ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემსა და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილსა და ხელისუფლებას

პუბლიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან წერს, რომ ხვალ, 18 აგვისტოს გაავრცელებს ვრცელ წერილს და „საზოგადოებას ეტყვის მის სიმართლეს“.

„ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას! ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს! დღეიდან, ჩემსა და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ზე.

წერილში, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს, ნათქვამია:

​„დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილისნაირმა „მხარდამჭერებმა” და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს.
ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლების სავარაუდო შედეგები იქნება კორუფციის ბრალდებები. ამიტომ არსებობს ჩვენი მოქმედების ორი ვარიანტი:

  1. ვიდავოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ, თვითონ როგორც შემოგვთავაზეს;
  2. (მეორე ვარიანტი – კომპრომისული გამოსავალი) – ვაღიაროთ (ჩვენ თავზე ავიღოთ) ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდება ყველაფერი, აღიარებაც, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ. ამ შემთხვევაში გვთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას იგივე 5-წლიანი ვადით, ანუ როგორც მიხსნიან, სასჯელები ერთმანეთს შთანთქავენ და ისევ 5 წელი დარჩება.

გამოსვლის შემდეგ არ უნდა გაეკარო პოლიტიკას და თუ „გადაგდებას გადაწყვეტ”, კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარები გექნება, იქნება დაზღვევის მექანიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ იფიქრო“.

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 5-წლიანი პატიმრობა 12 იანვარს მიუსაჯეს. მას ასევე დააკისრეს 1 მილიონი ლარის ჯარიმა.

მას ბრალად წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ანუ ფულის გათეთრება ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. მუხლი 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა ღარიბაშვილმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა, ანუ დანაშაული აღიარა.