გვყავს ყველაზე ახალი და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შეიძლება ითქვას მთელ ევროპაში - კალაძე

პუბლიკა

„მე ნამდვილად მეამაყება, როგორც ქალაქის მერს, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, რომ დღეს დედაქალაქს ჰყავს ყველაზე ახალი, ყველაზე მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტანსპორტი, შეიძლება ითქვას, მთელ ევროპაში“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერიის მთავრობის სხდომაზე კალაძემ სატრანსპორტო რეფორმის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ ცენტრალურ უბნებში საცობების მომატება მელიქიშვილისა და ქეთევან წამებულის გამზირებზე მიმდინარე სამუშაოების შედეგია. თბილისის მერმა მოსახლეობას ბოდიში მოუხადა შექმნილი დისკომფორტისთვის და განმარტა, რომ ამ სამუშაოების გარეშე რეფორმის გატარება შეუძლებელია.

მისი განმარტებით, რეფორმის პირველი ეტაპი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება იყო, რაც „წარმატებით დასრულდა“.

„იმიტომ, რომ ერთდროულად საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერით ჩვენ მოვახერხეთ მთლიანად სატრანსპორტო პარკის ჩანაცვლება და გვყავს მხოლოდ და მხოლოდ ახალი ავტობუსები. ეს იყო პირველი ეტაპი ამ რეფორმის.

შემდეგი ეტაპი არის ამ ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით უპრობლემოდ გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე; ასევე, მოცდის დროის შემცირება. ეს ყველაფერი გაკეთდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით, სხვაგვარად შეუძლებელია…

ცხადია, ყველა ქუჩაზე ვერ მოხერხდება საავტობუსე ზოლების გაკეთება, მაგრამ იმ კონკრეტულ ქუჩებსა და გამზირებზე, სადაც კვლევები გვაჩვენებს ამის აუცილებლობას, იქ ყველგან გავაკეთებთ და მოვაწესრიგებთ“,- განაცხადა კალაძემ.