გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხის დადება - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მან გიორგი გახარიას გუშინდელი ინტერვიუ შეაფასა.

„გუშინ 2 საათი საუბრობდა არაფერს ყველაფერზე. ასეთ დროს გადადის უზრდელობაზე, რაც იყო ძალიან დასანანი.

ძალიან მნიშვნელოვანი რამ წამოსცდა გახარიას, თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რომც გადალახოს 43%-იანი ბარიერი და მან ზუსტად იცის, არ გაგვიჭირდება ამ ბარიერის გადალახვა, ამის მიუხედავად, „ქართულ ოცნებას“ შეიძლება მაინც ჰქონდეს ლეგიტიმაციის პრობლემა, ეს არის საბოტაჟის წინასწარ გამოცხადებული ქრონიკა. აქაც ემთხვევა გახარიას და რადიკალური ოპოზიციის რიტორიკა ერთმანეთს.

ეს იყო წამოცდენა, რომელიც ანალიზისთვის ძალიან კარგ საფუძველს იძლევა. მე მექნება იმის საშუალება, რომ ამ დღეებში დეტალურად განვმარტო ყველაფერი, მათ შორის, ოპოზიციურ მედიაში. ეს ყველაფერი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხის დადება. თქვენ იცით, რომ გუგული არის ისეთი ფრინველი, რომელსაც უყვარს არწივის ბუდეში კვერცხის დადება. ამის მცდელობა ჰქონდა გახარიას და ეს დავასრულეთ ძალიან მარტივად, პარტიის დამფუძნებელმაც დაასრულა ეს მარტივად“, – განაცხადა კობახიძემ.

გუშინ ყოფილმა პრემიერმა და პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ „TV პირველის“ ეთერში ისაუბრა.