზეუმი გამოშიგნულია“, – განაცხადა ახალბედაშვილმა.

მისი მტკიცებით, ეს ნამუშევრები არა 90-იან წლებში, არამედ 2000-იანებში იქნა გატანილი მუზეუმიდან. მან ზუსტი წელი ვერ დაასახელა, თუმცა განაცხადა, რომ უფლებამოსილი პირი დავით ლორთქიფანიძე იყო.

ახალბედაშვილის საპასუხოდ დავით ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ ყველა საელჩოს წერილით მიმართეს და ამ ხნის განმავლობაში 448-დან 427 ნამუშევარი დაბრუნდა.

„რა უნდა მექნა მე? 2005 წლამდე გასული მოვითხოვეთ და ნაწილი დაბრუნდა, 21 კიდევ არ არის დაბრუნებული. რა უნდა გაეკეთებინა მუზეუმის დირექტორს? ყველა ეს ნამუშევარი გასულია 2005 წლამდე. დაბრუნების პროცესი დაიწყო და ყველა ვერ დაბრუნდა“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ნიკა ახალბედაშვილმა ჟურნალისტებთან განცხადებაც გააკეთა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

„ხელოვნების მუზეუმში დასრულდა  ინვენტარიზაცია, დაახლოებით 90%-ში დასრულებულია, ასევე დასრულებულია ინვენტარიზაცია დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში. და შედეგების მიხედვით, თითქმის ყველა ფონდში არის გარკვეული სახის დანაკლისი. ზოგან რაოდენობრივად უფრო მეტი, ზოგან რაოდენობრივად უფრო ნაკლები. ეს დაკარგული ექსპონატები არის სხვადასხვა პერიოდის დროს დაკარგული.

მათ შორის არის ის ექსპონატები, რომლებიც გატანილი იყო 2012-2013 წლებში და დაბრუნდა უკან დანაკლისით, წასული იყო საგამოფენოდ და არ დაბრუნდა. მარტო აშშ-დან 40-მდე ექსპონატი არის, რომელიც არ დაბრუნდა.   ასევე დანაკლისი არის თურქეთიდან დაბრუნებული ექსპონატების რაოდენობაში, დანაკლისი არის ირანიდან დაბრუნებული ექსპონატების რაოდენობაში“, – განაცხადა ახალბედაშვილმა.

მედიის შეკითხვებზე, რომელ წლებში გავიდა საქართველოდან ეს ნამუშევრები და რომელ წლებშია დაკარგული, ახალბედაშვილმა უპასუხა: „ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება და კონკრეტულ ვითარებაზე იქნება პასუხი“.

ექსპონატების ევაკუაციის გეგმა

ჟურნალისტებმა ნიკა ახალბედაშვილს ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების ევაკუაციის გეგმის შესახებაც ჰკითხეს.

ნიკა ახალბედაშვილის განცხადებით, ევაკუაციის გეგმა არ ჩავარდნილა, გადაიწია ვადები, ვინაიდან ინვენტარიზაციის პროცესმა დაგეგმილზე მეტი დრო წაიღო. მისი თქმით, ხელოვნების მუზეუმის ფონდები გვერდით 2 შენობაში გადადის – ერთ-ერთია სასტუმროს შენობა და მეორე, 80-იანი წლების შენობა.

პროექტების დაფინანსების შეჩერების საკითხი

ნიკა ახალბედაშვილი ამბობს, რომ მიესალმება ყველა სამეცნიერო პროექტს, თუმცა მათ უნდა გაევლოთ ეროვნული მუზეუმის დებულებით გაწერილი შესაბამისი პროცედურა. მისი თქმით, დებულებაში ცვლილება აპრილში შევიდა და მის მიხედვით, პროექტები ეროვნული მუზეუმის დირექტორატს აუცილებლად უნდა განეხილა.

ნიკა ახალბედაშვილის მტკიცებით, დავით ლორთქიფანიძემ გვერდი აუარა დირექტორატს და დამალა პროექტების დაფინანსება, „ისევე როგორც მისგან დამალა პრესკონფერენცია, როგორც დამალა აუდიტის დასკვნა“.

შეკითხვაზე, როგორ უნდა დამალულიყო აუდიტის დასკვნა, ახალბედაშვილი პასუხობს: „აუდიტის დასკვნაში ჩემდამი რწმუნებულ მუზეუმზე იყო საუბარი და ბატონმა დავითმა ისე გასცა პასუხი, რომ მე საქმის კურსში არ ჩამაყენა.  ბატონი დავითი არის ძალიან კარგი მეცნიერი, მაგრამ მას არ უყვარს დებულებების კითხვა“.

„რადიო თავისუფლების“ შეკითხვაზე – რატომ არ პასუხობს ჟურნალისტების ზარებს ახლაბედაშვილი? – მან ჟურნალისტი პოლიტიკურ მიკერძოებაში დაადანაშაულა.

„იმიტომ რომ თქვენ ხართ მხარე, თქვენ ხართ პოლიტიკური პარტიის გაგრძელება. თქვენ ხელოვნების მუზეუმი და კულტურა არ გაინტერესებთ“, – განაცხადა ახალბედაშვილმა.


„პუბლიკა“ სხვადასხვა საკითხზე კულტურის სამინისტროს პრესსამსახურთან დაკავშირებას თვეების განმავლობაში ცდილობს, თუმცა უწყების პრესსამსახური ჩვენს ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობს.

გამოცემამ უწყებიდან სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით რამდენჯერმე გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, თუმცა შეკითხვებზე პასუხი არც ამ ფორმით მიგვიღია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მიხედვით და საქართველოს კონსტიტუციით, უწყება ვალდებულია, ინფორმაცია გასცეს.