ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიშის პროექტი ცვლილებებით მიიღო.
დოკუმენტს მხარი 55-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 14, ხოლო 4-მა თავი შეიკავა.
საგარეო კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ისაუბრა. ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ სამწუხაროა, როცა ევროპარლამენტი წლიურ ანგარიშში აფასებს არა საქართველოს, როგორც კანდიდატის პროგრესს, არამედ ქვეყნის უკუსვლას.
„სამწუხაროა, რომ წლიურ ანგარიშში ევროპარლამენტმა უნდა შეაფასოს არა საქართველოს, როგორც კანდიდატის პროგრესი, არამედ ქვეყნის უზარმაზარი ნაბიჯი დემოკრატიული ქვეყნიდან, ევროპული პარტნიორობის ქვეყნების ლიდერობიდან, სასტიკ ავტოკრატიამდე.
ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანა შიგნიდან ხელში ჩაიგდოს პრორუსულმა მთავრობამ ერთი გასროლის გარეშეც.
გაყალბებული არჩევნები, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ევროკავშირის დაბლოკვის შესახებ, ჟურნალისტების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება, თავდასხმები ევროკავშირსა და მის წარმომადგენლებზე. ანგარიში მხარს უჭერს ახალ სამართლიან არჩევნებს, რეჟიმზე სანქციებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ევროკავშირის მხარდაჭერის გადახედვას მოითხოვს
ერთის მხრივ, საქართველოს საქმე ამჟამად ძალიან დამღლელია, მეორე მხრივ, ძალიან მოტივაციური იმ ევროპული დროშების გამო, რომლებიც ევროპული საქართველოს მსურველი, მებრძოლი ხალხის ხელებშია თითქმის 200 დღეა“, – თქვა რასა იუკნევიჩიენემ.
ასევე, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ მიმართა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, რომლებიც კომიტეტის სხდომაზე ესწრებოდნენ. მაკალისტერმა მათ მადლობა გადაუხადა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ევროპული მომავლის დაცვისთვის
„ძვირფასო სტუმრებო საქართველოდან, ნება მომეცით გითხრათ, რომ თქვენ და ყველა თქვენმა მეგობარმა გამოიჩინეთ შესანიშნავი გამბედაობა და მონდომება თქვენს მშვიდობიან ძალისხმევაში, რომ დაიცვათ თქვენი ქვეყნის დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ევროპული მომავალი.
თქვენი აქ ყოფნა, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში, არის ძლიერი გზავნილი, რომ ქართველი ხალხი რჩება ევროპული ღირებულებების ერთგული და ნება მომეცით, დავამატო, რომ მარტო არ ხართ, ჩვენ თქვენთან ვართ. მადლობა აქ ყოფნისთვის და ყველაფრისთვის, რაც საქართველოსთვის გააკეთეთ და აკეთებთ“, – თქვა დევიდ მაკალისტერმა.
კრიტიკულ ანგარიშში შეფასებულია ქვეყანაში გაუარესებული სიტუაცია 2024 წლის ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შემდგომ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მიერ აქამდე მიღებული ზომები არ ასახავს საქართველოში არსებული სიტუაციის სიმძიმეს.
ამასთან, ანგარიში ხაზს უსვამს, რომ წევრ ქვეყნებს შორის ერთსულოვნების არარსებობა არ უნდა უშლიდეს ხელს მათ, ვისაც შესაბამისი, ეფექტური ზომების მიღება სურს. ამასთან, მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებს, გადადგან კოორდინირებული ნაბიჯები.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის განგრძობითი ტენდენციაა და ის განსაკუთრებით გაძლიერდა 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
ანგარიში ხაზს უსვამს ევროკავშირის როლსა და პასუხისმგებლობას, რომ მხარი დაუჭიროს ქართულ საზოგადოებას და მის ლეგიტიმურ კონსტიტუციურ პროევროპულ მისწრაფებებს.
ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპარლამენტის პოზიციას, რომ არსებული კრიზისის დასაძლევად აუცილებელია ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, რომელსაც უხელმძღვანელებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია და რომელიც განხორციელდება საერთაშორისო ზედამხედველობის პირობებში, რათა უზრუნველყოფილი იყოს რეალურად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი.
საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს შემდეგ შესწორებებსაც, რომელთა თანახმადაც:
„საქართველოში ევროკომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის ანგარიშის შემდეგ ვითარება მკვეთრად გაუარესებულია, რაც გამოწვეული იყო საგარეო დესტაბილიზაციის მცდელობებით და ქვეყნის მთავრობის ქმედებების შედეგად.
2024 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა გაძლიერდა, ვინაიდან ამ არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტები და ვერ შეასრულა ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებები. შედეგად მივიღეთ არალეგიტიმური პარლამენტი, რომელშიც მხოლოდ ერთი პარტია, „ქართული ოცნებაა” წარმოდგენილი.
დემოკრატიული უკუსვლა გამოიხატება იმაში, რომ არ განხორციელდა სასამართლო რეფორმა, ასევე იმაში, რომ მიიღეს ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი კანონმდებლობით, როგორიცაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონი, ოპოზიციის პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების დაშინება, მუქარასა და ფიზიკურ თავდასხმები, მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივი რეპრესიები, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მუქარას და თავდასხმები.
რუსეთი სისტემატურად ერევა საქართველოში დემოკრატიულ პროცესებში;
26 ოქტომბრის არჩევნები იყო გაყალბებული, იყო ამომრჩევლების დაშინება, ხმების გაყიდვა, არჩევბენზე დამკვირვებლების შევიწროება”.
დოკუმენტს მოგვიანებით დაემატა ჩანაწერი მუნიციპალური არჩევნების შესახებ. ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში წერია:
„ქართულ ოცნებას“ დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს დაბრუნებისკენ მოუწოდებისას, ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ ადასტურებენ სოლიდარობას ქართველი ხალხის და მათი ლეგიტიმური პროევროპული მისწრაფებების მიმართ.
[ევროპარლამენტარები] ასევე აღნიშნავენ, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კიდევ ერთი გამოცდაა საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის გამძლეობისთვის. შედეგად, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და ასახონ ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდასაჭერად, რაც უკვე იქნა დემონსტრირებული ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით.
ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას საქართველოს ამჟამინდელი შეზღუდული მედიის გარემოსა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე თავდასხმების გამო, მათ შორის, ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებზე, რომლებიც მიუთითებენ მათ განზრახვაზე, გამოაცხადონ ოპოზიციური პარტიები არაკონსტიტუციურად“, – წერია პრესრელიზში.
წარმოდგენილია შესწორებებიც, რომლებისთვისაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე კენჭ არ უყრიათ, თუმცა, შესაძლოა, კენჭი უყარონ პლენარულ სესიაზე.
ამ შესწორებების თანახმად:
შესწორება 113:
კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოზიციას, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით არის შესაძლებელი, რომელიც უახლოეს რამდენიმე თვეში უნდა ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და საერთაშორისო დამკვირვებლების მონიტორინგით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი;
შესწორება 122:
ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია და გააუქმოს საარჩევნო კოდექსში ადგილობრივი არჩევნების შესახებ შეტანილი ცვლილებები, უზრუნველყოს გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლებისა და მედიის შეუფერხებელი მუშაობა და წვდომა არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; ასევე, მოუწოდებს გაეროს უმაღლეს წარმომადგენელს/ვიცე-პრეზიდენტს და წევრ სახელმწიფოებს, განიხილონ დამატებითი ინდივიდუალური სანქციები ქართველი თანამდებობის პირების წინააღმდეგ, თუ მომავალი მუნიციპალური არჩევნები ვერ დააკმაყოფილებს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების კრიტერიუმებს;
შესწორება 137:
აღნიშნავს, რომ 2025 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნები არის კიდევ ერთი გამოცდა საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მდგრადობისა და გადამწყვეტ შანსს ძალაუფლების შემდგომი კონცენტრაციის თავიდან ასაცილებლად; ამ კონტექსტში ღრმად შეშფოთებულია 2024 წლის დეკემბრის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ორგანული კანონის ახალი ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებით, რომლებიც „ძირს უთხრის თანასწორი საარჩევნო უფლების პრინციპს“ და მიზნად ისახავს მმართველი პარტიის „დომინირების განმტკიცებას მმართველობის ყველა დონეზე“, შეახსენებს, რომ ეს ცვლილებები ვენეციის კომისიის მიერ არის გაკრიტიკებული და
მოუწოდებს მათ გაუქმებას;