ერთად გადავწყვიტეთ, რომ ძალისხმევა სხვა სწავლებებზე მივმართოთ - აშშ-ის საელჩო საქართველოს წვრთნებში არმონაწილეობაზე

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ევროპაში მიმდინარე სამხედრო სწავლებაში საქართველოს არმონაწილეობაზე განცხადებას ავრცელებს. აშშ-ის საელჩოს განმარტებით, სწავლებაში არმონაწილეობასთან დაკავშირებით შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს და ძალისხმევას სხვა სწავლებებისკენ მიმართავენ.

„შეერთებული შტატები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ერთგული რჩება და ერთობლივ მუშაობას განაგრძობს, რათა ორივე ქვეყანა გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული.

2023 წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივი სამხედრო აქტივობების ფართო სპექტრის განხორციელებას აგრძელებს. წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივად ორიენტირებული არიან, რომ მაქსიმალურად გაზარდონ ურთიერთსასარგებლო სწავლებები საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.

ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ რესურსები მივმართოთ ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე: Agile Spirit და „ღირსეული პარტნიორი“ და მათ წარსულ წარმატებაზე დაყრდნობით, მაქსიმალურად ეფექტიანად გავაძლიეროთ საქართველოს ურთიერთთავსებადობა, მედეგობა და თავდაცვისუნარიანობა“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.


სამხედრო სწავლება – Defender 23 (მცველი 23) ბოლო წლებია, აშშ-ის ევროპული სარდლობის ლიდერობით იმართება და მრავალეროვნულ, ერთობლივ წვრთნებს მოიცავს.

5 აპრილს პენტაგონმა განაცხადა, რომ წვრთნები 22 აპრილიდან დაიწყებოდა და მასში აშშ-ის 9 000 ჯარისკაცთან ერთად მისი მოკავშირე სახელმწიფოების 17 000 სამხედრო მიიღებდა მონაწილეობას, სწავლება კი ევროპის 10 ქვეყანაში ჩატარდებოდა.

აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წვრთნების მონაწილე ქვეყნებს შორის საქართველოც იყო დასახელებული. 28 აპრილს კი ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო წელს სწავლებაში მონაწილეობას აღარ მიიღებდა.

ეს ინფორმაცია ჟურნალისტებთან დაადასტურა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მაგრამ მინისტრმა უარზე გადაწყვეტილება „ლოგისტიკური ხარჯებით“ ახსნა.