ეს შეცდომა არაფერს ცვლის PVT-ის მთავარ მიგნებასთან მიმართებით - დისბალანსი უბნების 8%-ზე - ბენიძე

პუბლიკა

„ISFED-მა თავისი შედეგები გადათვალა, რათა გამოევლინა ხარვეზი. ანალოგიურად, საარჩევნო ადმინისტრაციასაც უნდა გამოეჩინა პასუხისმგებლობა და გადაეთვალა პრობლემური უბნები”, – ამის შესახებ facebook-ზე ISFED-ის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე წერს. Facebook-სტატუსში ის საუბრობს, მისი ინფორმაციით, შეცდომის გამომწვევ მიზეზებსა და იმ მთავარ მიგნებებზე, რაც პარალელური ხმის დათვლის (PVT) პროცესმა გამოავლინა.

„მქონდა ყოფილ კოლეგებთან საუბარი და ვიცი, რომ ძალიან მტკივნეულ და პრაქტიკულად წარმოუდგენელ შეცდომას ჰქონდა ადგილი – PVT მონაცემთა ანალიზის პროგრამის (ე.წ. software) კოდში ერთ-ერთ ველში არასწორი ფორმულა ჩაიწერა. ასეთი რამ მანამდე არასდროს მომხდარა და PVT-ს გუნდს უბრალოდ აზრადაც არ მოუვიდოდა პროგრამისტის მსგავსი შეცდომა. (ამიტომაც არავინ იფიქრებდა ამაზე აუდიტამდე, რაც რუტინულად რამდენიმე კვირის მერე ხდება ხოლმე და წლევანდლამდე რაიმე განსაკუთრებული არც არასდროს გამოუვლენია) არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ, მაგრამ მოხდა.

ძალიან რთული ამბავია ISFED-ისთვის, და არანაკლებ რთულია შეცდომის აღიარება, რაც განსაკუთრებულ სიმტკიცეს და გამბედაობას მოითხოვს. ეს შეცდომა ყველაზე მტკივნეული თვითონ ISFED-ისთვის არის და ვიცნობ რა „სამართლიანი არჩევნების” გუნდს, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ელენესა და სხვებზე ISFED-ში ვერც ვერანაირი ზეწოლა და ვერც ვერანაირი მოსყიდვა ვერ მოახდენდა გავლენას. ვყოფილვართ ერთად ზეწოლის პირობებშიც, გამომიცდია და ვიცი. სისულელეა ამაზე ლაპარაკიც კი.

რაც მთავარია, ეს შეცდომა არაფერს ცვლის ISFED-ის PVT-ს მთავარ მიგნებასთან დაკავშირებით – ოქმების დისბალანსები უბნების 8%-ზე, რომლის მსგავსიც, მე რაც მახსოვს, 2012 წლიდან არასდროს ყოფილა. სწორედ ეს იყო PVT-ს უპრეცედენტო მიგნება, რაც ეჭვებს აჩენდა, რომ ამ უბნებზე დისბალანსს (და მის სავარაუდო მიზეზს) შესაძლოა შედეგებზე გავლენა მოეხდინა.

საარჩევნო ოქმებში დისბალანსები, ის რომ იმავე „სამართლიანი არჩევნების” 162 საჩივრიდან (რომლებიც კონკრეტულად ოქმებს ეხებოდა) 93% არ დაკმაყოფილდა, პრობლემური უბნების მასშტაბური გადათვლა არ მომხდარა და სადაც გადაითვალა, იქ არაერთი პრობლემა აღმოჩნდა ფაქტად რჩება. შესაბამისად, PVT შედეგების 1.8%-ით ცვლილება პასუხისმგებლობას არავის არიდებს. ცალკე ამბავია, რომ მაჟორიტარულ შედეგებს PVT ისედაც არ ითვლიდა და მაჟორიტარულ ოქმებში თუ რამე დისბალანსები იყო, ეს იმ 8%-ს მიღმაა. ISFED-მა თავისი შედეგები გადათვალა, რათა გამოევლინა ხარვეზი. ანალოგიურად, საარჩევნო ადმინისტრაციასაც უნდა გამოეჩინა პასუხისმგებლობა და გადაეთვალა პრობლემური უბნები…”, – წერს ბენიძე.


„სამართლიანი არჩევნებმა” 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) პირველადი, შიდა აუდიტი შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.