ჩვენი მოთხოვნა გამოძიების სრულყოფილად ჩატარება და დამნაშავეთა დასჯაა - აჭარაძე ლუკას სირაძის საქმეზე

პუბლიკა

არასრუწლოვანი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის გამო თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ჩვენების იძულების ბრალდებით გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავა. ლუკა სირაძის ოჯახი და ოჯახის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ 10 – 11 დეკემბერის დღეს განყოფილებაში ყოფნის დროს არასრულწლოვანზე მხოლოდ მარიამ ჩოლოიანი არ ძალადობდა და ბრალდებულთა წრე უნდა გაიზარდოს.

როგორ მიმდინარეობს საქმის გამოძიება? დაიკითხა თუ არა განმეორებით არასრწულოვნის დედა და გაიზრდება თუ არა ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებულთა წრე – ამ კითხვებით „პუბლიკა“ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელს რეზო აჭარაძეს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დაუკავშირდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის, რეზო აჭარაძის თქმით, ახალ წლამდე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ჩვენება მისცა არასრულწლოვანი ლუკა სირაძის დედამ. აჭარაძის თქმით, დედამ აღიდგინა ორი ადამიანი, რომელიც ლუკას უხეშად ელაპარაკებოდა და ძმისთვის პრობლემების შექმნით ემუქრებოდა.

რეზო აჭარაძის თქმით, ახლა საჭიროა გამომძიებამ ამ პირებზე სხვა ჩევნებები/ მტკიცებულებები მოიპოვოს, რომ ბრალი დასაბუთებული იყოს.

„ლუკას დედამ გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რაც პირველი გამოკითხვის დროს ნერვიულობის გამო ვერ აღიდგინა. ამ გამოკითხვაზე აღიდგინა გარკვეული მომენტები – სად იმოყოფებოდნენ, ვისთან ჰქონდათ კომუნიკაცია, რომელ მომენტში ვინ მივიდა, თუმცა გარკვეული  მონაკვეთების აღდგენა მაინც უჭირს. ნერვიულობა გადაიტანა მაგ მომენტში და ყველა დეტალს ვერ იხსენებს. თუმცა აღიდგინა ერთი-ორი მომენტი და თქვა, რომ ვიღაც პირები მოდიოდნენ – ზოგი პოზიტიურად ესაუბრებოდა, ზოგი აგრესიით. ორი პიროვნება აღწერა, გაახსენდა. ახლა უნდა დადგინდეს, რომლები არიან, შემდეგ ამოცნობაა საჭირო და ასევე სხვა მოწმე, რომელიც დედასთან ერთად იმავეს დაადასტურებს, რომ ბრალის წარდგენა დასაბუთებული იყოს. მარტო დედის ჩვენებით არც მარიანა ჩოლოლიანი არ იყო დაკავებული. დედამ გამოყო ორი ადამიანი, ვინც ლუკას ბექაზე {ლუკას ძმაზე} ესაუბრებოდნენ“, – განუცხადა რეზო აჭარაძემ „პუბლიკას“

მისივე თქმით, მისთვის უცნობია გამოძიებამ მოახერხა თუ არა ამ პირებზე დამატებითი ჩვენებებისა და მტკიცებულებების მოპოვება. რეზო აჭარაძის თქმით, ოჯახი ელოდება, რომ გამოძიება სრულყოფილად ჩატარდება. მათი მოთხოვნა დამნაშავეთა დასჯაა და აუცილებელია, რომ თითოეული პირის მიმართ წაყენებული ბრალი მტკიცებულებებით იყოს გამყარებული.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების მიმდინარეობაზე და ბრალდებულთა წრის შესაძლო გაზრდაზე გვიპასუხეს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერაფერს გვეტყვიან.

ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმკვლელობა პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის გამო სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ლუკა სირაძეს პოლიცია „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვას ედავებოდა და დანაშაულის აღიარებას სთხოვდა. ამ საქმეზე ლუკა სირაძე დიღმის პოლიციის განყოფილებაში 10-11 დეკემებერს იმყოფებოდა. საქმის მასალების მიხედვით, ლუკა სირაძეს დანაშაულის აღიარების გამო ემუქრებოდნენ პოლიციის განყოფილებაში და ამ პროცესში მონაწილეობდა განყოფილების სამი თანამშრომელი. ერთ-ერთი თანამშრომელი მარიამ ჩოლოიანი აღიარების იძულების მუხლით დაკავებულია. ოჯახის წევრების თქმით, ფსიქოლოგიურ ძალადობაში მონაწილეობდა სხვა ორი პირიც, რომლებიც ასევე ამ განყოფილების თანამშრომლები არიან.

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile