დებულების შეცვლის შემდეგ კინოცენტრმა 400 ათასი ლარი კერძო კინოთეატრების ქსელს გამოუყო

ბასტი მგალობლიშვილი

საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა უცხოენოვანი ფილმების გასახმოვანებლად 400 ათასი ლარი კერძო კინოთეატრების ქსელს გამოუყო.

განახლება: მასალას დაემატა კინოთეატრების ქსელის პოზიცია.

2022 წლის 19 ოქტომბრით დათარიღებული ბრძანების მიხედვით, რომელსაც ხელს კინოცენტრის დირექტორი, კახა სიხარულიძე აწერს, შპს ,,სადისტრიბუციო კომპანია“ დაფინანსდა იმ უცხოენოვანი ფილმების ქართულ ენაზე გახმოვანების მიზნით, რომლებსაც უჩვენებენ კინოთეატრებში: კავეა გალერეა, კავეა საბურთალო, კავეა ისთ ფოინთი, კავეა თბილისი მოლი, ამირანი და აპოლო.

რადგანაც კინოცენტრის დებულება აქამდე არ ითვალისწინებდა კერძო კინოთეატრების დაფინანსებას, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა თანხის გამოყოფამდე 6 დღით ადრე დებულებაში ცვლილებები შეიტანა.

13 ოქტომბრიდან კინოცენტრის მიზნებსა და ამოცანებს დაემატა „ფილმების გაქირავებისა და ჩვენებისათვის სათანადო პირობების შექმნა“. კინოცენტრის უფლებებისა და მოვალეობების მუხლს კი დაემატა შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

„ხელი შეეწყოს ფილმის დემონსტრატორს კინოდარბაზში ჩვენებისთვის უცხოენოვანი ფილმების საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებასა ან გახმოვანებაში, რის თაობაზეც ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს“.

რამდენად მიზანშეწონილია კერძო კომპანიის დაფინანსება მაშინ, როცა კინოწარმოების მწირი ბიუჯეტი გასულ წელს კიდევ უფრო შემცირდა?

ცნობისთვის, კინორეჟისორები, სცენარისტები, პროდიუსერები, მსახიობები, ოპერატორები და კინომცოდნეები წლებია ფილმწარმოების ბიუჯეტის გაზრდას ითხოვენ. 2021 წელს კინოს სფეროს წარმომადგენლებმა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს ღია წერილითაც მიმართეს და 2022 წლისთვის ბიუჯეტის 10 მილიონ ლარამდე გაზრდა მოითხოვეს.

თუმცა კინოცენტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში კინოს სახელმწიფო დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხების ოდენობა 2022 წელს ყველაზე დაბალი იყო:

  • 2018 წელს 4 100 219,00 ლარი;
  • 2019 წელს 5 109 199,00 ლარი;
  • 2020 წელს 5 184 255, 00 ლარი;
  • 2021 წელს 5 260 280,00 ლარი;
  • 2022 წელს 3 786 256,00 ლარი.

„პუბლიკას“ უწყებაში განუცხადეს, რომ ქართულ ენაზე ფილმების გახმოვანების მხარდასაჭერი პროგრამები კინოცენტრს არ აქვს შემუშავებული და რომ გახმოვანებისთვის თანხა მხოლოდ 2022 წელს პირველად განისაზღვრა.

შპს ,,სადისტრიბუციო კომპანიის“ 51%-იან წილს ოთარ ბუბაშვილი ფლობს, იგი ასევე ფლობს „კავეა გალერეიასა“ და „კავეა საბურთალოს“. ოთარ ბუბაშვილი ასევე სააქციო საზოგადოება „კინოთეატრ რუსთაველის“ დირექტორია, ამავე სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ბესიკ აბესაძე და ბაკურ ლაშქარავა კი „კავეა ისთ ფოინთს“, „კავეა თბილისი მოლსა“ და „აპოლოს“ ფლობენ. „კინოთეატრი რუსთაველი“ თავის მხრივ, კინოთეატრ „ამირანის“ 85%-ის მფლობელია.

რას ამბობს კინოთეატრების ქსელი

„პუბლიკა“ კინოთეატრების ქსელს დაუკავშირდა და დაფინანსების შესახებ შეკითხვები გაუგზავნა, რაზეც პასუხი მასალის გამოქვეყნებიდან მომდევნო დღეს მივიღეთ:

რამ განაპირობა დაფინანსების საჭიროება?

კინოთეატრები პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალდა, რადგან ყველა სხვა ორგანიზაციისგან განსხვავებით, ჩვენ წელიწადზე მეტხანს ვიყავით სრულად დახურული.

თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში კინოინდუსტრიისა და კინოთეატრებისთვის, როგორც განსაკუთრებულად დაზარალებული სფეროებისთვის, შეიქმნა მხარდამჭერი პროგრამები.

მაგალითად, ესტონეთის კინოინსტიტუტმა კინოთეატრებს კომპენსაციისთვის გამოუყო 1,3 მლნ ევრო; ლიეტუვის კინოცენტრმა კინოთეატრებისთვის ზარალის ასანაზღაურებლად გამოყო 1,8 მლნ ევრო; სლოვაკეთის აუდიოვიზუალური ხელოვნების ფონდის მიერ, მეორე ლოკდაუნის შემდეგ, კინოთეატრებს 11 მლნ ევრო გადაეცა; ავსტრიაში კინოთეატრებისთვის დღგ 5%-მდე შემცირდა; ხორვატიაში კინოთეატრების მიერ კოვიდკრიზისის დასაძლევად შემუშავებული ახალი პროექტების ხარჯის 85%-ს სახელმწიფო აფინანსებს; ჩეხეთში კინოთეატრებისთვის დღგ 10%-მდე შემცირდა;  გარდა  ამისა, ფილმების  მარკეტინგისთვის  კინოთეატრებს  50 მლნ  ევრო  გამოეყო; საფრანგეთში, გარდა იმისა, რომ ბოლო ლოკდაუნის განმავლობაში მიღებული ზარალის 50%-ს სახელმწიფო აანაზღაურებს, ბიუჯეტიდან კინოთეატრების მხარდასაჭერად თავიდანვე გამოიყო 34,3 მლნ ევრო; გერმანიაში კინოს ბილეთების დღგ 5%-მდე შემცირდა, 75 მლნ ევრო კი კინოთეატრებს ინფრასტრუქტურის გასაახლებლად და კოვიდუსაფრთხოების ზომების მისაღებად გადაეცა; შვედეთში მარტიდან მაისის ჩათვლით  ყველა   ბილეთი, რომლებიც  ლოკდაუნის  გამო  ვერ  გაიყიდა, შვედური  ფილმის  ინსტიტუტის  მიერ 3 ევროთი  სუბსიდირდება. დიდ   ბრიტანეთში კინოთეატრების განვითარებისთვის გამოიყო 27 მლნ ფუნტი, გრანტებისთვის კი – კიდევ 14 მლნ  ფუნტი.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში ბიუჯეტი ეროვნული კინოცენტრებისა და მათი ანალოგიური სახელმწიფო უწყებების საშუალებით ნაწილდება.

საქართველოში კინოთეატრების, როგორც კინოინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარებას კინოცენტრი ემსახურება და ეს ასახულია კინოცენტრის დებულებაშიც.

კინოცენტრის ამ გაცხადებული მიზნებისა და რთული ვითარების გათვალისწინებით, პანდემიისას, 2021 წლის დასაწყისში, მხარდაჭერისთვის მივმართეთ კინოცენტრს. მიუხედავად იმისა, რომ კინოცენტრის დებულებაში თითქმის შექმნის დროიდან ცალკეა გამოყოფილი პუნქტი კინოთეატრების მხარდაჭერის შესახებ და კანონი სახელმწიფოს მანამდეც ავალდებულებდა ამგვარ დაფინანსებას, სახელმწიფოს ეს არ გაუკეთებია.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მივმართეთ შესაბამის ორგანოს და ამ ურთულეს პერიოდში მიღებულმა მხარდაჭერამ, შეიძლება ითქვას, ეს ინდუსტრია გადაარჩინა.

რას ითვალისწინებდა დაფინანსება? რამდენი ფილმი გაახმოვანეთ?

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სახელმწიფოს მხარდაჭერა ვთხოვეთ პანდემიის პერიოდში, 2021 წელს. მანამდე პრობლემებს თავად ვართმევდით თავს და არასდროს გვითხოვია დახმარება. მხარდაჭერა გულისხმობს ფილმების ქართულად გახმოვანებისთვის კინოთეატრების თანადაფინანსებას.  გახმოვანების პროცესის სირთულისა და ბიუჯეტის გამო ფილმების საკუთარ ენაზე გახმოვანება უჭირთ საქართველოზე გაცილებით უფრო განვითარებულ ქვეყნებს და ხშირად სახელწიფო გასცემს საჭირო სუბსიდირებას, მაგალითად, უკრაინაში, რომელსაც მსგავსი გამოცდილება აქვს, კინოთეატრები უკვე 10 წელზე მეტია, დღგ-ისგან გათავისუფლებულია.

რა ფორმით მოხდა დაფინანსება, თქვენ მიმართეთ თუ თავად შემოგთავაზეს?

რთული ვითარებისა და ზემოთ ჩამოთვლილი გამოცდილების გათვალისწინებით პანდემიისას, 2021 წლის დასაწყისში, მხარდაჭერისთვის მივმართეთ კინოცენტრს, შევიმუშავეთ თანადაფინანსების სქემაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კინოცენტრისა და სამინისტროს მენეჯმენტმა მხარი დაუჭირა ჩვენი დარგის გადარჩენას. ეს არ არის მხოლოდ კინოთეატრების მხარდაჭერა. პროგრამის ფარგლებში, გახმოვანების პროცესში დასაქმდა შემოქმედებითი სფეროს ასობით წარმომადგენელი: მსახიობები, რეჟისორები, სცენარისტები, მთარგმნელები და ასე შემდეგ.

ეს დაფინანსება ერთჯერადია თუ გაგრძელდება? ამ საკითხზე მართავთ მოლაპარაკებას კინოცენტრთან?

ვიმედოვნებთ, რომ კინოთეატრები მიმდინარე წელსაც მიიღებს სახელმწიფოს მხარდაჭერას, რათა კინოთეატრებში რაც შეიძლება მეტი ფილმი იყოს მაყურებლისთვის ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი.

იცით თუ არა, რომ თქვენთვის დაფინანსების გადმოცემამდე ერთი კვირით ადრე კინოცენტრის დებულება შეიცვალა?

ჩვენ ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ საქართველოს კანონში, კერძოდ, II თავის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში ყოველთვის აღნიშნული იყო, რომ სახელმწიფო ვალდებულია, კინოინდუსტრიას დაეხმაროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებაში, ეროვნული ფილმების გადაღებაში, ფილმების ჩვენებისა და გაქირავებისათვის სათანადო პირობების შექმნაში.

„პუბლიკამ“ კინოთეატრების ქსელს გახმოვანებული ფილმების სიის წარმოდგენაც სთხოვა, რომელსაც მიღების შემდეგ შემოგთავაზებთ.