ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი გერმანულ გამოცემა Die Welt-თან ამბობს, რომ შემოდგომაზე ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან სანქციების ყველაზე მასშტაბურ პაკეტს წარადგენს.
მისი თქმით, სანქციების ახალი სიის დამტკიცების შემთხვევაში სანქცირებული რუსი პირების, კომპანიებისა და ორგანიზაციების რაოდენობა დაახლოებით ერთი მესამედით გაიზრდება.
„შემოდგომაზე ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბურ სანქცირებულ პირთა და ორგანიზაციათა სიას წარვადგენ. მისი დამტკიცების შემთხვევაში, სანქცირებული რუსი პირების, კომპანიებისა და ორგანიზაციების რაოდენობა ერთი მესამედით გაიზრდება. ზეწოლა უნდა გაძლიერდეს მანამ, სანამ რუსეთი ომს არ დაასრულებს“, – განაცხადა კაია კალასმა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის შეფასებით, რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ ამ დრომდე დაწესებულ სანქციებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფასი აქვს – კერძოდ, სანქციები რუსეთის სამხედრო მანქანას უკვე ერთ ტრილიონ ევროზე მეტი დაუჯდა.
კაია კალასმა Die Welt-თან ასევე ისაუბრა აშშ-სა და ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კოორდინაციაზე. მისი განცხადებით, აშშ-ის სენატში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონმდებლობის მიღება [ლინდსი გრემის კანონპროექტი] იმედს იძლევა, რომ ევროპა და შეერთებული შტატები ამ საკითხზე პოზიციებს კიდევ უფრო დააახლოებენ.
კალასმა ინტერვიუში რუსეთის მხრიდან ჰიბრიდულ საფრთხეზეც საუბრობს. მისი თქმით, ევროპა მზარდი საფრთხის წინაშე დგას და მოსკოვს უკავშირდება საბოტაჟის, ჯაშუშობისა და კიბერშეტევების შემთხვევების უმეტესობა.
მისივე თქმით, რუსეთის მიერ პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევა დასავლეთის თავდაცვის შესაძლებლობებისა და პოლიტიკური სიმტკიცის გამოცდას ისახავდა მიზნად.
„ასეთი ინციდენტები მიუღებელია და მოსკოვის მზარდ დაუნდობლობაზე მიუთითებს. თუ ამაზე ზედმეტად სუსტი რეაგირება გვექნება, კიდევ უფრო მეტ მსგავს შემთხვევას ვიხილავთ“, – ამბობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.