დეზინფორმაციაა, თითქოს EBRD-მა მერიას 170 მილიონიანი პროექტი შეუჩერა - მერიის განცხადება

პუბლიკა

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სურთ გამოეხმაურონ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თბილისის მერიას 170-მილიონიანი პროექტის ხელშეკრულება შეუჩერა. მერიაში ამბობენ, რომ ეს დეზინფორმაციაა.

„საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ EBRD-მ შეაჩერა არა თბილისის მერიის პროექტი, არამედ მის მიერვე გამოცხადებული კონკრეტული ტენდერის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების ფინანსური ანგარიშსწორება.

EBRD-ის წესებით გამოცხადებულ ორეტაპიან ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა სს „მეტროვაგონმაში“, თუმცა კომპანიასთან თანხის გადარიცხვა ამ ეტაპზე შეჩერებულია.

რაც შეეხება თბილისის მეტროს განახლების პროექტს, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგრამით ხორციელდება, მას საფრთხე არ ემუქრება და EBRD აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას თბილისის მუნიციპალიტეტთან,”- წერია მერიის განცხადებაში.

დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) შეაჩერა ხელშეკრულების გაფორმების პროცესი რუსულ კომპანია „მეტროვაგონმაშთან“.