„დიდგორი მეომარი“ ახლო აღმოსავლეთში ექსპორტზე გადის - „დელტა“

პუბლიკა

სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის „დელტას“ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ქვეყანა ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარს“ შეიძენს.

„დელტას“ განცხადებით, ქვეყანას და ხელშეკრულების ზუსტ ოდენობას თავად შემსყიდველი ქვეყნის მოთხოვნით არ ასახელებენ, თუმცა ცენტრის ინფორმაციით, ხელშეკრულების ღირებულება რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს შეადგენს.

„120 მმ ნაღმმტყორცნის მოდულით აღჭურვილი ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარის“ პირველი პარტია ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანის შეიარაღებულ ძალებს მიეწოდება“, – ნათქვამია ცენტრის პრესრელიზში.

„დელტას“ ახალი ჯავშანმანქანის პირველი საჯარო ჩვენება საერთაშორისო სამხედრო გამოფენა IDEX 2019-ზე გაიმართა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩატარდა.

„120 მმ კალიბრიანი ნაღმმტყორცნით აღჭურვილი „მეომარის“ დანიშნულებაა ბრიგადის ზომის შენაერთის ან ბატალიონის ზომის ქვედანაყოფის საცეცხლე მხარდაჭერა. შეჯავშნული პლატფორმის, მობილურობის მაღალი მაჩვენებლების და საბრძოლო პოზიციის დაკავება-დატოვებისთვის საჭირო უმცირესი დროის გათვალისწინებით მანქანა შესაძლებელია გამოყენებული იქნას მექანიზირებული ქვედანაყოფის საცეცხლე მხარდაჭერისთვის სამანევრო ოპერაციებში. პოტენციური შემკვეთის სურვილის მიხედვით საბრძოლო მანქანის დაკომპლექტება შესაძლებელია სხვადასხვა მოდელის შიდა და გარე კავშირის რადიოსადგურებით, გლობალური ნავიგაციის სისტემით, ინერციული ნავიგაცია-პოზიციონირების სისტემით (GPS/INS), კონსტრუქციაში ჩაშენებული ან სწრაფმოხსნადი ცეცხლის მართვის სისტემებით (MFCS), ბრძოლის ველის საინფორმაციო უზრუნველყოფისთვის მართვის, კავშირის და ინფორმაციის გაცვლის C2/C3/C4/C4i სისტემებით“, – წერს „დელტა“.