ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს და შესაბამისი დეკლარაცია მიიღეს.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრულ ქსელებში დაკავშირებადობას შეუძლია სომხეთი კონტინენტების გზაჯვარედინზე მდებარე სტრატეგიულ ცენტრად აქციოს.
ეს მან X-ზე დაწერა.
✍️Signed!
The 🇪🇺🇦🇲 Connectivity Partnership.
From transport to energy and digital networks, it can turn Armenia into a strategic hub at the crossroads of continents.
Linking the EU, the South Caucasus & Central Asia. pic.twitter.com/4KXB0f5kWv
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) May 5, 2026
ევროკომისიის განცხადებით, დეკლარაციის ხელმოწერით „კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროკავშირის ურყევი ვალდებულება, კიდევ უფრო გააძლიეროს ურთიერთობები სომხეთთან და მხარი დაუჭიროს სომხეთის სუვერენიტეტს, მდგრადობას და ყოვლისმომცველ რეფორმების დღის წესრიგს“.
ევროკომისიისვე ცნობით, დეკლარაცია ხელს შეუწყობს ვაჭრობის ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას, მედეგობის გაძლიერებასა და რეგიონულ სტაბილურობას.
სამიტზე შეთანხმდნენ ტრანსპორტის საკითხზე დიალოგზეც.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერევანში სიტყვით გამოსვლის დროს თქვა:
„ევროკავშირი-სომხეთის ეს პირველი სამიტი ჩვენს პარტნიორობას ახალ საფეხურზე აიყვანს და განსაზღვრავს მკაფიო მიმართულებასა და დღის წესრიგს მომავალი წლებისთვის. ამ საქმიანობის ცენტრში დგას ჩვენი ერთობლივი ერთგულება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისადმი. სამომავლოდ, ჩვენ ასევე გავაღრმავებთ პოლიტიკურ დიალოგს, განვამტკიცებთ ეკონომიკურ კავშირებს და ვიმუშავებთ უფრო უსაფრთხო, აყვავებული და სტაბილური მომავლისთვის. ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს, სამხრეთ კავკასიის საერთო ხედვასა და სუვერენული არჩევანის სრულ პატივისცემას“.
დღევანდელ სამიტზე გაფორმდა ევროკავშირსა და სომხეთს შორის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაც.
გარდა ამისა, სამიტზე ითქვა, რომ სომხეთში ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვის მოწვევა, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირის, ევროპის ეკონომიკური ზონისა და სომხეთის კომპანიებს, შეიმუშაონ სტრატეგიული საინვესტიციო პროექტები ქვეყანაში.
ასევე მოხდა ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოსა (Frontex) და სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სამუშაო შეთანხმების პარაფირება, რაც გააძლიერებს თანამშრომლობას საზღვრებისა და მიგრაციის მართვის სფეროში.
ჩამოყალიბდა ევროკავშირის პარტნიორობის მისია უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში.
სომხეთის მოთხოვნის საფუძველზე, ევროკავშირი ქვეყანას დაეხმარება მედეგობის ამაღლებაში.
გარდა ამისა, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ევროკავშირის დახმარების პირველი პარტია „ევროპის მშვიდობის ფონდის“ ფარგლებში, რომლის საერთო ღირებულება 30 მილიონი ევროა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ, ურსულა ფონ დერ ლაიენის მსგავსად თქვა, რომ „სომხეთი საკვანძო საყრდენია“.
„შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ – ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი საერთო მომავლის გასავითარებლად. სომხეთი საკვანძო საყრდენია არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიასთან ჩვენს ურთიერთობაში, არამედ ევროპის დასაკავშირებლად კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიასთან სამხრეთ კავკასიის გავლით.
ეს არის ჩვენი რეგიონების წარსულიც და მომავალიც.
სწორედ ამიტომ, ევროკომისია და პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი აუცილებლად მოახდენენ ფოკუსირებას ამ სამიტის კონკრეტულ შედეგებზე და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ავაშენოთ საერთო მომავალი სომეხი ხალხისა და ევროპის კეთილდღეობისთვის“, – თქვა ანტონიო კოშტამ.