ჩემი აზრით, პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია - ხმალაძე

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ცნობით, 2022 წლის 26 თებერვალს საქართველოს მთავრობის მიერ წერილობით ეთქვა უარი პარიზში, ბრუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე.

„არსებული ვითარების გათვალისწინებით გავაუქმე ყველა ოფიციალური ფორმატი. ასეთ დროს საჭიროდ მივიჩნიე ჩემი პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ამ განცხადების საპასუხოდ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „ეს თუ მართალია, რაც თქვა პრეზიდენტმა, გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია, მაგაში გავერკვევით… სავარაუდოდ, მართალი თქვა, დაურღვევია კონსტიტუცია, მაგას გავარკვევთ”.

საქართველოს კონსტიტუციაში პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია და მთავრობისგან თანხმობის გარეშე აქვს თუ არა მას პირადი შეხვედრების გამართვის უფლებამოსილება, ამ შეკითხვებით „პუბლიკამ“ კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს მიმართა.

ვახტანგ ხმალაძე არ ეთანხმება ირაკლი კობახიძის განცხადებას და მიაჩნია, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია.

„ოფიციალური ვიზიტი, მოლაპარაკება, მონაწილეობა, ოფიციალურად საქართველოს სახელით რამე განცხადების გაკეთება მას შეუძლია მხოლოდ მთავრობის თანხმობით, მაგრამ არაოფიციალურად შეუძლია მთავრობასთან შეთანხმების გარეშე შეხვდეს ვიღაცას, ილაპარაკოს ვიღაცასთან.

ჩვენ თუ გავიხსენებთ სალომე ზურაბიშვილის ამ ვიზიტების დროს გაკეთებულ განცხადებებს, რამდენადაც მახსოვს, არსად უთქვამს, რომ ის ლაპარაკობს საქართველოს სახელით. შესაბამისად, ეს არ იყო სახელმწიფოს პოზიცია, ამიტომ მე მიმაჩნია, რომ მას კონსტიტუცია არ დაურღვევია, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნებისმიერი ნათქვამი შეიძლება აღქმული ყოფილიყო, როგორც სახელმწიფოს პოზიცია. მას არ უთქვამს არსად, რომ ეს არის სახელმწიფოს პოზიცია.

გავიხსენოთ უფრო მეტი: მან არაერთხელ თქვა, რომ ის არ იზიარებს საქართველოს მთავრობის პოზიციას, ეს მიუთითებს, რომ რაც მან თქვა, ეს არ არის სახელმწიფოს პოზიცია, მან ეს თქვა, ამიტომ მე ვერ ვხედავ კონსტიტუციის დარღვევას. ანტიკონსტიტუციური, ჩემი აზრით, არაფერი გაუკეთებია. არ ვეთანხმები ამ შემთხვევაში ირაკლი კობახიძეს“, – უთხრა ხმალაძემ „პუბლიკას“.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზსა და ბრიუსელში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფორ დერ ლეიენთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრები გამართა. გარდა ამისა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრები გამართა არაერთი ქვეყნის ლიდერთან, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკისთან.