ექსპერტიზის ბიურო: ჩანაწერი გვამური გაშეშების შესახებ მექანიკური შეცდომა არ არის

პუბლიკა

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დანიშნულ ექსპერტიზებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ბიუროს განმარტებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარს „გვამური გაშეშება გამოხატული ჰქონდა ყველა ჯგუფის კუნთებში“, მექანიკური შეცდომა არ არის.

თუმცა, ბიუროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „ეს არ ეწინააღმდეგება დასკვნაში მითითებულ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის ხანდაზმულობას და დასკვნით დადგენილ სხვა გარემოებებს“.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, 2020 წლის 22 ივნისს ბიუროს  ექსპერტმა, მონაწილეობა მიიღო გიორგი შაქარაშვილის გვამის დათვალიერებაში, მისი აღმოჩენის ადგილზე (საგამოძიებო მოქმედების დაწყების დრო 22.06.2020წ. 15:05 სთ). ექსპერტმა დაათვალიერა გვამი და დაადგინა, რომ „გვამური გაშეშება“ გამოხატული იყო სხეულის ყველა ჯგუფის კუნთებში.

„ამის შემდეგ ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ჩატარდა გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა (გამოკვლევა დაიწყო 22.06.2020წ. 19:15სთ-ზე), რომლის ფარგლებში, ხელმეორედ შეფასდა გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული, სიკვდილის შემდგომი ცვლილება (მოვლენა), კერძოდ, „გვამური გაშეშება“ და დადგინდა, რომ „გვამური გაშეშება“ ექსპერტიზის ჩატარების მომენტში უკვე მოხსნილი იყო“. – წერია განცხადებაში.

როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, მედიისა და ექსპერტების მიერ გამოითქვა ეჭვი იმის თაობაზე რომ შაქარაშვილი არ შეიძლება 4 დღის გარადცვლილი ყოფილიყო, ვინაიდან “გვამური გაშეშება გრძელდება საშუალოდ 36 და და არაუმეტეს 48 საათისა”. და თუკი როგორც ექსპერტიზაში ვკითხულობთ, ცხედრის პოვნის დროს მას გაშეშება აღენიშნებოდა, იგი არა უმეტეს 48 საათის გარდაცვლილი უნდა ყოფილიყო.

ამის საწინაარმდეგოდ ექპერტიზის ბიუროში აცხადებენ რომ – „გვამური გაშეშების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს და პირველი დღე-ღამის ბოლოს ყველა ჯგუფის კუნთს მოიცავს. ასეთ მდგომარეობაში კუნთი იმყოფება საშუალოდ 1-2 დღე, რის შემდეგაც თანდათანობით იწყება გვამური გაშეშების მოხსნა ე.ი. კუნთების მოდუნება. გაშეშების მოხსნა ისე, როგორც მისი განვითარება, დიდად არის დამოკიდებული გარემოს ტემპერატურაზე. მაგალითად, ოთახის ტემპერატურის პირობებში, კუნთების მოდუნება ჩვეულებრივ ორი დღე-ღამის დასასრულს ან მესამე დღე-ღამის დასაწყისში ვითარდება. დაბალი ტემპერატურის დროს კი გაშეშება უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაშია შენარჩუნებული“.

საბოლოოდ ექპერტიზის ბიუროს ოფუციალურ განცხადებაში აცხადებენ, რომ სხეულის გარეგნული დათვალიერების დროს გამოვლენილი „გვამური გაშეშების“ ფაქტი, არ ეწინააღმდეგება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგს.

აღსანიშნავია, რომ გვამური გაშეშების შესახებ ჩანაწერი მექანიკურ შეცდომად ოჯახის მიერ დაქირავებულმა ალტერნატიულმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ მოიხსენია.