ეს იყო გამჭვირვალე პროცედურებით სასამართლოში კლანის დაკანონება - მშვენიერაძე

პუბლიკა

„ეს იყო გამჭვირვალე პროცედურებით კლანის  დაკანონება სასამართლოში“, – ასე აფასებს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ გადაწყვეტილებას.

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესის მოსამართლეთა კანდიდატებს კენჭი უყარა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია. იურიდიულმა კომიტეტმა 19 კანდიდატიდან 14 კანდიდატს დადებითი რეკომენდაცია მისცა. კომიტეტმა რეკომენდაცია არ გაუწია 5 კანდიდატს.

„სასამართლო ხელისუფლებაში კომიტეტმა ღიად გამოუცხადა ნდობა ადამიანებს, რომლებიც ელემენტარულ, მარტივ სამართლებრივ კითხვებს პასუხს ვერ სცემდნენ. მათი პოზიციები იყო ხშირ შემთხვევაში სამარცხვინო. ეს ვნახეთ ჩვენ ყველამ, რომ პარლამენტის წევრები ერთმანეთს თვალში არ უყურებდნენ, ისე წევდნენ ხელს. როგორ უნდა შემოგვხედონ თვალში აქ მყოფმა იურისტებმა, რომლებიც ვასაძეს, რომელიც ელემენტარულ კითხვებს ვერ პასუხობდა ან მიქაბერიძეს, რომლის პასუხი ძირითადად იყო „არ მიფიქრია“, – უშვებენ უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ.

თადუმაძის დიპლომზე აქ მსჯელობა არ ყოფილა, პარლამენტში არ შედგა განხილვა, კანდიდატები აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს თუ არა, უბრალოდ ადგა და ხმაურში აწია ხელი კმიტეტმა, ეს არ იყო არც გადაწყვეტილება. ყველაფერი რაც აქამდე იყო წყალში გადაიყარა, იმიტომ, რომ ამას აღარანაირი აზრი აღარ აქვს, ეს იყო გამჭვირვალე პროცედურებით კლანის დაკანონება სასამართლოში“, – ამბობს მშვენიერაძე.

პარლამენტთან დილიდან აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამენ. მოქალაქეები, ოპოზიციის ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან მოსამართლეობის ამ კანდიდატების მხარდაჭერას. ისინი დეპუტატებს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭინონ ამ სიას.

 

LB loan image desktop LB loan image mobile