გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით ნოდარ მელაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

პუბლიკა

სავარაუდოდ, სუსიდან გამოიჟონილ ფაილებთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში „TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. პროკურატურაში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ უწყებაში დაიბარებენ „ყველას, ვინც საჭიროა“.

მელაძემ გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

„დღეს შუადღეს შედგა კომუნიკაცია დღის პირველ ნახევარში თბილისის პროკურორსა და ჩემ შორის. ის დამიკავშირდა და მითხრა, რომ უნდოდა ჩვენი გამოკითხვაზე დაბარება ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება საქართველოში ტოტალურ მოსმენებს მღვდლების, მონაზვნების, ეპისკოპოსების და პატრიარქის გარემოცვის.

მყისიერად ვაცნობე პროკურატურას, რომ მოვიდოდი და მივცემდი ჩვენებას, რადგან ვფიქრობ, რომ დღეს ყველასთვის მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ მისცეს ხელისუფლებამ პასუხისგებაში ყველა ის ადამიანი, ყველა ის მაღალჩინოსანი, ვინც ჩვენ, ჟურნალისტებს გვისმენდა, უსმენდა მღვდლებს, მონაზვნებს, ეპისკოპოსებს, პატრიარქის გარემოცვას, საპატრიარქოში დასაქმებულ ადამიანებს“, – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

ასევე, პროკურატურაში დაიბარეს „ფორმულას“ ჟურნალისტები. ამის შესახებ თავად ტელეკომპანია იუწყება. მათივე ცნობით, მარტა ქურასბედიანსა და ქეთი ნადიბაიძეს პროკურატურიდან დღეს დაუკავშირდნენ და უწყებაში გამოცხადება სთხოვეს. ჟურნალისტები პროკურატურაში ხვალ, ადვოკატის თანხლებით მივლენ.


12 სექტემბერს მედიითა და ინტერნეტით გავრცელდა ჩანაწერები, რომლებიც, მედიის ცნობით, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდანაა გამოჟონილი.

საუბარია, ათასობით დოკუმენტზე. მედია აცხადებს, რომ დოკუმენტები სინოდის წევრებსა და სხვა სასულიერო პირებისა თუ საპატრიარქოში დასაქმებულების პირად ცხოვრებასა და საქმიანობას შეეხება. მასალებში ნახსენებია პოლიტიკოსები და ჟურნალისტები.