გაზრდილია ეთიკური დარღვევის ფაქტები - როგორ აშუქებს მედია წინასაარჩევნო ამბებს

პუბლიკა

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ გაეროს განვითარების პროექტის „საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევის“ ფარგლებში შუალედური ანგარიში წარმოადგინა.

მონიტორინგი მოიცავს 43 მედიასაშუალებას – 12 ტელევიზიას, 10 რადიოს, 8 გაზეთსა და 13 ონლაინგამოცემას. მონიტორინგი დაიწყო 2020 წლის 15 ივნისს და დასრულდება 2020 წლის დეკემბერში.

სატელევიზიო ახალი ამბების მონიტორინგის შუალედური ანგარიში 

მონიტორინგის ფარგლებში მკვლევრები აკვირდებოდნენ შემდეგ სატელევიზიო არხებს: „პირველი არხი“, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია „მთავარი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „ფორმულა“, „ტვ პირველი“, „მაესტრო“, „ობიექტივი“, „კავკასია“, „პალიტრა ტვ“, „პოსტ ტვ„.

ძირითადი ტენდენციები:

► პარტიებს შორის ყველაზე მეტი დრო „ქართულ ოცნებას“ დაეთმო. მას მოსდევს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო.“

„ქართული ოცნება“ ყველაზე დადებითად იმედის ეთერში გაშუქდა (29%), ყველაზე უარყოფითად კი „მთავარი არხის“ ეთერში (72%).

► „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე დადებითად „მთავარი არხის” ეთერში გაშუქდა, დათმობილი დროის 6%, ყველაზე უარყოფითად (79%) – „ობიექტივის“ ეთერში.

► „ევროპულ საქართველოს“ ყველზე მეტი დრო „ფორმულას“ ეთერში დაეთმო. დადებითმა გაშუქებამ დათმობილი დროის 1%-ზე ოდნავ მეტი შეადგინა. ყველაზე პოზიტიური გაშუქება პარტიას „ტვ პირველსა“ და „კავკასიაზე“ ჰქონდა” ( 2 %). ეს პარტია ყველაზე უარყოფითად (38) „იმედის“ ეთერში გაშუქდა.

► „ლელო საქართველოსთვის“ ყველაზე მეტი დრო „ტვ პირველის“ ეთერში დაეთმო. დადებითმა გაშუქებამ დათმობილი დროის 3% შეადგინა. ყველაზე პოზიტიური გაშუქება პარტიას „კავკასიაზე“ ჰქონდა ( 21%).

► მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მეტი დრო „იმედმა“ დაუთმო. უარყოფითმა გაშუქებამ 74% შეადგინა. ყველაზე ნეგატიურად მიხეილ სააკაშვილი „პოტ ტვ-ზე“ გაშუქდა (80%).

► ხელისუფლებისადმი ყველაზე მეტი კრიტიკული ტონი „მთავარ არხს“ აქვს. კრიტიკული სიუჟეტები ხელისუფლების მიმართ ყველაზე ხშირად ამ არხის ეთერში გადის.

► წინა წლების მსგავსად ობიექტივი ერთადერთი არხია, რომელიც კვლავ დიდ დროს უთმობს „პატრიოტთა ალიანსის“ გაშუქებას.

► წინა წლების მსგავსად თითქმის ყველა არხზე პრობლემად რჩება სიღრმისეული, მოკვლევითი სიუჟეტების სიმცირე, რომლებიც დაკავშირებული იქნება საარჩევნო თემატიკასთან და ამომრჩეველს მეტად დაეხმარება ინფორმირებულ არჩევანში.

► წინა წლებთან შედარებით გაზრდილია ეთიკური დარღვევის ფაქტები.

► წინა წლების მსგავსად თითქმის ყველა არხზე პრობლემას წარმოადგენს გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი განცხადებების უცვლელად და უკომენტაროდ გაშუქება.

► მთელი პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა სექსისტური განცხადებების ტირაჟირების რამდენიმე შემთხვევა. სექსისტური განცხადების ავტორები პოლიტიკოსებთან ერთად ჟურნალისტებიც იყვნენ.

ონლაინმედიის მონიტირინგის შუალედური ანგარიში

დაკვირვება მიმდინარეობს შემდეგ 13 ონლაინმედია საშუალებაზე: ambebi.ge, interpressnews. ge, kvira.ge, mpn.ge, netgazeti.ge, news.on.ge, primetime.ge, publika.ge, radiotavisupleba.ge, reginfo.ge, sknews.ge, sputnik-georgia.com, tabula.ge.

ძირითადი მიგნებები:

► ონლაინმედიის უმწვავეს გამოწვევას წარმოადგენს კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული სტატიების არასათანადო გამიჯვნა სარედაქციო მასალისგან. ასეთ მასალებს მონიტორინგისთვის შერჩეული ვებგვერდების ნაწილი საერთოდ არ ურთავს რაიმე სახის შესაბამის მითითებას; ზოგი ურთავს, მაგრამ ისე, რომ ეს მინიშნებები არ შეესაბამება სტანდარტს. შესაბამისად, ვებგვერდების დიდი ნაწილის მკითხველს არ ეძლევა შესაძლებლობა, გაარჩიოს, გამოქვეყნებული სტატიებიდან რომელია ფასიანი და რომელი რედაქციის მიერ მომზადებული ჟურნალისტური ნამუშევარი;

გამოწვევად რჩება კრიტიკული და სიღრმისეული ანალიზის ნაკლებობა.

მონიტორინგისთვის შერჩეული 13 ვებგვერდიდან 4-ის შემთხვევაში ერთმნიშვნელოვნად შეინიშნებოდა, ერთი მხრივ, ხელისუფლების მუდმივად დადებითად წარმოჩენის,
მეორე მხრივ კი, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა დისკრედიტაციის მცდელობა;

მონიტორინგისთვის შერჩეულ არც ერთ ონლაინმედიასაშუალებაში არ შეინიშნებოდა განსაკუთრებულად დადებითი განწყობა რომელიმე ოპოზიციური პარტიის მიმართ;

გასულ წლებში განხორციელებულ მონიტორინგთან შედარებით, შეინიშნება მცირე გაუმჯობესება, პოლიტიკური სპექტრის პლურალისტული გაშუქების კუთხით.

თითქმის არ გვხვდებოდა ჟურნალისტთა ტექსტებში სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები. თუმცა, პრობლემურია ის, რომ ონლაინმედიასაშუალებების ნაწილი უცვლელად და უკომენტაროდ აშუქებს პოლიტიკოსთა თუ საზოგადოებისთვის ცნობილ სხვა პირთა განცხადებებს, რომლებიც შეიცავს ასეთი სახის ტერმინოლოგიასა და შინაარსს;

ყველაზე ხშირად ონლაინმედიაში ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის ისეთი შემთხვევები გვხვდება, როგორიცაა ფაქტებისა და მძიმე ბრალდებების ცალმხრივი გაშუქება.

მონიტორინგის პერიოდში ონლაინმედიაში გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, როდესაც უცვლელად და უკომენტაროდ შუქდებოდა გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი განხადებები, რომლებიც მიზანმიმართულად აკნინებდა ქალის როლს პოლიტიკაში;

წინასაარჩევნო პერიოდში COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის აღმოფხვრის სამთავრობო გეგმის გაშუქება აისახა იმაში, რომ მონიტორინგისთვის შერჩეულ ყველა ვებგვერდზე ჭარბობდა დადებითი ტონის პროცენტული მაჩვენებლები პრემიერ-მინისტრის გაშუქებისას; ისეთ ვებგვერდებზეც კი, რომლებიც გამოირჩეოდნენ განსაკუთრებულად კრიტიკული დამოკიდებულებით სახელისუფლებო გუნდის მიმართ. ეს გარემოება განაპირობა იმან, რომ სამთავრობო ფინანსური დახმარებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდებოდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რაც, შესაბამისად, აისახა მედიაში მის დადებით გაშუქებაზე.

მონიტორინგის ფარგლებში თითოეული ონლაინმედიისა და ტელევიზიის დაკვირვების შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ვრცლად. 


საარჩევნო ახალი ამბების გაშუქებასთან ერთად, 2020 წლის კვლევა ასევე შეისწავლის, თუ როგორ იყენებენ ქართული მედია-საშუალებები სოციალურ მედიას, კერძოდ, ფეისბუკს, აუდიტორიასთან დასაკავშირებლად, და როგორ აშუქებს მედია უცხოურ გავლენას საქართველოს არჩევნებზე.

მედიამონიტორინგი ხორცილდება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან, ინტერნიუს საქართველოსსა და CRRC-საქართველოსთან.

LB loan image desktop LB loan image mobile