ძალადობრივი პლატფორმა „ალტ-ინფოს“ Youtube-არხზე ვიდეოები აღარ იძებნება

პუბლიკა

„ამ არხს არ აქვს ვიდეოკონტენტი“, – ამ შეტყობინებას ვკითხულობთ პრორუსული და ძალადობრივი პლატფორმის „ალტ-ინფოს“ Youtube-არხზე. პლატფორმის არცერთი ვიდეო აღარ იძებნება.

„ალტ-ინფო“ აღნიშნულ Youtube-არხს აქტიურად იყენებდა მისი გადაცემების და ვიდეოების განსათავსებლად. ასევე, ამ არხზე გადიოდა ალტ-ინფოს გადაცემების პირდაპირი ჩართვებიც.

„ალტ-ინფოს“ აღნიშნული არხი, რომელსაც 30 ათასამდე გამომწერი ჰყავს, აღწერის მიხედვით, Youtube-ზე 2017 წლის 22 ივნისს დარეგისტრირდა.

„პუბლიკამ“ შეკითხვით მიმართა „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთ მფლობელს, კოკა მორგოშიას, ხომ არ წაშალა არხზე ვიდეოები თავად Youtube-მა. მორგოშია ამბობს, რომ არ ფლობს ინფორმაციას კონკრეტულ მიზეზებზე, თუმცა გვეუბნება, რომ „ალტ-ინფომ” ახალი Youtube-არხი გააკეთა. 

ახალ არხზე ხუთი ვიდეო დევს, პირველი ვიდეო კი 18 საათის წინაა ატვირთული.


„ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული Facebook-გვერდები ინტენსიურად იბლოკება. ბოლო დღეებში საზოგადოებაში პროტესტია „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებულ „კონსერვატიული მოძრაობის“ პარტიის მიმართ. პარტიამ რეგიონებში 60-ზე მეტი ფილიალი გახსნა. ამბროლაური, მესტია, ხულო, შუახევი, ოზურგეთი, ჩოხატაური – ამ რეგიონებში პარტიის ოფისის გახსნა ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა. პრორუსული პარტიის წინააღმდეგ აქციები რეგიონებში დღესაც იგეგმება.