ჩვენ ოკუპაციას არ შევეგუებით – მიტროპოლიტი იაკობი ევროპარლამენტში

პუბლიკა

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ევროპარლამენტში მიმდინარე სემინარზე განაცხადა, რომ საქართველო ოკუპაციას არ შეეგუება და საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვა, უკრაინასთან ერთად, საქართველოს საკითხიც დააყენონ დღის წესრიგში, – „ჩვენ ოკუპაციას არ შევეგუებით. ჩვენი ბრძოლის ფორმა იქნება მშვიდობიანი და ცივილიზებული. დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპელი და ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორები დაგვეხმარებიან. ვიცით, ეს ხანგრძლივი პროცესია.“

სემინარზე მთავარეპისკოპოსის განცხადებას „იმედი ნიუსი“ ავრცელებს.

„ჩვენი და რუსეთის ურთიერთობები გაყინულია. არც ფიქრობენ ჩვენთან დალაპარაკებას. ჩვენი მიწა იყო და არის ისტორიული. რუსეთმა ზევიდან არ უნდა გვიყუროს და როგორც პარტნიორს, ისე უნდა გვიყუროს. ამ საკითხში ჩვენი ჩართულობა კარგი იქნება. დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ ყოველთვის აღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ძალიან კარგია. უკრაინაზე ხშირად არის ლაპარაკი და ხშირად საქართველოს საკითხი გამოტოვებულია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ და ყველგან უკრაინასთან ერთად ახსენოთ საქართველო“, – განაცხადა მიტროპოლიტმა იაკობმა.

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის თქმით, საქართველოს შეუძლია, ევროპას მაგალითი მისცეს ტოლერანტობაში.

„ტოლერანტობა, ალბათ, ჩვენგან უნდა ისწავლოს ევროპამ. შეგვიძლია, ტოლერანტობაში მაგალითი მოგცეთ. მრავალი საუკუნეა, თბილისის ცენტრში ყველა სალოცავია. გენეტიკურად ტოლერანტები ვართ. ცოდვის მიმართ ტოლერანტები ვერ ვიქნებით. მეც რომ ცუდი საქმე გავაკეთო, მაშინ ესეც დასაძრახია. სხვებზე ხმამაღლა არ ვლაპარაკობთ. ჩემი საქმე არაა, სხვას მოვუწოდო, როგორ იცხოვროს და თავად თუ მკითხავს, მაშინ მოვახსენებ ჩემს აზრს. მოლდოვასაც, უკრაინასაც და საქართველოსაც დაუჭირეთ მხარი. გავა დრო და ჩვენ ღირსეულად მოვემზადებით. ჩვენი სახით ერთი ღირსეული წევრი შეგემატებათ ევროკავშირში“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, NATO არის საქართველოს არჩევანი და მოსახლეობის უმრავლესობას სურს ნატოში გაწევრება.

საპარტიარქოს ცნობით,  17 ნოემბერს დაიწყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოზი (ბოგვერაძე), საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და სხვა სასულიერო პირები.

18 ნოემბერს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) სათაო ოფისში შედგა შეხვედრა ჯეიმს აპატურაისთან, – კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან.