11 აპრილი, 13 საათი – სააპელაციო სასამართლო რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის საჩივრის განხილვას იწყებს.
- გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გიორგი ოკმელაშვილის დამნაშავედ ცნობის თაობაზე;
- გიორგი ოკმელაშვილი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ.
ეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებია.
საქმე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა უნდა განიხილოს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ოკმელაშვილი მაისში პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დააკავეს – სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის საფუძველზე.
ბრალდების მხარის პოზიციით, 13 მაისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა.
ოკმელაშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.
„სამაგალითო დასჯის ინტერესით ფორსირებული სამართალწარმოება“
რას მოითხოვს სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარე?
გიორგი ოკმელაშვილის დაცვის მხარე საჩივარში ყურადღებას რამდენიმე მიმართულებით ამახვილებს, მათ შორისაა – დაუშვებელი მტკიცებულებების გამოყენება ბრალდებულის წინააღმდეგ, ფორსირებულად წარმოებული გამოძიება და მტკიცებულებათა ავთენტიკურობის პრობლემა, სასამართლოს მიერ მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევა, სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპის დარღვევა, ორკესტრირებული სამართალწარმოება.
დაცვის მხარის თქმით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე ბრალდების მხარემ ფაქტობრივად რამდენიმე სამუშაო დღეში ამოწურა საქმეზე გამოძიება, შეადგინა პატაკი, ჩაატარა სხვადასხვა სახის ექსპერტიზა, გამოკითხვა პოლიციელები და საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე პირი, ჩაატარა ბრალდებულის სახლისა და ოფისის ჩხრეკა.
დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში ასევე საუბრობს საქმის განხილვის მიზანმიმართულ გაჭიანურებაზე. ადვოკატი კობა ბარამია წერს, რომ სასამართლომ გიორგი ოკმელაშვილის სხდომების ხელოვნური გაჭიანურებით მას წაართვა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მისი შეწყალების უფლება.
დაცვის მხარე ამბობს იმასაც, რომ საქმის განხილვის ეტაპზე სასამართლოს, „არ სურდა დაცვის მხარის აქტიური მოქმედების შედეგად გამოაშკარავებულიყო საქმეში არსებული დარღვევები და სიყალბეები, ვინაიდან ეს მას ხელს შეუშლიდა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენაში“.
დაცვის მხარე აღნიშნულ გარემოებებს აღწერს მათ შორის იმაზე ხაზგასასმელად, რომ გიორგი ოკმელაშვილის დასჯისთვის არსებობდა პოლიტიკური ინტერესი.
„ამ ეტაპზე არცერთი სამართალდამცავი, რომელმაც ძალას გადაამეტა არ არის პასუხისგებაში მიცემული და დასჯილი. გამოძიების ეტაპზე კი სასამართლო დაცვის მხარეს აფერხებდა ხელოვნური ბარიერებით. და რაც ყველაზე მკაფიო იყო ამ პროცესებში. რატომღაც ისე აღმოჩნდა, რომ ბრალდების მხარესა და სასამართლოს მაინც და მაინც ე.წ. „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაკავებული პირების საქმეებისთვის არ ეცალათ, ან შვებულებები და სხვა მიზეზები ემთხვეოდა, რაც არ არის საქმის მასალებში დოკუმენტურად წარმოჩენილიც კი, ან სასამართლო მაინც და მაინც გიორგი ოკმელაშვილის საქმის განხილვისთვის ვერ პოულობდა დროს თითქმის მთელი სამი თვის განმავლობაში“, – ვკითხულობთ საჩივარში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების შეფასება
დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ მოსამართლე გიორგი გელაშვილის განაჩენი აბსოლუტურად დაუსაბუთებელია, ვერ უძლებს კრიტიკას და არის არაობიექტური.
13 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით დაცვის მხარეს ამგვარი პოზიცია აქვს: „პოლიცია დემონსტრანტებთან მიმართებით იყენებდა სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის, ხელკეტებს, ხოლო დაკავების დროს ადამიანებს მიათრევდნენ და მათზე ძალადობდნენ.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მასალებში აშკარად ჩანს, რომ საპოლიციო დანაყოფები დაკავებული პირების მიმართ ძალადობდნენ, რაც იწვევდა პროტესტის მონაწილეების გაღიზიანებასა და აღელვებას.
გიორგი ოკმელაშვილმა სასამართლო დარბაზში განმარტა, რომ პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, ადამიანების მიმართ ძალადობას, მათ ცემა-ტყეპას, რაც ქმნიდა იმწუთიერ საფრთხეს და ფიზიკური ფორმით თავდაცვის საჭიროებას.
გიორგი ოკმელაშვილის განმარტებით პოლიციის მორიგი მოახლოება დემონსტრანტებთან იყო მორიგი ფიზიკური ძალადობის მომასწავებელი, რაც ადამიანებში ავტომატურად თავდაცვის ინსტინქტით მოქმედებასა და ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის აუცილებლობას აჩენდა. შესაბამისად, საფრთხე იყო იმწუთიერი, რეალური, ხოლო დემონსტრანტების მიერ გამოვლენილი ფიზიკური წინააღმდეგობა კი თავდაცვის მოტივაციით განპირობებული. ამგვარად, ცხადია, რომ გიორგი ოკმელაშვილის მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში“, – ვკითხულობთ საჩივარში.
რაც შეეხება მოსამართლე გიორგი გელაშვილის მიერ განაჩენის დასაბუთებას, დაცვის მხარე ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ მოსამართლემ კონტექსტის დამახინჯებით და განზრახ არასწორი ინტერპრეტაციით წარმოაჩინა დაცვის მხარის არგუმენტები.
„სასამართლო განაჩენის 2.30. პუნქტში აღნიშნავს, რომ სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, რომ ბრალდებულ გიორგი ოკმელაშვილისთვის შეუძლებელი იყო დაზარალებულის პოლიციელად აღქმა, რადგან თითქოსდა არ ჰქონდა მას პოლიციის ამოსაცნობი რაიმე ნიშანი. ასევე დაცვის მხარის განმარტებით, არ დასტურდება აღნიშნული პირი, ვისაც გიორგი ოკმელაშვილი ხელს ურტყამს, ალექსანდრე ოხანაშვილი იყო თუ არა.
პირდაპირ შეიძლება იმის აღნიშვნა, რომ დაცვის მხარეს ასეთი რამ დასკვნით სიტყვაში არ უთქვამს. ჩემი მხრიდან საკმაოდ დეტალურად მოხდა ვითარების აღწერა და პოზიციის ჩამოყალიბება. საუბარი იყო ინდივიდუალური იდენტიფიკატორებზე და არა ზოგადად პოლიციის ამოსაცნობ ნიშნებზე. სასამართლო ამ ნაწილში ცრუ ინფორმაციას უთითებს განაჩენში…
…დაცვის მხარეს ის კი არ უთქვამს, რომ ძირითად ვიდეოში გამოსახულ პირებს პოლიციის ამოსაცნობი ნიშანი არ ჰქონდათ, არამედ, განმარტა, რომ პოლიციის ფორმაში მყოფი პირების იდენტიფიცირება არის შეუძლებელი, ვინაიდან მათ ტანსაცმელზე არ აქვთ დატანილი ინდივიდუალური იდენტიფიკატორი და ჩვენ არ ვიცით ძირითად ვიდეოჩანაწერში გამოსახული პოლიციის ფორმიანი პირი ალექსანდრე ოხანაშვილი იყო თუ სხვა პირი.
დაცვის მხარემ ხაზი გაუსვა იმ ვითარებას, რომ საპროტესტო დემონსტრაციაზე განმწესებულ საპოლიციო ჯგუფებს, დასავლური სტანდარტებით, უნდა ეცვათ ისეთი ტანსაცმელი, რომელზეც მკაფიოდ იქნება გამოსახული, როგორც პოლიციის ამოსაცნობი ნიშანი, ასევე უშუალოდ პირის ინდივიდუალური იდენტიფიკატორი (ხშირად ციფრული კოდი), იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, საპოლიციო ჯგუფების მიერ ძალის გადამეტების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს შესაბამისი რეაგირება და მოქალაქე დაცულად გრძნობდეს თავს, ხოლო, მეორე მხრივ, თავად საპოლიციო ჯგუფის წევრი, რომელსაც ძალა არ გადაუმეტებია და არ ყოფილა ფიზიკური ძალადობის მონაწილე, დემონსტრანტის მხრიდან არ გახდეს ცრუ დასმენის, ცრუ ბრალდების მსხვერპლი“, – ვკითხულობთ საჩივარში.
კობა ბარამიას თქმით, ამგვარად, თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარე კიდევ ერთხელ შეეცდება სასამართლოსთვის იმის ჩვენებასა და დამტკიცებას, რომ გიორგი ოკმელაშვილი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნები არის სასამართლოს სუბიექტური შეფასება და მოტივაცია.