ავტორი: აითან ფარჰადოვა
აზერბაიჯანის სტატისტიკის კომიტეტის მიერ 13 აგვისტოს გამოქვეყნებული მონაცემებით, აზერბაიჯანული ოჯახების საშუალო ყოველთვიური სამომხმარებლო ხარჯების დაახლოებით 50% საკვებზე მოდის, ხოლო თუ საკვებს სასმელსა და თამბაქოს ნაწარმზეც გაწეულ ხარჯებს დავუმატებთ, მათი საერთო წილი 54%-ს აჭარბებს.
მონაცემები 2026 წლის პირველი ექვსი თვის მდგომარეობას ასახავს. ამ პერიოდში საკვებზე, სასმელსა და თამბაქოს ნაწარმზე გაწეული ხარჯები 2025 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2.7%-ით გაიზარდა და საგრძნობლად აღემატება მეზობელი სომხეთისა და საქართველოს მაჩვენებლებს.
სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის ინფორმაციით, საკვებზე, სასმელსა და თამბაქოს ნაწარმზე 20 მილიარდ აზერბაიჯანულ მანათზე (11 მილიარდი დოლარი) მეტი დაიხარჯა, სხვა სახის საქონელზე კი – 17 მილიარდ მანათზე მეტი (10 მილიარდი დოლარი).
კომიტეტის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ერთ სულ მოსახლეზე საშუალო ყოველთვიურმა სამომხმარებლო ხარჯმა 530 მანათი (310 დოლარი) შეადგინა. აქედან 290 მანათი (170 დოლარი) საკვებზე, სასმელსა და თამბაქოს ნაწარმზე მოდიოდა, ხოლო 240 მანათი (140 დოლარი) – არასასურსათო საქონელზე.
ეკონომისტმა ნატიგ ჯაფარლიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ მოქალაქეების მიერ ერთი თვის განმავლობაში დახარჯული თანხის ნახევარი საკვებზე მიდის, „ასეთი ქვეყნის მოსახლეობა ღარიბად ითვლება“.
მისი თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა ფასების ზრდა. ჯაფარლის განცხადებით, საკვებზე, სასმელსა და თამბაქოს ნაწარმზე გაწეული ხარჯები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.5 მილიარდი მანათით (880 მილიონი დოლარით) გაიზარდა.
ასეთი ზრდის მიზეზებზე საუბრისას ჯაფარლიმ აღნიშნა, რომ ეს ინფლაციისა და ფასების ზრდის ერთ-ერთი მაჩვენებელია.
მან აზერბაიჯანის მოსახლეობის მიერ ფარმაცევტულ და სამედიცინო პროდუქციაზე გაწეული ხარჯები 2025 წლის იმავე პერიოდის მონაცემებს შეადარა და აღნიშნა, რომ „საცალო ქსელის (აფთიაქების) მეშვეობით 1 მილიარდ მანათზე ($600 მილიონი) მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა, რაც გაყიდვების მოცულობის 23.8%-იან ზრდას ნიშნავს“.
„რა მოხდა? ხალხმა უფრო ხშირად დაიწყო ავადმყოფობა? შესაძლოა, თუმცა ამის დასადასტურებლად მონაცემები არ არსებობს. უფრო სავარაუდოა, რომ მედიკამენტებზე ფასები მკვეთრად გაიზარდა, რის გამოც მოქალაქეების სამედიცინო ხარჯები გასული წლის განმავლობაში დაახლოებით 24%-ით გაიზარდა“, – განაცხადა ჯაფარლიმ.
„მოსახლეობის რეალური შემოსავლები არ იზრდება, მშპ-ის ზრდის ტემპი დაბალია, დამატებული ღირებულების შექმნის თვალსაზრისით გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ეკონომიკური აქტივობაც სუსტია – მიუხედავად ამისა, ფასების ზრდა ისევ საგრძნობია“, – შეაჯამა ეკონომისტმა.
მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის მონაცემები ზუსტად ერთსა და იმავე პერიოდს არ მოიცავს, აზერბაიჯანში საკვებზე გაწეული ხარჯების წილი მთლიან სამომხმარებლო ხარჯებში გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოსა და სომხეთში.
2024 წელს სომხეთში საკვებზე გაწეული ხარჯები საშუალო ყოველთვიური ხარჯების დაახლოებით 40%-ს შეადგენდა, ხოლო საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ 2025 წელს საკვებზე ფასები ასევე გაიზარდა, მათი წილი დაახლოებით 38% იყო.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.