„გირჩის“ წევრები პარლამენტში მივიდნენ

პუბლიკა

„გირჩის” წევრები ვახტანგ მეგრელიშვილი, იაგო ხვიჩია და ალექსანდრე რაქვიაშვილი პარლამენტში მივიდნენ.

„გირჩის“ წევრები აცხადებენ, ისინი ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ადამიანების გაცნობას აპირებენ და საპარლამენტო საქმიანობაში არ ჩაერთვებიან.

გირჩის წევრებმა შარლ მიშელის განახლებულ დოკუმეტს ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერეს. როგორც იაგო ხვიჩიამ განაცხადა, თუ დოკუმენტს „ქართული ოცნება” ხელს არ მოაწერს, ასეთ შემთხვევაში, ისინი პარლამენტში არ შევლენ.

მათივე განმარტებით, პარლამენტში იმ შემთხვევაშიც შევლენ, თუ მათი 7-პუნქტიანი მოთხოვნებიდან მმართველი გუნდი რომელიმეს სრულად გაიზიარებს.

ჟურნალისტის კითხვაზე თუ როგორ აპირებენ „ქართული ოცნების“ დეპუტატების დარწმუნებას მათი გეგმის განხორციელების აუცილებლობაში, ვახტანგ მეგრელიშვილი პასუხობს, რომ :  „სახლშიც დავპატიჟებთ, მწვადს შევწვავთ, ყავაზე დავპატიჟებთ კაფეში, ფეხბურთის მატჩზე წავალ მათთან ერთად, ბავშვებს გავიცნობ მათსას…ბევრს გავაკეთებ, რომ ამ ადამიანებთან ადამინიური ურთიერთობა დავამყაროთ. მე 21 წლის წინ ვმუშაობდი პარლამენტარის თანაშემწედ, მაშინ ყველაფერი კეთდებოდა კულუარებში, კაბინეტებში, არა კომიტეტის სხდომებზე, არამედ სხვანაირად…“